№21 რა პრობლემები შექმნია პოლიციასთან ცუდი საქციელის გამო რატი წითელაძეს და იღებდა თუ არა ის ფულს სექსში
რატი წითელაძის ქართული პროექტი „ცარიელი სახლი“ მსოფლიოს არაერთ უმნიშნოლოვანეს კინოფესტივალის პლატფორმაზე შეირჩა, მათ შორის Festival de Cannes-ზე, Berlinale Co-Production Market-ზე. მოპოვებული აქვს პრესტიჟული Eurimages ჯილდო TIFF-ზე, Istanbul Film Festivali-ზე Meeting on the Bridge-ის გამარჯვებული გახდა და locarno Festival-ზე სპეციალური აღნიშვნის პრიზი მოიპოვა. ამავე პროექტით, რატი მოხვდა 10 რჩეულ პროდიუსერს შორის Berlinale – Berlin International Film Festival-ზე და 6 საუკეთესო რეჟისორს შორის კანის კინოფესტივალზე. წელს კანის ფესტივალზე „ცარიელი სახლის“ სცენარი წარდგენილია საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარის პრიზზე.
რატი წითელაძე: „ცარიელი სახლი“ არის ფილმის პროექტი, რომლითაც კანის კინოფესტივალზე უკვე მეორედ ვარ. ვიყავით „ბერლინალეზე“, „ლოკარნოზე“, გავხდი ევროპული კინოაკადემიის წევრი და ჩემი ფილმი იქაც ნომინირებულია. მოკლედ, რაც კი ამ სფეროში მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა, ყველაფერი – დაახლოებით სამასამდე ფესტივალი ძალიან წარმატებულად მოვიარეთ. კანში მალე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი და ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, როცა ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის აგარჩევენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის გამარჯვებას უკვე აღარ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანალოგიურადაა წელსაც – „ცარიელი სახლის“ სცენარი წარდგენილია საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარის პრიზზე. მოგება კარგია, მაგრამ ამის გარეშეც იმდენად ბევრი კარი გეხსნება და ისეთი მაგარი რამეები ხდება შენს თავს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, ვფიქრობ, შანსი გვაქვს. „ცარიელი სახლი“ არის ფილმის პროექტი, რომლიც ასობით პროექტს შორის აარჩიეს და ფილმებს რაც შეეხება, მას ოთხიათასი ფილმი უწევდა კონკურენციას. მაგრამ საქართველოში თუ სანაცნობო წრე არ გყავს, შანსი ნული გაქვს. ჩემი პროექტით მსოფლიო მოვიარე, მაგრამ ეროვნულმა კინოცენტრმა 21 პროექტიდან ჩემი მეთექვსმეტე ადგილას გაუშვა და შესაბამისად, დაფინანსება ვერ მოიპოვა.
– დამწყები ხარ, სულ რამდენიმე წელია, რაც ამ საქმეს მოჰკიდე ხელი და ძალიან მალე მიაღწიე დიდ წარმატებას.
– დასაწყისში ვერ წარმომედგინა, რომ ამდენის მიღწევა შეიძლებოდა. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 17 წელი დავხარჯე და ვფიქრობდი, რომ ამ სფეროშიც, დაახლოებით, ეს დრო იქნებოდა საჭირო. სამ წელიწადში თუ ასეთ წარმატებას მივაღწევდი, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. სანამ აქამდე მოვიდოდი, სამი წლის განმავლობაში, რაც არ უნდა მეცადა და სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან არას მეუბნებოდნენ.
– და დღეს „კანის კინოფესტივალი“, მგონი, უკვე სახლივითაა შენთვის.
– ბოლო წლებში ისე მოხდა, რომ სულ კანში ვარ და ჩემთვის უკვე მართლა სახლივითაა აქაურობა. ეს ძალიან კარგია ჩემი მომავლისთვის. აქ მიაჩნიათ, რომ მათი აღმოჩენილი ვარ. მე საქართველოდან არავის გაუგზავნივარ და უთქვამს, რატი ნიჭიერი ბიჭია და მოეხმარეთო. იქ თვითონ გპოულობენ და ათასობით ადამიანიდან გარჩევენ, მერე ცდილობენ, გასაქანი მოგცენ. ახლა ერთ-ერთ მთავარ რეჟისორად შემარჩიეს და ერთი თვით საფრანგეთში მიშვებენ. მოკლედ, ყველა პირობას მიქმნიან, რომ რამე გავაკეთო.
– როგორი იყო გზა აქამდე, როგორც ვიცი, ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვს და ბევრი სირთულე გამოიარე.
- აჭარის მაღალმთიან რაიონში, თურქეთის საზღვართან, ერთ-ერთ სოფელში დავიბადე. იყო ბევრი რთული პერიოდი, ქუჩაში ცხოვრება, საჭმლის მოსაპოვებლად ბევრი ცუდი რამეების კეთება მიწევდა. როცა წამოვიზარდე, სპორტული კარიერა მქონდა და თითქმის ყველა შეჯიბრებას ვიგებდი, მაგრამ ბათუმში ვერაფერს მიაღწევ. მაშინ ვთამაშობდი კიდეც და ცოტა ფული მოვიგე – იმ დროს ცუდ რაღაცებს ვაკეთებდი. როცა საჭმლის ფული არ გაქვს, ყველაფერზე წამსვლელი ხარ. ბავშვი ვიყავი და ყველანაირად ვცდილობდი, თავი გამეტანა. მერე, როცა თანხა მოვიგე, გადავწყვიტე, თბილისში წამოვსულიყავი. თბილისში სპორტის აკადემიაში ვვარჯიშობდი ვაკეში და ვაკის სამების ეკლესიასთან ვცხოვრობდი. იმდენად არ ვიცოდი ქალაქი და არც არავინ მყავდა, რომ ესწავლებინა, მეგონა, ეს ორი რაღაც ერთმანეთისგან შორს იყო და დავყვებოდი ავტობუსს, რომელიც ქალაქს წრეს ურტყამდა და ორმოცდახუთი წუთი მჭირდებოდა დარბაზში მისასვლელად. იყო პერიოდი, როცა ღამის გასათევი აღარ მქონდა და დარბაზში მეძინა. თან, როცა სპორტსმენი ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იკვებები და ყოფილა შემთხვევები, გული მიმდიოდა, იმიტომ რომ ნორმალური საკვებისთვის ფული არ მქონდა. თუმცა, მიზანი მქონდა და იმედიც არასდროს დამიკარგავს. მახსოვს, ეკლესიის ეზოსთან ვათენებდი ღამეებს და ღმერთს ვევედრებოდი, მეტი რა უნდა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო-მეთქი.
– ამ ყველაფრის ფონზე, როგორ გადაურჩი ცდუნებებს, ქუჩა-გარჩევები, „წამალი“, სასმელი?
– „წამალს“ და სასმელს რაც შეეხება, სპორტით ვიყავი დაკავებული და მათ არასდროს გავკარებივარ, მაგრამ ქუჩა განსაკუთრებით აქტუალური იყო. ხომ ვამბობ, ცუდ რამეებს ვაკეთებდი-მეთქი, მაგრამ ასე მხოლოდ იმიტომ ვიქცეოდი, რომ საჭმელი და ღამის გასათევი მქონოდა.
– ცუდი რაღაცების კეთების გამო სამართალდამცველებათან არასდროს შეგქმნია პრობლემები?
– კი, რაღაც პრობლემები მქონია, მაგრამ საქართველოს ეგ პლუს-მინუსი აქვს, რომ როცა გიცნობენ და იციან, რას წარმოადგენ, არის მომენტები, როცა შეუძლიათ, გვერდით დაგიდგნენ.
– მერე გახდი მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ წარმატებულ სპორტულ კარიერაზე მეტად, პოპულარული სხვა რამით გახდი: შიშველი ფოტოები, მაჩოს იმიჯი, „კაცი გამოძახებით“...
– თუმცა, ეგ ფოტოები შიშველი იმ დროისთვის იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვეულებრივი, ჩაცმული ფოტოებია (იცინის). რეალურ ცხოვრებაში „კაცი გამოძახებით“ არ ვყოფილვარ. სპორტს შევეშვი. ბოლოს ამსტერდამში რომ ვცხოვრობდი, ყველა და განსაკუთრებით ბოლო ბრძოლაზე, სულ იმას ვფიქრობდი, ამას რატომ ვაკეთებ-მეთქი. მითხრეს, რომ ათწლიან კონტრაქტს გამიფორმებდნენ და კარგი მომავალი მელოდა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, მთელი ცხოვრება ჩხუბში უნდა გამეტარებინა, მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა. სპორტულ კარიერაზე უარი ვთქვი და წამოვედი. ერთი წელი ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ცხოვრებაში. მიზანი არ მქონდა და ლამის ძალიან ცუდ გადაწყვეტილებამდე მივედი, აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას-მეთქი, ვფიქრობდი. მერე მეგობრებმა რაღაცებში გადაღება შემომთავაზეს, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი გოგო მწერდა და ეს რომ ვთქვი, ამას მოჰყვა ხმები – დადის და ამ საქმეში ფულს იღებსო.
– თქვი, რომ ბევრი შემოთავაზება გქონდა ცნობილებისგან, უცნობებისგან, ქალებისგან თუ კაცებისგან – ფულის სანაცვლოდ სექსი.
– კი, მართალია, მწერდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ვცხოვრობდი. ეს მხოლოდ შემოთავაზებები იყო, რომელზეც არავის დავთანხმებივარ. ფულის გამო არასდროს არაფერი გამიკეთებია. გადარჩენისთვის – კი ბატონო, მაგრამ ფულის საშოვნელად – არა. ვინც ამას აკეთებს, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ, მე ჩემს თავს ამ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში არ ჩავაყენებდი. თან, ეს ის პერიოდი იყო, როცა ამსტერდამიდან დავბრუნდი და ისე ძალიან აღარ მიჭირდა. იმ პერიოდში რთული მდგომარეობა უფრო ფსიქოლოგიურად მქონდა, ვიდრე მატერიალურად, მყავდნენ მეგობრები, რომლებიც გვერდში მედგნენ.
– მერე მოირგე მამაოს როლი და შენ შესახებ იყო საუბრები „კაცი გამოძახებიდან – მამაოს ანაფორამდე“, რასაც დიდი ამბები მოჰყვა. ახლა რაღაც უფრო აკადემიურ კატეგორიაში გადახვედი. თუმცა, არასდროს არაფერს გივიწყებენ და ძველ ამბებს უარყოფით კონტექსტში არ გიხსენებენ ხოლმე?
– ჩემთვის, პირადად, არაფერი უთქვამთ, მაგრამ ინტერნეტში ხომ ვკითხულობ კომენტარებს?! ის ადამიანები მე არ მიცნობენ და ჩემს აზროვნებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს რომ ვიხსენებ, თუნდაც „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ მიჭირს გაცნობიერება, რომ ის და დღევანდელი რატი ერთი და იგივეა. ახლა ჩემი ტვინი მხოლოდ იმაზეა მომართული, რასაც ამ დროისთვის ვაკეთებ და ჩემ გარშემო იმდენი შესაძლებლობაა, რომ წარსულზე ფიქრის დრო არ მაქვს. ამიტომ რაღაც ეტაპებს ჩემი გონება მეხსიერებიდან შლის.