№21 ვინ დააქორწინა პარიზში 4 წლის შემდეგ ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი და ვის ეხამუშებოდა მათი არაოფიციალური ქორწინება
ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი ოფიციალურად დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სიყვარულის ქალაქში, პარიზში დაიწერეს, მანამდე კი, თბილისში ხელიც მოაწერეს. ლიკას ჯვრისწერაზე დიზაინერ მარიამ მათურელის კაბა ეცვა.
ლიკა მეტრეველი: ჯვრის დაწერას და ხელის მოწერას დიდი ხანია, ვაპირებდით. სამომავლოდ რომ გადადებ – დღეს, ხვალ და ისე გავიდა ოთხი წელი, რაც ერთად ვართ, საშველი ვერ დავაყენეთ. ნიტას ნათლია, მამა ანტონი, რომელიც პარიზში წმიდა თამარის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს, თბილისში იყო ჩამოსული. ჩვენთან, სახლში, მოვიდა, ბავშვები ნახა. ჯვარი რომ არ გვქონდა დაწერილი, ეს ჩვენს ახლობელ მამაოებში ცნობილი ფაქტი იყო და ცოტა ეხამუშებოდათ. ამ იდეას მამა ანტონმა ფრთები შეასხა – მისი ინიციატივა იყო, რომ მალე მომხდარიყო ყველაფერი, პლუს, პარიზში ჩავსულიყავით და ჯვარი იქ დაგვეწერა. რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა სურვილი და რა უფლება გვქონდა შევწინააღმდეგებოდით.
ვასო ფხაკაძე: ისიც დაემთხვა, რომ საქველმოქმედო კონცერტი გვქონდა პარიზში. მივდიოდით.
– არაკანონიერ ქორწინებაში რომ იყავით, ეს არ გეხამუშებოდათ?
– ოჯახში კანონს ვადგენ მე. ჩვენს ქვეყანაში ვინმე იცავს კანონს? ნეტავ ამაზე მეტს არავინ არღვევდეს. მე ასეთი ქორწილი, ჯვრისწერა უფრო მესიამოვნა. ქორწილი – დაპა და დუპა, არასდროს მხიბლავდა.
ლიკა: ყველაფერი მამაომ დაგეგმა და შეასრულა. ძალიან დიდი სიურპრიზი გაგვიკეთა.
ვასო: იქაურმა ემიგრანტებმაც ძალიან მოინდომეს, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო. ერთმა თავის ხელით გამომცხვარი ტორტიც კი მოგვართვა.
ლიკა: ჯვრისწერა კვირა დღეს გვქონდა. თავიდან ცოტა სხვანაირად ვუყურებდი და შუა ჯვრისწერის დროს მივხვდი: ძალიან ემოციური ყოფილა.
ვასო: ჩემთვის – საერთოდ არა. წარმოიდგინე, ოთხი წლის მერე იგივე ცოლი მოვიყვანე.
– რამ გადაგაწყვეტინა ოთხი წლის მერე იგივე ცოლის მოყვანა?
– მე ვინ გადამაწყვეტინა, მე მკითხა ვინმემ რამე?
– ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რომ ჯვარს იწერ, ალბათ, ამას კიდევ სხვა, დამატებითი ემოცია აქვს?
ლიკა: ჯვარს რომ იწერ და მერე გაქვს თანაცხოვრება, ეს როგორი შეგრძნებაა, არ ვიცი. მაგრამ მასთან რომ ცხოვრობ, კარგად გაიცნობ, უკვე ორი შვილი
გყავთ და მერე დაიწერ ჯვარს – სხვანაირია, ემოციური.
ვასო: კარგად ვიცნობდი ადამიანს და მაინც შევცდი... ეს ყველაფერი ხუმრობით. რა თქმა უნდა, ძალიან ვისიამოვნეთ, ბიჭებმაც ისამოვნეს.
ლიკა: ანდღულაძე, ამხელა კაცი, ხუმრობდა: ქართველების ქორწილში პარიზში ვიყავიო. მამა ანტონი მხიარული, იუმორით სავსე ადამიანია. მე და ვასო ჯვრისწერაზე სერიოზულად ვიყავით და ხალისიანი ჩართვები მამა ანტონს ჰქონდა
ვასო: ევროპულად მოაზროვნე ადამიანია, საბედნიეროდ, სხვებს არ ჰგავს.
– მეჯვარეები ვინ გყავდათ?
– მეჯვარეები იყვნენ იქაური მრევლი, მამაოსა და ჩემი მეგობრები. მთელი ღამე გაათენეს, რესტორანი მოგვირთეს, რომ ლამაზად ყოფილიყო.
ლიკა: აქაური მეჯვარეები მოიხსენიეს, გული კი დასწყდათ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. ჯვრისწერის შემდეგ კონცერტი იყო. როცა დამთავრდა, იდეაში, ავთერ-ფართიზე მივდიოდით, მაგრამ რომ მივედით, ჩვენი ქორწილის სუფრა დაგვხვდა, სადაც ნეფე-დედოფლისთვის გამოყოფილი იყო კუთხე, თავისი ლამაზი ჭიქებით.
ვასო: ყველაფერი გამოზიდა. ჭიქები იყო ძალიან ლამაზი – პიჯაკი ეცვა და პატარძლის კაბა. წამოიღო ვარდისფურცლებიანი კალათაც. აეროპორტში რომ მოდიოდა, ჰკითხეს: ეს რა არისო. „კალიცო“ დაანახა – ქორწილი მქონდაო. მიალოცინა მაბაჟეებს ფრანგულად, პილოტს მიუკაკუნა კარზე: გავთხოვდიო.
– როგორ ჩაიარა ქორწილმა?
ლიკა: დაახლოებით 50 კაცი იყო, კონცერტის მონაწილეები, ემიგრანტები, ასევე, საფრანგეთში საქართველოს ელჩი. მამა ანტონმა „გახსნა“ სუფრა, როგორც ჩვენი ქორწილი. ტორტიც დავჭერით „მრავალჟამიერის“ ფონზე.
ვასო: კარგად ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გავერთეთ.
ლიკა: ვასო ქართული ქორწილის მომხრე არასდროს ყოფილა ყოველთვის ამბობდა: უცხოეთში წავიდეთ, ქორწილი იქ გავაკეთოთო.
ვასო: დამღლელია ხოლმე, 300 კაცი, დაძაბული ხარ... არადა ქორწილი, უპირველეს ყოვლისა, შენ უნდა გესიამოვნოს.
ლიკა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქორწილი არ გვქოდა, ეს იყო. ვერაფრით შევჯერდით საერთო აზრზე, რადგან მე სხვანაირი, ქართული ქორწილი მინდოდა, ვასოს – ევროპული.
ვასო: საბოლოოდ ევროპამ გაიმარჯვა.
– ჯვრისწერის წინ ხელი კიდევ სთხოვე?
ლიკა: მამა ანტონს არც კი უკითხავს: თანახმები ვიყავით თუ არა.
ვასო: მანამადე, თბილისში მოვაწერეთ ხელი
– როგორ გაატარეთ დრო სიყვარულის ქალაქში?
ლიკა: ვასომ ძალიან ისიამოვნა პარიზში, კილომეტრები იარა ფეხით.
ვასო: ლიკა ადრე პარიზში მუშაობდა და მეუბნებოდა: ახლა აქ უნდა წაგიყვანო, ახლა – აქ. ვიცი, მეც ვარ ნამყოფი-მეთქი. არა, უნდა გავისეირნოთო. ეიფელის კოშკამდე ვიაროთო. კოშკამდე როგორ უნდა ვიაროთ, 6 კილომეტრია-მეთქი. ვისერინოთ, პარიზში ვართო. ეს ხდება ჯვრისწერის წინა დღეს. 6 კილომეტრი იქით და 6 კილომეტრი აქეთ.
– დაგტანჯა მოკლედ.
ლიკა: თან, ვაჩერებდი ფოტოების გადაღების დროს – ამ სიკეთეს აღარ ამბობს. აქამდე ორივე ცალ-ცალკე ვიყავით ნამყოფები და ამ ქალაქის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი.
ვასო: ბოლო დღეს შოპინგზე დარბოდა. მე ზუსტად ვიცი, რა მინდა, სად უნდა შევიდე. მას უნდა ყველაფერი და განსაზღვრული არ აქვს, რა უნდა.
ლიკა: ზოგადად ძალიან წუწუნაა, სულ წუწუნებს.
– თაფლობის თვეში სად მიდიხართ?
– პარიზში ჯვრისწერას ზაფხულისთვის ვგეგმავდით და ნიცაში – ერთი კვირით დასვენებას. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვასო სამშაბათს დილით სამსახურში უნდა ყოფილიყო, პატარა დოზით, მცირე ხნით გამოგვივიდა. აგვისტოს გარდა, სხვა დროს სადმე დიდი ხნით წასვლას ვერ მოვახერხებთ. თაფლობის შაბათ-კვირის მოწყობა შეიძლება.