კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-21(908)



ისტორია ორმოცდამეოთხე
ნონკას გასაჭირი
(მოქმედი პირები: ნონკა, ლევანო და თეო)
მთელი ღამე თეთრად გავათენე. სულ ველოდი, რომ დუდუ დარეკავდა და მეტყოდა – ვიხუმრე! ან რამეს მაინც მკითხავდა – როგორ ვიყავი, რას ვგრძნობდი... ტელეფონი გვერდით მედო და წამდაუწუმ ვამოწმებდი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავურეკე. არ აიღო. მესიჯი მივწერე, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და უბრალოდ, მისი ხმის გაგონება მჭირდებოდა. არც ამაზე მიპასუხა... გამთენიისას ნასტიასთან გადავრეკე. ხმამაღლა ვღრიალებდი და ძლივს გავაგებინე, რა მჭირდა. დუდუს მისამართი გამოვართვი. ცოტა გამიძალიანდა, ბიძამისი მეჩხუბებაო, მაგრამ არჩევანი არ დავუტოვე და დამნებდა... როგორც კი გათენდა, სასწრაფოდ მოვწესრიგდი და ტაქსი გამოვიძახე. რამდენიმე წუთში მიმიყვანა ადგილზე. ეზო ცარიელი იყო. ადამიანის ჭაჭანება არ ჩანდა. თბილისში, ეტყობა, საერთოდ, გვიან იღვიძებენ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. მესამე სართულზე ავედი და ზარს თითი მივაჭირე. მერე დავაკაკუნე. მაგრამ კარის იქით არც არავინ გატოკებულა. ღონემიხდილი იქვე ჩამოვჯექი. ამ დროს ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე ზედა სართულიდან და ფეხზე წამოვხტი. ახალგაზრდა კაცი იყო.
– უკაცრავად, ხომ ვერ დამეხმარებით? მეგობარს ვეძებ და კარს არავინ მიღებს. მე კი აქ სხვას არავის ვიცნობ.
– ვის ეძებთ? დუდუს?
– დიახ, მე მასთან ვარ სტუმრად, აი, მოვაკითხე და კარს არ აღებს, გუშინ სასტუმროში გვიან დამტოვა. ტელეფონს არ პასუხობს...
– ერთი წუთით... – და ტელეფონი ამოიღო. მერე ნომერი აკრიფა და თან, აშკარად ინტერესით შემათვალიერა. რას დავეძებდი! მერე ქართულად რაღაც დაილაპარაკა, მერე სახე შეეცვალა, ანერვიულდა. ბოლოს მომიტრიალდა.
– დუდუ ახლა საავადმყოფოშია, ახლობელთან და თუ რამით შემიძლია დახმარება...
– არა, გმადლობთ, მე დუდუს ნახვა მინდა სასწრაფოდ და იქნებ მითხრათ, სად მივიდე.
– არა, იქ არ შეიძლება, დუდუ თვითონ გნახავთ, როცა მოიცლის. მთხოვა, მე მოგაქციოთ ყურადღება. – კაცი ისე ნერვიულობდა, ვიფიქრე, რაღაცას მიმალავდა და დუდუს თავს უბედურება დატრიალდა. მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე, მისამართი მოეცა. ბოლოს დავემშვიდობე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ის უკან ატრიალდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა დავლოდებოდი და დუდუსთან მიმიყვანდა. ასეც მოვიქეცი. ქუჩაში გავედი და პირველივე მანქანა გავაჩერე. ჩავჯექი და ვთხოვე, რომ ცოტა ხნით დამლოდებოდა და მერე, ალბათ, გაყოლა დამჭირდებოდა. მძღოლმა დამცინავად ამათვალიერა და ფულის დამატება ითხოვა. ამასობაში ის ბიჭიც ჩამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან ეგრევე მოწყვიტა. უკან გავყევით. ინტუიციას არ მოვუტყუებივარ. მანქანა საავადმყოფის ეზოში გაჩერდა. მეც მივყევი. მიმღებში რაღაც იკითხა და ლიფტისკენ გაემართა. მაგრამ ლიფტს არ დალოდებია და კიბით აირბინა. მეც უკან მივყევი. როცა მეორე სართულზე შევარდა, ვიფიქრე, რომ დუდუს აქ ვნახავდი. მაგრამ ამჯერად შევცდი. დუდუ არსად ჩანდა. ის ბიჭი ვიღაც ქალებს მიუახლოვდა, მერე პალატაში შევიდა.  მე იქვე, დერეფნის კუთხეში, ვიდექი და ყურადღებას არავინ მაქცევდა. ადგილიდან არ ვიძროდი. ვეღარ გადამეწყვიტა, რა უნდა გამეკეთებინა. აქ რატომ მოვედი და ვინ იწვა პალატაში?! ეს როგორმე უნდა გამერკვია. მაგრამ როგორ? ცოტა ხნის შემდეგ ჩემი დილანდელი ნაცნობი პალატიდან გამოვიდა, ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა. ექიმიც გამოჩნდა და ქალები უკან მიჰყვნენ. დრო ვიხელთე და პალატისკენ გავემართე. რაც არის არის! თუ იქ დუდუ წევს, ვერავინ შემაჩერებს. მე მაქვს უფლება, ის ვნახო. მაგრამ, კარი რომ შევაღე, პალატაში მხოლოდ უცნობი ქალი იწვა. წვეთოვანზე შეერთებული და მიტკლისფერი. გვერდით, სკამზე, ახალგაზრდა ქალი ეჯდა და ტელეფონს ატრიალებდა. ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. ამ დროს საწოლზე მწოლიარე გაინძრა და აკვნესდა. ქალი სკამიდან წამოხტა და საწოლთან მივარდა.
– თეო... – სახელი გავიგონე და დანარჩენს უკვე აზრი არ ჰქონდა... თეო! აი, თურმე, ვინ იწვა საწოლზე: დუდუს პირველი და მოუნელელებელი სიყვარული. აი, თურმე, სად დაიკარგა წუხელ ჩემი სატრფო. თითქოს გამინათდა. ეს სახელი მძულდა და მაშინებდა სულ! დუდუ ამ სახელს ძილში ახსენებდა, აბოდებდა და აკვნესებდა. აი, ისე, როგორც ახლა საწოლზე მიტკლისფერი ქალი კვნესოდა... ვიდექი და ვუყურებდი ჩემს მეტოქეს და ვერაფრით გამეგო, რა იყო ამ ქალში ასეთი, რომ დუდუ ამდენი წელია, ვერა და ვერ ივიწყებს?! რამ მოხიბლა მასში, რომ ჩემზე უარი ათქმევინა?! ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული გოგოა. მე გაცილებით ლამაზი ვარ! რა შედარებაა, მაგრამ რად გინდა! ისეთი გამწარებული მივაშტერდი ავადმყოფს, თითქოს თვალებით მინდოდა დამეფერფლა და აქვე დამესრულებინა ორივეს ტანჯვა. პალატაში ვიღაცები შევიდნენ, მე განზე გამწიეს და კარიც მიხურეს. ისევ დერეფანში დავრჩი. თავი მიგუგუნებდა და გული ყელში მიცემდა. რა უცნაურია ცხოვრება! აქ დუდუსთან ჩამოსული მის დაკარგულ სიყვარულს გადავეყარე და თან, სად?! ნეტა, რა მოხდა... და ეს ქალი რომ ვეღარ ადგეს?! ხომ შეიძლება მოკვდეს?! არა, რას ვროშავ, რას ვერჩი! როგორ თუ, რას ვერჩი?! ის ჩემს ბედნიერებას იპარავს. ნონკა, გონს მოდი, უცხო ადამიანს, რომელსაც თვალით არ უნახავხარ, სიკვდილს უსურვებ?! მაგრამ ის მე დუდუს მეცილება... აზრები საერთოდ ამერია. ისე დამიმძიმდა თავი, ვეღარც ვერეოდი. დერეფნის ბოლოს, სკამზე, ჩამოვჯექი და უაზროდ მივაშტერდი თეოს პალატის კარს. ხან ვინ შედიოდა და ხან ვინ გამოდიოდა. მაგრამ დუდუ არ ჩანდა. აქაც არ დამხვდა. ნეტა, ასე ტოვებს ყველას? თან, ასეთ დროს? არა, ალბათ საქმეზეა და მოვა. ჰო, მოვა. აქ აუცილებლად დაბრუნდება და მეც აქ დავხვდები. და მერე? რა უნდა ვუთხრა? აქ რას ვაკეთებ? რამეს ვეტყვი. არა, დუდუ საერთოდ გადაირევა. ერთხელ, როცა ვკითხე, თეო ვინ არის და რატომ ახსენებდი ძილში–მეთქი, თვალები დამიბრიალა და მკვახედ მომიჭრა, ეს შენი საქმე არ არის და მეორედ არ მკითხოო. მერე ნასტიას დავეკითხე და ყველაფერი გავარკვიე. მათი სიყვარულისა და დუდუს დაქორწინების ისტორიები. მოკლედ, მას მერე ასე ვიცხოვრეთ: მე, დუდუმ და თეომ, რომელიც უხილავად სულ ჩვენ შუა იდგა და იწვა. და ახლა აქ ვარ, ის კი იქ წევს და შეიძლება, აღარც ადგეს და ვეღარც ჩადგეს ჩვენ შორის...
თავს ვერაფერს ვუხერხებდი! მაინც ეს აზრი მიტრიალებდა და თან მაწუხებდა და თან მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა. რომ დუდუს აღარავინ შემეცილებოდა, თუ... თუ თეო აქ დარჩებოდა, ამ პალატაში... ამ ფიქრებში არეულს არც შემიმჩნევია, თავზე ის, დილანდელი კაცი, როგორ დამადგა და მხარზე ხელი შემახო:
– ნონა?! აქ რას აკეთებთ? აქ საიდან მოხვდით?
– მე? მე დუდუს ნახვა მინდოდა და...
– და მე გამომყევით? ადექით, აქ თქვენი გაჩერება არ ივარგებს. წამოდით, სასტუმროში მიგაცილებთ. დუდუ დღეს არ მოვა. ახლა დარეკა და თან, რომც მოვიდეს, ხომ არ გინდათ, რომ აქ გნახოთ?!
– არა, არ მინდა... და თეოს რა დაემართა?
– თეოს? იცნობთ თეოს?
– არა, არ ვიცნობ, უბრალოდ, ვიცი. რა მოუვიდა?
– არაფერი სერიოზული, ის მალე კარგად იქნება... წამოდით, გთხოვთ. წავიდეთ აქედან.
 თითქმის ძალით წამომაყენა ფეხზე, ხელკავი გამიკეთა და გარეთ გამომიყვანა. უხმოდ ჩავსხედით მანქანაში და სასტუმრომდე ასევე უხმოდ მიმიყვანა.
– ნონა, მე დუდუსა და თეოს ბავშვობის მეგობარი ვარ. ლევანო. ეს ჩემი ტელეფონის ნომერია. თუ რამე დაგჭირდეთ, დამირეკეთ. გთხოვთ, ახლა დუდუს ბევრი საზრუნავი აქვს და ტყუილად არ დაურეკოთ. ის მაინც ვერ გიპასუხებთ. და როგორც კი ყველაფერი დალაგდება, თვითონ მოგაკითხავთ. გაერთეთ და დაათვალიერეთ აქაურობა. თუ გინდათ მძღოლს გამოგიგზავნით და ის მოგხედავთ...
– არა, არ მინდა. არაფერი მინდა. მე თვითონ მივხედავ თავს. თქვენ თეოს მიხედეთ! – ახალგაცნობილს ისე უკმეხად დავემშვიდობე, თითქოს ისიც რამეში იყო დამნაშავე. მაგრამ ის თეოს მეგობარი იყო და ეს საკმარისია! სასტუმროში ავედი და უღონოდ გავიშოტე საწოლზე. რა მინდოდა, ამხელა გზაზე რას გამოვქანდი? რისი იმედი მქონდა? რას ველოდი? განა არ ვიცოდი, რომ დუდუს სხვა უყვარდა?! ვიცოდი, მაგრამ ჩემთან მშვიდად გრძნობდა თავს და იმედი მქონდა, ოდესმე ამ მისტიკურ თეოს ამოიგდებდა მეხსიერებიდან. ახლა კი. ახლა ეს მისტიკური ქალი აგერ წევს საწოლზე და ჩემი დუდუ მას თავს დასტრიალებს. მე კი, მე თითქოს არც ვარსებობ. და ეს არის ნაქები ქართული სტუმართმოყვარეობა?! უცხო ქალაქში მარტო დამაგდო და არც მკითხულობს... წავალ აქედან და ვანანებ! ეტყობა, დაავიწყდა, რომ მის ბუღალტერიას მე განვაგებ. გავახსენებ! და მერე ვნახოთ, როგორ ამღერდება ბიჭი! დიახ, ასე მოვიქცევი ზუსტადაც. ჩავალ სახლში და ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ აქეთ მეხვეწოს, შემირიგდიო. ახიც იქნება მასზე! გამომიყენა და მიმაგდო... ვნახავ, როცა არჩევანი ფულსა და გულს შორის დაგიდგება, რას აირჩევ!

კავკასიელების ტყვე
(მოქმედი პირები: ეკა, ზელიმხან რადუევი და უცნობები)
არც კი მივიხედავ! და არც უნდა მეკოცნა, წავიდეს და ვისაც უნდა, აკოცოს! მაინც ილაჩრა და ეგრევე ბუჩქებში დაიმალა! არა, რა, არის მომენტები, როდესაც საუკეთესო მამაკაცებიც კი ნაძირლებივით იქცევიან ხოლმე. მოიცა და, მე ახლა ლაშაზე ვთქვი, რომ საუკეთესოა?! ჰო, ზუსტად მასე გამოდის. საუკეთესო არა – კვახი! რა უტიფრად მომატყუა, ურცხვად! შეეშინდა ვითომ?! და რის უნდა შეშინებოდა?! რომ რამეს მოვთხოვ და წავართმევ?! არა, არ მგონია. აბა, რატომ გაიქცა ასე თავქუდმოგლეჯილი?! მართლაც, სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ ჩვენ, ამიტომ არაფერიც არ მესმის მათი! არც მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ! მე და შენ, პაწაწუნავ, ძალიან კარგად ვიცხოვრებთ. კარგი კი იყო, მესამეც გვყოლოდა, მაგრამ არც ეგაა პრობლემა. შენ მაინც არ გაბრაზდე, რა იცი, იქნებ და, უკვე ზრდასრულია და რამეს მიხვდეს?! ცოტა გვიან-გვიან ფიქრობს ხოლმე, როგორც ყველა მამაკაცი. ეგენიც ბავშვებივით არიან, მაგრამ შენ მასეთი არ იქნები.
გულში მაინც იმედი მქონდა, რომ ლაშა მოულოდნელობამ დააბნია და საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ვატყუებდი ისევე ურცხვად, როგორც ლაშამ მომატყუა, საბუთები მაქვს გადასაგზავნიო.
გული კი მწყდებოდა… ძალიან, მაგრამ ახლა გულწყვეტების დრო არ არის. იფ – აი, საჩუქარიც! – შენ ხარ ჩემი საჩუქარი! ჰოდა, არ გავბრაზდეთ, ის რომ არა, შენც რომ არ მოსულიყავი ჩემთან?! ჰოდა, ვიყოთ მადლიერები მე და შენ. თან, მე და შენ რომ ვართ, უკვე კარგია, ბოლოს და ბოლოს, ორნი ვართ.
მე კი ვაფრქვევდი უზადოდ გაწონასწორებული, თითქმის იდეალური ქალის შესაფერის აზრებს, მაგრამ მაინც მერჩივნა, რომ სცენა სულ სხვანაირი ყოფილიყო. ჰო, ვიცი, რომ ეს სასაცილოა, მაგრამ მე მინდოდა, რომ ლაშას სიხარულისგან თავი დაეკარგა, დამენახა, როგორი ბედნიერია იმით, რაც ვუთხარი. ის კი, უბრალოდ, გაიქცა. ამ ფიქრებმა ისე შემიყოლა, რომ საკუთარი თავი გვარიანად შემეცოდა და ის-ის იყო, ცრემლები წამომცვივდებოდა – რაღაც უცნაურად, მალიმალ მიჩვილდება ხოლმე გული ამ ბოლო დროს – რომ სადარბაზოში, ლიფტთან, ორი უცხო მამაკაცი დავინახე. ქართველებს არ ჰგავდნენ. ნეტავ, ვინ არიან?!
სადარბაზოში რომ შევედი, ისე გადანაწილდნენ, რომ მათ შორის მოვექეცი: ერთ-ერთი მომიახლოვდა და ხმადაბლა მითხრა, რუსულად, ჩრდილო კავკასიური აქცენტით: არ იყვიროთ, არაფერს დაგიშავებთ, მაინც გავაკეთებთ ჩვენსას, – მიმანიშნა გაზის ბალონზე, რომელიც ხელში ეჭირა. მივხვდი, რომ უბრალოდ, გამთიშავდნენ, ეს კი ჩემს პატარას ავნებდა. ამიტომ მეც მშვიდადვე ვუპასუხე: კი ბატონო და სად ვილაპარაკოთ? აქ?
– არა, თქვენს სახლში.
– დარწმუნებული ხართ, რომ ჩემთან გაქვთ საქმე?
– კი, თქვენ ხომ ეკა ხართ, შარაშიძე.
სხვა გზა არ იყო. დავთანხმდი. ან რა უნდა მექნა?! მკვეთრ მოძრაობას მე ვერ გავაკეთებდი, ამიტომ მორჩილად ვუთხარი: კარგი, წავიდეთ ჩემს სახლში. ოღონდ დედაჩემს როგორ გავაცნო თქვენი თავი? – ეს იმიტომ ვკითხე, გამეგო, მითვალთვალებდნენ მანამდე თუ პირდაპირ მოვიდნენ.
– დედათქვენი ახლა სახლში არ არის.
– აა, გამახსენდა. მართალია, არ არის. ისიც გეცოდინებათ, ხომ, სად არის?!
– დიახ, თავის დასთან.
ამასობაში ავედით, სახლის კარი გავაღე და ძალად დამპატიჟე სტუმრებს შევუძეხი.
საიდანღაც ლეპტოპი ამოიღეს – ამ ბოლო დროს გაფანტულიც ვარ, ამიტომ ვერც კი დავინახე, თუ ჰქონდათ – ვიღაცას დაუკავშირდნენ ჩემთვის უცნობი ქსელით და მანიშნეს, დაელაპარაკეო. ეკრანზე წვერებიანი მამაკაცი გამოჩნდა, ასაკი ვერ დავადგინე: სადღაც, ალბათ, 50 წლის ზემოთ-ქვემოთ იქნებოდა.
– გამარჯობა, ჰგავხართ ძმას… მე ზელიმხანი მქვია. უცნაურ ვითარებაში კი გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ცხოვრებაა ასეთი. თქვენთან სათხოვარი მაქვს.
– ამას ახლა სათხოვარი ჰქვია? ან ჩემი ძმა რა შუაშია?! – ვკითხე ირონიულად…
– მერჩივნა, მამაკაცთან მქონოდა საქმე, მაგრამ ეს ახლა შეუძლებელია. უნდა გვაპატიოთ. თქვენ უნდა წამოჰყვეთ მათ, ტელეფონი უნდა გამორთოთ, შუქი დატოვოთ, ვითომ სახლში ხართ. არაფერს გავნებთ. მე თქვენი ძმის დას არაფერს დავუშავებ.
– სად გაიცანით ჩემი ძმა?
– ომში.
– ეგ როგორ?
– სხვადასხვა მხარეს ვიყავით, მაგრამ თქვენი ძმა დამეხმარა ჩემი ძმის ცხედრის გადაყვანაში და მისი იარაღის პოვნაში. მისი მევალე ვარ.
– და ვალს აბრუნებთ იმით, რომ მე გამიტაცებთ? თუ ახლა ამას სხვა რამე ჰქვია?
– დრო არ არის ახსნისთვის. წამოჰყევით და მე ყველაფერს აგიხსნით, სიტყვას გაძლევთ. ერთი წამით არ შეგეშინდეთ: თმის ბეწვიც არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან.
– რამეს მაინც წამოვიღებ.
– კარგი, ოღონდ სწრაფად.
– დიდხანს გაგრძელდება ეს ამბავი?
– არა, 24 საათში დასრულდება.
ავიღე პირსახოცები, პირადი ჰიგიენის ნივთები, კრემებიც კი არ დამვიწყებია, კიდევ ერთი ხელი ტანსაცმელი და თვალით ვანიშნე, რომ მზად ვიყავი. ჯერ გავიხედე, ხომ არავინ იდგა გასასვლელში და გავედით. მანქანა, რომელშიც ჩავსხედით, ჩამუქებულშუშიანი იყო. მე წინ დამსვეს, მძღოლის გვერდით.
ჩასახვევთან ლაშას მანქანა დავინახე… ლაშა სულ არ გამხსენებია?! რომ ნახავს, რომ არ ვარ?! ნახოს და ინერვიულოს ცოტა, მასე მოუხდება, აბა, რა ეგონა, რომ დამაგდო და წავიდა?! ისე, კიდევ კარგი, წავიდა და იქ არ იყო. და რომ გაუხარდეს? ორივე ერთად მოვიშორეო?! ნუ – ასეთი აზრები, მგონი, ჩემთვისაც კი მეტისმეტია. გამაგებინა, რა მიხარია ნეტავ?! მოდი და, ნუ გაგიხარდება. ან იმ სელიმხანიო თუ რა ჰქვია? ზელიმხანს რა უნდა, ნეტავ?! დიმა 25 წლის წინათ წავიდა და…
არ ვიცი, რამდენ ხანს მივდიოდით. გზასაც არ ვუყურებდი. დროის შეგრძნება დავკარგე, იმიტომაც რომ ფიქრებმა წამიღო, თან, მარტოც არ ვიყავი და ის მეორე, ჩემს მუცელში, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ისეთ წვრილმანზე, როგორიც ვიღაც ზელიმხანი ან ჩემი გატაცება, ან ლაშას ბრინჯივით დაბნევა იყო, ვერ ვიღელვებდი. როგორც იქნა, მანქანაც გაჩერდა. ისე ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი. მანქანის ფარებიც ჩააქრეს. კარი გამიღეს და გამოწვდილი ხელიც დავინახე: ჯერ გავიფიქრე, რომ არ მიმეღო შემოთავაზება, უცხო ადამიანის შეხება არ მსიამოვნებდა, მაგრამ რომ დავცემულიყავი?! ამიტომ ხელით მაგრად ჩავეჭიდე და გავყევი. რაც მართალი, მართალია, თითქოს, მართლა ხელში აყვანილი მივყავდი, არადა, ნამდვილად ჩემი საკუთარი ფეხებით მივდიოდი.
რამდენიმე საფეხური ავიარეთ და კარიც გაიღო. გარედან ვერც შევამჩნიე, როგორი სახლი იყო. მაგრამ შიგნიდან ძალიანაც კომფორტული აღმოჩნდა. და აი, როგორც ჩანს, ზელიმხანიც შემოგვეგება: სალამი და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და ამის შემდეგ ყველაფერს მოგიყვებით, უბრალოდ, დრო არ ითმენს, – ხელიც ჩამომართვა და განაგრძო ისე, რომ ჩემს პასუხს არც კი დალოდებია: ფოტო უნდა გადაგიღოთ, ვითომ ჩვენი ტყვე ხართ.
– ვერანაირ ფოტოს ვერ გადამიღებთ, თუ არ მეტყვით, ვის უნდა გაუგზავნოთ! – რატომღაც, ლაშაზე ვიფიქრე…
– დიმასავით გითამაშებთ მარცხენა წარბი, როდესაც ცხარდებით, – ისე თბილად მითხრა, თითქოს ცოტა ხნის წინათ არ გავეტაცებინე, – ფოტო უნდა გავუგზავნოთ ვაჟა ცუცქირიძეს.
ამის გაგონებაზე ამოვისუნთქე: და ფიქრობთ, რამეს გადაიხდის ჩემ გამო? ან მე რატომ? ოჯახის წევრები არ ჯობდა? – ჩემი თავისგან გამიკვირდა, ისეთი რამ ვთქვი.
– გადაიხდის, ოჯახის წევრების გატაცება, ჯერ ერთი, მაშინვე გახმაურდებოდა…
– ანუ მე არავის ვაინტერესებ, ესე იგი, კოღო ვარ?! – მართლაც გავბრაზდი.
– არა, თქვენ ჩემი მაშველი რგოლი ხართ: თუ იმ ვირთხამ პოლიციაში განაცხადა, თქვენ იტყვით, რომ თქვენი ნებით შემხვდით, როგორც თქვენი ძმის მეგობარს და არანაირი გატაცება არ ყოფილა.
– და ეს რატომ უნდა გავაკეთო? ვაჟას ბავშვობიდან ვიცნობ და დიმას გაზრდილია…
– იმიტომ რომ მაგ ვირთხამ ფული მოგიტეხათ, თან, საკმაოდ ბევრი…
– კარგი, გადავიღოთ ფოტო. მაგრამ თუ ფული არ მოიტანა?
– შენ არაფერი გემუქრება, მაგრამ ის ორმაგად აგებს პასუხს! იმის გამოც, თუ არაფრად უღირხარ, – ისე ბუნებრივად მომმართა შენობით, რომ მეც ბუნებრივად მივიღე.
… ღამით ვერ მოვისვენე, დილისკენ ჩამეძინა… ამიტომ შუადღემდე გამოვაცხვე ძილი. ფარდა რომ გადავწიე, მზემ შემოანათა. ფანჯარა გავაღე: სახლი პატარა, მაგრამ ლამაზ ეზოში იდგა: დიდი ფიჭვები გალავანივით ერტყა. ეზო ათასფერი ყვავილებით იყო მოჩითული. ხის ქვეშ სუფრა გაეშალათ და მის დანახვაზე მივხვდი, რომ გვშიოდა. ჩავიცვი და გავედი ეზოში. როგორც ჩანს, ზელიმხანი მელოდა: გაგიღვიძია.
– მშია.
– ვიღაც ითხოვს, რომ ფული გადაიხადოს იმ ვირთხის ნაცვლად.
მივხვდი, ვისაც გულისხმობდა: იმას ამდენი ფული არ აქვს.
– თავის ბიზნესს მაძლევს. სწორადაც იქცევა.
– უნდა გამოართვა?! – ლუკმა კინაღამ ყელში გამეჩხირა აღშფოთებისგან.
– არა, მაგრამ სწორად იქცევა.
– დავურეკავ, ღელავს, ალბათ.
– არ შეიძლება! მოიტანს ფულს ვირთხა და დაურეკავ.
– ხომ ნერვიულობს?! – უცებ ძალიან გავბრაზდი ჩემს ძალად მასპინძელზე, – იცი, ჩემი ძმა შენს დას ასე არ მოექცეოდა. და ფული როგორ უნდა გადაიტანო?
– შენ მაგაზე არ იდარდო.
– მეც მიგყავარ საზღვრამდე? – თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და ის-ის იყო უნდა ავფეთქებულიყავი, რომ მიპასუხა: სამაგიეროდ, შენს რაინდს იქ მოვიყვან და მას გადაგცემ. მე პირველად ვნახე კაცი, ასე ყველაფერს იხდიდეს ისე უბრალოდ ქალში.
– ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ მთლად მასეც არ არის საქმე, შენ რომ გგონია. არსადაც არ წამოვალ და არც უბრალოდ ქალი ვარ!
– დავაკვირდი, ქართველი ქალები უხეშები ხართ და გრძელი ენები გაქვთ ძალიან. მე ამას ვერ ავიტანდი.
– არც გემუქრება ეგ ამბავი. და მე რა ვაკეთო აქ საღამომდე და თუ ფული არ მოიტანა?
– მოიტანს, უკვე მოაქვს...
– ვაჟა არ არის სანდო.
– ფული აუცილებლად უნდა მოგვცეს, ყველაფერი გათვლილია, მანდ გამორიცხულია, რამე მოიმოქმედოს, შესაძლებელია, რომ აქ დაგვაყენოს პოლიცია, მაგრამ აქ უკვე შენ უნდა ივაჟკაცო.
– ზედმეტად ხომ არ მენდობი?
– არა, მე შენს თვითგადარჩენის ინსტინქტს ვენდობი. გეტყვი, როდის მოემზადო და გავალთ. ახლა ოთახში ადი. – მოკლედ მომიჭრა და ადგა.
დავემორჩილე. ეს ამბავი არ მომწონდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მე ვიცნობდი ვაჟას – ის ფულს არ გადაყრიდა, გამორიცხული იყო. ფული საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. უბრძოლველად ის არაფერს დათმობდა და ყველანაირ რისკზე წავიდოდა, ოღონდ ფული არ დაეკარგა. საფრთხე იმდენად რეალურად ვიგრძენი, რომ მის სუნსაც კი ვგრძნობდი ნესტოებთან. საიდანღაც შორიდან ჩამესმა – გავდივართ! ჩემს ჩანთას დავავლე ხელი და გავედი.
უცხო მამაკაცმა მანქანაზე მიმითითა, უკან ჩავჯექი. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა. საით მივდივართ? – ვკითხე მძღოლს. არაფერი მიპასუხა და მანქანა დაძრა. კახეთისკენ მიდიოდა. ახმეტას რომ გავცდით, ცენტრალური გზიდან გადაუხვია და გაჩერდა. ბინდდებოდა. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ჩემი კარი გააღო, მივხვდი, რომ უნდა გადავსულიყავი და გამართული ქართულით მითხრა: აი, ამ ბილიკს უნდა გაჰყვეთ და მიხვდებით, რაც უნდა გააკეთოთ. ფანარი მომაწოდა და ისევ მანქანაში ჩაჯდა. მე კი სრულიად მარტო დავრჩი სრულიად უცხო ადგილას...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3