№22 ვის მისცა შვილის „ზაკაზი“ ანრი ბიბინეიშვილ-ჯაყელმა და aრატომ უნდა მას დაუკანონებელი ურთიერთობით გაჩენილი შვილი
ერთი შეხედვით, 28 წლის მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი ლაღი, ბედნიერი და თამამია. თუმცა, ცხოვრებამ ბევრჯერ მოუწყო გამოცდა, მძიმე დარტყმებიც მიაყენა, მისი დაჩოქებაც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მაინც ბედნიერია, ცდილობს, პირადი ცხოვრება მოიწყოს და არც ის ტკივილი დაივიწყოს, რაც მისი მომავლის სტიმული გახდა.
ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი:ცხოვრებამ ბევრჯერ მომაყენა დარტყმა, დაჩოქებაც უნდოდა, მაგრამ არ დავნებდი. ბედიც მწყალობს და ბედნიერიც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კითხვაზე ვერ გავეცი საკუთარ თავს პასუხი. ყველაზე დიდი დარტყმა ცხოვრებამ, დედის ავადმყოფობით მომაყენა, როცა დავპატარავდი, მივხვდი, რომ უსუსური და უძლური ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს უკეთაა. ბავშვობაში, ხშირად, არც ნაყინის ფული მქონდა და არც საღეჭი რეზინის, დახეული ფეხსაცმელებითაც მივლია, მაგრამ არც ნაყინის გამყიდველობა მინდოდა და არც კოსმონავტობა, ღრმა ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ასე რომ, დახეული ფეხსაცმლით სიარული და ლამაზ სათამაშოებზე ნატვრა ჩემს ბავშვობას ახლდა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სულ მუშაობდნენ და ცდილობდნენ, მე და ჩემს დას საჭმელი გვქონოდა. ფუფუნება გენეტიკურად არ გამომყოლია, დღესაც, პატიოსნად ვშრომობ და მივყვები ცხოვრებას.
– როდესაც დახეული ფეხსაცმლით დადიოდი, წარმოიდგენდი, რომ ერთ დღესაც ტელევიზორში გამოჩნდებოდი, სცენაზე დადგებოდი, მაყურებელი ტაშს დაგიკრავდა და ცნობადი გახდებოდი?
– რატომაც არა! ზღაპრულ მომავალზე ყველა ბავშვი ოცნებობს და არც მე ვიყავი გამონაკლისი, თუნდაც იმ დახეულ ფეხსაცმელში. ის ბავშვური ზღაპრული ოცნება დღესაც გრძელდება, რადგან, მიუხედავად ცნობადობისა, არც დღეს მაქვს მატერიალური ფუფუნება. იმაზე ვოცნებობ, ჩემს მშობლებს არ მოშივდეთ, წამლის ფული ჰქონდეთ, თორემ თექვსმეტი მანქანა მემსახურებოდეს, ჩვენი პარლამენტარებივით დიდ „ჯიპში“ ვიყო გამოჭიმული, სამი აგარაკი და ხუთი საცხოვრებელი ბინა მქონდეს-მეთქი, ამაზე არც არასდროს მიოცნებია.
– ანრი, სოციალურ ქსელში დაწერე: 17 წლის, ტირილისგან თვალებდასიებული ბიჭი, ქუჩაში ვიყინებოდი, ღამის 3 საათზე მივადექი ახლად გაცნობილ ოჯახს თბილისში და მათ ერთი ღამით ვთხოვე დარჩენაო. ბათუმიდან დედაქალაქში ჩამოსულს დასარჩენი არსად გქონდა? ან ისეთი ადამიანი მაინც არ გყავდა, უცხოს არ მისდგომოდი?
– იმის გამო, რომ ბათუმში არ იყო სამსახიობო სასწავლებელი, თბილისში მომიწია ჩამოსვლა. აქ კი, არ მყავდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც მივიდოდი, ვიცხოვრებდი და დამეხმარებოდა. თეატრალურში გავიცანი ბიჭი, ნიკა გაბელია, რომელიც ჩემსავით აბარებდა და გამოველაპარაკე, მერე, 7 ნოემბერს აქციაზე ვნახე და ერთად დაგვარბიეს და მოვიწამლეთ. სახლში მიმიყვანა და მაშინ გავიცანი დედამისი – ქალბატონი ნანა. იმ პერიოდში, დასარჩენი არ მქონდა და ბაღში ვათენებდი ღამეებს. მახსოვს, ღამით ბაღში მეძინა და ყინვამ გამაღვიძა. ავდექი, მოვკიდე ჩემს ჩანთებს ხელი და ავადექი ნანა დეიდას, რომელიც, ჩემი მეორე დედა გახდა. იმ ღამეს კი არა, წლები დამტოვეს, მომიარეს... პური ბიოლოგიური შვილივით გამიყვეს, ამ ოჯახში ჩამოვყალიბდი და ბევრი რამ მასწავლეს. მეორე, არაბიოლოგიური დედა შევიძინე და ვერაფერი ამომგლეჯს გულიდან მის სიყვარულს, ის ქალის ფენომენია. არასდროს დამავიწყდება, მისი რეაქცია, 17 წლის სევდიანი, ცრემლიანი ბიჭის დანახვისას. ის პერიოდი ისე მიჭირდა, ღამე ბალიშზე ჩაბღუჯული ვტიროდი და მერე ეს ტირილი ბღავილში გადადიოდა. ხშირად, ასე ღამეც დამთენებია. თუმცა, მომავალზე, ჩემს ოჯახზე და პირადზე ფიქრი, მაძლევდა სტიმულს, წინ გადამედგა ნაბიჯები და არ დავცემულიყავი.
– როდის გადადიოდა ტირილი ბღავილში?
– როცა ვგრძნობდი, რომ ჩემს ქვეყანაში უსუსური ავღმოვჩნდი და ვერავისთან ვპოულობდი საერთო ენას. ჩემი არ ესმოდათ და ვერ მიგებდნენ.
– რატომ არ ესმოდათ და ვერ გიგებდნენ? განსხვავებული იყავი?
– არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად მართალი და პირდაპირი ვარ, ასეთი კაცი კი, არ უყვართ. მე ჩემს თავს „ცხოვრებისეულ ჯამბაზს“ ვეძახი და ეს, ყველაზე მაგარი „კაიფია“. ამ „კაიფის“ ფასი კი ის არის, რომ მე ჩემს გენეტიკურ კოდთან მართალი ვარ. იმქვეყნად რომ წავალ, ხომ უნდა ვიყო მართალი? ვხუმრობ ხოლმე, სამოთხისთვის ვემზადები-მეთქი (იცინის). ასეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე დედამიწაზე და იმქვეყნად არ მერგება სამითხე?
– ესე იგი, აქაური ჯოჯოხეთი გავლილი გაქვს და იმქვეყნიური სამოთხისთვის ემზადები?
– ასე გამოდის (იცინის).
– ანრი, გავიგე, რომ შეყვარებული ხარ და შვილს ელოდები საყვარელი ქალისგან. ეს სიმართლეა?
– დიახ, შეყვარებულიც ვარ და შვილის „ზაკაზიც“ მიცემული მაქვს! მალე იქნება (იცინის). მართალია, ეს ღმერთის ნებაა, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი – როცა ცოლს მოვიყვან, ვერცერთი ჟურნალისტი ვერ შემოყოფს ცხვირს ჩემს ქორწილში. თქვენი თვალი მეცემა (იცინის). ამიტომ, რომ არ გავითვალო, კი ბატონო, ქორწილში მობრძანდით, მაგრამ მიკროფონებისა და დიქტოფონების გარეშე. ადრე მყავდა ცოლი, ახლა მყავს საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ ვაპირებ ჯერ ურთიერთობის დაკანონებას, რადგან ფურცელზე ხელის მოწერა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ერთხელ დავუშვი შეცდომა – ქორწინება გავაოფიციალურე, ფურცელს მივანიჭე უპირატესობა და მეორედ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. არც საყვარელი ადამიანი მაძალებს ურთეირთობის დაკანონებას. ეს რომ გააკეთოს, ვეტყვი: აბა, მამა გენაცვალოს, პაკა!
– ანუ, შენ გვერდით არის საყვარელი ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობის დაკანონებას არ გეგმავ და ბავშვის „შეკვეთა“ მიცემული გაქვს?
– ღმერთის ნებაა შვილი და ამას, მხოლოდ ჩემი შეკვეთა ვერ უშველის. ასე რომ, თუ ინებებს, მეყოლება.
– შენი რჩეული პროფესიით მსახიობია?
– არც მსახიობია და არც ხელოვანი და არც უნდა შეხება ჰქონდეს. მე მეშინია ხელოვანების, დაუნდობელი ხალხია და შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შეგჭამონ.
– მერე, შენც რომ მსახიობი ხარ?
– ჰოდა, ჩემნაირი ორი, ოჯახში არ მინდა. მერე რა, რომ მიყვარს? იმასაც „შევჭამ“ (იცინის). გამიგია, მიშა თუმანიშვილი ამბობდა, მსახიობი უსქესო არსება არისო. მე უსქესო ვარ და კიდევ ერთი უსქესო ოჯახში, ზედმეტია. ჩემი საყვარელი ადამიანი ფსიქოლოგია. ყველა კაცისთვის გვერდით საყვარელი ქალის ყოლა აუცილებელია და არც მე ვარ გამონაკლისი. ის ცხოვრებისეულ სტიმულს მაძლევს.
– ესე იგი, მალე ქორწილში ჩოხით გიხილავთ?
– არა. ქორწილში ჩოხას არ ჩავიცვამ, უფრო გრძელ პიჯაკზე, „სმოკინგზე“ გავაკეთებ აქცენტს ან, სულაც, ბრიჯებით მივალ, რა პრობლემაა? ბრიჯებში ქორწილიც მომწონს, თან, ზაფხულიც მოდის (იცინის).
– ვიცი, ბინა თბილისში არ გაქვს. სად ცხოვრობ?
– თეატრში არ ვცხოვრობ, მაგრამ ხშირად იქ ვრჩები და ვიძინებ. ახლა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი, ახალგაზრდობას ვტოვებ, ჩამოვშორდი გართობებს და მინდა, პირად ცხოვრებას მივხედო, დავალაგო და ავაწყო. ამ საკითხში, ცოტა დამიგვიანდა და ვფიქრობ, ახლო მომავალში სამაგალითო ოჯახს შევქმნი და მშვიდად ვიცხოვრებ. გართობაში დროს ვეღარ დავკარგავ, საკუთარ ცხოვრებას უნდა მივხედო. ბევრჯერ ვიტირე, ბევრჯერ შემცივდა, დახეული ფეხსაცმლითაც ვიარე, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. იმედს, მხოლოდ მიცვალებული კარგავს და მიცვალებულამდე ჯერ ძალიან ბევრი მიკლია.