№21 რატომ გახდა აუცილებელი მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის მიღება და რატომ აღმოჩნდა ის საზოგადოებისთვის სასაცილო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 4 მაისს მიღებული დადგენილების თანახმად, გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელი ხდება მიცვალებულის მჯდომარე პოზიციაში დაკრძალვა.
სანდრო სორდია (ზუგდიდის იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე): ეს არის სტანდარტი, რომელიც დადგენილების სახით, საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში აქვთ მიღებული. მათ შორის: ქუთაისს – 2011 წელს, თბილისს – 2014 წელს, გორს, თელავს. ახლა არასწორად მიაწოდეს მოსახლეობას ინფორმაცია. სათაური ასეთი იყო: „საკრებულომ დაადგინა მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი“, რაც დეზინფორმაციაა. უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესი, რომლის ერთ-ერთ პუნქტში შედის საგამონაკლისო შემთხვევები. იქ დადგენილია წესები, თუ რამდენი უნდა იყოს მიწაყრილი, საფლავის სიღრმე და არ ვიცი, ეს რატომ უნდა იყოს საქილიკო. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადამიანის დაკრძალვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვერ ხერხდება. ეს შეიძლება, იყოს ავტოსაგზაო შემთხვევის, კატასტროფის დროს მიღებული დაზიანებით გამოწვეული, რომლის დროსაც ადამიანის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასაფლავებისთვის საჭიროა, ხერხემლის მალების გადამტვრევა, ან მსგავსი უხეში ჩარევა და ეს გამონაკლისი ასეთი შემთხვევებისთვისაა საჭირო.
დავით რაზმაძე (გორის საკრებულოს თავმჯდომარე): ვიღაც უსაქმურმა, უზრდელმა ზუგდიდელმა ამოიღო ეს ჩანაწერი და მერე ამ თემას დანარჩენი უსაქმურებიც აყვნენ. ამ დებულებაში გათვალისწინებულია განსაკუთრებული შემთხვევები. მაგალითად, მუსლიმანებში არ არის მიღებული მიცვალებულის ძვლის გატეხვა და თუ ისე მოხდა, რომ მიცვალებული გაიყინა, ანუ გარდაცვალებიდან მალე ვერ მოხდა მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანა, რა ფორმითაც არის, ისე იკრძალება. რადგან ეს ტიპური დებულებაა, ყველა წვრილმანია გათვალისწინებული. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, როცა ეს დადგენილება მივიღეთ. ეს ნორმაა, რომელზეც ალბათ, პარლამენტმა იმუშავა და იუსტიციაში დაამუშავეს.
– მუსლიმებს აქვთ ასეთი წესიო, თქვით, მაგრამ თავად მუსლიმებმა განაცხადეს, რომ ასეთი წესი არ არსებობს.
– მუსლიმანებს არ აქვთ ძვლის გატეხვის წესი, რაც ჩვენთან პრობლემა არაა. ერთ-ერთმა მუსლიმანმა მომწერა: რატომ თქვით ეგ, ჩვენ მხოლოდ ეს გამონაკლისი გვაქვს: თუ ვინმე დაიკარგა, გარდაიცვალა და რამდენიმე დღე ცხედარი ვერ გაასწორეს, მერე გასასწორებლად ძვლის დამტვრევა არ შეიძლება, ამიტომ ხდება იმ ფორმით დაკრძალვა, რა ფორმაშიც არისო. არც მე მითქვამს, რომ ისინი ყოვეთვის ასე იქცევიან. მაგრამ ამათ პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეს, თითქოს მე ვამბობ, რომ მუსლიმები ყოველთვის ასე აკეთებენ. თავდაპირველად, ეს დებულება რომ ვნახეთ, ზოგს არ მოგვეწონა, ვიფიქრეთ, სალაპარაკო არ გამხდარიყო და ისიც ვთქვი, რომ საერთოდ ამოგვეღო, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში მუსლიმანებიც ცხოვრობენ. ერთ-ერთმა სასაფლაოს წარმომადგენელმა თქვა, რომ იმ დროს ხულოში ზუსტად ასე დაკრძალეს მამაკაცი და მერე შევიკავეთ თავი, თორემ ამაზე ჩვენთან, სერიოზული განხილვა მიდიოდა.
ზურაბ ვენეცკი (სასამართლო ექსპერტი): როგორც უნდა გადაცივდეს გვამი, ფორმას არ კარგავს. თუნდაც დაკარგოს, მერე მორგის პირობებში ლღვება და ჩვეულებრივ პოზას უბრუნდება. ასე რომ, ეს არასერიოზული თემაა. სიკვდილის შემდეგ მეტ-ნაკლებად ყველა გვამი შეშდება, მაგრამ ნებისმიერ გვამს შეიძლება მიაღებინო მწოლიარე მდგომარეობა. რა საჭიროა გადამტვრევა, ჩვენ სისტემაში გვამს ძვლებს არავინ უმტვრევს, ასეთი არაფერი გამიგია. რაც შეეხება კუზს, ამ შემთხვევაში მიცვალებული მოხრილია, მაგრამ არა მჯდომარე. ამ დროს კუბო, ალბათ, შედარებით უფრო დიდი იქნება. ჩასვენების დროსაც შეიძლება, მოიხაროს ადამიანი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მჯდომარე მდგომარეობაშია, ეს სიტყვა, ალბათ, შეცდომით გამოიტანეს.