№21 ცაცხვი – გამოიყენეთ სეზონის საუკეთესო მკურნალი
ცაცხვის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ჰესპერიდინს, ტილიაცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი. ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით – როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის, ჰიპერტონიული დაავადების დროს.
ცაცხვი უამრავი სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მცენარეა. სწორედ ამიტომ, ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში, ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ცაცხვის ქერქი შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ. პრეპარატები, რომლებსაც ცაცხვის ყვავილისაგან ამზადებენ, გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედებით, აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს აქვთ, აგრეთვე, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და ბაქტერიოციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის, გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებებისას; პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად – გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს. ცაცხვის ყვავილების ნაყენი, ეგრეთ წოდებული, ცაცხვის ჩაი, სასიამოვნო არომატითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სასმელია. ჩაი ძილის წინ ცხელი უნდა მიირთვათ.
სამკურნალოა ცაცხვის ფოთოლიც. წინათ, თავის ტკივილის დროს მას კომპრესის სახით თავზე იფენდნენ.
ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს, რომელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისგან. ნაცრით მკურნალობენ კვებით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს. თურმე, ამ ნაცარს აქვს უნიკალური თვისება – ის თავის მოცულობაზე 90-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებას იზიდავს, მიიერთებს და ბოჭავს. ამის გამო ცაცხვის ნაცარი ინტენსიური მეცნიერული კვლევის საგანია.
ცაცხვისაგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურნალობენ ეგზემას. მას კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს.
თანამედროვე მედიცინა ცაცხვის ნაცარს მოწამვლის დროს ტოქსინების აბსორბციისთვის იყენებს. წვრილად დაქუცმაცებული ცაცხვის ტოტებით ან მათი ნაცრით მკურნალობენ კვებით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს.
ცაცხვის ყვავილის ნახარში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხსნის სპაზმებს, გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, ისე დიარეის დროს:
4 სადილის კოვზ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ, შეაგრილეთ, გადაწურეთ. სვით ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნახარში 2-3-ჯერ დღეში.
ჰომეოპათები ცაცხვის ყვავილის ნახარშს უნიშნავენ ცენტრალური ნერვული სისტემისა და შაკიკის დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას:
1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და სვით 100-150 მილილიტრი თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.
გაციების დროს 2 სადილის კოვზ ყვავილს შემდეგნაირად ამზადებენ: ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს.
თირკმელების, ღვიძილსა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში.
ცაცხვის ყვავილი, სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, სამკურნალო ნაყენების დასამზადებლად გამოიყენება. აღნიშნული ნაყენები რეკომენდებულია რევმატული და პოდაგრული გენეზის სახსრების ტკივილის გასაყუჩებლად, ჰემოროიდული კვანძების ანთების ჩასაცხრობად, ჭრილობების მოსაშუშებლად. ცაცხვის ყვავილების (როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან კომპლექსში) ნაყენი, ეგრეთ წოდებული, ცაცხვის ჩაი, სასიამოვნო არომატით, ოქროს ფერითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სასმელია. ეს ჩაი ცხელი უნდა მიირთვათ ძილის წინ გაციების, ხველის, თავის ტკივილის დროს. აბაზანების სახით კი, ცაცხვის ყვავილის ნაყენი რეკომენდებულია ნერვული დაავადებების დროს.
ცაცხვი საერთოდ არაა კალორიული. ამის გამო, დიეტოლოგები გახდომის მოსურნეთ მისგან დამზადებული ერთი ფინჯნის არომატული ჩაის დალევას ყოველთვის ენთუზიაზმით ურჩევენ. ცაცხვის ჩაი ორგანიზმში წონის დაკლებასთან დაკავშირებული დეპრესიისა და სტრესის ყველა ნიშანწყალს სპობს.
ცაცხვის ერთადერთი უკუჩვენებაა ის, რომ ცაცხვის ჩაის ოფლმდენი და შარდმდენი თვისებების გამო, ის ზედმეტად ტვირთავს გულს. ამის გამო, ჩაის ყოველდღე დალევა არ შეიძლება.
ბოლოკი – მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ
ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს, აგრეთვე,
ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული. ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელებისა და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის. მისი რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების – ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდება, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ. ანტოციანინები, რომელსაც ბოლოკი შეიცავს 80 პროცენტით ანელებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.
ხალხური მედიცინა შეკრულობის წინააღმდეგ წარმატებით იყენებს ბოლოკის ფოჩების ნაყენს. ერთ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოჩებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ. სამკურნალო კურსი სამ დღეს გრძელდება.
ბოლოკი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიური მიზნითაც – მისგან საკმაოდ ეფექტური მკვებავ ნიღბები მზადდება. რამდენიმე ძირხვენა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად მოურიეთ. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ბოლოკი გამოიყენება სისხლში ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად, ეფექტური საშუალებაა მადის მოსამატებლად და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად. დადასტურდა, რომ ბოლოკს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნაც შეუძლია.
ჭინჭარი კუჭის სიმსივნის, დიაბეტის, პროსტატისა და გასტრიტის სამკურნალოდ
ჭინჭარი ძალიან მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარეა, რომელიც ვიტამინების თავისებური, ბუნებრივი კონცენტრატია. მასში ორჯერ უფრო მეტია ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში; კაროტინის შემადგენლობით წინ უსწრებს ქაცვს, სტაფილოსა და მჟაუნას. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს A ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჭინჭარი მდიდარია K, E და B ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, მათ შორისაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი და სხვა. ჭინჭრის ფოთლები, ასევე, შეიცავს ფლავანოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს, ქლოროფილს, გლიკოზიდებსა და სხვა. სწორედ აქტიური ელემენტების ამგვარი მრავალფეროვნების დამსახურებაა, რომ ჭინჭარს ორგანიზმის მომაგრებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებების ფართო სპექტრი აქვს. ჭინჭარს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციების აღდგენა შეუძლია და, მთლიანობაში, ორგანიზმის მუშაობის მწყობრში ჩადგომას უწყობს ხელს. ის გამოიყენება ბუასილის დროს, ეხმარება ორგანიზმს ისეთ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები.
ჭინჭარს აქვს ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ასეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლიტრ ახლად დაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გრამი თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.
ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე და 45 წუთის შემდეგ, გადაწურეთ. მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე, შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.
თუ თმის ცვენა გაწუხებთ, აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ საათ-ნახევრის განმავლობაში და გაწურეთ. შეიზილეთ ნაყენი ახალად დაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ხალხში საკმაოდაა გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად, ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულებისა და სხვა გამონაყრის დროს, ბავშვებში – საყმაწვილოს წინააღმდეგ. ყვავილების ნაყენი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ჭინჭრის ნაყენის აბაზანები.
შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისათვის აპრილ-მაისში მოჭერით 20 სანტიმეტრი სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში (მჭიდროდ არა) და შეავსეთ ჭურჭელი ცივი, ანადუღარი წყლით. 10 საათის შემდეგ მზადაა. მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.