№21 საპატარძლო – „პოსლეზე“
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გუგული მგელაძე ერთ-ერთი თავისი მეგობრის მეჯვარე იყო. ქორწილის დღეა. ახალგაზრდები ელეგანტურად გამოეწყვნენ და მაყრიონთან ერთად „ქალის წამოსაყვანად“ გაემართნენ ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში, საბურთალოზე. ბატონი გუგული იხსენებდა: „კორპუსთან დიდი „პიპინ-სიგნალებით“ მივგრიალდით და ყველას გავაგებინეთ, რომ მოვედით. სადარბაზოსთან დამხვდურების ჯგუფი იდგა, რომელიც ქალის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდა. მე და ჩემმა მეგობარმა (სიძემ) ორას-ორასი მანეთი დავტოვეთ ქვევით (მთელი ფული, რაც გაგვაჩნდა) და მხოლოდ ამის მერე აგვიყვანეს მეცხრე სართულზე. შეგვიყვანეს ბინაში, სადაც საქორწილოდ გამოწყობილი პატარძალი იმყოფებოდა და გვითხრეს, წაიყვანეთო.
– ეს ჩემი საცოლე არაა... – ამოღერღა ჩემმა მეგობარმა, როდესაც ქალი შეათვალიერა. პატარძალიც კოპებშეკრული უმზერდა დაუპატიჟებელ სიძეს.
საქმე კი ის იყო, რომ იმ დღეს იმ კორპუსიდან ორი საპატარძლო უნდა წაეყვანათ. ჩვენი უფრო ზემოთ ცხოვრობდა – მეთერთმეტეზე. დამხვდურები კი სხვა ქორწილისა იყვნენ. აბა, ფულს ვინღა დაგვიბრუნებდა ან ვინ დაიწყებდა ამაზე „ჩალიჩს“... რა გაეწყობოდა, ორი სართულით ზემოთ ავიწიეთ და ჩვენი პატარძალი ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე, „პოსლეზე“ წამოვიყვანეთ“.