№21 ქმარი არ მიყვარს, მაგრამ იძულებული ვარ, მის გვერდით ვიცხოვრო
ბევრი ქალი თხოვდება უსიყვარულოდ, მაგრამ მერე ეჩვევა ოჯახურ ცხოვრებას და მიჰყვება დინებას. ვფიქრობდი, მე ხომ არ ვარ გამონაკლისი-მეთქი, მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებ ისეთი ადამიანის გვერიდთ ყოფნას, ვინც არ მიყვარს. უფრო ზუსტად – მეზიზღება. იმის გამო, რომ მუშაობს და მაჭმევს, თურმე, მადლობელი უნდა ვიყო. არც კი ვიცი, რა არის სითბო და ალერსი. მხოლოდ იმას გაიძახის, ოჯახში მე ვარ უფროსი და უნდა მემორჩილებოდეთო. ოცი წელია, მისი ცოლი ვარ და ერთი ყვავილიც კი არ უჩუქებია. თუ რაიმეს ყიდვა მინდა, თვეობით უნდა ვეღრიჭინო, ვიტირო, ვიკვნესო და მერე, ან მაღირსებს და ან არა. შვილებსაც ისე ეშინიათ მისი, ვერაფერს სთხოვენ. ვიცი, საყვარელი ჰყავს და თან ჰყვება, შვილსაც უზრდის და არც არაფერს აკლებს. სულ იმას ვფიქრობ, ნეტავ გამშორდეს, იმასთან წავიდეს და დავისვენო-მეთქი, მაგრამ არა! მასთან მიდის სამსახურის მერე, ისიამოვნებს, განიტვირთება და სახლში დასაძინებლად მოეთრევა. ისიც უნდა, ცოლ-შვილი ჰყავდეს, საზოგადოებისა და სანათესაოს თვალში მაგარი კაცის სახელი ჰქონდეს და არც საყვარელთან გართობას იკლებს. მშურს ჩემი მეგობრების, ისეთი დამოკიდეულება აქვთ ქმრებს ცოლებთან, ისე ზრუნავენ და უვლიან ოჯახს, ხანდახან ვიტყვი ხოლმე, ნეტავ ასეთი რა დავუშავე ღმერთს, ან მე რატომ მსჯის, ან ჩემს შვილებს რატომ მისცა ასეთი მამა-მეთქი. ამას წინათ, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა 19 წლის ბიჭს, სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. დამირეკა: დედა, მეგობარ გოგოს ამოვიყვან სახლშიო და რასაკვირველია, დავთანხმდი. ისხდნენ მისაღებ ოთახში, მუსიკას უსმენდნენ და საუბრობდნენ, მე სამზარეულოში ვიყავი, რომ არ მორიდებოდათ. მობრძანდა მამამისი და რომ შეიხედა ოთახში, გაიღიმა და დამცინავი ტონით უთხრა: ვა, მამა უკვე გოგოშკები ამოგყავს სახლში, დავაჟკაცდიო? სირცხვილით სად გავქცეულიყავი, არ ვიცოდი. მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი, მერჩივნა. გიგამაც ვერაფრრი უპასუხა, იმ გოგოსი შერცხვა და თავი შეიკავა. იცის, რამე რომ ეთქვა, უარესს ეტყოდა. თუ ნათესავმა დაგვპატიჟა და წავედით, სულ მამცირებს, მაგინებს, უაზროდ მომდებს შარს და მეჩხუბება. თუ დალია, ხომ მტრისას! უკანასკნელ, ქუჩის ქალს არ ეუბნებიან, ისეთი სიტყვებით მლანძღავს. პატრონი არ მყავს, თორემ ამ არაკაცთან ერთი დღეც არ გამაჩერებდა. ჩემს დედამთილზე ვერაფერს ვიტყვი, სულ ჩემს მხარეს იჭერს, ეჩხუბება თავის შვილს, მაგრამ იმასაც კარგად ლანძღავს და აგინებს. მიხარია ხოლმე მისი სოფლიდან ჩამოსვლა, მაგრამ უკან ისეთი დათრგუნული მიდის, გული მწყდება და ლამის მეც მას გავყვე. პატარა ასაკში გავთხოვდი და ნამდვილად შვილივით მიმიღო, ახლაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს და ხშირად უთქვამს, რა ვქნა, შვილო, არ ვიცი, ვის ჰგავს, არც მამამისი ყოფილა ეგეთი და არც მე ვარ. სამშობიაროში ხომ არ შემიცვალეს ნეტავო. ერთადერთი, რაც ცხოვრების აზრს არ მიკარგავს, ჩემი შვილებია. მათ გამო არ ვიკლავ თავს და ვცოცხლობ. მე რომ თავს რამე ავუტეხო, მამამისის ხელში ვერ დავტოვებ. ახლა, ასე თუ ისე, ყველა დარტყმას თუ შეურაცხყოფას ჩემს თავზე ვიღებ და ვცდილობ, შვილებს ავარიდო. მაგრამ, როდემდე გავუძლებ, არ ვიცი.
მანჩო, 38 წლის.