№22 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ხანდახან ადამიანს უჩნდება შეუფერებელი აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ასეთი აზრები შესაძლოა ნებისმიერს გაუჩნდეს, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ მათ არ მიაქციოთ ყურადღება არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენ თვითონ ხართ ამ უკეთური აზრების გაჩენაში დამნაშავე თუ, რა თქმა უნდა, მათ შეგნებულად არ ეთანხმებით. ასეთ დროს, ბოროტი ძალა ჩაგაგონებთ ასეთ აზრებს, რომლის მთავარი მიზანია ადამიანი უიმედობაში ჩააგდოს, თითქოს ის იმდენად ბილწი და ცუდია, რომ თვით სიწმიდეების მიმართაც უჩნდება უკეთური აზრები და ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.
კითხვა: თუ არის ინფორმაცია, რა ასაკში მიიძინა ღვთისმშობელმა?
პასუხი: ძველ ეკლესიებში ასეთ თემებზე არ მახვილდებოდა ყურადღება, რადგან მოვლენათა შინაგანი არსი იყო გადმოცემული. ამდენად, წმიდანთა ცხოვრებაშიც არ არის ასახული მათი ბიოგრაფიები, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. რაც შეეხება ღვთისმშობლის ასაკს, ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, მან 64 წლის ასაკში მიიძინა.
კითხვა: ძალიან მიყვარს ქარგვა და ახლა მინდა მოვქარგო საეკლესიო თემატიკაზე – უფლის, ღვთისმშობლის ან სხვა წმიდანების ხატები. საჭიროა თუ არა ამისთვის კურთხევის აღება?
პასუხი: ძალიან სასიხარულოა, რომ გაგიჩნდათ ასეთი სურვილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გიყვართ უფალი, ღვთისმშობელი და სხვა წმიდანები. თუმცა, ხატების მოქარგვას აქვს თავისი შესრულების კანონიკა. სანამ დაიწყებთ ქარგვას, აუცილებელია, მოძღვრისგან აიღოთ კურთხევა.
კითხვა: მინდა, დავიწყო ეკლესიური ცხოვრება და პირველ რიგში, ისეთი მოძღვარი შევარჩიო, ვისთანაც აღსარების თქმა გამიიოლდება. ამპარტავნებაში ხომ არ ჩამეთვლება, ჩემთვის მისაღები მოძღვარი რომ შევარჩიო?
პასუხი: უფალმა ყველა ადამიანს მისცა არჩევნის უფლება. თქვენი სურვილიც აბსოლუტურად გასაგებია, ამიტომ ეს ქმედება ცოდვად არ ჩაგეთვლებათ. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ისეთი მოძღვარი, ვინც გულის გახსნას გაგიიოლებთ და ჭეშმარიტ გზას გაპოვნინებთ. მშვიდად შეარჩიეთ მოძღვარი და უთხარით აღსარება. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებთ ეკლესიურ ცხოვრებას.
კითხვა: მონათლული ვარ იმ მოძღვრის მიერ, რომელიც შემდგომში ეკლესიიდან განკვეთეს. ვითვლები თუ არა მონათლულად? საჭირო ხომ არ არის კიდევ ნათლობა?
პასუხი: თუ თქვენი ნათლობა მაშინ შესრულდა, როდესაც მოძღვარი დედაეკლესიის წიაღში იყო და მისი კურთხევა მოქმედებდა, მაშინ ითვლებით მონათლულად. ორჯერ ნათლობა მიუღებელია.