№22 რისთვის დახვრიტეს ცნობილი ქართველი ექიმი და მისი რვა კოლეგა
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სანიმუშო პიროვნება
თეთრ ხალათში გამოწყობილმა, ორმოცდათხუთმეტი წლის შავგვრემანმა, ხმელ-ხმელმა მამაკაცმა ლაპარაკი დაასრულა. სტუდენტებს დაემშვიდობა და კათედრიდან ჩამოვიდა. შემდეგ აუდიტორიიდან გავიდა და თავის ოთახს მიაშურა. ხალათი გაიხადა, მოწესრიგდა და სამედიცინო ინსტიტუტიდან გამოვიდა. „პობედა“ დაქოქა და წავიდა.
ხმელ-ხმელი მამაკაცი საქვეყნოდ ცნობილი ექიმი ოთარ პაპასკუა იყო. მას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოეთშიც კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ. პაპასკუა ქირურგი იყო და როგორც ამბობდნენ, ოქროს ხელი ჰქონდა, შეეძლო, თვალდახუჭულს გაეკეთებინა რთული ოპერაცია. ის დოქტორის ხარისხს ფლობდა და აქტიური საექიმო მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოძღვაწეობასაც ეწეოდა. მას მეუღლე და ორი შვილი – ქალ-ვაჟი ჰყავდა. მას ძალიან აფასებდნენ და სანიმუშო პიროვნებად ითვლებოდა.
პაპასკუამ თითქმის მთელი ქალაქი გაიარა. „პობედით“ ლოტკინის აღმართს აუყვა, ერთ-ერთ კერძო ეზოში შესრიალდა და მანქანა გააჩერა.
საგანგაშო სტატისტიკა
საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის კაბინეტში ორი ძალოვანი მინისტრი იყო. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გამოცდილი ალექსი ინაური და ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მჟავანაძემდე მიაღწია ხმამ, რომ საქართველოში და განსაკუთრებით კი, თბილისში, გახშირდა ადამიანების გაუჩინარების ფაქტები. მოსახლეობა შეშინებული იყო და სხვადასხვა ჭორები ვრცელდებოდა, რაც კომუნისტური იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამის გამო დაიბარა მჟავანაძემ ორი ძალოვანი მინისტრი და სპეციალური მოხსენების წარმოდგენა მოსთხოვა. ალექსი ინაურმა პირველს მოკლედ უპატაკა, რომ უშიშროებამ ინტენსიურად დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და ერთი კვირა ითხოვა მის სრულად შესწავლისთვის. ედუარდ შევარდნაძემ კი, მჟავანაძეს დაკარგულ ადამიანთა სტატისტიკა წარუდგინა და აუწყა, რომ მარტ-აპრილის პერიოდში ოცი ადამიანი იყო გაუჩინარებული, მათ შორის სამი ბავშვი.
– ამხანაგო ედუარდ, ყოველ სამ დღეში ერთხელ ერთი ადამიანი იკარგება – ეს ძალიან ბევრია და საგანგაშო. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ამ დანაშაულების გასახსნელად. სავარაუდოდ, ყველა ერთი ხელწერისაა, – უთხრა მჟავანაძემ შევარდნაძეს და დააყოლა, – „კაგებესთან“ ერთად იმუშავეთ. ამხანაგი ინაური დაგეხმარებათ.
გაქცევა
ვასილ მჟავანაძემდე დაკარგული ადამიანების ამბავი მისმა ნათესავმა მიიტანა, როდესაც 21 წლის მეზობელი, პერსპექტიული მოჭიდავე ემზარ ხორავა დაიკარგა. ყმაწვილი ვარჯიშის შემდეგ ჭიდაობის დარბაზიდან ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა, თუმცა იმ დღეს სახლში არ მისულა. ეს ამბავი 20 აპრილს მოხდა და ხორავა მეოცე გაუჩინარებული იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში. შევარდნაძესა და ინაურს კი 24 აპრილს ესაუბრა მჟავანაძე. 27 აპრილს კი, დილის ექვს საათზე ხორავა ვაგზლის ახლოს, გოგოლის ქუჩაზე მეეზოვე ზოზო შაროიანმა აღმოაჩინა. ყმაწვილი უგონოდ იყო და ერთ-ერთი ეზოს უზარმაზარი ალაყაფის კარის უკან იწვა. ფეხშიშველი იყო და ტანზე საავადმყოფოს პიჟამა ემოსა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ ხორავა უახლოეს, რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელიც ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარეობდა. პირველი დახმარების აღმოჩენისას, მორიგე ექიმმა ნახა, რომ პაციენტს მარცხენა თირკმელი ამოღებული ჰქონდა და გამომძიებელს უთხრა:
– აშკარაა, რომ ამ ბიჭს თირკმელი ორი-სამი დღის წინ ამოკვეთესო.
ხორავა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მოასულიერეს და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს. დილის 9 საათზე კი რეანიმაციაში „კაგებესა“ და მილიციის ერთობლივი ჯგუფი მივიდა. ისინი გაუჩინარებულების საქმეებს იძიებდნენ. ხორავა დაჰკითხეს და ბიჭი ამბობდა, რომ განათებული სარდაფიდან გაიქცა. ხოლო თუ რა გადახდა თავს, ფაქტობრივად, არ ახსოვდა. ბიჭს, ყოველი შემთხვევისთვის, შეიარაღებული დაცვა მიუჩინეს და მასთან თითქმის არავის უშვებდნენ.
განაჩენი
უშიშროებისა და მილიციის გამოცდილმა გამომძიებლებმა, ემზარ ხორავას ჩვენების საფუძველზე, რამდენიმე სამუშაო ვერსია შეიმუშავეს. მათ შორის ძირითადი იყო, ეგრეთ წოდებული, „სამედიცინო ვერსია“. მის მიხედვით მოქმედებდა კარგად ორგანიზებული ბანდა, რომელიც ადამიანების ორგანოების ტრანსპლანტაციით იყო დაკავებული და მასში, რა თქმა უნდა, მედიცინის მაღალპროფესიული მუშაკები იყვნენ გაერთიანებული. ამიტომ ქართველმა ძალოვნებმა ხორავა დახურულ პალატაში გადაიყვანეს და დაცვა გააძლიერეს. საკონსულტაციოდ და სამკურნალოდ კი, მედპერსონალი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. რადგან იმის დიდი ალბათობა არსებობდა, რომ ხორავა სამკურნალოდ სწორედ იმ ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფთან აღმოჩენილიყო, ვინც ის გაიტაცა და თირკმელი ამოაცალა. მოსკლოველმა ექიმმა ხორავა რომ გასინჯა და საექსპერტო გამოკვლევა ჩაატარა, ცალსახად დაასკვნა: თირკმლის ამოკვეთა უმაღლეს დონეზეა განხორციელებული და ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტმა განახორციელაო. ხორავას გაქცევაზე კი თქვა, რომ ყმაწვილს სპორტსმენობამ უშველა და ძლიერმა, ნავარჯიშევმა ორგანიზმმა გადაარჩინაო. ხორავას ინტენსიურად მკურნალობდნენ და ყმაწვილს თითქმის სრულად აღუდგა მეხსიერება. გაიხსენა, რომ განათებულ სარდაფში იყო პალატა, სადაც ის იწვა. ემზარის თქმით, მან ვიღაც მამაკაცს თავში მუშტი ჩაარტყა და ჯერ სარდაფიდან ამოვიდა, შემდეგ ღამით გამოიქცა. არ იცოდა, საიდან სად მიდიოდა და როგორ აღმოჩნდა გოგოლის ქუჩაზე. ხორავას გამომძიებლებმა ყველა იმ ქართველი ქირურგის ფოტოსურათი უჩვენეს, ვისაც ასეთი რთული ოპერაციის გაკეთება შეეძლო. ემზარმა მათში დოქტორი ოთარ პაპასკუა ამოიცნო...
პროფესორი მისსავე კაბინეტში დააპატიმრეს. პაპასკუამ თორმეტი თანამზრახველი ამხილა და ისინიც აიყვანეს. დაკითხულებმა დაწერეს, რომ ადამიანებს პაპასკუას შეკვეთითა და წინასწარი შეთვალიერების შემდეგ სანიტრები იტაცებდნენ. თავად პროფესორმა აღიარა, რომ შეკვეთებს სხვადასხვა ორგანოებზე ლენინგრადიდან აწვდიდნენ და ამაში სოლიდურ თანხებს იღებდა. საიდუმლო ლაბორატორია პაპასკუას ლოტკინის მთაზე, თავისი საყვარლის, ქვრივი ექთნის, ლამზირა კაჭუას კერძო სახლში ჰქონდა. პაპასკუასვე თქმით, ორგანოამოცლილი ადამიანის სხეულს ის სხვადასხვა მედიკო-ბიოლოგიური ექსპერიმენტისთვის იყენებდა. ხოლო ბოლოს კი გვამს ღუმელში წვავდა და ფერფლს კანალიზაციაში ყრიდა. აიყვანეს ლენინგრადელი შემკვეთებიც და დახურულ სასამართლოზე პაპასკუასა და კიდევ რვა ადამიანს დახვრეტა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი – თხუთმეტწლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში.