კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ვის გაუქანა შალვა ნუცუბიძემ პარლამენტში სკამი და რა დაიბარა მან თავის დაღუპვის შემთხვევაში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

თავის დროზე იგი თავის ნაშრომებიან-დოკუმენტებიან-ფოტოებიანად გააძევეს უნივერსიტეტიდან. გრძნობდა რა თავის ინტელექტუალურ აღმატებულობას, იგი ქედმაღლურად უცქერდა მოწინააღმდეგეებს და მათი გათახსირების ჟინი იპყრობდა. თვით გრიგოლ რობაქიძემ დაიხია უკან და უარი განაცხადა 19 წლის მეტოქესთან დისპუტზე, რაც იმ დროისათვის აღიარებულმა მწერალმა ოპონენტის ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით გაამართლა, ვითომ, ღლაპთან კამათი როგორ ვიკადროო. თუმცა, კარგად ჩანდა, რომ იგი ამ ჟესტით გაწბილებას მოერიდა. მისი საპარლამენტო გამოსვლებიც სავსეა ოპონენტის პიროვნული ღირსების შემლახავი პასაჟებით, რასაც მუდამ თან სდევდა ტაში და ხარხარი ოპოზიციონერ დეპუტატთა მხრიდან. უმრავლესობის წარმომადგენელთა შორის კი, შიგადაშიგ გინება ისმოდა. მოკლედ, დღეს დეპუტატ შალვა ნუცუბიძის დღიურებს გადაგიშლით, მისი საპარლამენტო ცხოვრების ფურცლებს.
„… შალვა ნუცუბიძეს „ვეფხისტყაოსნის“ საკმაზზე თხოვნა წაეწერა: „თუ დავიღუპე, გთხოვთ, მპოვნელმა სტალინის ხელით ჩასწორებული „ვეფხისტყაოსანი“ ლიტერატურის მუზეუმს გადასცეთ“. „გოსლიტიზდატმა“ აღნიშნული თარგმანის პირველი და მეორე გამოცემა მასიური ტირაჟით დაბეჭდა, რომელიც მალე გაიყიდა. ჰონორარიც ძალიან სოლიდური იყო, მაგრამ იგი მთარგმნელს არ მიუღია. შალვა ნუცუბიძეს დააწერინეს განცხადება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე მთარგმნელმა პროფესორმა – შალვა ნუცუბიძემ ჰონორარი მთლიანად შეიტანა თავდაცვის ფონდში. აღნიშნული გაზეთ „პრავდის“ მოწინავეში გამოქვეყნდა, რამაც სტიმული მისცა კულტურის მუშაკებს, თავიანთი ჰონორარებიც შეეტანათ თავდაცვის ფონდში და ქვეყნის თავდაცვა გაეძლიერებინათ (წყარო: militarium.org)  „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი
კომისიის სხდომაზე შალვა ნუცუბიძე ამტკიცებს, რომ სტრიქონი: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა“ რუსთველისეული არ არის, გადამწერის ნახელავია და ამბობს – რუსთველს როგორ შევედრებიო. კორნელი კეკელიძე დაინტერესდა: „რუსთვლისად“-ში „სად“ რას ნიშნავსო. შალვა ნუცუბიძემ მიიხედ-მოიხედა, სადმე ქალი ხომ არ არისო და უპასუხა: „არ იცი, კაცო, კორნელი? –  „სად ერეკლე და სად…“
***
… დეპუტატთა ფიზიკური დაპირისპირების ტრადიციას ჩვენთან 90-იანი წლების შემდგომ პერიოდზე უფრო ადრინდელი ისტორიაც აქვს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წლები) კანონმდებლები ყოფილან. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1921 წლის დასაწყისში დამფუძნებელ კრებაზე სოციალ-დემოკრატ ბენია ჩხიკვიშვილსა და სოციალ-ფედერალისტ შალვა ნუცუბიძის დაპირისპირება, რასაც კონფლიქტში სხვა დეპუტატების ჩარევა და რევოლვერებზე ხელის წავლებაც მოჰყვა. 1921 წლის პირველ თებერვალს, დამფუძნებელი კრების სხდომებს შორის შესვენებისას, სოციალ-დემოკრატი ბენია ჩხიკვიშვილი და სოციალისტ-ფედერალისტი შალვა ნუცუბიძე შელაპარაკდნენ. გთავაზობთ ამ  ,,შელაპარაკების” დეტალებს:
– კაცო, მე წავიკითხე, რომ გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვრით რომ სვამსო...
– დავწერე, მერე რა?!
– საბუთი გქონდა რამე?

– უსაბუთოდ  ლაპარაკი სოციალ-დემოკრატების საქმეა. მე ჰაერზე არაფერს ვამბობ.
–  ჰოდა, მაგ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. აგერ, ჩემდათავად, სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე და გავარჩიოთ, ჩვენ შორის ვინაა მტყუანი.
– რა პრობლემაა, მიუგო შალვა ნუცუბიძემ, მაგრამ ვერ გავიგე, რა არის აქ გასარჩევი? შენც კარგად იცი, მე ეს ვთქვი შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე, ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე...
–  მანამდე შენ თვითონ დამიძახე ჯიბგირი. ესე იგი, თავის დაძვრენა გინდა და უკან მიგაქვს შენი სიტყვები? გაიფხორა ბენია ჩხიკვიშვილი.
–  კაცო, შენ შარზე ხომ არ ხარ? რა თავის დაძვრენაზე მელაპარაკები? გეუბნები, ვთქვი, დავწერე და თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდანაც გაგიმეორებ მომდევნო სხდომაზე.
– ბუჩქებში მიძვრები ხომ, შე უტრაკო ინტილიღენტო?
ამ დროს ჩხიკვიშვილმა მუშტი უთავაზა შალვა ნუცუბიძეს თვალში და ხელი რევოლვერზე გაიკრა. ჩხიკვიშვილი სამსონ დადიანმა და ნიკოლოზ ელიავამ გააკავეს. ნუცუბიძემ ხელი სკამს სტაცა, რა დროსაც მას ხელი შეუშალა დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა და მისი ნასროლი სკამი ბენიას ასცდა. შალვა ნუცუბიძეს ბენიას მუშტმა თვალი ჩაუსისხლიანა და წარბი გაუხეთქა. კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. სამსონ დადიანმა ბენიას დაუყვირა,  ვინც ასეთ საქმეს იკადრებს, იგი არ არის ღირსი დეპუტატობისო.
ამან კიდევ უფრო გადარია ჩხიკვიშვილი. რევოლვერზე კიდევ ერთხელ წაივლო ხელი და თან გაჰყვიროდა: ,,პუსტიტე მენია, ზასტრელიუ მერზავცა!’’ მას არც სამსონ დადიანი ჩამორჩა, რომელიც გამშველებლებს მოუწოდებდა, გაუშვით ეგ ლაჩარი, გვესროლოსო! შემდეგ, როგორც ბენია ირწმუნებოდა, სამსონ დადიანმა ამ ყველაფერს რუსულად დედის გინებაც (,,ია მამუ ტვოიუ იბალ, სუკინ სინ!”) დააყოლაო. სოციალ-ფედერალისტები ამტკიცებდნენ, რომ ბენია ჩხიკვიშვილმა შალვა ნუცუბიძეს ხელი არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ წინასწარი განზრახვით დაარტყა. მეორე დღეს თბილისში გაიმართა სტუდენტთა ათასკაციანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს დამფუძნებელ კრებაზე შალვა ნუცუბიძის ფიზიკური შეურაცხყოფა. სტუდენტები გამოთქვამდნენ იმედს, რომ დამფუძნებელი კრება შეძლებდა იმ ლაქის ჩამორეცხვას, რომელიც მას უღირსმა დეპუტატმა მიაყენა. სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციამ კი, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს წარუდგინა წინადადება ბენია ჩხიკვიშვილისთვის დეპუტატის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ფრაქციის წევრთა თქმით, ჩხიკვიშვილმა თავისი საქციელით დამფუძნებელი კრების ღირსებაც შელახა. სოციალ-ფედერალისტთა გაზეთ ,,სახალხო საქმეში” დაიბეჭდა შალვა ნუცუბიძის მხარდამჭერი სტატიები და დეპეშები, სადაც დაგმობილი იყო დეპუტატ ბენია ჩხიკვიშვილის საქციელი. 4 თებერვალს დამფუძნებელ კრებაზე გაიმართა მსჯელობა სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადების შესახებ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბენია ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევება. სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა, კონსტანტინე
(კოწია) გვარჯალაძემ განაცხადა, რომ ორ დეპუტატს შორის მომხდარი ინციდენტი არ შეიძლება გამხდარიყო კრების მსჯელობის საგანი. მან დაამატა, რომ ასეთი ამბები ბევრ ქვეყანაში ხდება და ამის გამო პარლამენტიდან არავინ გაუგდიათ. თვით ბენია ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ნუცუბიძეს გამომწვევი კილო ვერ ავიტანე და მას აფექტის მდგომარეობაში მყოფმა დავარტყიო. თან დაამატა, მოხარული ვიქნები, თუ ამ საკითხს დამფუძნებელი კრება გაარჩევს და იმის თქმის საშუალება მომეცემა, თუ როგორ უმართებულოდ ,,მომიხდნენო”. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კრება ამ საკითხს არ გაარჩევდა, იგი თანახმა იყო, გაჰყოლოდა ნუცუბიძეს საჯარო სამედიატორო სასამართლოში ან კიდევ ოფიციალურ სასამართლოში.
საბოლოოდ, კრებამ კენჭი უყარა სამ წინადადებას: 1. საკითხის სრულიად მოხსნის შესახებ (სოციალ-დემოკრატების); 2. საკითხის დაუყოვნებლივ და არსებითად გარჩევის შესახებ (სოციალ-ფედერალისტების); 3. სპეციალური კომისიის არჩევის შესახებ (ეროვნულ-დემოკრატები).
ხმათა უმრავლესობით მიიღეს სოციალ-დემოკრატების წინადადება. პროტესტის ნიშნად ფედერალისტებმა დატოვეს კრება სამი სხდომით, ესერებმა და დაშნაკებმა კი – თითო სხდომით. მალე საბჭოთა რუსეთის არმიები შემოიჭრნენ საქართველოში და ჩხიკვიშვილისა და ნუცუბიძის ჩხუბი ყველას დაავიწყდა, თუმცა, ახალგასაბჭოებულ საქართველოში, სადაც სოციალ-ფედერალისტთა ერთი ნაწილი, თედო ღლონტისა და შალვა ნუცუბიძის მეთაურობით, საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდა, შალვა ნუცუბიძეს პირდაპირ განუცხადეს სტუდენტებმა, რა შეცდომა დავუშვით, რომ თქვენი გულისთვის დემონსტრაციაზე გამოვედით, ბენია ჩხიკვიშვილმა რატომ მეორე თვალიც არ ამოგთხარათო. (წყარო: ჟურნალი „ისტორიანი”).
 скачать dle 11.3