№21 ზაზა კაციტაძე – ახალგაზრდა პროფესიონალი ქართველი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამსახურში
გულ-სისხლძარღვთა ქირურგმა, აკადემიკოს ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზაზა კაციტაძემ ევროპის ისეთ ქვეყნებში მიიღო სამუშაო გამოცდილება, როგორებიცაა: შვეიცარია, ავსტრია, პოლონეთი და ესტონეთი. ის გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ევროპის კარდიოქირურგთა და ამერიკის გულისა და გულმკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრი, თუმცა, უსაზღვრო პროფესიონალიზმისა და არაერთი წოდების მიღმა, ზაზა კაციტაძე თავმდაბალი, თავის პროფესიაზე და პაციენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომელსაც დღის განმავლობაში, ხშირად რამდენიმე ოპერაციის შემდეგაც კი, შესწევს უნარი, სამუშაო კაბინეტის კართან მდგარი პაციენტების არმია მიიღოს და გულისყურით მოუსმინოს თითოეულ მათგანს. პროფესიულ სირთულეებზე, კარდიოქირურგიის დონეზე საქართველოში და ბევრ საინტერესო თემაზე თავად ზაზა კაციტაძე გვესაუბრა.
– ბატონო ზაზა, როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?
– მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მაქვს, ყოველთვის მინდოდა ექიმობა და თავიდანვე მქონდა განსაზღვრული, რომ კარდიოქირურგიაში უნდა მეცადა ბედი, რასაც, მახსოვს, ყველა ძალიან კრიტიკული თვალით უყურებდა, ვინაიდან იმ პერიოდში (80-იანი წლების დასასრულს) ეს სფერო საქართველოში ნაკლებად იყო განვითარებული და არც რამე პერსპექტივები იკვეთებოდა. მაგრამ, ვფიქრობ, როცა რაღაც გულით გინდა, აუცილებლად გამოვა და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
– მოგვიყევით თქვენს განათლებაზე და იმ გზაზე, რომელიც ბოხუას სახელობის ცენტრამდე გაიარეთ.
– 1993 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასპირანტურა კი, მოსკოვში, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიულ განყოფილებაში გავიარე, დავიცავი დისერტაცია და დავბრუნდი საქართველოში. მუშაობა დავიწყე „ჯო ენის“ კლინიკაში. მოგვიანებით კი, ავსტრიაში წავედი, სადაც ვმუშაობდი შეძენილი მანკების ქირურგიაში – მოზრდილებში. საქართველოში ერთი წლის თავზე დავბრუნდი და ამჯერად „ღია გულში“ გავაგრძელე ჩემი საქმიანობა, სადაც შვიდწლიანი პროგრამა მოქმედებდა, რაც კლინიკის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შვეიცარიელი კარდიოქირურგების ჩამოსვლას ითვალისწინებდა. 2008-2014 წლებში ვმუშაობდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2014 წლიდან კი, ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ.
– როგორ დაახასიათებთ ამ ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის მუშაობას?
– კარდიოქირურგიის ყველა სპექტრს მოვიცავთ, გარდა გულის გადანერგვისა, რაც ჯერჯერობით ქართულ რეალობაში არ კეთდება, თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და მზაობა: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვენმა გუნდმა მარცხენა პარკუჭის ხელოვნური დამხმარე მოწყობილობა გააკეთა. ამჟამად, გერმანელ კოლეგებთან ერთად ვგეგმავთ გულის დამხმარე მოწყობილობის იმპლანტაციის პროგრამის დაწყებას და ვფიქრობ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შევძლებთ, საქართველოში ხელოვნური გულის გამოყენება დავიწყოთ. ჩვენი კარდიოლოგიური სამსახური საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს – წელიწადში, დაახლოებით, 500-600 ოპერაციას ვაკეთებთ.
– პაციენტების ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს?
– ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, 84-85 წლის პაციენტებს ვუკეთებთ ოპერაციებს და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს. აქ ძალიან მკაცრად კონტროლდება პაციენტის უსაფრთხოება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა მათგანი ჯანმრთელი წავიდეს სახლში. ჩვენი გამოცდილება უმეტესად მომუშავე გულზე ქირურგიული ჩარევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კლინიკაში ერთად არის თავმოყრილი კარდიოქირურგიული და სისხლძარღვთა ქირურგიული გუნდი, უზარმაზარი გამოცდილებით. ჩვენ ხშირად გვიწევს ერთდროულად მუშაობა, მოკლედ რომ ვთქვათ, გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კარდიოქირურგებმა და სისხლძარღვთა ქირურგებმა ერთად ვიმუშაოთ.
ვცდილობთ, გუნდში იყოს ურთიერთჩანაცვლება, ჩვენი არყოფნის შემთხვევაში, განყოფილება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და მუშაობის ხარისხი, ამასთან, ოპერაციების სირთულე აბსოლუტურად იგივეა. არ შეიძლება, კლინიკა იყოს ერთ ადამიანზე დამოკიდებული, გვყავს საკმაოდ კარგი კარდიოქირურგები, რომლებიც დიდი წარმატებით უმკლავდებიან რთულ შემთხვევებს.
– უცხოელ კოლეგებთან რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ და თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს საქართველოში კარდიოქირურგია იმ დონეზე განვითარებული, რომ ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ არ წავიდნენ?
– უცხოელ კოლეგებთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთან ხშირად ჩამოდიან ჩვენი კოლეგები გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ასე შემდეგ. ერთობლივად ვატარებთ კონფერენციებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებებსა და თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციებს.
მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს უმეტეს კლინიკებში კარდიოქირურგია საკმაოდ მაღალ დონეზეა და ადრე თუ პაციენტები უცხოეთში მიდიოდნენ სამკურნალოდ, ახლა, პირიქით, მეზობელი ქვეყნებიდან დაიწყეს ჩამოსვლა. აღმოჩნდა, რომ მათ შედეგებს ჩვენი მნიშვნელოვნად უსწრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი ჩემი თაობის კარდიოქირურგების უმრავლესობამ განათლება ევროპაში მივიღეთ და ფეხდაფეხ მივყვებით მსოფლიო მედიცინის მიღწევებს.