№21 როგორი პრივილეგიებით სარგებლობდნენ ქართველები მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილ იერუსალიმში და რა შეღავათი ჰქონდათ ჯვაროსნებს საქართველოს სიძლიერით
მეთორმეტე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში არაერთი დიდი მბრძანებელი მოღვაწეობდა – მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ევროპელი მეფე-მთავრები: საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპე მეორე ოგიუსტი (ავგუსტი), ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ მეხუთე, ინგლისის მეფე რიჩარდ პირველი ლომგული. რომის პაპები, ცნობილი კარდინალები... ასევე, ჯვაროსნების მტერი, ეგვიპტისა და სირიის სულთანი იუსუფ იბნ აიუბი (სალადინი) და სხვები.
ეგვიპტის სასულთნოსთან თამარ მეფის კარს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგში კი – მეტოქეობაც.
სალადინის მამა აიუბი ბაალბეკის მმართველი ყოფილა. იუსუფმა დამასკოში კარგი განათლება მიიღო. დამასკოს მმართველ ნურ ად-დინთან მსახურობდნენ მისი ნათესავები. ნურ ად-დინი ჯვაროსნებს ებრძოდა. მისი დამსახურებით ვერ დაიკავეს ჯვაროსნებმა დამასკო..
სუნიზმის თავდადებული მიმდევარი, კარგი მეომარი და ნიჭიერი სარდალი სალადინი დაწინაურდა და ეგვიპტის ვეზირი გახდა. ნურ ად-დინის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში ძალაუფლება სალადინმა ჩაიგდო ხელში. მერე კი, შემოიერთა სირია, მესოპოტამიის მნიშვნელოვანი ნაწილი და 1174 წელს თავი სულთნად გამოაცხადა.
იერუსალიმის ახალ მეფეს, გი დე ლუზინიანს, ჰყავდა მეგობარი, რენო დე შატიიონი, რომელიც მაჰმადიანურ სამყაროში ისლამის მიმდევართა მოძულედ ითვლებოდა. იგი თავს ესხმოდა მაჰმადიანთა ქარავნებს, ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს. ერთხელაც, რენო დე შატიიონმა დაარბია არაბული ქარავნები და ტყვეები აიყვანა. სალადინმა მოითხოვა მათი გათავისუფლება, მაგრამ, ტყვეები არ გაათავისუფლეს.
სალადინის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია პალესტინას მიადგა. მძიმედ შეიარაღებული კავალერიის შეტევაზე გადასვლის წინ მისი მეისრეები მტერს დიდ ისრებს უშენდნენ. შემდეგ, ასევე, მშვილდ-ისრით შეიარაღებული კავალერია გადადიოდა შეტევაზე. მერე მძიმე კავალერია ერთვებოდა საქმეში შუბებითა და ხმლებით. მათ დახმარებას უწევდნენ ქვეითთა ნაწილები.
მთავარი კი ის არის, რომ სალადინმა მოახერხა და ჯვაროსნები ბრძოლის წინ დააზიანა. დაბანაკდა ჰატინის უდაბნოსთან, ისეთ ადგილას, სადაც წყალი ცოტა იყო და ჯვაროსნებს ყველა წყარო მოუწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.
მაჰმადიანებმა გაიმარჯვეს დეზორგანიზებულ ჯვაროსნების ჯარზე. იერუსალიმის მეფე გი დე ლუზინიანი, ტამპლიერთა დიდი მაგისტრი ჟერარ დე რიდფორდი, რენო დე შატიიონი და სხვა სარდლები ტყვედ აიყვანეს. 17 000 ჯვაროსანი დაეცა ამ ბრძოლაში. სალადინმა დაიკავა ქალაქი აკრა და პალესტინის ნაწილი. შატიიონი სულთანმა მოაკვლევინა. იერუსალიმის მეფე კი, დამასკოში გააგზავნა ტყვედ (თუმცა მერე გამოუშვა).
ჰატინის ბრძოლაში სალადინს ხელში ჩაუვარდა წმიდა ჯვარი, რომელიც ერთ-ერთი ნაწილი იყო ქრისტეს ჯვრისგან გაკეთებულ ჯვრებს შორის და ინახებოდა იერუსალიმის მეფესთან. იერუსალიმის მეფეები მას ბრძოლებში მიაბრძანებდნენ ხოლმე.
სალადინი მიადგა იერუსალიმს. 14 დღე იერუსალიმის მოსახლეობა გმირულად იბრძოდა, მაგრამ ძალები ელეოდათ. ბოლოს სალადინმა იერუსალიმელებს სიცოცხლის შენარჩუნების ფასად დანებება შესთავაზა. 1187 წლის 2 ოქტომბერს მაჰმადიანებმა დაიკავეს იერუსალიმი. მართლაც, ხოცვა-ჟლეტვა არ მოხდა, როგორც 1099 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. ზოგი წერს, იერუსალიმის ქუჩები სისხლის ნაცვლად სალადინმა ვარდის წყლით მოარეცხვინაო. სინამდვილეში, მან მეჩეთები „გააწმენდინა“ ამგვარად. სიცოცხლის შენარჩუნების ფასად სალადინმა საკმაო ფული აიღო ქრისტიანებისგან. თუმცა, ფაქტია, 1099 წელი არ განმეორდა. აღდგომის ტაძრის გარდა ყველა ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს.
იერუსალიმის ბედის გამო ძალიან ღელავდა პაპი ურბან მესამე, რომელიც მალე გარდაიცვალა. ახალი პაპი, გრიგოლ მერვე შეურიგდა ევროპელ მონარქებს, შეარიგა ისინი ერთმანეთთან, ქალაქ-სახელმწიფოებთან და ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. წმიდა მიწისკენ დაიძრა გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა. ამბობენ, ფრიდრიხ ბარბაროსას სურდა თავისი ერთ-ერთი ვაჟი თამარ მეფეზე დაექორწინებინაო.
ფრიდრიხ ბარბაროსამ საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა.
წმიდა მიწისკენ დაიძრნენ ინგლისის მეფე რიჩარდ პირველი ლომგული, საფრანგეთის მეფე ფილიპე მეორე ოგიუსტი, ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ მეხუთე და სხვა მთავრები. დაიწყო ბრძოლები. ჯვაროსნები წარმატებებს აღწევდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის მეფე.
1187 წელს, იერუსალიმის სალადინის მიერ დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმის სამეფოს არ შეუწყვეტია არსებობა. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტისა და ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ხელმძღვანელობით, ქალაქი აკრი, თითქმის ორწლიანი ალყის შედეგად წაართვეს სალადინის ჯარებს. ეს კარგი პლაცდარმი იქნებოდა მომავალი შეტევისთვის. ჯვაროსნებმა კარგად გაამაგრეს აკრი და იერუსალიმის სამეფოს პოლიტიკურმა და რელიგიურმა ცენტრმა იქ გადაინაცვლა. ქალაქი აკრი მდებარეობდა ისრაელის დასავლეთ გალილეაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე.
რიჩარდ ლომგულმა, თავისი მძიმედ შეიარაღებული რაინდებით, შეძლო წარმატების მიღწევა სალადინთან ბრძოლაში და დიდი ზარალიც განაცდევინა მაჰმადიანების არმიას. სალადინი ბრძოლის გაჭიანურებას ცდილობდა. რიჩარდ ლომგული კი, იძულებული გახდა ინგლისში დაბრუნებულიყო – მისი ძმა ღალატს გეგმავდა და ტახტის დაკავებას აპირებდა. 1192 წელს, მისი წასვლის წინ, ჯვაროსნებსა და სალადინს შორის ზავი დაიდო: იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, ცენტრით – ქალაქი აკრა, მაგრამ ქალაქი იერუსალიმი სალადინმა შეინარჩუნა. ქრისტიანები, ზავის პირობებით, იერუსალიმისა და სხვა წმიდა ადგილების მომლოცველობის დროს ხელუხლებლობის გარანტიას იღებდნენ. ვაჭრებს შეეძლოთ, მშვიდობიანად ევაჭრათ და ემოგზაურათ.
ცოტა ხნით ადრე, სალადინთან დიპლომატიური ურთიერთობით წარმატებას მიაღწია თამარ მეფემ და ქართველებს იერუსალიმში გარკვეული შეღავათები მიეცათ. ეს ტრადიცია მერეც გაგრძელდა. წმიდა ჯვრის გამოხსნა ბევრმა სცადა. თამარ მეფემ სალადინს უზარმაზარი გამოსასყიდი შესთავაზა ჯვრის დაბრუნებაში, მაგრამ უარი მიიღო.
ისტორიკოს ბეჰა ალ-დინის ცნობით, 1192 წელს ჩვენს სამეფო კარს კვლავ გაუგზავნია ელჩი სალადინისთვის: „საქართველოს მოციქული ეახლა სულთანს, რათა გამოეცხადებინა ვრცელი საჩივარი იერუსალიმსა და მის სანახებში ქართველების კუთვნილი მიწებისა და მონასტრების თაობაზე. იგი ჩიოდა, რომ ქართველებს წაართვეს მონასტრები და მიწები და ითხოვდა მათ დაბრუნებას“. როგორც ვთქვით, თამარის მიერ სალადინისთვის მიცემულ თავდაუსხმელობის პაქტს და ქართული დიპლომატიის მცდელობას შედეგი მოჰყოლია. ქართული სახელმწიფოს სიძლიერე ხელს აძლევდა ჯვაროსნებსაც, რადგან საქართველოს მეზობელი მაჰმადიანები სალადინს ვერ დაეხმარებოდნენ.
არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ მაჰმადიანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმში ქართველებს გარკვეული შეღავათები ჰქონდათ. მემატიანე ჟაკ დე ვიტრის, რომელიც 1216 წელს აკრის ლათინთა ეპისკოპოსი გახდა აქვს ძალიან საინტერესო ცნობა იერუსალიმში ქართველების უფლებების შესახებ, რომელიც, მაშინ, მაჰმადიანთა ხელში იყო. დე ვიტრი წერს:
„მაშინ, როცა ქრისტიანთა უმრავლესობა დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა იერუსალემში შესვლასა და ცხოვრებაზე, ქართველებს შეეძლოთ თავისუფლად ემოძრავათ და ეცხოვრათ. ქართველები ცხენზე ამხედრებულნი, გაშლილი დროშით შედიოდნენ იერუსალემში და მათ არ მოეთხოვებოდათ იმ ბაჟის გადახდა, რაც ყველა სხვა ქრისტიანისათვის სავალდებულო იყო“.
რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და უნიჭიერესი პოლიტიკური ფიგურების მოღვაწეობის დროს მოუწია მეფობა ჩვენს სათაყვანებელ თამარს. დიდი მეფე-სარდლების ფონზეც კი, განსაკუთრებით ბრწყინავს დაუმარცხებელი მეფე-ქალის სახელი – იმ დროისთვის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელმაც უბრძოლველად მიაღწია იმას, რაც მრავალი გამარჯვების ფასად ძლივს შეძლეს რიჩარდ ლომგულმა და სხვა ევროპელებმა.