№21 კითხვა-პასუხი
კითხვა: წლის ნებისმიერ სეზონზე ვიყენებ რუჟს. პუდრი რუჟიც ვცადე, კრემოვანიც, მაგრამ შედეგი არ მომწონს. მაინტერესებს, რისი ბრალია? იქნებ, სწორად ვერ ვარჩევ?
პასუხი: რუჟი ლოყებსა და ღაწვებზე, ბუნებრივი ფერის მისაღებად გამოიყენება. არსებობს პუდრი რუჟი, თხევადი, კრემოვანი და სტიკი. პუდრი რუჟი კარგია ჩვეულებრივი სახის კანისთვის. დაპრესილი რუჟი უფრო ბუნებრივად გამოიყურება და მისი წასმა უფრო ადვილია, თან, კანის ცხიმსაც ადვილად იწოვს. თუმცა, პუდრი რუჟი თხევადზე ნაკლებ ხანს ძლებს და შეიძლება, ოდნავ ფერიც კი შეიცვალოს, როდესაც კანს კარგად გაუჯდება. თხევადი რუჟი სხვადასხვა ფორმით გვხვდება და კარგია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. ასეთი რუჟი უფრო დიდხანს ძლებს და ფერსაც შედარებით ხანგრძლივად ინარჩუნებს. სამწუხაროდ, მას ნაკლებად ბუნებრივი ეფექტი აქვს და კანზე ოდნავ რთულადაც ნაწილდება. კრემოვანი რუჟი მშრალი კანისთვის იდეალური პროდუქტია, რომელიც კანს კიდევ უფრო დაატენიანებს და ახალგაზრდულ მბზინვარებას შესძენს. სტიკის კრემოვანი ტექსტურა ადვილად ნაწილდება ღაწვებზე და შესანიშნავ ეფექტს ანიჭებს სახეს.
კითხვა: მინდა, შავი ფანქრის მაგივრად, გაზაფულზე ოქროსფერი ან ბრონზის თვალის ფანქარი წავისვა. მირჩიეთ, როგორ შევარჩიო, რომ მომიხდეს?
პასუხი: გაითვალისწინეთ, რომ ბრონზის ან ოქროსფერი თვალის ფანქარი, ღია ტონალობის ადამიანებზე, დაღლილის ეფექტს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს, ვერცხლისფერს, თბილი ტონალობის ადამიანებზე. სანამ თვალის ფანქარს შეარჩევთ, აუცილებლად, გაარკვიეთ თქვენი კანის ტონალობა.
მოამზადა
ნონა დათეშიძემ