№21 ვისზე ზრუნვა ანერვიულებს ვანიკო თარხნიშვილს და როდის ვარდება ის ისტერიკაში
„X ფაქტორის“ კიდევ ერთი წარმატებული სეზონი დაიწყო, რომლის წამყვანებიც ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი არიან. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ვანიკოა, რომელსაც პროექტზე, მსმენელისთვის საყვარელ ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობასა“ და ცხოვრებისეულ ამბებზე ვესაუბრეთ.
ვანიკო თარხნიშვილი:როგორც ყველა აღნიშნავს, „X ფაქტორის“ ეს სეზონი გამორჩეულია, ძალიან დაღვინებული კონკურსანტები არიან ყველა კატეგორიაში.
– პირადად შენ არც თუ ისე მცირე მუსიკალური გამოცდილება გაქვს. კონკურსანტებს თუ ეხმარები ხოლმე რჩევებით?
– მე ვერანაირად ვერ ვიქნები მათთვის რჩევის მიმცემი. იმდენად მაგარი კონკურსანტები არიან, ნამდვილად არ სჭირდებათ ჩემგან რჩევა. პირიქით, მათგან თუ მივიღებ. სულაც არ მიმაჩნია, რომ დიდი მუსიკალური გამოცდილება მაქვს. რაც მაქვს, ჯერჯერობით ჩემთვის მყოფნის (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო გავიდა „X ფაქტორის“ „იმედზე“ გადმოსვლიდან, მაინც არის ჯერ კიდევ საუბრები, რამდენად სწორად მოიქეცით, იყო თუ არა ეს ღალატი და ასე შემდეგ. როგორ რეაგირებ, როცა მსგავსი კომენტარები გესმის?
– საერთოდ არ მაქვს რეაქცია. ამ თემაზე ლაპარაკი არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ბევრი რაღაც არსებობს ამასთან დაკავშირებით და თავს შევიკავებ. ჩემთვის მსგავსი რამ არავის უთქვამს და შესაბამისად, კონკრეტულად მეც ვერავიზე ვერაფერს ვიტყვი.
– ალბათ გსმენია, რაც „იმედზე“ გადავიდა, პროექტი ისეთი აღარ არისო. რამდენად გულდსაწყვეტია ასეთი კომენტარები?
– შეიძლება, მსმენია კიდეც, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის პირველ რიგში საქმეა და მის შესრულებაში ვარ თავიდან ბოლომდე ჩართული. მინდა, მაქსიმუმი გავაკეთო. შესაბამისად, იმაზე, რაც მანამდე იყო ან მერე იქნება, ფიქრი არ მინდა და არც ვფიქრობ ხოლმე. რაც მოხდა, იქიდან ზოგი რამ შეიძლება სწორად ჩავთვალოთ, ზოგი – არასწორად, მაგრამ რაც იყო, იყო და ახლა ვაგრძელებთ ცხოვრებას.
– როგორია ხოლმე სამზადისი ამხელა პროექტის დაწყების წინ?
– ყველანაირად ვემზადები, ტანსაცმლიდან დაწყებული ტექსტით დამთავრებული. მაქსიმუმის გაღება იმას ნიშნავს, რომ ყველა პუნქტი ბოლომდე უნდა შეასრულო. „ხალტურას“ არცერთ შემთხვევაში და არცერთ ასპექტში არ დავუშვებ. იმიჯზე სპეციალური გუნდი ზრუნავს, რომელიც მაცმევს, თმას მიკეთებს და მათ თავიდან ბოლომდე ვენდობი. ასე რომ, ამაზე არც ვფიქრობ. კარგი გაგებით, ეს ჩემი გასაკეთებელი საქმე არ არის. ამიტომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ისინი – თავისას და ერთმანეთს ვენდობით.
– ჩაცმულობასთან დაკავშირებით მახსენდება რამდენიმე კომენტარი – „ქართველობას გვართმევენ“, თუმცა ეს უფრო გიორგი ყიფშიძის მისამართით იყო ხოლმე.
– ნამდვილად არ მიმიქცევია მსგავსი კომენტარებისთვის ყურადღება და არც ვთვლი, რომ ყურადსაღებია. ეს შოუა, რომელსაც ჰყავს თავისი დიზაინერი და როგორც სწორად მიიჩნევს და გუნდის სხვა წევრები – უფროსებიც ეთანხმებიან, ისე ვიცმევთ და ჩვენ ვეგუებით ამ ყველაფერს. ასე რომ, სხვის კომენტარებზე ვერ გავაკეთებ აქცენტს.
– თქვენი ჯგუფი ვახსენეთ. „გამოუვალ მდგომარეობას“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ რატომღაც, თქვენ ისე აღარ აქტიურობთ.
– პერიოდებია ხოლმე, ხან ვაქტიურობთ, ხან – ნაკლებად. ალბათ, განახლება გვჭირდება. როცა დრო გვექნება, ვაპირებთ ახალი სიმღერების დაწერას. კონცერტები გვაქვს, მაგრამ ძველებული სიხშირით – არა. თუმცა, თვეში სამჯერ მაინც ვატარებთ, ხან ბათუმში, ხან ქუთაისში, გორში და ასე შემდეგ.
– როგორ ფიქრობ, იმ ფონზე, როცა ყველა შოუ-ბიზნესის არარსებობაზე წუწუნებს, თქვენი ჯგუფის წარმატების მიზეზი რა გახდა?
– პირველ რიგში, ის, რომ პოპულარულ ტელესერიალში გაჩნდა პერსონაჟის მიერ შექმნილი ბენდი, რომელიც ახლებურად აკეთებს ძველ, ხალხისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ სიმღერებს. კარგმა გუნდმა შექმნა ეს პერსონაჟიც და სიმღერებიც, „ფორმულა კრეატივს“ ვგულისხმობ და ასევე, ბევრი ფაქტორის გამოც, ყოველ შემთხვევაში, იყო პოპულარული და მიმაჩნია, რომ ახლაც ინარჩუნებს.
– გამოუვალ მდგომარეობაში რამდენად ხშირად აღმოჩენილხარ?
– ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია გამოუვალი მდგომარეობა და მათ შორის, მეც. ამ დროს სტანდარტულად ვიქცევი ხოლმე, ისე, როგორც ყველა. სხვადასხვანაირი სახისა და სხვადასხვა დოზის გამოუვალი მდგომარეობები არსებობს, ზოგჯერ ადვილად გამოვმძვრალვარ, ზოგჯერ ისტერიკაში ვვარდები. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და ესე იგი, ბოლომდე გამოუვალი მდგომარეობა არ მქონია.
– ქალბატონი ქეთევანის (ვანიკოს დედა) ინტერვიუ წავიკითხე და ამბობს, როცა ვანიკომ მსახიობობა აირჩია, არასერიოზულად ვუყურებდი მის გადაწყვეტილებასო. უფროს ძმას ისიც უთქვამს, შვილებს რომ მოშივდებათ, სცენიდან გვირგვინს დაანახვებო?!
– კი, ასე იყო, იუმორში გაატარეს, მაგრამ მერე მართლა აღმოვჩნდი ჯგუფში, რომელიც ქეთი დოლიძემ და ნანა კვასხვაძემ შექმნა, მერე ეს ჯგუფი პირდაპირ თეატრალურ უნივერსიტეტში გადავიდა. ასე, შემთხვევით გავხდი მსახიობი. არადა, აღარ ვაპირებდი, იმიტომ, რომ თავიდანაც არასერიოზულად მქონდა გადაწყვეტილი. საერთოდ, მტკიცე გადაწყვეტილებები არ გამომდის. უფრო დინებას მივყვები ხოლმე, როცა რამე გამოჩნდება, ცოტა იღბალსაც ვუკავშირებ და მერე ბოლომდე ვაწვები. ასე შევიქმენი მსახიობად და ძალიან მომეწონა ეს ამბავი.
– ოჯახმა როდის გაღიარა?
– ალბათ, პირველად რომ მნახეს სცენაზე. განა კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. უბრალოდ, ჩათვალეს, რომ არასერიოზულად ვლაპარაკობდი და სადღაც, მართლებიც იყვნენ.
– დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, მართლები როგორ იყვნენ?
– მართლები იყვნენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება არასერიოზული იყო, როცა გავაჟღერე რომ მსახიობობა მინდოდა, ჩემს თავში არ ვიყავი დარწმუნებული და უბრალოდ, ვთქვი. თორემ მსახიობი არ გამოხვიდეო, ამას არ ამბობდნენ.
– თუმცა, მსახიობობამდე მეცნიერება გინდოდა, ალბათ, დედის გავლენით, რადგან პროფესორია.
– ალბათ, მაგიტომ. უბრალოდ, რომ მეკითხებოდნენ, სხვა პასუხი არ მქონდა და პატარა რომ ვიყავი ვამბობდი, მეცნიერი უნდა გამოვიდე-მეთქი. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მეცნიერი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო განათლება არ მაქვს და ალბათ, არც ნიჭი. მნიშვნელობა არ აქვს სფეროს, ძალიან მაგარი იქნებოდა ნებისმიერ მათგანში რომ ვყოფილიყავი ძლიერი.
– თურმე, დედას კატეგორიულად უკრძალავ პრემიერებზე დასწრებას. რატომ?
– ზოგადად, არ მიყვარს ჩემს სპექტაკლზე ვინმეს მოწვევა. თუ თვითონ არ მთხოვეს, მე არავის ვეპატიჟები, მით უმეტეს დედას. რატომ? არ ვიცი, არ მაქვს პასუხი. ალბათ, დისკომფორტს ვგრძნობ. სხვათა შორის, დედაჩემს ბევრი შენიშვნა აქვს ხოლმე ეკრანზე, სცენაზე და როცა მეუბნება, შემდეგში ვასწორებ ხოლმე, რაც ძალიან მეხმარება.
– დედას არ მოსწონს, როცა შვილი ეკრანიდან ბილწსიტყვაობს, გოგოს როლს ირგებს და ასე შემდეგ.
– ჩემი პროფესია ასეთია, ხან გინება მომიწევს, ხან – გოგოს როლის თამაში. დედაჩემს მოეწონება თუ არ მოეწონება, ამას ვერაფერს ვუზამთ. ამას შენიშვნად არ ვიღებ. ისე ხომ არ ვბილწსიტყვაობ, თუ როლს სჭირდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში.
– ორი შვილი გყავს, როგორია ორი შვილის მამობა?
– ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად, ძალიან რთული. თან, მავსებენ და თან მანერვიულებს, იმიტომ რომ დაძაბული ვარ – მათზე ზრუნვისას რამე არ შემეშალოს, არასწორი ნაბიჯი არ გადავდგა, რამე არ დაემართოთ და მოკლედ, ბევრი შიში დამემატა, რაც ბავშვები გაჩნდნენ.
– ახლა, ალბათ, განსაკუთრებით რთულია, გასტროლებზე წასვლა, როცა შინ ორი შვილი გელოდება.
– კი, მაგრამ ძალიან დიდხნიანი გასტროლი არ მქონია. ყველაზე დიდი, ერთი თვით ვიყავი წასული, როცა პირველი შვილი – დამიანე, გაჩნდა, მაშინ არ ვიყავი აქ და ერთი თვის თავზე ვნახე პირველად შვილი. ამის შემდეგ მათთან ხანგრძლივი განშორება არ მქონია. როცა გადაღებები და რეპეტიციები მთავრდება, მაშინვე ბავშვებთან მივდივარ, ასე რომ, ვცდილობ, მაქსიმალურად ჩართული ვიყო მათი აღზრდის პროცესში.