№22 ვისთან გაატანა სტალინმა ჩერჩილს ევროპის რუკიდან ამოხეული ქაღალდის ნაგლეჯი
როგორც ცნობილია, იოსებ სტალინს თავშეკავების უდიდესი უნარი ჰქონდა და არასდროს კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე. ისიც ფაქტია, რომ საბჭოთა ბელადს ექსტრავაგანტურობა არ ახასიათებდა. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტალინს მისთვის უჩვეულო საქციელი ჩაუდენია და თვით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც კი გაუოცებია.
1945 წლის 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი გარდაიცვალა და მისი ადგილი ჰარი ტრუმენმა დაიკავა. სტალინმა ღრმად განიცადა თავისი ამერიკელი კოლეგის ამქვეყნიდან წასვლა და შესაბამისი წერილიც გაგზავნა ვაშინგტონში. მოსკოვში კი, შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამახსოვრო წიგნში საკუთარი ჩანაწერი დატოვა, რომელშიც რუზველტს თანამედროვეობის უდიდეს პიროვნებად მოიხსენიებდა. რუზველტის გარდაცვალების პერიოდში, ევროპულ „სამხედრო თეატრში“ გამალებული ბრძოლები მიმდინარეობდა და „წითელი არმია“ ბერლინის ასაღებად ინტენსიურად ემზადებოდა. ყირიმის კონფერენციის მიხედვით კი, უკვე დანაწილებული იყო გერმანია და ყველას გაწერილი ჰქონდა, ვინ და რა ნაწილს მიიღებდა ჰიტლერის კრახის შემდეგ. ისიც ცნობილი იყო, რომ ბერლინში საბჭოეთი უნდა შესულიყო. ერთი სიტყვით, ყველა სამხედრო-პოლიტიკური და დიპლოამატიური აქცენტი გაკეთებული იყო და შეთანხმებას ვერავინ გადავიდოდა. თუმცა, 18 აპრილს, ჩერჩილის თხოვნით, ბრიტანელი პრემიერი სრულიად საიდუმლოდ ჩაფრინდა მოსკოვში სტალინთან შესახვედრად.
გორბაჩოვისეული პერესტროიკის დროს, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მემუარებს ტაბუ დაადეს. მოგვიანებით, ამ მემუარების სხვადასხვა ფრაგმენტების გამოქვეყნება დაიწყეს. გთავაზობთ ეპიზოდს მოლოტოვის ტაბუირებული მემუარებიდან, რომელიც ჩერჩილის მოსკოვში საიდუმლო ვიზიტზე მოგვითხრობს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წერს: „ჩერჩილის მოსკოვში ჩამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ხაზით იქნა შეთანხმებული. ანუ, თექვსმეტში ჩერჩილის პირადი კურიერი მივიღე და მან გადმომცა პრემიერის თხოვნა – სასწრაფოდ შეხვედროდა სტალინს. მასვე გავატანე სტალინის თანხმობა და შევთანხმდით, რომ ჩერჩილი თვრამეტ აპრილს, დილის ცხრა საათზე ჩამოფრინდებოდა მოსკოვში და ათ საათზე სტალინს შეხვდებოდა. კურიერი რომ გავისტუმრე და სტალინთან შევბრუნდი, მან მხრები აიჩეჩა. თავი გააქნია და მითხრა.:
– ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა უნდა უნდოდეს ჩერჩილს. შენ რას იტყვი ამის შესახებ?
– მეც ვერაფერს, კობა. წარმოდგენა არ მაქვს, რაში სჭირდება ჩერჩილს ასეთი სასწრაფო შეხვედრა, – ვუპასუხე სტალინს.
სტალინმა დინჯად, უხმოდ დატენა ჩიბუხი. შემდეგ გააბოლა. კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა. ათიოდე წუთი ხმა არ ამოუღია. ბოლოს გაჩერდა და მითხრა:
– რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩერჩილის აქ ჩამოსვლის მიზეზი ამერიკის ახალი პრეზიდენტი ტრუმენი უნდა იყოს.
– ტრუმენი? – გამიკვირდა და დავსძინე, – რა შუაშია ტრუმენი?
– არ ვიცი. უბრალოდ, ასე ვფიქრობ, – მითხრა სტალინმა.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ სტალინი მართალი გამოდგა და ჩერჩილის მოსკოვში ჩამოფრენა ჰარი ტრუმენის თხოვნით მოხდა. სტალინს რომ მართლაც საოცარი ინტუიცია ჰქონდა, ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ. ასე იყო ამჯერადაც.
სტალინის ბრძანებით ჩერჩილს აეროდრომზე დავხვდი და კრემლშიც მივიყვანე და სტალინთან, კაბინეტში შევუძეხი. გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც სტალინმა მითხრა:
– ძვირფას სტუმარს ჰკითხე, ხომ არ იქნება წინააღმდეგი, რომ საუბარს შენც დაესწრო?
– ჩემზე ამბობ, კობა? – ვთქვი მე.
– კი. შენზე. მიდი, ჰკითხე.
სტალინმა ინგლისურიც კარგად იცოდა და სხვა ენებიც, მაგრამ ყოველთვის მთარგმნელს იწვევდა და არასდროს ამჟღავნებდა ამ ცოდნას. მე ეს კარგად ვიცოდი და სტალინმაც იცოდა, რომ მე ვიცოდი. რომ იტყვიან, ულვაშებში ჩამეცინა და ჩერჩილს გადავუთარგმნე. ბრიტანელმა პრემიერმა თანხმობა განაცხადა და მეც მათ შევუერთდი, დაბალ მაგიდასთან და რბილ სავარძელში მოვკალათდი. სტალინი და ჩერჩილი აბოლებდნენ, შესაბამისად – ჩიბუხსა და სიგარას. სტალინი მოულოდნელად წამოდგა და მოსასვენებელ ოთახში გავიდა. იქიდან კი ვერცხლის უზარმაზარი ლანგრით დაბრუნდა, რომელზეც ერთი ბოთლი „ხვანჭკარა“, ერთი ბოთლი ქართული კონიაკი და სამ-სამი ღვინისა და კონიაკის ჭიქები ეწყო. ლანგარი მაგიდაზე დადგა და ჩერჩილს შეხედა. ჩემს გასაგონად კი თქვა:
– მე და შენ, რა თქმა უნდა, ღვინოს დავლევთ. სტუმარს რა დავუსხა?
ჩერჩილს რომ ვკითხე, კონიაკი აირჩია და ძალიანაც მოეწონა. მე და სტალინი კი „ხვანჭკარას“ ვსვამდით პატარ-პატარა ყლუპებით. ასე გაიარა ოცმა წუთმა. მესამე სირჩის შემდეგ, ჩერჩილმა თქვა:
– ბატონო სტალინ, ჩემი აქ ვოიაჟის მიზეზი ბატონი ჰარი ტრუმენია. მან მოგიკითხათ. თქვენთან მოკრძალებული სალამი დამაბარა და იმედი გამოთქვა, როდესაც ერთმანეთს შეხვდებით, გულთბილად ჩამოართმევთ ხელს. პრეზიდენტმა მთხოვა გითხრათ, რომ რას იტყვით მის წინადადებაზე, რომ ბერლინის აღება მოკავშირეთა ჯარების მიერ ერთობლივად, შეთანხმებულად განხორციელდეს, რითაც ზედმეტ მსხვერპლს თავიდან ავიცილებთო.
სტალინი ამ დროს ღვინოს სვამდა და შევნიშნე, თვალები აენთო. ღვინო გამოსცალა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. შემდეგ სავარძლიდან წამოდგა. კედელზე დაკიდებულ ევროპის რუკას მიუახლოვდა და მასზე წითელი, მსხვილი ფანქრით ხაზი გაავლო. ის ადგილი ამოხია, მაგიდასთან დაბრუნდა, ჩერჩილს მიაწოდა და ბრიტანელი პრემიერის გასაოცრად, მშვიდად, გამართული ინგლისურით უთხრა:
– ვინც ამ წითელ ხაზს გადმოგვიჭრის, სისხლში ჩაიხრჩობაო.
ჩერჩილი სტალინის საქციელითაც იყო გაოგნებული და მისი სუფთა ინგლისურითაც. შეხვედრა სხვა სიბრტყეში გადავიდა. ჩერჩილს მეტი აღარ უხსენებია ტრუმენის თხოვნა...“
მოგვიანებით, როდესაც ტრუმენმა და სტალინმა ერთმანეთი უკვე პოტსდამის კონფერენციაზე გაიცნეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სტალინთან ინგლისურად გასაუბრება სცადა, მაგრამ ბელადმა ღიმილით ანიშნა, – არ მესმის თქვენიო.