კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ იხოცებოდნენ პატიმრები სოსლან კაკაბაძის თვალწინ უსასტიკეს, „დედის ტირილის“ სახელწოდებით ცნობილ ციხეში და როგორ გადარჩა ის ცოცხალი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს და ის უკვე სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა მზარეულმა პატიმრობაში ორი წელი და რვა თვე გაატარა. შეგახსენებთ, რომ ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა.
სოსლან კაკაბაძე: გემზე ასვლიდან მეთოთხმეტე დღეს დაგვაპატიმრეს. ოცდაათი წელია, მზარეულად ვმუშაობ. ჯერ ქალაქში, რესტორნებში ვმუშაობდი, შემდეგ გადავწყვიტე, გემზე გადავსულიყავი. მანამდე ორი-სამი რეისი მქონდა შესრულებული, ეს ჩემთვის ზღვაში მეოთხე გასვლა იყო, რომელიც ასე დამთავრდა. თერთმეტი საათი იყო, სადილს ვამზადებდი. ჩვენი გემი უკვე მათ ტერიტორიაზე იყო შესული. როგორც ვიცი, ელოდნენ ბრძანებას, რომ შევსულიყავით და ნავთობი აეღოთ. უცებ ხმაური ატყდა და გარეთ რომ გამოვედი, ჩვენს გემზე კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები დავინახე, რომლებიც რაღაცას გაჰყვიროდნენ. რომ ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, მიპასუხეს, დაგვაპატიმრესო. გემიდან გადაგვიყვანეს, დაგვაწვინეს და ერთი საათი კაპიტანს რაღაცას უხსნიდნენ. მერე ტრიპოლის მიმართულებით წაგვიყვანეს. იქ კვლავ შეიარაღაბული პოლიციელები დაგვხვდნენ, გვითხრეს, რომ ჩვენი გემი დაილუქებოდა და ჩვენ საზღვაო სამხედრო ნაწილში მოგვათავსეს. რაღაც პერიოდის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ ციხეში გადაგვიყვანდნენ და ჩამოგვართვეს ყველაფერი – ტანსაცმლიდან დაწყებული, საბუთებით დამთავრებული.
– რაში გადანაშაულებდნენ?
– მათ ტერიტორიულ წყლებში ვიყავით შესულები. გვადანაშაულებდნენ, თქვენ აქ ნავთობის წასაღებად ხართ მოსულები, კონტრაბანდისტები ხართო. როგორც კაპიტანმა თქვა, ჩვენ ყველანაირი საბუთი გვქონდა, რომ კანონიერად აგვეღო ნავთობი, მაგრამ როცა დაგვიჭირეს, ჯერ არ გვქონდა აღებული. იმ პერიოდში მეორე გემიც დააპატიმრეს, რომელზეც ორი ქართველი იყო. მათ უკვე ჰქონდათ ნავთობი აღებული, თუმცა საბუთები წესრიგში ჰქონდათ. მაგრამ იქ სხვანაირი წესები მოქმედებს. როგორც კი გემი ნავთობით დაიტვირთება, პოლიცია ურეკავს სხვა პოლიციას, ეკიპაჟის დაპატიმრების დავალებით – ეს მათი ორმაგი ბიზნესია. ჯერ ფულს გართმევენ ნავთობის აღების ნებართვაში და როცა უკვე ფული ბანკშია გადარიცხული, გემს თავს ესხმიან, ნავთობი მიაქვთ და იმის მიუხედავად, რომ მათ ყველაფერი წესების მიხედვით აქვთ გაკეთებული, ეკიპაჟს აპატიმრებენ და ყველას ციხეში უშვებენ. იქ მარტო ჩვენ კი არ ვყოფილვართ, ჩემს კამერაში ისხდნენ ბერძნული რვაკაციანი და ფილიპინების ოცდაერთკაციანი ეკიპაჟები. მათ ფულიც გადახდილი ჰქონდათ და ნავთობიც აღებული, უკვე ზღვაში იყვნენ გამოსულები, როცა გემი დააპატიმრეს. მათგან განსხვავებით, ჩვენ ნავთობი არ გვქონდა აღებული, მაგრამ ვინმეს რამეს გააგებინებ?! თუ წინააღმდეგობას გაუწევ, არ არის გამორიცხული, დაგხვრიტონ.
– როგორც გამოვიდა ინფორმაცია, საპატიმროებში ურთულეს პირობებში გიწევდათ ყოფნა.
– თავიდან ღია ცის ქვეშ, გალიის მსგავს ციხეში შეგვყარეს ყველა. მერე ტრიპოლის ციხეში გადაგვიყვანეს, ეს იყო ჩვენი პირველი ციხე, სადაც ერთი წელი დაგვტოვეს. შემდეგ ჩვენმა კაპიტანმა ადვოკატი აიყვანა. მოატყუეს, რომ თუ ხუთი ათას ევროს გადავიხდიდით, ქალაქ სურმანში გადაგვიყვანდნენ და სამი დღის განმავლობაში გაგვათავისუფლებდნენ. კომპანიამ გადმორიცხა ეს თანხა და მართლაც გადაგვიყვანეს სურმანში, მაგრამ სასამართლო არ შედგა და სამი დღის ნაცვლად, იქ წელიწადი და სამი თვე ვიყავით. ადვოკატმა ფული ჩაიჯიბა და გაქრა. ადგილობრივი ადვოკატი იყო – ლიბიაში ხშირი ყოფილა ასეთი შემთხვევები. ჩვენს ეკიპაჟში, ჩემ გარდა, ერთი ხორვატი, ორი ეგვიპტელი და ერთი მალტელი იყო. ეგვიპტის მთავრობას საერთოდ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ხორვატიისა და საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევით, წელიწადისა და სამი თვის შემდეგ ისევ ტრიპოლში დაგვაბრუნეს. მაგრამ ძველი ციხის ნაცვლად ახალში გადაგვიყვანეს, რომლის სახელწოდებაც ითარგმნება, როგორც „დედის ტირილი“, სადაც აუტანელი სისასტიკე და საშინელი პირობები იყო. ციხეში პანღურებით შეგვიყვანეს, ყაჩაღები ხართ, ჩვენს ნავთობს იპარავდითო. ერთ კამერაში 34 ადამიანი ვიყავით. ექვსი საათიც არ გვქონდა ძილის უფლება. საჭმელს რკინის თასებით გვაძლევდნენ და ერთი თასიდან ხუთი კაცი ვჭამდით. საკანშივე გვქონდა ღია საპირფარეშო, რომელსაც მეტრ-ნახევარზე ჰქონდა ერთ მხარეს კედელი ამოყვანილი და მხოლოდ ეს ჰყოფდა ჩვენგან. უმძიმესი ჰიგიენური მდგომარეობა იყო. თან სულ ამ საკანში ვიყავით, გარეთ არ გვიშვებდნენ.
– გარდა იმისა, რომ ციხეში ასეთ პირობებში გიწევდათ ყოფნა, არეულობა იყო თვითონ ლიბიაშიც. გარედანაც თუ მოდიოდა საფრთხე?
– თვითონ პოლიციელები იყვნენ ძალიან სასტიკები. თუ შეეპასუხებოდი, გაროზგვა არ აგცდებოდა. წყლის მილებით სცემდნენ პატიმრებს. საკანში რომ შემოვიდოდნენ, ფეხზე თუ იდექი გაროზგვა არ აგცდებოდა. საშინელ საკვებს გვაჭმევდნენ, იქ ყოფნისას ოცი კილოგრამი დავიკელი. აუტანელი წყალი იყო, რომელსაც ნავთობის გემო და სუნი ჰქონდა. ამ პირობების მიუხედავად, სხვა ციხეებისგან განსხვავებით, სასამართლო შედგა, სამი თარჯიმანი მოიწვია ადვოკატმა, უნგრეთის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა პროცესს. მითხრეს, რომ ნავთობის კონტრაბანდა გვედებოდა ბრალად და როცა სიტყვა მომცეს, ვუთხარი, რომ მე მზარეული ვიყავი, რომ მხოლოდ საკვებზე ვაგებდი პასუხს და გამათავისუფლეს. ეკიპაჟის დანარჩენი ოთხი წევრი კი პატიმრობაში დარჩა. ისინი, წესით, აგვისტოს ბოლოს უნდა გამოვიდნენ, მაგრამ იქ ყველაფერი ხდება. იყო შემთხვევები, როცა პალესტინელი სამოცდაათი წლის ადამიანი ასი გრამი ვისკის გამო დააპატიმრეს. შემდეგ სასამართლომ გაათავისუფლა, მაგრამ იქაურობას შეიხები განაგებენ და მათ უთხრეს, რომ სახლში ვერ წავიდოდა. იმედია, მათი პროცესიც არ გაჭიანურდება. თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია, თუ კარგ ხასიათზე არიან, გაგიშვებენ, თუ ცუდზე – არა.
– ასეთ პირობებში პირადად თქვენც იყავით ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი?
– დიახ. ბოლოს, ჩემს გათავისუფლებამდე ათი დღე რომ რჩებოდა, მოედანზე სავარჯიშოდ გაგვიყვანეს. მწკრივში დაგვაყენეს და შორიდან დამიძახეს, მოდიო. მივედი და მითხრეს: მიდი, სამხედროების მსგავსად მიწაზე იკოტრიალეო. ხელში წყლის გაყვანილობის მაგარი მილები ეჭირათ და ის დამცხეს. მერე მეუბნებოდნენ, შენთვის კარგი იყო ის გალახვაო, რადგან ათ დღეში გამათავისუფლეს.
– გათავისუფლება კი კარგია, მაგრამ გითხრეს, რისთვის გცემდნენ?
– იქ ახსნა-განმარტებას არავინ იძლევა. მე რომ ძირს დავიწყე კოტრიალი, ორმოცდაათი მეტრო იქით, ორმოცდაათი – აქეთ, ის უკან მომყვებოდა და მილს მირტყავდა. რას ვეტყოდი?! როგორც არ უნდა გცემონ, ჯობს, ხმა არ ამოიღო. ბევრი პატიმარი დაჭრეს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია. ამ ციხეში ოთხი ათასი პატიმარია და რომ მიგვიყვანეს, ვნახეთ, რომ პატიმარები ღია ცისქვეშ ჰყავდათ, იმიტომ რომ აღარ ეტევიან. ამ საშინელი პირობების გამო, ჩემ თვალწინ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ოთხიათასკაციან ციხეში ერთი ექიმია, რომელიც ყველაფერს მკურნალობს. ერთი პერიოდი, სიცხეები მქონდა და ერთი კვირის შემდეგ მომიტანა ტაბლეტი. ღმერთმა დამიფარა, რომ გადავრჩი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს საკონსულოს ეგვიპტეში, საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საკონსულოს ლიბიაში, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხერხდა ჩემი გათავისუფლება.
– ბატონო სოსლან, ოჯახთან დაკავშირება როგორ მოახერხეთ?
– პირველ და მეორე ციხეში იყო კომუნიკაციის საშუალება, ფულსაც მირიცხავდა ოჯახი, მაგრამ მესამე ციხეში აღარ. ხუთი თვე ვერც ადვოკატი მოდიოდა და ვერც ოჯახს ვუკავშირდებოდი. ღამე გვეძინა და ბომბების აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა. გვითხრეს, რომ გარედან იყო თავდასხმა. გათავისუფლებულმა და ციხიდან გასულმა, გამწარებულმა პატიმრებმა შემოყარეს ბომბები და ამათ შიგნიდან კალაშნიკოვებით უპასუხეს. ხუთი თვის განმავლობაში სამჯერ იყო ასეთი შემთხვევა. თან, ლიბიელი პატიმრების 50 პროცენტი ტერორისტი და მკვლელია. საკუთარი ბიძაშვილის, დისშვილისა და სხვა ნათესავების მკვლელები ისხდნენ ჩემთან ერთად, მათ ერთმანეთის დანდობა არ იციან.
скачать dle 11.3