№21 როგორ დაისაჯა მიხეილ ცაგარელი ჰიპობისა და „გულიანკის“ გამო და როდის გადატრიალდა მისთვის მთელი სამყარო
მიხეილ ცაგარელს, როგორც ასტროლოგს, ყველა კარგად იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ყოფილი მუსიკოსია – სამგზის ლაურეატი და გიტარის დაკვრის ხელოვნებასაც კარგად ფლობს. წლების წინ, როცა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი შექმნა და ბიტლომანი გახდა, ჰიპობაც კარგად გამოსდიოდა, არც დროსტარება აკლდა და თაყვანისმცემლებითაც განებივრებული იყო. თუმცა, ამის გამო, მკაცრად დაისაჯა და როგორც თავად ამბობს, დაავადება გახდა სწორედ მისი ასტროლოგიით დაინტერესების მიზეზი.
მიხეილ ცაგარელი: აფხაზეთში, სოხუმში დავიბადე და იმ მიწის ენერგეტიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა. ახლაც მენატრება. მახსოვს, ჩემი სახლი, პარკთან, ორჯონიკიძის ქუჩაზე იდგა და იქ, ენერგეტიკულად ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს. იქ საოცარი ცა იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი. სწორედ იქ გამიჩნდა კითხვები: ნეტავ, საიდან ამოდის მთვარე, რატომ დიდდება და მცირდება, რატომაა ამდენი ვარსკვლავი? მერე, მეზობელი გარდამეცვალა და ვერ გავიგე, რა მოხდა, სად წავიდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ეზოთერული თუ ასტროლოგიური კითხვები, სწორედ აფხაზეთში, ბავშვობაში დამებადა. მაგრამ, პასუხები არ მქონდა. სკოლამდე იქ ვცხოვრობდი, სკოლაში კი თბილისში შემიყვანეს. თუმცა, ყოველ ზამთარ-ზაფხულს, ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი იქ. ომამდე, ხუთი წლით ადრე გაყიდეს ის სახლი და ისინიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
– ახალგაზრდობაში ყველა როგორც მუსიკოსს, ისე გიცნობდათ და მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს გრძელთმიანი, მაღალი, მოდურად ჩაცმული და „შლაქსებში“ გამოწყობილი ბიჭი, ერთ დღესაც, ცნობილი ასტოლოგი გახდებოდა. ასეა?
– ნამდვილად (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მუსიკალური განათლებაც აფხაზეთში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. ბაბუა გიტარაზე კარგად უკრავდა. ის
და ბებია ხმებში საოცრად მღეროდნენ. დეიდაჩემი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. ვოკალისტი იყო და ძალიან კარგად მღეროდა ჯაზს. მახსოვს, სოხუმში კარგად იჭერდა უცხოურ არხებს რადიო და იქ ვუსმენდი უცხოურ მუსიკას. რეი ჩარლზი იქ მოვისმინე და გავიცანი პირველად. როკენროლს, ბლუზს და ჯაზს თბილისში ვერსად მოისმენდით. მე კი აფხაზეთში ვუსმენდი. მომეწონა, დავინტერესდი და ვიპოვე ჩემი სტილი ამ მუსიკაში. თან, ბაბუას პატეფონი ჰქონდა, დისკების კოლექცია და ხშირად ვუსმენდი.
– თქვით, უცხოური მუსიკის მოსმენისას, საკუთარი სტილი ვიპოვეო. მაინც, როდის აიღეთ პირველად გიტარა ხელში, მოუშვით თმა, მოირგეთ ჰიპური სტილი და დაიწყეთ სიმღერა?
– 1963 წლიდან დაიწყო ბიტლომანია მსოფლიოში და ჩვენთანაც ნელ-ნელა შემოვიდა. ჩუმად, კოლმეურნეობის მოედანზე ვყიდულობდი მათ შავ-თეთრ ფოტოებს. ფირიდან ფირზე ვიწერდით მათ სიმღერებს და ვუსმენდით ბიჭები. ეს იყო პირველი აჟიოტაჟი და გვინდოდა, მათ დავმსგავსებოდით. 47-ე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, შევქმენით ჯგუფი და სადღესასწაულო კონცერტებში ვიღებდით მონაწილეობას. ვეჯიბრებოდით პარალელური კლასის ანსამბლებს. მართალია, პრიმიტიული აპარატურა, გიტარები და დასარტყამი ინსტრუმენტი გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვყოფნიდა. თან, გოგონებსაც ვეპრანჭებოდით (იცინის). სწორედ იქ დავიწყე გიტარაზე დაკვრა. მუსიკოსი თემურ ხინთიბიძე ჩემი კლასელი და ამ ჯგუფის წევრი გახლდათ. აი, სკოლა რომ დავამთავრე, დავიწყე ჰიპომანია, თავისი „შლაქსებითა“ და თმის მოშვებით. სად იყო მაშინ ისეთი ტანსაცმელი, რომ გვეყიდა? ბიჭები შარვლებსა და მაისურებს გადავაკეთებდით ხოლმე, რომ ჰიპებს დავმსგავსებოდით (იცინის). მახოვს, ცნობილი კაფე „მეტრო“ იყო თბილისში და იქ გავიცანი ჯუნა
დავითაშვილი. ოფიციანტად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში ვუკრავდით ჩვენ იქ და ჯუნამ, ორმეტრიან კაცს დაარტყა კაფეში, გათიშა და მაშინ აღმოუჩინეს ბიოდენები ხელებში (იცინის). ინგლისურად სიმღერა კი გვეკრძალებოდა, მაგრამ ჩუმად მაინც ვმღეროდით. მერე, უფრო დავიხვეწეთ, დავხელოვნდით, გავთამამდით და დავიშალეთ (იცინის). ამის მერე, სხვა ხალხი მოვძებნე და სერიოზული ჯგუფი ჩამოვაყალიბე. ამ დროს გავიცანი მუსიკოსი, კომპოზიტორი და თავის საქმის პროფესიონალი, ნოდარ ნიკოლაიშვილი. მაშინ, პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ნოდარიც ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. მოკლედ, სტუდენტური დღეები ტარდებოდა. რექტორი ნათელა ვასაძე გახლდათ, ვისიც ყველას ეშინოდა და აუცილებლად, სტუდენტურ დღეებში, პედაგოგიურ ფაკულტეტს უნდა გაემარჯვა. გავიცანი რამდენიმე ბიჭი. ჯგუფი შევკარით და გავიმარჯვეთ პირველივე გამოსვლაზე. კარგი პროგრამა გვქონდა. კარგი მუსიკოსები და მოცეკვავეთა ჯგუფი გვყავდა. ასე რომ, შოუს ვდგამდით. სანამ იქ ვსწავლობდი, ის ხუთი წელი, სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. ნოდარმა და მე ვიფიქრეთ, ანსამბლი ჩამოგვეყალიბებინა, გავაკეთეთ კიდეც და დავარქვით „ლია“. კარგი აპარატურაც გვქონდა, პიონერთა სასახლეში გავდიოდით რეპეტიციებს. სამ ფესტივალზე გავედით და სამივეზე ლაურეატები გავხდით – 1978 წელს ბაქოში, საესტრადო სიმღერის ფესტივალზე; 1979 წელს ერევანში, საერთაშორისო-საესტრადო ფესტივალზე და 1980 წელს საქართველოში. ჩვენი გიტარისტი იყო დათო მასტერანოვი, ბას-გიტარაზე ზურა გაგნიძე უკრავდა, ფორტეპიანოზე – გია მაჭარაშვილი. ცხონებული ლელა სიხარულიძე კი, ჩვენი ვოკალისტი იყო.
– მართალია, რომ ერთ-ერთი ინგლისურენოვანი სიმღერა, კომუნისტებმა მხოლოდ იმის გამო ვერ აგიკრძალეს, რომ ის, ანჯელა დევისს ეძღვნებოდა?
– სანამ კონცერტზე გამოვიდოდით, მოვიდოდა კომისია და პროგრამას ამოწმებდა. ერთადერთი ინგლისური სიმღერა გვქონდა, რომელსაც მე ვმღეროდი და ბაქოში ამ სიმღერის გამო, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა დარბაზში, ისე ცეკვავდა მაყურებელი, პოლიცია შემოვარდა და ხალხს დაერია. სკანდალი მოჰყვა – ახალგაზრდები ასე როგორ გაგიჟდნენ, ამ სიმღერაზე ხტუნვდა და ცეკვა რომ დაიწყესო. მაშინ კონცერტზე აკადემიურად უნდა მჯდარიყავი სკამზე და ისე
გესმინა შემსრულებლისთვის (იცინის). მოკლედ, ეს სიმღერა, როგორმე რომ არ ამოეღოთ რეპერტუარიდან, საჭირო იყო ფანდი. ჰოდა, მოვიფიქრე ანჯელა დევისი. მაშინ ყველაზე პოპულარული იყო და სულ მას აჩვენებდნენ ტელევიზიით. მოსკოვშიც იყო და კომპარტიის წევრი გახლდათ. ზანგების უფლებებს იცავდა და ვთქვით, რომ ეს სიმღერა მას ეძღვნებოდა. მერე ეს ანსამბლი დაიშალა და ჩემი, საკუთარი ანსამბლი შევქმენი, სადაც გიტარისტი იყო 16 წლის თემურ ყვითელაშვილი. ამ ანსამბლს ერქვა „საქართველოს ბუნება“. ფორმებიც გვქონდა, აპარატურაც, კომპოზიციებიც ჩავწერეთ და 1988 წელს მოსკოვში ვიმღერეთ მსოფლიო კონგრესზე, უამრავი უცხოური დელეგაციის წევრთა წინაშე. საკმაოდ კარგი შეფასება ჰქონდა ჩვენს გამოსვლას – უკან საქართველოს ხედები ჩანდა ეკრანზე და ჩვენ ქართულ სიმღერებს ვშლიდით ხმებში. 45 წუთი ვიდექით სცენაზე და „სიენენისა” და „ბიბისის” კამერები დაგვდევდა. თუმცა, „კაგებე“ არ გვცილდებოდა, გვაკონტროლებდა, რამე ზედმეტი არ გვეთქვა და გვექნა. 1989 წელს, 9 აპრილის მერე, აღარავის ემღერებოდა და ჩემი მუსიკალური-სასიმღერო კარიერაც დასრულდა.
– მართალია, რომ ამის ბრალი, გარდა 9 აპრილისა, იყო დაავადება, რომელიც თქვენ გადაიტანეთ და სიკვდილს თვალებში ჩახედეთ?
– მართალია. იმ პერიდოში, გრიპი-მონონუკლეოზი გავრცელდა თბილისში. ტრაბახად არ ჩამომართვათ, მაგრამ ჩემი თავი იმ პერიდოში, „მაჩოდ“ მიმაჩნდა.კარგ დროს ვატარებდი – გრძელი თმები, სპორტული აღნაგობა, უამრავი თაყვანისმცემელი, გასტროლები, „გულიანკები“, სასმელები, მამაძაღლობები... მოკლედ, ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. უცბათ, მონონუკლეოზი შემეყარა და ერთი თვე, ამ დაავადებას ვებრძოდი. საკმაოდ მძიმე ფორმით მქონდა და ისეთი ცვლილებები წავიდა სისხლში, ექიმებს ჩემი გადარჩენა ეეჭვებოდათ. რამდენჯერმე გონიც დავკარგე. სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ეს იყო დასჯა. მაშინ სად იყო მობილური და ინტერნეტი – დიდი დიდი, წიგნი წაგეკითხა. შემთხვევით, მეგობარმა მომიტანა გადაბეჭდილი წიგნი ასტოლოგიაზე.
წარმოდგენა არ მქონდა ამ დარგზე და რომ წავიკითხე, რაღაც ვიგრძენი – ჩემია, საინტერესოა. „კუროს“ ზოდიაქო რომ წავიკითხე, მივხვდი, ზუსტად ჩემი ხასიათი იდო მასში. მომეწონა, სტიმული მომეცა და საკუთარ თავს ვუთხარი, ფეხზე რომ დავდგები, ასტროლოგიას უნდა ჩავუღრმავდე და სერიოზულად მოვკიდო ხელი-მეთქი. ასეც მოხდა. მოსკოვში გავიარე კონსულტაცია ცნობილ ასტროლოგთან და იქ გავიგე, რომ არსებობს კოსმიური მისია დედამიწაზე, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს. ასე რომ, ის ჩემი წინა ცხოვრება იყო დაკავშირებული მუსიკასთან, დროსტარებასთან და ვერ გავხდი ორგანიზებული, დისციპლინირებული. არ ვიზრუნე სულიერ განვითრებაზე და ამ ტაშფანდურის გამო, დავისაჯე დაავადებით.
– რომ არა ეს დაავადება, დღეს მუსიკოსი იქნებოდით?
– განგება გვაძლევს გაფრთხილებებს, როცა რამეს არასწორად ვაკეთებთ. ჩემი დაავადებაც გაფრთხილება იყო. მივხვდი შეცდომა დავუშვი და შევცვალე ცხოვრება. ასე რომ არ მომხდარიყო, მე ამქვეყნიდან წამიყვანდნენ და დღეს, მუსიკოსიც ვერ ვიქნებოდი (იცინის). თუ გაფრთხილების მერეც არ იცვლები, უბრალოდ, ტოვებ დედამიწას. ეს, ასტროლოგიაში ჩახედვის მერე გავარკვიე. ამის უამრავი მაგალითია – კარმული წლები ჰქვია, რომელსაც ყველა ადამიანი გადის. ჩემდა ბედად, ამას ყურადღება მივაქციე და დავიწყე სხვა ცხოვრება. წავედი მეცნიერებისკენ. დავიწყე იოგაზე სიარული. არავითარი ალკოჰოლი, თამბაქო და „გულიანკები“... სხვა, სულიერი სამყარო შევქმენი ჩემს გარშემო. სხვათა შორის, ინდოეთში ვიმოგზაურე და საინტერესო ადამიანებს შევხვდი. ამან გადაატრიალა ჩემი სამყარო და წამოვიდა საჩუქრები – სრულიად გამოვჯანმრთელდი, გამოჩნდნენ საინტერესო ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, ცნობადი გავხდი. ამან დამიდასტურა, რა შეუძლია ასტროლოგიას და კოსმიური მისიის შესრულებას დედამიწაზე. ეს გზა, მე გავიარე.