№23 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების დანატოვარ ტანსაცმელს, რომელიც არც ისე ვარგისია, რომ მოწყალების სახით გავცეთ?
პასუხი: ასეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ, შესაბამის ადგილას, მიწაში დაფლათ ან დაწვათ. მშვიდად იყავით, ეს მიცვალებულის ხსოვნას არანაირ ზიანს არ მიაყენებს.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ისეთ ფარისეველ ადამიანს, ვინც ლოცვას არ აცდენს, მაგრამ სინამდვილეში, საშინლად გულბოროტი და ავსიტყვაა?
პასუხი: უღირსად ლოცვაზე წმიდა მამა ისააკ ასური ამბობს: „გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავს“. თუმცა, თქვენ მაინც არ გაქვთ უფლება, ვინმეს ფარისეველი უწოდოთ. თქვენ თქვენი ცოდვების მონანიებისთვის იზრუნეთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, უცხოეთში მყოფმა ქართველმა მართლმადიდებელმა კათოლიკურ ეკლესიაში ილოცოს, რადგან იმ ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ტაძარი არ არის?
პასუხი: კათოლიკურ მესაში მონაწილეობა (აღსარება, ზიარება) დაუშვებელია მართლმადიდებლისთვის, რადგან მართლმადიდებლურსა და სხვა, თუნდაც, ქრისტიანული მიმდინარეობის ეკლესიებს შორის ევქარისტიული (ლოცვითი) კავშირი არ არის. უცხოეთში ყოფნისას შეგიძლიათ, ილოცოთ ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში (ბერძნულ, რუსულ, სერბულ და სხვა).
კითხვა: რამდენად მისაღებია მშობიარობის დროს საკეისროს გაკეთება. ამის თაობაზე რაიმე ეკლესიური აკრძალვა ხომ არ არის?
პასუხი: ოპერაციული ჩარევა, ანუ საკეისროს გაკეთება ეკლესიურად არ არის მიუღებელი. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა მიზეზით იგეგმება. თუ საკეისრო კვეთა აუცილებელია პათოლოგიური ჩვენებებით, მაშინ შესაძლებელია მისი ჩატარება. სხვა შემთხვევაში, ცხადია, უმჯობესი იქნება, მშობიარობა ფიზიოლოგიურად წარიმართოს.
კითხვა: მაჩუქეს ჯვარცმა. როგორ უნდა გავარკვიო, მართლმადიდებლურია ის თუ კათოლიკური?
პასუხი: ტრადიციულად, კათოლიკურ ჯვარცმაზე მაცხოვარი სამი სამსჭვალით (ლურსმნით) არის ჯვარზე მიკრული (ფეხები გადაჯვარედინებული აქვს), მართლმადიდებლურზე კი – ოთხით. ძნელად გასარკვევ ვითარებაში, უნდა მიმართოთ მოძღვარს და ის გეტყვით, ჯვარცმა მართლმადიდებლურია თუ არა.
კითხვა: დაწერილია, რომ მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. როგორ და სად დაეტევა ამდენი ადამიანი?
პასუხი: თუ თქვენ მორწმუნე ხართ და გწამთ მკვდრების აღდგომის, მაშინ ისიც უნდა იწამოთ, რომ მათი ადგილი გამოინახება და ეს იქნება ღვთის სასწაული. ხოლო, თუ როგორ მოხდება ეს, ჩვენს გონებას ამის გაგება არ შეუძლია. მაგრამ ჩვენს გონებას შეუძლია, ირწმუნოს, რომ ეს ნამდვილად აღსრულდება – ღვთის ნებით, სასწაულებს ჩვენ ყოველწუთს ვხვდებით. როგორ ფიქრობთ, ადამიანის ჩასახვა და ხორცის შესხმა ნაკლები სასწაულია, ვიდრე მკვდართა აღდგომა? ასე რომ, უფალი ყოველივეს აღასრულებს.