№23 ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 32 წლის, ბოლო 2 წლის განმავლობაში თავზე გამომდის რაღაც ცხიმგროვის მსგავსი, რომელიც მექავება და მიბუჟდება. იქნებ მირჩიოთ რამე.
პასუხი: ზეპირად ვერ შევძლებთ ზუსტი შეფასების გაკეთებას, შესაძლოა, წარმონაქმნი არის ათერომა, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნა. ათერომის ზედაპირზე კანი, ჩვეულებრივ, უცვლელია, თუმცა მეორეული ინფექციის დართვისას შესაძლოა, მოწითალო ფერი მიიღოს. ათერომა, წესისამებრ, გარემომცველ ქსოვილებთან ერთად მოძრავი და უმტკივნეულოა. დაჩირქების შემთხვევაში კი, გარდა იმისა, რომ იზრდება, მტკივნეულიც ხდება. ამ დროს მიმდებარე ქსოვილები უმეტესად შუპდება, კანი ათერომის ზედაპირზე წითლდება. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თუ ათერომა მცირე ზომისაა, არ იზრდებადა, რაც მთავარია, არ აწუხებს ადამიანს, მისი მოცილება აუცილებელი არ არის, სხვა შემთხვევაში კი, ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
კითხვა: წამწამებზე მიჩნდება თეთრი, ქერტლივით რაღაც. თვალებში კი, წვას ვგრძნობ და მექავება, თუმცა სიწითლე არ მაქვს. მაინტერესებს ეს სიმშრალის სიმპტომებია თუ ანთების? ან როგორ შემიძლია ვიმკურნალო?
პასუხი: შესაძლოა, ეს არის ბლეფარიტი, ანუ ქუთუთოს კიდეების ანთება. დაავადება ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე. ბლეფარიტის მიზეზი შეიძლება, იყოს ქრონიკული ინფექციური ან ალერგიული დაავადება, ვირუსული ინფექცია, ვიტამინების უკმარისობა, ანემია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კბილების, ცხვირ-ხახის დაავადებები, არაკორეგირებული პათოლოგიური მხედველობა (ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი), ასევე, თვალის მუდმივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, კვამლით. მკურნალობა მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება.
კითხვა: მამაჩემს, რომელიც 67 წლისაა, მუცლის ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ბარძაყი ერთდება, 15 დღეა შესიება ემჩნევა. ამბობს, რომ მტკივნეულია ანუ უშლის ხელს წამოდგომაში, მოძრაობაში. რა შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: დიდი ალბათობა, რომ ეს თიაქარი იყოს ან ლიმფური კვანძების გადიდება. აუცილებელია ვიზიტი ექიმთან.
კითხვა: ორსულობის 30 კვირაზე მქონდა ცისტიტი, და მომიწია ანტიბიოტიკის მიღება (ურფოცინი). ორსულობის ამ პერიოდში რა უარყოფითი ზემოქმედება შეეძლო მოეხდინა ნაყოფზე? გამოიწვევდა თუ არა რაიმე პათოლოგიას?
პასუხი: ურფოცინი განეკუთვნება B კატეგორიის მედიკამენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, შედარებით უვნებლად მიიჩნევა და მათი მიღება არსებით რისკთან არ არის დაკავშირებული. ფოსფომიცინის (ურფოცინი) ორსულობის დროს გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, ტერატოგენული (ნაყოფის სიმახინჯე) მოქმედება არ ახასიათებს. თუ საჭიროება არის, ურფოცინი ორსულობის დროსაც ინიშნება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი