№23 რა ეწერა წერილში, რომლის გამოც დიმიტრი ყიფიანი მოკლეს
დიმიტრი ყიფიანი – მან სამშობლოსთვის გაიღო უამრავი მსხვერპლი – კარიერა, მატერიალური კეთილდღეობა, ოჯახური სიმშვიდე, ფიზიკური თუ ინტელექტუალური ენერგია და სიცოცხლეც. რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მესამის ბრძანებით, აჰყარეს მოქალაქეობრივი უფლებები და სტავროპოლში გადაასახლეს, საიდანაც იგი სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ოჯახის წევრებს სწერდა: „იმის იმედი მაინც მაქვს, რომ შეწყალებაზე არსად, არასოდეს, არავითარი ლაპარაკი არ იქნება, რამდენადაც შეწყალებას – გარდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრებისა – მხოლოდ დამნაშავეები ითხოვენ“. გადასახლებაში მყოფს ისღა ადარდებდა, ვაი თუ ჩემი ძვლები აქ დატოვონ და ქართულ მიწა-წყალზე არ დამმარხონო. და რას შეეწირა დიმიტრი ყიფიანი? სამშობლოსა და ქართული ეკლესიის ინტერესებს. ქრისტიანობის მტრებმა მოკლეს, როგორც მოწამე. მისი სიკვდილის მიზეზი კი, ერთი წერილი გახდა, თუმცა გაზეთი „ივერია” იუწყებოდა, რომ დიმიტრი ყიფიანი თავის ოთახში თავში მძიმე და ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოჰკლეს. თავისა და პირისახის ძვლები სულ ჩამტვრეული ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გაძარცვის მიზნით მოხდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება.
დიმიტრი ყიფიანი... უაღრესად პატიოსანი და ერთგული ბუნების, არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და უპრეტენზიო, სრულიად მიუდგომელი, ბავშვივით გულუბრყვილო, მაგრამ, ფიცხი, მოუთმენელი, უკანმოუხედავად თავგანწირული მაშინ, როდესაც მის მრწამსს შეეხებოდნენ.
დაიბადა 1814 წლის 26 აპრილს აზნაურის ოჯახში. მამამისს ქართველისთვის გასაგები, უცხოტომელისთვის „ენის მოსატეხი“ სახელი – ქოჩო ერქვა, ამიტომ მამის სახელად „ივანოვიჩი“ დაუდგინეს და კეთილშობილთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ იქვე დატოვეს მასწავლებლად. მუყაითობისა და ნიჭიერების წყალობით, კარიერაშიც სწრაფად წაიწევდა წინ, რომ არა 1832 წლის შეთქმულება. 18 წლის ყიფიანი შედარებით მსუბუქი ბრალდებით, რომ „შეთქმულთა განზრახვაზე თანხმდებოდა“, დააპატიმრეს და სასჯელიც შედარებით მსუბუქი გამოუტანეს – ვოლოგდაში გადაასახლეს. მისივე მემუარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყიფიანის შეთქმულებაში მონაწილეობა „თავისუფალი მსმენელის“ სტატუსს არ გასცილებია (ავტ. გ. გოდუაძე). დადიოდა შეკრებებზე, მეტწილად დუმდა და გამომსვლელებს უსმენდა. ერთხელაც შეკითხვაზე: „რას ფიქრობთ“, უპასუხა: „სულ ვფიქრობ, რით დაბოლოვდება ყველაფერი“, შედეგად, ერთ-ერთმა შეთქმულმა, მას „მოსაწყენი კაცი“ უწოდა. გადასახლებიდან 1837 წელს დაბრუნდა. მუშაობდა თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორად, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, სამეგრელოს მთავრის ქონების მეურვე, თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, იყო თბილისის ქალაქის თავი.
ეს „ნამსახურობის სია“, ერთი შეხედვით, იმპერიის სამსახურში ჩამდგარი კაცის მოღვაწეობის შესანიშნავი ნიმუშია. რაღა ერთი შეხედვით, ასეც იყო. მიაჩნდა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მხოლოდ რუსეთის იმპერიის ძლევამოსილი ფრთის ქვეშ შეეძლო მის სამშობლოს მშვიდად ეცხოვრა და განვითარებულიყო. წინსვლის საფუძვლად კი, კეთილსინდისიერი შრომა მიაჩნდა. გულწრფელად ფიქრობდა, რომ ასე უნდა ეცხოვრა და ქვეყნის წარმატებასაც წინ ვერაფერი დაუდგებოდა. არადა, იმპერია მხოლოდ იმდენზე უშვებდა და ახალისებდა, რამდენადაც მის ნიჭსა და ენერგიას გამოიყენებდა, იმის იქით უბოდიშოდ უჯახუნებდნენ კარს. ასეთ დროს დანანებით ამბობდა: „უპატიოსნო ადამიანი“, „აი, ასე მოხდება ხოლმე, რომ დამნაშავე გამოხვალ უდანაშაულოდ“, „მაშ, უკაცრავად, მე ასეთი წესების მსახური არა ვარ...“ ანდა, ასეთ გულუბრყვილო წერილს სწერდა საქართველოს ამოგდების მოსურნე გენერალს, რომელიც მანამდე წესიერ კაცად მიაჩნდა: „იმის მერე, რაც მოხდა, მე ვეღარ დავტოვებ ჩემს ფოტოსურათს თქვენს ოჯახში და აღარც მე შევინახავ თქვენს სურათს ჩემს სახლში. დამიბრუნეთ ჩემი სურათი და დაგიბრუნებთ – თქვენსას“. მეორე მხრივ, კაცი, რომლის, როგორც აღვნიშნეთ, „ნამსახურობის სია“, იმპერიის სამსახურში ჩამდგარი კაცის მოღვაწეობის ნიმუშია, იცავს ქართულ ენას, რომლის სრულ ამოძირკვას ცდილობდნენ სასწავლებლებიდან, გვევლინება საადგილმამულო ბანკისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების ერთ-ერთ ინიციატორად და სულისჩამდგმელად, ზრუნავს ქართული ბიბლიოთეკის დაარსებაზე, ანუ მისი თაოსნობით ან აქტიური მონაწილეობით ხორციელდება ის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელთა წყალობით მეთექვსმეტე საუკუნის საქართველო გადაგვარებას გადაურჩა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, დიმიტრი ყიფიანი „მამების“ თაობას მიეკუთვნებოდა, რომლებთანაც, არცთუ უსაფუძვლოდ, ვერა და ვერ თანხმდებოდნენ „შვილები“. ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ... არა დიმიტრი ყიფიანთან. ყიფიანი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც თითქოს განგებამ მოავლინა, რათა თაობებს შორის გაბმული ძაფი არ გაწყვეტილიყო… როგორ თავსდებოდა ერთ პიროვნებაში ეს, თითქოსდა, ურთიერთგამომრიცხავი თვისებები? ამას ილია საუკეთესოდ განმარტავს: „იგი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა „ჰოს“, როცა მისი გული ამბობდა „არას“. დიახ, დიმიტრი ყიფიანი იყო მართალი კაცი,
იმიტომ, რომ მართალი მარტო ის არის, რომ „ჰო“ არა სთქვა, როცა გული „არას“ ამბობს. „მართალი, - ამბობს ერთი ჭკვიანი კაცი, - ის კი არ არის, რომ კაცმა სთქვას, რაც ჭეშმარიტია, არამედ ისა, რასაც ვფიქრობთ და რაც გულში გვაქვსო“. ცხადია, რა კაცი იყო დიმიტრი ყიფიანი. იგი იყო გულთასრული კაცი. ცალკე უნდა აღინიშნოს „შვილების“ ყველაზე ენამწარე წარმომადგენლის, აკაკის დამოკიდებულება ყიფიანისადმი. აკაკი მას შეჰხაროდა, ეთაყვანებოდა. „განთიადი“ მიუძღვნა. სამსახურს ჩამოცილებული, 72 წლის ყიფიანი მეტწილად საკუთარ მამულში, ქვიშხეთში ატარებდა დროს. მიმსვლელი და მნახველი არ აკლდა. სპეციალური დურბინდიც გაიჩინა – აივანზე გადამდგარი შორიდანვე თვალს ჰკიდებდა მომავალ სტუმარს და უკვე ბინაზე მოსულს გაშლილ სუფრას ახვედრებდა. ბოლოს აკაკი ესტუმრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ქართველთა მოძულე პავლე ჩუდეცკი გამოასალმა სიცოცხლეს. ამის გამო ეგზარქოსმა პავლემ ქადაგების დროს დასწყევლა ის „წრე და გარემო“, რომელმაც მკვლელი შვა. ეს მთელი ერის დაწყევლის ტოლფასი იყო. ეკლესიაში შეგროვილმა წარჩინებულმა ქართველობამ, პროტესტის ნიშნად, ტაძარი დატოვა. სულ ეს იყო, რაც გაბედეს. ამ უმაგალითო შეურაცხყოფის ამბავი ყიფიანმა ქვიშხეთში გაიგო. აღშფოთებულმა იქიდანვე გაუგზავნა წერილი ეგზარქოსს, რომელშიც მისთვის ჩვეული ტაქტითა და პირდაპირობით მოუწოდებდა იმ ქვეყნის დატოვებისკენ, რომლის შვილებსაც მათზე ლოცვის ნაცვლად, წყევლიდა. ეგზარქოსმა წერილი მთავარმართებელს მიურბენინა. დიმიტრი ყიფიანს, მღვდელმთავრის შეურაცხყოფისთვის, სტავროპოლში გადასახლება გადაუწყვიტეს. როგორ შეხვდა ამ ამბავს წლებით დამძიმებული მოხუცი? „მისმა მხიარულმა სახემ გამაოცა. სიცილით მითხრა: ნუ გშურს ჩემთვის ეს ღვთის წყალობა, უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებდი. ერთი საუკუნეა, ქართველები ცუდკაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა. დე, პირველი მერცხალიც მე ვიყო, მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვეღარ ესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა”, – იგონებდა მისი სულიერი სიმხნევით მოხიბლული აკაკი. დიმიტრი გაემგზავრა სტავროპოლში, იქ, სასტუმროში დაბინავებულს, მკვლელები მიუგზავნეს, რომლებმაც მძინარე მოხუცს, ისევ აკაკის თუ დავესესხებით, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსთვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“. დიმიტრი ყიფიანის ცხედარს ქართველები საბურთალოს მიდამოებში (მაშინ ქალაქგარეთ) დახვდნენ. მძიმე აღმოჩნდა თავგაჩეხილი მოხუცის ხილვა. თურმე, ხალხი დამუნჯებულა და ვერავინ ხმას ვეღარ იღებდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ეთქვათ ან რა მოემოქმედათ. იდგნენ მტვრიან შარაზე დაზაფრულები. ამ სიჩუმეში კუბოსთან ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი მოადგილე დავით ნიჟარაძე მისულა და ამოუთქვამს: ვაი ჩემს თავს, რომ ცოცხალი ვარ და შენ კი მაგ კუბოში გხედავო. ამან ხალხი გონს მოიყვანა და მცირე პარაკლისის შემდეგ პროცესია ქალაქისკენ დაიძრა. განზრახული ჰქონდათ გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) ქუჩის გავლით ასულიყვნენ მთაწმინდაზე. მსვლელობა, რომელსაც წინ სამღვდელო პირები და ცხენზე ამხედრებული რამდენიმე ხმალამოღებული ქართველი მიუძღოდა, ახლანდელი ჭავჭავაძის ქუჩის ასახვევთან შეაჩერეს ჟანდარმებმა – ხელისუფლებას დიმიტრი ყიფიანის ისევე უჩუმრად დასაფლავება სურდა, როგორც მოკლა. ქართველებმა, ამჯერად, იძალეს, ჟანდარმების კორდონი გაარღვიეს და პროცესიამ მთაწმინდისკენ გზა განაგრძო.
ეკა პატარაია