კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ ერთობა ქალებთან სულელურად „საქართველოს პრეზიდენტი“ და რისი წყალობით დაიკლო მან 84 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სულიკო დარდიანიძე „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი პრეზიდენტია, რომელმაც კამპანია მომღერლის კარიერის პიარისთვის და დისკების უკეთ გასაყიდად წამოიწყო. საბოლოო ჯამში კი, როგორც მისი როლის შემსრულებელი, მსახიობი კახა გოგიძე ამბობს, საკუთარ თავს პრეზიდენტობა „გაუჩალიჩა“.
კახა გოგიძე: ეს ჩვენი პრეზიდენტი ერთი ავანტიურისტი კაცია. თავის ალბომების გასაყიდად მოიფიქრა პიარგეგმა. თორემ საერთოდ არ სჯეროდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდა. თუმცა, გაიმარჯვა და მაგარ შარში აღმოჩნდა. ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ, რასაც ვხედავთ, ეს იმ დაუფიქრებლობის შედეგია, რაშიც ჩვენ ყველას ერთად მიგვიძღვის წვლილი. ხშირად ემოციებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ემოცია, კი, მოგეხსენებათ, მატყუარაა. იცით, რამდენად შორს არის ეს გმირი ჩემგან? ასეთი ტიპები ძალიან არ მომწონს, არავის მოსწონს მანიაკი მკვლელის თამაში, თუმცა მე მსახიობი ვარ და მსახიობს უყვარს მაინც თავის პერსონაჟი. მეც მიყვარს იმიტომ, რომ გულუბრყვილო, ხელოვანი კაცია, ბოროტი არ ჩანს, მაგრამ ცხოვრების წესით, ჩემი ანტიპოდია. მე არ ვსვამ, არ ვეწევი, არ ვქეიფობ. აგერ უკვე მეხუთე წელია, სპორტულად ვცხოვრობ და ვცდილობ, ბევრი საქმე გავაკეთო. ვამბობ ხოლმე, რომ ჩემნაირი ადამიანი არ შეიძლება პოლიტიკაში იყოს. ძალიან ემოციური ვარ, რაც პოლიტიკისთვის სრულიად  მიუღებელი და სასაცილოა. ამის არც სურვილი მქონია.
– ამ როლმა ხომ არ დაგაფიქრათ პოლიტიკოსობაზე?
– ახლა წინ მტერი რომ დამიყენო, იმდენად ემოციური ვარ, მოვკლავ, რაც დიპლომატიასთან ახლოს არ არის. ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა... შეიძლება, ძალიან ბანალურია, მაგრამ ოჰ, რამდენს ჩამოვახრჩობდი (იცინის). არა, ეს პოლიტიკა იმხელა პასუხისმგებლობაა, მინისტრად დანიშვნას რომ ულოცავენ ხოლმე ადამიანებს, ვერ ვხვდები, რა არის მისალოცი. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, პოლიტიკას თვალიც კი არ ვადევნო.
– რაც შეეხება თქვენს ოჯახს?
– სერიალში ჩემს პერსონაჟს მეუღლე და სამი ბიჭი ჰყავს. მგონია, რომ ცოლი უყვარს, მაგრამ ქალებთან სულელურად ერთობა. ახლა ლუნასთან ცოტა სახიფათო ამბავი წამოიწყო, მაგრამ ამის ბრალიც არ არის, „აბამენ“ და კაცის შებმას არაფერი უნდა. რომ გითხრათ, რეალურ ცხოვრებაში, ქალები გიჟდებიან ჩემთვის და კალთებს მახევენ-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ასეთ რაღაცებს მაინცდამაინც არ მივესალმები. სინამდვილეში, მყავს მეუღლე და სამი შვილი. მე და ჩემი გმირი სამი შვილის ამბავში ვგავართ ერთმანეთს, სამაგიეროდ, მე შვილიშვილიც მყავს, იმას – არა (იცინის). მეუღლე ჩემი ჯგუფელი იყო, ისიც მსახიობია და ამის გარდა სხვა განხრითაც მუშაობს. ორი შვილიც მსახიობია, მესამე ჯერ სკოლაში სწავლობს და არ მინდა, ისიც ამ გზას გაჰყვეს. პირველ-ორთან ასეთი მკაფიო საწინააღმდეგო აზრი არ მქონდა და არ მინდოდა, მხოლოდ სტერეოტიპული აზრის გამო – რად გინდა, შვილო, არტისტობა – გამეწია წინააღმდეგობა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ უმცროსი არ მინდა, ხელოვნების გზას გაუყვეს, მირჩევნია ხელოსანი იყოს.
– თქვენს შემთხვევაში, როგორ მოხდა ეს?
– მე არჩევანი არ მქონდა ერთი უბრალო მიზეზის გამო – სცენაზე დავიბადე. დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ, როცა სპექტაკლს თამაშობდა, დედაც და მამაც მსახიობია და დედა ახლა სერიალში გრიზელდას როლს თამაშობს. მოკლედ, მეცხრე თვეში, სცენაზე იდგა, როცა მშობიარობა დაეწყო, მაგრამ სანამ სპექტაკლი არ დაამთავრა, არ გამაჩინა (იცინის). მართლა სცენაზე ხომ არ დამაგდებდა, პროფესიონალიზმი გამოიჩინა. დავიბადე და ერთ კვირაში დამდგეს კულისებში აკვნით და წარმოიდგინეთ, მე რომ კვანტური ფიზიკის სპეციალისტი გამოვსულიყავი. მოცემულობა ასეთი იყო და სხვა პროფესია არც არასდროს განმიხილავს. თავისთავად, არ მახსოვს პირველი  ნაბიჯები, რომელიც მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უკავშირდება – იქ ავიდგი ფეხი და იქ გავიზარდე. მერე ჩავაბარე თეატრალურში და იმის შემდეგ ვმოღვაწეობ აქეთ. არცერთი თეატრის შტატში არ ვარ, მაგრამ ძირითადად, ჩემს საყვარელ „თავისუფალ თეატრში“ ვთამაშობ. დავამთავრე სარეჟისოროც და აქტიურად ვდგამ სპექტაკლებს. ჩემმა სპექტაკლმა – „მუსუსი“ – გრანპრი აიღო იმერეთის ფესტივალზე. ამის გარდა, ხუთი გრანპრი მაქვს სამსახიობო მოღვაწეობისთვის. საერთაშორისო – „ოქროს ნიღაბი“, საქართველოში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლი, წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი და ასე შემდეგ. მსახიობისა და რეჟისორის პროფესიები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. მე მაქვს ამის თქმის უფლება, იმიტომ, რომ ორივე პროფესიას, თავიდან ბოლომდე, ხუთი წელი ვსწავლობდი. მიყვარს სწავლა და ახლაც ვსწავლობ კინოსარეჟისოროზე.
– ამხელა პრეზიდენტი კაცი ლექციებზე ზიხართ?
– აბა, როგორ გინდა?! ისე, რეჟისორი რომ გავხდი, დავუარე ყველა რეჟისორს, ვისთანაც მანამდე მიმუშავია და ბოდიშები მოვუხადე. მივხვდი, რამდენად ვაწვალებდი მათ. იმედია, გული არავის ეტკინება, მაგრამ მსახიობის მუშაობა რეჟისორისას ვერ შეედრება.
– გარეგნობა, რომელიც რადიკალურად შეიცვალეთ.
–  84 კილოგრამი დავიკელი. ქართული ცხოვრების წესის წყალობით, წარმოუდგენელ ციფრებზე ავედი. საქართველოს სიყვარულის ამბავში, გულზე მჯიღიც უნდა დაირტყა და ოთხი ყანწიც უნდა დალიო. გგონია, რომ ასე დაიბრუნებ აფხაზეთს. მაგრამ მივხვდი, რომ ეს ტოტალური სიცრუეა, თუმცა, დიდხანს გრძელდებოდა ასეთი ცხოვრება. 1987 წლიდან დაიწყო და დაახლოებით ხუთი წლის წინ დასრულდა. სუფრის ინსტიტუტი არასდროს მომწონდა, მაგრამ ცრუ ტრადიცია ინერციით მივიღე. ვიღაც მოკვდება – უნდა გასკდე, ვიღაც დაქორწინდება – უნდა გასკდე და ასე ავედი 162 კილოგრამამდე.
– როგორი იყო ცხოვრება მაშინ?
– ის ცხოვრება არ იყო, საკუთარი ორგანიზმის პატიმარი ვიყავი. აბსოლუტური უპერსპექტივობის განცდა მქონდა. არ ვარ ის კაცი, ვისაც სიკვდილის ეშინია, მაგრამ რეალურად ჯანმრთელობის პრობლემები შემექნა და განსაკუთრებით არ მომწონდა, რომ წინ ვეღარაფერს ვხედავდი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით (იცინის). დანა-ჩანგლით გათხრილი სამარე ნამდვილად არ მინდოდა და ძალიან დიდხანს ვიწვალე, რომ ცხოვრება შემეცვალა. პირველ ეტაპზე, ქალბატონ ელენე გიორგაძის დიეტის მეშვეობით, 78 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა ათი წელი შევინარჩუნე. მაგრამ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ნებისყოფა, ადრე თუ გვიან იწურება და ერთ დღეს ისე მომშივდა, რომ დავიწყე ჭამა და აღარასდროს გავჩერდი. სულ ვსვამდი და ვჭამდი, დაახლოებით, ორ წელიწადში „ავანაზღაურე“ ათი წლის შრომა. თუმცა მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი და გენიალური ქირურგი დათო აბულაძე დამეხმარა კუჭის ნაწილის „გადაგდებაში“. 80 პროცენტი ამოვიჭერი, სხვანაირად, უბრალოდ, აღარ შეიძლებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრება. ეს იყო ოთხი წლის წინ.
– ფსიქოლოგიურად ადვილი იყო ამ ცვლილებასთან შეგუება?
– ერთი-ორი კი ამბობდა, დროზე გავიკეთოთ ოპერაცია, რომ ცოტა ხანში ქორწილის სუფრას „გავუმკლავდეთო“, მაგრამ ქორწილში თუ მიდიხარ, სადაც კაი მწვადი და ქაბაბი გელოდება, მაშინ ასეთი ოპერაცია არ უნდა გაიკეთო. საერთოდ აღარ ვსვამ, ჩემი მეგობრები ღვინოზავრს მეძახდნენ, იმიტომ, რომ ჩემი ღვინის სმა არასდროს მთავრდებოდა, მაგრამ მთვრალი არავის ვუნახივარ. იმიტომ კი არა, რომ მაგარი ვაჟკაცი ვარ, უბრალოდ, არ მერეოდა სასმელი. ახლა დალევა ჩემთვის ჯოჯოხეთია. ასე რომ იფიქრო, სარკეში უნდა ჩაიხედო და საკუთარ თავს შეხედო. პატრიოტი ვარ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, შემიძლია, ახლავე მოვკვდე საქართველოსთვის, მაგრამ ის ყველაფერი ცარიელი სიტყვები იყო და ეს კარგად გავაცნობიერე.
– არის რაღაც თქვენში პრეზიდენტური?
– არ ვიცი, მაგრამ სიტუაციას რომ შევხედე და მივხვდი, სადღეგრძელოების დროს ქაქანის მეტი არაფერი გამოდიოდა, რასაც ჩვენ ვერბალურად „საქმის კეთებას“ ვეძახით. სინამდვილეში კი, დილით რომ ვიღვიძებდი, სმა-ჭამით ვიყავი დაღლილი. სულ უკან-უკან მივდიოდი, რაც ძალიან არ მიყვარს. აღმოჩნდა, რომ ძმაკაცების გარკვეული რაოდენობა დაიკარგა, როგორც ჩანს, საერთო მხოლოდ ერთმანეთის ქება და უზომო სმა გვქონდა. დღეს ერთმანეთს ვხვდებით შეძახილით – „რა კაცი დავკარგეთ“.
– დღეს რას ფიქრობთ იმ კახაზე?
– ის კახა გარდაიცვალა და დავმარხეთ. თავიდან დავიწყე ცხოვრება, რომელიც სკოლის დათავრების შემდეგ შევწყვიტე, როდესაც აქტიურად იმძლავრა „ქართულმა ხალხურმა სპორტმა“.
скачать dle 11.3