№23 ჩემმა დედამთილმა დაქალს ქმარი წაართვა და ახლა ჩემზე ეჭვიანობს
რომ გავთხოვდი, სახლში მხოლოდ დედამთილი დამხვდა, ჩემს მეუღლეს მამა გარდაცვლილი ჰყავს. ვიფიქრე, საკუთარი დედასავით შევიყვარებ, ტკბილად და თბილად ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ ისეთი აღვირახსნილი და საშინელი ქალია, მასთან ლაპარაკიც კი არ ღირს. ერთი თვის რძალიც არ ვიყავი, რომ სახლში მისი დაქალი მოვარდა, სკანდალი ატეხა: ეს უნამუსო, ქმარს მართმევსო. ყურებს არ დავუჯერე. მართალია, ახალგაზრდულად გამოიყურება და არც ისეთი დიდია ასაკით, მაგრამ ზღვარი ხომ უნდა არსებობოდეს? კი ბატონო, უნდა კაცი, მაგრამ ხომ უნდა იცოდეს, ვისთან იაროს და ვისთან – არა. მოკლედ, მე რომ დავიცავი და მისი დაქალი გავამტყუნე, აღმოჩნდა, რომ მართალი იყო და ჩემმა დედამთილმა, ქმარი მართლა წაართვა. იმ კაცმა ამის გამო მიატოვა ცოლ-შვილი, იქირავა ბინა და ეს ქალბატონიც ყოველდღე მასთან დაბრძანდება. გათენდება თუ არა დილა და ჩემი ქმარი სამსახურში წავა, ჩემი დედამთილიც იბანავებს, გამოიპრანჭება და გაიკეტავს კარს. არც შვილის რიდი აქვს, არც რძლის, არც მეგობრის, არც მეზობლების და არც სანათესაოსი. ვიფიქრე, რა ჩემი საქმეა, იაროს ვისთანაც უნდა-მეთქი, მაგრამ მეც გადმომწვდა და ქმართან ურთიერთობა ამირია. იმის გამო, რომ კარგი დედიკოს სახელი ჰქონდეს და შვილმა ზურგი არ აქციოს, მასთან ლაქუცობს. დილით არც კი დააკაკუნებს საძინებლის კარებზე, ისე შემოვარდება, ჩაგვიხტება ლოგინში და თავის შვილს, როგორც პატარა ბიჭს, ისე ეფერება. მის გვერდით რომ ცოლი წევს, სულ არ ანაღვლებს. ამას წინათ, დილაადრიან შემოგლიჯა კარი და გაგვაღვიძა, აი, ყავა მოგიდუღეთ, მძინარებო და საწოლში მოგართვით, მეტი რა გინდათო. თურმე, მადლობელი უნდა ვიყო. ვიცი, რატომაც გააკეთა, მეზობლებთან და ნათესავებთან რომ ჰქონდეს სალაპარაკო – ჩემი რძლისთვის ყავა საწოლში მიმაქვსო. სინამდვილეში კი, ჩემს ქმართან ჩახუტებულს რომ მძინავს, ეჭვიანობს. ეგოისტია და უნდა, ყველა მას შეჰფოფინებდეს. თავი ვეღარ გამომიყვია სახლიდან, ყველა მეზობელი მასზე ჭორაობს, თუმცა – ზურგს უკან, პირში თქმას ვერავინ უბედავს. ყველას ისე გალანძღავს და ისეთებს ეტყვის, ქუჩის ქალებად იმათ გამოიყვანს. არც ჩემი გარეცხილ-დაუთოვებული მოსწონს, მეუბნება, ჩემი შვილი გაპიწკინებული დამყავდა და რაც შენ შემოხვედი სახლში, სულ აიშვა, აღარ აქცევს ყურადღებას სისუფთავესო. არადა, რაც შემძლია, ვუვლი და თუ არ მოსწონს, აქეთ-იქით სიარულს შეეშვას, თავად მიხედოს, ურეცხოს და უსუფთაოს. მაგრამ, მერე ვინღა ირბენს საყვარელთან? მოკლედ, ყველაფერი მინახავს და ასეთი უსირცხვილო და უტიფარი ქალი, არსად შემხვედრია. სულ იმას ცდილობს, ჩემსა და თავის შვილს შორის ჩადგეს, აგვირიოს ურთიერთობა, თვითონ გამოჩნდეს კარგი და რძალი – ცუდი. მოკლედ, რა უნდა, ვერ გავიგე. კი ბატონო, იაროს თავის დაქალის ქმართან, ხომ არ ვუშლი, მაგრამ მე შემეშვას. ერთხელაც იქნება, ვეღარ მოვითმენ, სახალხოდ გამოვაჭენებ და მის შვილსაც ზედ მივაყოლებ, დედის ასეთ საქციელებს რომ იტანს და მეც მაიძულებს, ავიტანო. ახლა ვრწმუნდები, თურმე, თავიდანვე კარგად უნდა გაიკითხო, რა ოჯახში შედიხარ, მარტო სიყვარული და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები არ არის საკმარისი. თუ ხელი არ შეგიწყვეს, ის სიყვარულიც, ნელდება, ქრება და ბოლოს, ზიზღში გადადის. აი, ამის მეშინია – ერთ დღესაც, საყვარელი ადამიანი, დედამისის გამო არ შემზიზღდეს.
მარი, 26 წლის.