№21 დავით გაჩეჩილაძემ რომ გაიგო, მისი შვილი წმიდანების გამოსახულებით პრეზერვატივებს აწარმოებდა, გულის შეტევა მიიღო
ქართული წარმოების პრეზერვატივების „აიისა“ გამოჩენამ, რომელზეც სიწმიდეებია დატანილი, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ნებისმიერი საკითხი არის ინდივიდუალური და სუბიექტური აღქმის ამბავი და რელიგიური გრძნობებიც ძალიან ბუნდოვანი საკითხია. არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი – რას ნიშნავს შეურაცხყოფა, ამიტომ საზოგადოების მეორე ნაწილისთვის, ეს ყველაფერი არის ძალიან მისაღები. კონკრეტულად იმ დიზაინებზე, რომლებმაც ყველაზე დიდი გაღიზიანება გამოიწვია, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისინი გაყიდვიდან კი არ ამოვიღეთ, უბრალოდ, ბესტსელერებია და თავისთავად ამოიყიდა“, – ამბობს პრეზერვატივების მწარმოებელი ანანია გაჩეჩილაძე.
დავით გაჩეჩილაძე (ანანია გაჩეჩილაძის მამა): მე რომ ეს ამბავი გავიგე, გულის შეტევა დამემართა – აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, გავაძლიერო ლოცვები. მე ვემიჯნები ხატებისა და წმიდანების პრეზერვატივზე გამოსახვას, თუმცა, გავიგე, მან ეს რატომ გააკეთა. იურიდიულად შეიძლება მართალია, მაგრამ არსებობს, რაღაც მორალური კანონები და ჩემთვის, როგორც ტრადიციული ქართველი მამაკაცისთვის, ეს მიუღებელია. თუმცა, მე პატივს ვცემ მის უფლებას და მიმაჩნია, რომ დავა უნდა წყდებოდეს სასამართლოში და ის განაჩენიც სწორია, რაც სასამართლომ გამოიტანა – აიკრძალა ამ სახით პრეზერვატივის გამოშვება, მაგრამ ის აგრესია, რომელიც ყოველდღიურად მოდის, ეგრეთ წოდებული, ვითომ მართლმადიდებლებისგან – ლანძღვა, წყევლა-კრულვა არ არის ქრისტიანული, ასეთი საქციელი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და მტერს ახარებს.
– ანანიამ როგორ აგიხსნათ მისი ეს ნაბიჯი?
– თავისი ჭკუით, სიმართლისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მან ერთგვარად თავისი თავისუფლება გამოხატა და გადაამოწმა რამდენად ცხოვრობდა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ანისა და ახალგაზრდების საკეთებელი საქმე, ალბათ, არის თავისუფლების მოპოვება და მომავალი საქართველოს მშენებლობა. გარკვეულწილად მათ ჰგონიათ, რომ როცა მენტალურ ჩარჩოებს არღვევენ და ანგრევენ, ამით უფრო მეტად თავისუფლები ხდებიან. სინამდვილეში კი, უფრო მეტად ექცევიან ეშმაკური და სატანური ძალების გავლენის ქვეშ. აი, მაგალითად, რუსთაველზე რომ ვნახე, როგორ ცეკვავენ, ვიხილე დაბოლილი და ჩაფსმული ადამიანები... მეტი რა თავისუფლება უნდათ, რა მოწიეს ამისთანა. თავისუფლება, ეს არის საკუთარი თავის უფალი იყო, თუ მათ დაცვა სჭირდებათ, პირველ რიგში, საკუთარი თავისგან დაცვაა საჭირო, რომ დაზიანებულმა ცნობიერებამ ზიანი არ მიაყენოს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობას ან მათ გვერდზე მდგომ ადამიანებს. ეს საკითხი უფრო მშობლების თაობის ბრალია. ჩვენ გადავიკარგეთ ემიგრაციაში, არ გვეცალა, როცა მათ შიოდათ, ტაძარში მიდიოდნენ ნუგეშის საპოვნელად და იქ სვირინგებისა და ფერადი თმის გამო აბრკოლებდნენ და არ უშვებდნენ – ასე დავკარგეთ ის თაობა. ევროპაზე და ევროპელობაზე სხვანაირი წარმოდგენა აქვთ. მე ძალიან მძიმე ცხოვრების გადატანა მომიწია, არავის ეგონოს, რომ ჩამოვედი და პირდაპირ პროფესორის სავარძელი დამხვდა. ახლა განებივრებული ვარ, მაგრამ ფიზიკური შრომაც მომიწია, მშენებლობაზე მუშაობაც; ტაქსის მძღოლიც ვიყავი, ცირკში – ცხოველების ნაკელის გამწმენდი, გაზეთების გამყიდველი, ბევრი რაღაცის გავლა მომიხდა, მანამ, სანამ დავიმკვიდრე თავი, როგორც ევროპელმა.
– თქვენ რას ეუბნებით ანანიას, ცდილობთ, რომ მას აზრი შეაცვლევინოთ?
– ანანიას მუდმივად ვეუბნები, რომ მისგან ქმნიან საფრთხობელას, რომელიც ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს აკნინებს და განარისხებს უამრავ ადამიანს, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს ის შეიძლება მოკლან. ბევრს არ მოსწონს ანას საქციელი და მეც არ მომწონს, მიმაჩნია, რომ მას შეუძლია, თავისი ნიჭი და შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმაროს, ვიდრე სექსშოპი და პრეზერვატივების ბიზნესია და საერთოდ, არ მგონია, რომ ეს უღირსი საქმეა, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ეს იმან უნდა აკეთოს, ვისაც ეს მოსდგამს. ჩვენ განსხავავებული აზრის მიღება არ შეგვიძლია, მე არ ვამბობ, რომ ანანია მართალია. წმიდანებს არ უნდა შეეხო. მე მესმის მისი პოზიცია. ათჯერ მოვისმინე და ძლივს გავიგე – ეს არის ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს ასეა და ჩვენ ამ განსხვავებული აზრის არსებობას უნდა მივეჩვიოთ. უნდა მივეჩვიოთ, იმასაც, რომ ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს სხვანაირად, თუნდაც, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებლად. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი ამას არ უნდა აკეთებდეს, მაგრამ ის არის სრულყოფილი, ზრდასრული ადამიანი. არ შეიძლება შვილი გიყვარდეს ადამიანური ბუნების გამო, იმიტომ რომ შენ გგავს, შენნაირია, მაშინ შენ მას ყველაზე დიდს აკლებ, აკლებ ღვთის მადლს, ამიტომ შვილი მაშინ უფრო უნდა გიყვარდეს, როცა სცოდავს და როცა ცუდად იქცევა. როცა რაღაცას აშავებს და კუთხეში ვაყენებთ, ჩვენ ამას სიყვარულით ვაკეთებთ. განა უნდა დააფარო ხელი და დაიცვა, როცა დამნაშავეა – არა, პირველი უნდა გამოხვიდე და პირველმა უნდა გაკიცხო.
– რას ნიშნავდა თქვენი ნათქვამი, რომ შვილს ქრისტეს არჩევთ?
– რა თქმა უნდა, ჩემს შვილს ქრისტე მირჩევნია, ქრისტე არის ყოვლისშემძლე და სულთა დამხსნელი და სწორედ მას ვევედრები სულის დახსნას. არ შეიძლება შვილი გიყვარდეს ხორციელად, უნდა გიყვარდეს როგორც ღვთისგან ბოძებული, ღვთის მოცემული და როცა შენი არ ესმის შვილს, მაშინ იწყებ უკვე ღმერთთან საუბარს და უფალთან საუბრით და ლოცვით რბილად ახდენ მასზე ზემოქმედებას. როცა შენ უფალს რამეს სთხოვ, თითქოს ვალდებულია, რომ ეს გაითვალისწინოს და მოვალეობა უჩნდება, მლოცველი გული შეისმინოს და შენს თხოვნას თუ არ აასრულებს, გაითვალისწინოს მაინც. ალბათ, ეს განსაცდელიც ამიტომ მოხდა, მე არ მქონდა ანანიასთან ახლო კონტაქტი, რადგან მე შორს ვცხოვრობ და ეს საუბარი რომ ვერ შევძელი, ღმერთმა მითხრა, შენ დაგავიწყდა შენი შვილები, აღარ მოგაქვს შენი ლოცვები ჩემთან და არ მევედრები მათ კეთილდღეობასო. აი, გამოუშვა განსაცდელი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის – რაც ხდება, უკეთესობისთვის ხდება. განა მშობელმა რომ შვილი განსაცდელში მიატოვოს და გვერდით არ დაუდგეს, ეს ჩვენს ზეციურ მამას გაუხარდება? როცა ჩვენ ვცოდავთ, უფალი უფრო მეტად არ დგას ჩვენ გვერდით? ამიტომაც მიმაჩნია, რომ წიხლის დარტყმასა და ტალახის სროლას ჯობია, ვილოცოთ მისთვის და გავაძლიეროთ მისდამი სიყვარული.
– როგორი ბავშვი იყო ანა?
– ერთი შვილობილი მყავს, ჩემი მეუღლის შვილი პირველი ქორწინებიდან, იგივე ჩემი შვილია ისიც. ჩემი ექვსი და სულ შვიდი შვილი. ანანია ყოველთვის გამორჩეული ბავშვი იყო. მე მას ღვთისმშობლის დედის სახელი ანა დავარქვი, ანანია თავად დაირქვა. ეკლესიების რესტავრაციის დროს გვერდით მედგა და ფუნჯით ხელში ჯვრებს ღებავდა, ეკლესიაში გალობდა. როდესაც თბილისში პეკინზე მშიერთა დაპურების მაცივრები დავდგი, სადაც ყველა გამვლელს შეეძლო, მისულიყო და საკვები მიეტანა უპოვართათვის, ანა გვერდით მედგა და მათ საჭმელს ურიგებდა. „მაკდონალდსშიც“ მშიერ, უპოვარ ბავშვებთან ერთად დამყავდა, რათა მათზე ზრუნვა მესწავლებინა. ასე გაზრდილ ბავშვს რა დაემართა, არ ვიცი. 13 წლის იყო, როდესაც მის დედას დავშორდი, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბავშვი, ფაქტობრივად, უმამოდ გაიზარდა, მამის სითბო დააკლდა. მე მის წინაშე დამნაშავე ვარ, მეც შეიძლება, მკაცრად დავსაჯო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ვფრთხილობ, ჩემი არასწორი მიდგომით ბოლომდე არ დაიღუპოს. ანანია არის არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ბავშვი და ძალიან პატრიოტი. ანი ისე მყავს გაზრდილი და ისეთი ხასიათი აქვს, რომ სამშობლოს რომ დასჭირდეს, ტყვიას შუბლს მიუშვერს. ასეთია, მას არ შეუძლია იყოს პასიური – რასაც ის ლაპარაკობს, ძალიან ბევრი იგივეს ფიქრობს, მაგრამ არ ამბობს. თამამია, ხშირად ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ ამის გამო მე მას არ გავკიცხავ.