№22 დააკვირდით ქალებს
თუ ქალი მოისურვებს, მას შეუძლია მამაკაცისთვის იყოს არაჩვეულებრივი მეგობარი, შესანიშნავი მოსაუბრე, ყურადღებით მოისმინოს მისი პრობლემები და, ლუდის კათხით ხელში, იხუმროს კიდეც კაცებზე. მაგრამ საკმარისია, მამაკაცი სიყვარულში გამოუტყდეს ან აგრძნობინოს, რომ მოსწონს, მყისვე „ჩაირთვება“ მექანიზმი – მე უნდა გავხდე სხვანაირი! და ამით ყველაფერი ფუჭდება.
მამაკაცების უმრავლესობა ვერ ხვდება, რას ფიქრობს ქალი. შეყვარებულ კაცს ღამეები არ სძინავს, აგებს ქცევის სტრატეგიას, წინასწარ გეგმავს სამოქმედო ნაბიჯებს, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი გამოუსადეგარი ხდება. კითხვა – „რას ფიქრობენ ქალები?“ შემდეგაც მუდმივად თან სდევთ მამაკაცებს. მოგვიანებით, ისინი ქალებს ორ კატეგორიად ყოფენ. პირველი – რომლებთანაც ურთიერთობა მსუბუქია და მარტივი; მეორე – რომლებთანაც ისეთი სიფაქიზე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, თითქოს დანაღმულ ველზე გადიოდე.
ასეა თუ ისე, ქალების ქცევის თავისებურებები კაცებისთვის დღემდე იდუმალებითაა მოსილი. სამაგიეროდ, მათთვის ძალიან საინტერესოა თანამშრომელ ქალებზე დაკვირვება, როცა ისინი ქალურ, „საჭირბოროტო“ საკითხებზე მსჯელობას იწყებენ: „რა ფერის ლაქი გისვია ფრჩხილებზე? სად იყიდე ეს „კოლგოტკები“? რომელ „პარიკმახერთან“ მივიდე, რომ კარგი „პეპელნა–რუსი“ დამისვას თმაზე?“ – ქალებს, ხომ მსგავს თემებზე დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი. კაცებისთვის კი აბსოლუტურად გაუგებარი და უინტერესოა. მაგრამ მოგვიანებით, როცა თმისა და ლაქის ფერზე მსჯელობა სწყინდებათ, საუბარი ნელ-ნელა კაცებზე გადადის. ჯერ ერთი იწყებს ვიღაც „ბიჭზე“ რაღაცის ჩურჩულით მოყოლას. ცოტას რომ წაიჭორავებენ და დაადგენენ, რომ საკითხის საჯაროდ განსახილველად გამოტანა შეიძლება, ხმამაღლა იწყებენ მსჯელობას და ნელ-ნელა კამათში სულ უფრო და უფრო მეტი სუსტი სქესის წარმომადგენელი ერთვება. „ვიღაც ბიჭთან“ დაკავშირებული პაწაწინა პრობლემა თანდათან იღებს კაცობრიობის უმთავრესი პრობლემის სახეს და მთავრდება „დადგენილებით“ – ყველა კაცი ერთნაირია.
სინამდვილეში, ყველა კაცმა იცის, რომ ქალი არავითარ შემთხვევაში არც საკუთარ თავგადასავლებზე გიამბობს რამეს და არც კაცის მიმართ დამოკიდებულებას გაგიმჟღავნებს, თუ ჭეშმარიტ მეგობრად და მესაიდუმლედ არ მიაჩნიხარ. ასევე, ქალი ქალს მაინც მეტოქედ აღიქვამს და ბოლომდე არასდროს უშლის გულს.
რას ფიქრობენ
ქალები
სინამდვილეში
იცით, რას ფიქრობენ ქალები სინამდვილეში – ფულზე, კოცნაზე, ღალატზე და კაცებთან მეგობრობაზე, მათ გარეგნობაზე, წვერსა თუ სიმელოტეზე, ასევე, ასაკსა თუ სოციალურ სტატუსზე... ვცადოთ, გავცეთ ამ კითხვებზე პასუხები ცოტაოდენი ლოგიკის დახმარებით.
* ფული
პატრონი კაცის იმიჯი, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანია, წარსულს ბარდება. დღეს განათლებული, რეალიზებული ქალების 58 პროცენტს არ აინტერესებს, რა რაოდენობის შემოსავალი აქვს მის პარტნიორს. მთავარია, მათი ურთიერთობა ნორმალური იყოს.
* ავტომობილი
ქალისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია მძღოლი-მამაკაცი, რომელიც მოვლილი, გარეცხილი მოდური ავტომობილის საჭესთან ზის. ქალებს ძალიან არ მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც დაუდევრად ექცევიან საკუთარ ავტომობილს.
* თმა
ქალების უმრავლესობას წვერგაპარსული კაცები ურჩევნია გაუპარსავს და წვერიანს. მელოტი მამაკაცები კი, ქალების მხოლოდ 9 პროცენტს მოსწონს.
* სიმაღლე
ემანსიპირებულ, დამოუკიდებელ ქალებსაც კი პარტნიორებად ძლიერი კაცები მოსწონთ. ქალების 60 პროცენტს მიაჩნია, რომ კაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს. ქალების 21 პროცენტი სიმაღლეში სასურველ სხვაობად 6-10 სანტიმეტრს ასახელებს.
* სხვაობა ასაკში
ქალებს, მით უფრო გოგონებს, ახალგაზრდებზე მეტად უფროსი ასაკის კაცები მოსწონთ, რადგან მათ მეტი გამოცდილება აქვთ, უფრო თვითდაჯერებულები, ფინანსურად უზრუნველყოფილები და სანდოები არიან. ფსიქოლოგები ამას „ჯორჯ კლუნის ეფექტს“ უწოდებენ.
ქალების თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) პირველ ნაბიჯს კაცისგან ელის.
* ღალატი
იმის შანსი, რომ ქალმა კაცს ერთხელ მაინც უღალატა, 26 პროცენტის ტოლია. მაშინ, როცა ახალი ურთიერთობების სურვილი, ამ საქციელისკენ არაერთგული კაცების 73 პროცენტს უბიძგებს. ქალებისთვის ღალატი გაცილებით ნაკლებად დამახასიათებელია – ხშირად ეს დაკავშირებულია ხოლმე პარტნიორის უყურადღებობასთან. განცდასთან, რომ კაცის დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა.
* კოცნა
კაცისთვის ეს მიზნამდე (სექსი ან კონფლიქტის მოგვარება) მისასვლელი გზაა, ქალისთვის კი, თავად ეს გზაა მიზანი – კოცნა ქალისთვის ემოციის სასიამოვნო გამოვლენაა. მათთვის კოცნა ბევრად უფრო სახალისო და სასიამოვნო პროცესია.
* კაცის კუნთები
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგად განვითარებულ კუნთებზე მოთხოვნა მაშინ არის, როდესაც საქმეს წრაფ სექსუალურ თავგადასავალს ეხება და არა მეუღლის, ოჯახის მამის არჩევას. ქალების აზრით, კარგად განვითარებული კუნთების მქონე კაცები ნაკლებად პასუხისმგებლიანები არიან.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალების ლტოლვა უფროსი ასაკის კაცებისადმი მხოლოდ „ჯორჯ კლუნის ეფექტით“ არ აიხსნება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძალა და სოციალური სტატუსი ქალებისთვის მნიშვნელოვანია. საოცნებო კაცის თვისებებად ძალას და გავლენას ქალების 72 პროცენტი მიიჩნევს.