კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ მოხვდა თამაზ მეჭიაური თიანეთიდან „ნატოში“ და რა ცდუნება დარჩა მას პარლამენტში

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

რამდენიმე თვეა თამაზ მეჭიაური დიდი პოლიტიკიდან სოფლის პოლიტიკაში გადაბარგდა და ხმაურიან ისტორიებსა და დავიდარაბასაც დააღწია თავი. მარტივად არც  თიანეთის მერის სავარძელი ერგო,  ეს ყველაფერი სამგზის დეპუტატს ექვსი ინსტანციის სასამართლო, იმპიჩმენტის საფრთხე და ბოლოს, სასამართლოს წინ კაპოტზე გაშლილი სუფრა „დაუჯდა“.  ეპატაჟითა და რეიტინგით გამორჩეულ დეპუტატს, რომელიც მუდამ საზოგადოების ეპიცენტრში იყო, დროდადრო პარლამენტის ტრიბუნის ნოსტალგია უტევს, მაგრამ „გამოსავალი“ აქაც მოძებნა –  ცდუნება, 7 წლის შემდეგ ახალი და უცხო როლი მოირგოს, არ იცის, სად მიიყვანს, მაგრამ საკუთარი იღბლის იმედი, რომელსაც თითქმის არ უმტყუნია, ნამდვილად აქვს. იქამდე, სანამ  ეს ამბავი მოხდება, თიანეთის მერი, რომელიც თბილისთან დაშორებას სულ არ შეუცვლია,  „ნატოში“ მოხვედრასა და სოფლის პოლიტიკის ინტრიგებზე ჩვეული გულწრფელობით და ხალისით საუბრობს.       
–  ბატონო თამაზ, რაც დიდი პოლიტიკიდან „მცირე ავიაციაში“ გადაბარგდით,  თითქმის აღარ ხვდებით ხმაურიან ისტორიებში და თქვენი ცხოვრებაც, ალბათ, დამშვიდდა. თიანეთიდან როგორ მოჩანს დიდი პოლიტიკის კულისები?    
– ჩემი ცხოვრება მშვიდი ვერასდროს გახდება – ხასიათი მაქვს ასეთი. მშვიდად არასდროს მიცხოვრია და ალბათ, ვერც ვიცხოვრებ.  არ გეგონოთ, რომ „მცირე ავიაციაში“ ნაკლები საფრთხეებია, ვიდრე „დიდ ავიაციაში“.  დიდ პოლიტიკაში პრობლემა ბევრია, მაგრამ  იქ ხალხის კონცენტრაციაც მეტია, მთავრობაც ახლოსაა და პასუხისმგებლობაც გუნდზე ნაწილდება. პერიფერიაში, პრაქტიკულად, შენზეა დამოკიდებული ბევრი რამ, ცოდვას ვერ ვიტყვი, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან, გუბერნიიდან ყურადღება და ჩართულობა მაკლია, მაგრამ მაინც შენ რჩები ყველაფრის პირისპირ,  მათ შორის იმ ხალხის წინ, ვინც ძირს გითხრიან. როცა დიდ პოლიტიკაში ვიყავი, უფრო ხშირად ვხვდებოდი დარტყმებში, მოვლენების ეპიცენტრში, მაგრამ არც აქ დაიწყო მარტივად ჩემი საქმეები. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო: ოპოზიციური საკრებულო – ბიუჯეტის დამტკიცებას ლამის ორი თვე დასჭირდა, ჯერ მარტო სასამართლოში გავიარეთ ექვსი ინსტანცია, ყველას ახსოვს, რაც  მაშინ თიანეთში ხდებოდა.
– თიანეთის მერის სავარძელი პარლამენტის სამგზის დეპუტატისთვის  ამ დავიდარაბად ღირდა?
–   ეს არ იყო ბრძოლა სავარძლისთვის,  ღირსებისა და პრინციპის საკითხი იყო, ჯერ ერთი, იმ ხალხს ხომ ვერ მივატოვებდი, ვინც გვერდით დამიდგა და ჩემ გამო რისკზე წავიდა;  ვერ შევატოვებდი მათ, ვინც  ყველა საშუალებით ცდილობდნენ არჩევნების შედეგის შეცვლას. ეს რომ გამეკეთებინა, არ ვიქნებოდი მართალი.  ინტრიგა არც სოფლის პოლიტიკას აქვს ნაკლები, თბილისში უფრო გამჭვირვალეა ყველაფერი, სადაც პროცესები გამჭვირვალეა, იქ ინტრიგა ნაკლებად მოქმედებს. აქ არაა ამდენი გამჭვირვალობა და საფრთხეც  მეტია.
– დალაგდა ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მთავარ „მოპაექრე“  ნათესავს შორის? თქვენი და ზაქარია ქუცნაშვილის ამბავი ხომ  რამდენიმე თვე   ნომერ პირველ თემად იყო  ქცეული.
– გამორიცხულია ჩვენ შორის რამე დალაგდეს. მე არავის მინდორზე არ გადავდივარ, იმას ვაკეთებ, რაც მევალება. ის კი სულ  ცდილობს, გადმოვიდეს აქეთ, ჩემს  მოედანზე, მტრობაც მისი მხრიდან მოდის. მე მისთვის არც კანონპროექტების წერაში შემიშლია ხელი და არც დაწერილი კანონპროექტები დამიხევია, ის იყო გადმოსული ჩემს მინდორზე. გადმოსულიც არ ერქვა, ის მართავდა ყველაფერს.
– თიანეთში ხშირად ჩამოდის?
–   იშვიათად,  ჩემთან ახლოს არ გამოჩენილა, ერთხელ შევხვდით დაკრძალვაზე, ისე, შორიდან. ჩამოვა ხოლმე, ვიღაცას გააქეზებს, ზღაპარს მოუყვება, რომ ჩემს იმპიჩმენტს მოახდენს. თავისი ჭკუით,  ჩახლართავს რაღაცას და წავა. ამაში დიდოსტატია. იცის ასეთები, ახლაც, აგერ, ახალი სახელი მოიფიქრა, ბიძინა ივანიშვილი შაქარიას მეძახისო. ერთხელ არ გამიგია, ბიძინას მაგისთვის შაქარია დაეძახოს, ეტყობა, საიდუმლოდ „მონათლა“. უფრო მგონია, რომ თვითონ იბრალებს. ერთი კაცი ვერ ვნახე, ვისაც ენახოს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შაქარიას ეძახის მოფერებით. ეტყობა, ახალი  მეტსახელი მოუნდა ძველის გადასაფარად და სასიამოვნო სახელი მოიგონა.
–  თქვენ არ შეგირჩიეს თიანეთელებმა ახალი  მეტსახელი?   
–  არა მგონია, რამეს მეძახდნენ, ასე რომ იყოს, გავიგებდი, ადრე, ახალგაზრდობაში ჩემს გვარს მეძახდნენ შემოკლებით. 25 წელია, რაც სახეზე შრამი მაქვს, თავიდან ჟოფრეი ხარო, ხუმრობით მეუბნებოდნენ, მერე ესეც დაივიწყეს. ამ მესამე მოწვევის პარლამენტში იყო მეტსახელის მოგონების ერთი-ორი მცდელობა, მაგრამ მცდელობადვე დარჩა. როცა ბოლო წლებზე ვფიქრობ, მგონია, რომ ამ პარლამენტში საჭირო ვიყავი. სამი მოწვევის დეპუტატი ვარ, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი ეს ბოლო აღმოჩნდა – ხისტი და პირდაპირი ვიყავი და ვარ, ძალიან კარგად ვიცოდი, რისი თქმა სჯობდა, მაგრამ არ ვაკეთებდი. ეს რომ მექნა, ახლაც იქ ვიქნებოდი – არც რეიტინგი მაკლდა და არც თანამდებობა.  ახლა ხანდახან ტრიბუნა მაკლია ხოლმე, დიდი ტრიბუნა,  თორემ პატარა კი მაქვს თიანეთში და ვცდილობ, იმ ტრიბუნასთან ნაკლებად გამოვჩნდე.    
– „მცირე ავიაცია“ ეძახეთ და ამას წინათ გავიგე, რომ პირდაპირ თიანეთიდან მოხვედრილხართ „ნატოში“, რასაც დიდ პოლიტიკაში ყოფნის დროს ვერ ეღირსეთ. ეს როგორ მოხდა? როგორ მოხვდით თიანეთის მერი „ნატოს“ შტაბ-ბინაში?
–  ამერიკის საელჩომ მიმიწვია. ეს პროექტი მათი დაფინანსებით  განხორციელდა. იქ იყვნენ სტუმრები ამერიკიდან, შვედეთიდან, ლიტვიდან.  „ნატოს“ ბევრი მაღალჩინოსანი იყო ჩამოსული. ქართულ  ჯგუფში  რვა კაცი ვიყავით, შვიდი  სხვადასხვა საკრებულოდან, მერი მარტო მე ვიყავი. დავინტერესდი და ვიკითხე, მე ამ სიაში რატომ და როგორ მოვხვდი-მეთქი.  ნახევრად ხუმრობით მითხრეს, არც ერთ მერს არ ეპარება ეჭვი საქართველოს „ნატოში“ შესვლაში, ერთადერთი თქვენ უყურებთ ამას სკეპტიკურადო. რა იციან, რომ პარლამენტშიც და  ზოგადად, ქართულ პოლიტიკაშიც, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ჩემსავით ფიქრობს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ხომ მოდაში არ არის. თუ არ იტყვი, რომ „ნატოში“ შევდივართ, პარლამენტში ვერ მოხვდები – გბლოკავენ. იქ ბევრი ვიცი, არ სჯერათ ჩვენი „ნატოში“ მიღების, მაგრამ  მაინც ამბობენ ასე, რომ პრობლემები არ შეიქმნან.  
– „გადაგიბირეს“ „ნატოს“ მაღალჩინოსნებმა თუ ძველ პოლიტიკურ პლატფორმაზე რჩებით?
–  არა, რა გადამიბირეს. ისეთი ჯიუტი კაციც არ ვარ დამიმტკიცონ, რომ  ეს რეალობას შეეფერება და დავიჯერებ. მგონი, თვითონაც არ სჯერათ, მაგრამ რას იტყვიან. მეხუთე მუხლია ის მნიშვნელოვანი, რისთვისაც ღირს „ნატოში“ შესვლა, კოლექტიურ უსაფრთხოებას ვგულისხმობ, რაც საომარ ვითარებაში „ნატოს“ წევრი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერას ავალდებულებს. როგორ წარმოგიდგენიათ, გერმანია და ამერიკა ჩვენ გამო რუსეთს დაუწყებენ ომს? არ ვიომებთ, მაგრამ მოგეხმარებით, რომ გაძლიერდეთო, იარაღითაც მოგეხმარებით და გაგწვრთვნითო, რომ გვეუბნებიან,  ეს 3-4  მილიონი, სულ ყველა დიდიან-პატარიანად რომ ჯარისკაცები გავხდეთ,  სულ ნინძებად  რომ  გვაქციონ, რუსებს დავამარცხებთ? რა ვქნა, მე არ მჯერა და ვისაც სჯერა, სჯეროდეს.  
– საგარეო კურსი  იქით იყოს და მერის  მთავარ საქმეებზე გკითხავთ – თიანეთში ხვნა-თესვის და სხვა სამეურნეო საქმეები ხომ კარგად მიდის,  დღეს ეს არის  თქვენი პოლიტიკა და კიდევ ერთ  გახმაურებულ საქმეზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია,  დააკმაყოფილეთ  თქვენი  თანამშრომლების პრეტენზიები – თამაზ მეჭიაურმა  ზამთარი უშეშოდ გაგვატარებინა და  გაგვყინაო, სახალხო დამცველთან რომ  ჩიოდნენ.  
–  მარტო ხვნა-თესვა რატომ, ათასი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს – გზა, წყალი, კიდევ ბევრი, რომლებსაც ვახორციელებთ. ამ შეშის ამბავს რაც შეეხება, ზაქრომ მოიგონა, იცით, როგორ იყო ეგ საქმე? მე ნოემბერში მივედი მერიაში. არ იცოდნენ, ზამთარი რომ მოდიოდა? ოქტომბერში ისეთი თოვლი მოვიდა, მოძრაობა იყო გაჩერებული. მთაში შეშას ზაფხულში იმარაგებენ და სად იყვნენ ნოემბრამდე, მე უნდა დამლოდებოდნენ? არ იცოდნენ, რომ ზამთარი არ იყო ამოღებული 2017 წელს კალენდრიდან?  თან, ისეთ   შენობებში  მთხოვდნენ, კაცო, საბუხრეებიც რომ არ ჰქონდათ, დენის  პლიტებით თბებოდნენ და ჩიოდნენ, შეშა არ გვაქვსო. შეშა რად უნდოდათ უბუხრო შენობაში?  იმის მაგივრად, რომ ჩემთან მოსულიყვნენ ამ პრობლემით, და ეცნობებინათ, რასაც კანონი ავალდებულებთ, სახალხო დამცველის ოფისში გაიქცნენ, იძულებული გავხდი, ჩემი რეპუტაციის შელახვისთვის თანამშრომლები გავათავისუფლო, კანონში მიწერია პირდაპირ.  
– თიანეთში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ?
– არა, ვერ ვიქირავე, ვერ ვიშოვე სახლი,  ეტყობა, ერიდებათ ქირის გამორთმევა. ვისაც არ ერიდება, პირობები არა აქვს, უფრო დედაჩემთან გავდივარ ხოლმე. როცა იქ ვარ, ის ზრუნავს ჩემზე, ახლობლებიც ბევრნი არიან. ზოგჯერ  თბილისში ჩამოვდივარ, სახლი მაქვს დაგირავებული. მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. თიანეთში ცხოვრება არ მიჭირს, იქ ვარ დაბადებული და  გაზრდილი, 13 წელი იქ ვიცხოვრე, მერე წამოვედი თბილისში. შიგადაშიგ მიწევდა თიანეთში ცხოვრება, პრეფექტის პირველი მოადგილეც ვიყავი   ახალგაზრდობაში, რაიკავშირის თავმჯდომარეც. იმ პერიოდში სულ იქ მიწევდა ყოფნა.  რა უნდა სოფლის ცხოვრებას, ახლა ბარვა და თოხნა გამომდის-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი რაღაც-რაღაცები.  სოფელში ადრე უნდა ადგე და გვიანობამდე იშრომო, არავინ დროს არ გიკონტროლებს, ისე უნდა გააკეთო, საქმე არ გაგიფუჭდეს, რომც გინდოდეს, 2-3 საათამდე ვერ დაიძინებ. მე კაბინეტში ყოფნა არც მიყვარს, ტერიტორიაზე გასვლა-გამოსვლა მირჩევნია.
– და  მანქანის კაპოტზე გაშლილი სუფრა. ეს  ამბავი უნდა გკითხოთ, კვლავ  აქტუალურია კაპოტი თქვენს  ყოველდღიურ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ნათესავმა ქუცნაშვილმა გაგიხმაურათ?  
– კაპოტი საქმიანი კაცის სამუშაო მაგიდაა, სხვანაირად აიგდეს ეს ამბავი, თორემ  მარტო ვისკის დალევა ხომ არაა, კაპოტზე  ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის მომიწერია ხელი. სხვათა შორის, ამას წინათ, თურქი სტუმრები მყავდა, სურათები გამომიგზავნეს თურქეთიდან, იქ გადაიტანეს ეს წესი და მანქანის კაპოტზე ჩაის სვამდნენ. საქმიან კაცს სად სცალია იმისთვის, სადილზე სახლში გაიქცეს, დრო დაკარგოს. მე მიყვარს ჩვეულებრივ ხალხთან გაჩერება, საუბარი, მანქანაში ყოველთვის მაქვს ხოლმე კონიაკი ან რამე,  რაც ჩემს თურქ სტუმრებსაც ერგოთ. ეტყობა მოეწონათ და თვითონაც მომბაძეს. ზაქარიას რა გაუკვირდა, რომ გააშარჟა ეს ამბავი, მაგასაც უქეიფია ჩემი მანქანის კაპოტზე. უბრალოდ, ვითომ  აღარ ახსოვს.  იმდენი იძახა არჩევნების წინ, წავიდა კაპოტზე მოქეიფე ხალხის ამბავიო, რომ მოგებული სასამართლოს მერე, იქვე „შევუსრულე“.
– „მცირე ავიაციიდან“ დიდი პოლიტიკა უცნაურად ხომ არ  მოჩანს – აქ რაც არ ხართ, საინტერესო ინიციატივები ისმის  პარლამენტში თქვენი ყოფილი კოლეგებისგან,  ჭარბი წონის რეგულაცია, სიგარეტის აკრძალვა, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ...
– მე მაგ რეგულაციებში არ მოვყევი, 7 წელია, სიგარეტს თავი დავანებე, 40-წლიანი სტაჟი მქონდა, ასე რომ, ქალბატონი გუგულის კანონი მე არ შემეხო. ჭარბი წონა რომ არ მაწუხებს, ესეც იცით. თიანეთი მთლად მაგ რეგულაციებით ნამდვილად არ ცხოვრობს, მსუქნებს და ჭარბწონიანებსაც კარგად  ვიტანთ. ყველა ერთ ყალიბში ჩამოსხმული ხომ არ იქნება. ჩემს კოლეგას ვერ დავემდურები, ალბათ, ასე იყო საჭირო, ამ თემის წამოწევა და წამოსწიეს.  ყველაფერს თავისი დრო აქვს.   მე ისეთი იღბლიანი კაცი ვარ, მგონია, რომ „დიდ ავიაციაში“ კიდევ დავბრუნდები. ერთ რამეს ვუმიზნებ – მინდა, რომ პარლამენტის სხდომა უხუცესის რანგში  გავხსნა,  70 წლის მაინც უნდა ვიყო. ჯერ 63 წლის ვარ. ასე რომ, ხანდახან ეს ინტრიგა და ცდუნება მიჩნდება ხოლმე, ვნახოთ, 7 წლის მერე  რა იქნება, არაფერსაც არ გამოვრიცხავ (იცინის).
скачать dle 11.3