№21 რის გამო აღიარა მანჰეტენის ბომონდმა მარინა ბარათაშვილი და როგორ გახდა მეგრული „მედეას ბალახი“ ნიუ-იორკში მისი წარმატების საიდუმლო რეცეპტი
ბროდვეიზე, თეატრთან ახლოს, თაიმ სქვერზე, არის პატარა სალონი, სადაც მარინა ბარათაშვილი მუშაობს. იმერეთში დაიბადა, სამეგრელოში გაიზარდა და იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი პატარა გოგონა, რომელიც თავის პატარა და-ძმას ჭრილობას ეზოში მოკრეფილი „მედეას ბალახით“ უშუშებდა, ამერიკაში ცნობადი ადამიანი გახდებოდა და პრესტიჟულ ჟურნალ „ვოგის“ ფურცლებზე, მის შესახებ, ვრცელ სტატიას დაწერდნენ. ის, პროფესიონალური მასაჟის გარდა, სახის კანის გაწმენდის საოცარ ხერხებს ფლობს და როდესაც ეკითხებიან, რომელ კოსმეტიკურ ხაზს იყენებს, ეუბნება: „ეს, დედაჩემის ეზოში მოკრეფილი „მედეას ბალახია” და ზაურის თაფლის ფიჭა“.
მარინა ბარათაშვილი: დავიბადე იმერეთის ერთ პატარა, ლამაზ სოფელში – ჩხარში. გავიზარდე სამეგრელოში, სენაკის რაიონში, სოფელ კოტიანეთში, ნოქალაქევთან ახლოს. ამიტომ, ბავშვობა მედეას ბაღში გავატარე. მიყვარდა ისტორიების მოსმენა ძლიერი და საიდუმლოებით მოცული ქალის, მედეას შესახებ. მოგვიანებით კი, ის ჩემთვის ძლიერი ქალის იდეალი გახდა. მედეას ბაღი, ბევრ საიდუმლოს ინახავდა. მახსოვს, აქ მოკრეფილი ბალახებით ასაკოვანი ადამიანები საოცარ მალამოებს ამზადებდნენ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჭრილობების, დამწვრობებისა და კანის სხვადასხვა პრობლემების განსაკურნად. რას ვიფიქრებდი, თუ მედეას ბალახი ჩემი მომავალი პროფესიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნებოდა (იცინის). ოთხ დედმამიშვილს შორის, ყველაზე უფროსი ვარ. ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. დედა ბევრს შრომობდა, პატარების აღზრდა კი, მთლიანად ჩემზე გადმოდიოდა. როდესაც და-ძმას დავაძინებდი, დაღლილ დედას მივუწვებოდი და ვოცნებობდი, მქონოდა ჯადოსნური ძალა, რომ დედა არასოდეს დაბერებულიყო, მუდამ ახალგაზრდა, ძლიერი და ენერგიული ყოფილიყო. დღეს, ამ გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის გონება რა ინფორმაციასაც გაუშვებს კოსმოსში, ცნობიერად თუ არაცნობიერად, დროთა განმავლობაში, მისი რეალიზება იწყება.
– ესე იგი, სამყაროში გაშვებული ბავშვობის ოცნება სამშობლოდან შორს აიხდინეთ?
– სწორედ, ასეა და ეს ბედისა და იმ დაუღალავი შრომის შედეგია, რაც ბავშვობის ოცნებაში ჩავდე. დღეს, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შრომა, განსაკუთრებით დაფასდა. ჯერ ვისწავლე კლასიკური მასაჟი, შემდეგ ჩინეთში შევისწავლე აკუპუნქტურა. ჩემთვის აღმოჩენა იყო კუნთების გრავიტაციის საიდუმლო დეტალების შესწავლა, რომელსაც ნებისმიერი მოდუნებული კუნთი ფორმაში მოჰყავს. ჩემი პაციენტები ხშირად ამბობენ, „მარინამ ჩემი დაშლილი სხეული ააწყოო“ (იცინის).
– როგორც ვიცი, აფხაზეთის ომის მონაწილეც ხართ. იქ როგორ აღმოჩნდით?
– 20 წლის გავთხოვდი, 3 შვილი შემეძინა. ოჯახი კიდევ უფრო მეტს მოითხოვდა. შრომას არ ვთაკილობდი, ყველანაირ სამსახურს ვთანხმდებოდი, რომ ოჯახი მერჩინა, პარალელურად კი, არ მტოვებდა ფიქრი, გავმხდარიყავი პროფესიონალი მასაჟისტი და მქონოდა შესაძლებლობა, ადამიანებს დავხმარებოდი. გავიარე სხვადასხვა საფეხური იმისათვის, რომ უკეთესად შემეცნო ადამიანის სხეული თუ ფსიქოლოგია და გავხდი მასაჟისტ-თერაპევტი. დავიწყე მუშაობა ბორჯომში, სამხედრო სანატორიუმში, ლიცენზირებულ მასაჟისტ-თერაპევტად, სამხედრო წოდებით. პარალელურად, ვაგრძელებდი სწავლას სამედიცინო ინსტიტუტში. ამავე დროს, მასაჟისტად ვმუშაობდი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში. რამდენიმე წლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში გადავედი ექიმის თანამდებობაზე. როდესაც აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბა და ომი დაიწყო, როგორც სამხედრო პირს, მომიწია, რომ პროცესებში მეც ბოლომდე ჩავრთულიყავი და ომის მონაწილე გავხდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო მომენტი.
– მართალია, რომ ნინო ანანიაშვილმა დიდი დახმარება გაგიწიათ კარიერულ წინსვლაში?
– ნინო ანანიაშვილის დიდი მადლობელი ვარ, რადგან მან ჩემს კარიერულ წინსვლაში, ნამდვილად, დიდი როლი ითმაშა. 2001 წელს თავდაცვის სამინისტროდან, გაცვლითი პროგრამით, ჩინეთში წავედი, სადაც ვსწავლობდი ჩინეთის პირველ სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტში. შეიძლება ითქვას, ჩემს კარიერაში გარდამტეხი იყო პროფესორ ლი ვი კაისთან შეხვერდა. 2005-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, მეც და ბევრი ჩემი თანამშრომელიც, უმუშევრები დავრჩით. მადლობაც კი არავის უთქვამს, ისე გამომიშვეს სამსახურიდან. სწორედ, ამ დროს, მივიღე საუკეთესო შემოთავაზება ქალბატონ ნინო ანანიაშვილისგან და თავდაცვის სამინისტროდან ოპერისა და ბალეტის თეატრის კულისებში აღმოვჩნდი, სადაც 10 ნაყოფიერი წელი გავატარე და ყველა გასტროლის დროს, ქართველ პრიმაბალერინას თან ვახლდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი. ბალეტის მსახიობებთან მუშაობა, კიდევ უფრო მეტ სიზუსტეს მოითხოვს – როგორც მოქანდაკემ, ისე უნდა გამოძერწო თითოეული კუნთი.
– ამერიკაში როდის გადაწყვიტეთ წასვლა ან თუ იფიქრებდით, რომ თქვენი პროფესიით ამხელა წარმატებას მიაღწევდით და მანჰეტენის ბომონდის ცნობადი სახეები თქვენი მადლიერი კლიენტები გახდებოდნენ?
– ამერიკაში წამოსვლა ჩემი ნებაყოფლობითი არჩევანი არ ყოფილა. დღეს კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ამერიკული ოცნებების ასრულება დაიწყო და ამიხდა ჩემი კონკიას ზღაპარიც. 2015 წელს ჩამოვედი ნიუ-იორკში. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია სრულიად უცხო ქვეყანაში, ხალხში, შენი პროფესიით შეძლო თავის დამკვიდრება, მაგრამ როდესაც ძალიან გიყვარს შენი საქმე და პროფესიონალი ხარ, ამერიკა შესაძლებლობებისა და ახდენილი ოცნებების ქვეყანა ხდება. ნიუ-იორკში ჩემი კარიერა, მანჰეტენზე მდებარე ცნობილ სალონში დაიწყო, რომლის მეპატრონეებიც არიან იზაბელა ენტონი და ანა ანტალი. გამოცხადებული ნდობისთვის მათი და მათი გუნდის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ამერიკელი ხალხი ბევრად ტოლერანტულია, მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას შენი შესრულებული საქმიანობის შემდეგ – სიტყვიერად, თბილი მისალოცი ბარათებით, ყვავილებითა თუ სხვა პატარ-პატარა დეტალებით. როდესაც ხედავენ, რომ შენი საქმის ერთგული ხარ, ცდილობენ, დაგეხმარონ, რეკომენდაცია გაგიწიონ ცნობილ ადამიანებთან ან შენს შესახებ ისეთ ჟურნალებში გამოაქვეყნონ სტატიები, როგორიცაა Vogue, Harper’s, BAZAAR. არაერთი სტატია დაიწერა ჩემი საქმიანობის შესახებ, სადაც ჩემი კლიენტები პირადი გამოცდილების, ჩემ მიერ მიცემული სამედიცინო რჩევების შესახებ საუბრობენ. ეს მათი ინიციატივით და კეთილი ნებით კეთდება, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. სიხარულის ცრემლებით ავტირდი, როდესაც ვანესა ტრაიანამ მითხრა, რომ ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა და „ვოგის“ მარტის ნომერი მომიტანა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ჩავთვალე, რომ უბრალოდ, საჩუქრად მომიტანა ახალი ჟურნალი, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გადავშალე და იქ ჩემს შესახებ ვრცელი სტატია ვიხილე.
– მართალია, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი მხოლოდ თქვენ გენდობათ? ძირითადად, მაინც, ვინ არიან, თქვენი კლიენტები მანჰეტენზე?
– რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ბევრი ცნობილი ადამიანი იკეთებს მასაჟს. თუმცა, ისინი ჩემთვის განსაკუთრებულები იმით არიან, რომ მენდობიან და აფასებენ ჩემს უნარებს. მათგან, ყოველთვის ვგრძნობ პატივისცემასა და სიყვარულს, ეს კი ჩემთვის ყველაზე მთავარია. თითოეული ჩემი პაციენტი განსკუთრებულია და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცნობადია პიროვნება. ჩემი კლიენტები არიან მანჰეტენის მაღალი საზოგადოების წევრები. რა თქმა უნდა, მათი ვინაობა კონფიდენციალურია და არ მაქვს მათი საჯაროდ დასახელების უფლება. თუმცა, რამდენიმე მათგანს დაგისახელებთ, რომლებმაც თავად გათქვეს ეს საიდუმლო „ვოგსა“ თუ სხვა ცნობილ ჟურნალებში. მაგალითად, ვანესა ტრაიანა, რომელიც არის The Line ბუტიკების მფლობელი და კრეატიული დირექტორი, ასევე, ცნობილი სამკაულების დიზაინერი ჩარლი დივიელკასტელი. ისინი ჩემს შესახებ „ვოგის“ ფურცლებიდან საუბრობენ. ასევე, ამერიკული ცხოვრების გაკვლევაში მეხმარებიან ჩემი კოლეგები და უკვე მეგობრები, რომლებიც უკვე წლებია, ცნობილ ვარკვლავებთან მუშაობენ. მაგალითად, ჩემი მეგობარია ალისია კეისპირადი, ვიზაჟისტი დოტი, რომელმაც ბროდვეის კულისების ბევრი საიდუმლო მასწავლა. ეს კი, ჩემი ერთგული კლიენტების მხოლოდ მცირე ნაწილია. ხშირად, ჩემი პაციენტები მეკითხებიან, რაში მდგომარეობს ჩემი საქმიანობის საიდუმლო, მე მათ მარტივად ვპასუხობ: საიდუმლო ჩემს ხელებსა და ენერგეტიკაშია. მე მიყვარს ადამიანი და მხოლოდ დადებითი ენერგეტიკით ვმუხტავ მათ. რაც შეეხება „მედეას მალამოს“, რომელიც ასე აიტაცეს ჩემმა პაციენტებმა, ჩემი სოფლის საიდუმლოა და მიუხედავად იმისა, რომ დამატებით ინგრედიენტად ვიყენებ, ჩემი სავიზიტო ბარათია.