კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვინ დაუჩოქა სოფიკო ჭიაურელს, რომ მას სომხეთში ფილმ „შუშანიკის წამებაში“ მთავარი როლი ეთამაშა

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

დაიბადა ფიქრის გორაზე, იმ სახლში, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა ააშენა იქ, სადაც პირველად აკოცა ვერიკო ანჯაფარიძეს. მან გაახილა თვალი და დაინახა ქალბატონი, რომელიც შემდეგში ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დაასახელა, თუმცა ვერიკოს არც მაშინ აკლდა აღიარება (რ. შატაკიშვილი). „ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც  დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები და აი, 6 წლის რომ ვიყავი, დედამ მოიცალა და ათი დღით გაგრაში წამიყვანა დასასვენებლად, ჩავედით და მეორე დღეს დეპეშა მივიღეთ, რომ დედას ძმა გარდაეცვალა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით უკან. იქ ისვენებდა დედასა და მამას მეგობარი სოლიკო ვირსალაძე და დედას შესთავაზა, მასთან დავეტოვებინე. დამტოვა და თვითონ წამოვიდა. სოლიკო ამ დროს ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დასდევდა, უგზავნიდა ყვავილებს... და უცებ მე ეჭვიანობის სცენების მოწყობა დავიწყე – თქვენ თუ კიდევ ერთხელ მიართმევთ მას ყვავილებს და მე არ მომაქცევთ ყურადღებას, წავალ-მეთქი. ის იყო თხემით ტერფამდე არისტოკრატი, 6 წლის ღლაპს თქვენობით მელაპარაკებოდა, მომიბოდიშა და შემდეგ ყოველ დილით, რომ გავიღვიძებდი, ყვავილების თაიგული მხვდებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული გრძნობა. გადავიქეცი რაღაცნაირ მხეცუნად. მე კარგად ვცურავდი. სოლიკომ ცურვა არ იცოდა, მე შევდიოდი ზღვაში და მივცურავდი შორს, შორს. ის კი ნაპირიდან მომძახოდა: გემუდარებით, დაბრუნდით! გუშინ რა მოხდა, ის აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგას ის ნაპირთან და როგორ მეძახის: დაბრუნდით, მინდა დაგხატოთ! შენახულიც მაქვს მისი ნახატი – მე ვდგავარ თეთრად დაწინწკლულ წითელ ტრუსიკში. ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც 6 წლის ასაკში განვიცადე…
ინსტიტუტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, დედაჩემმა მითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეგიძლია, ერთი ლექსი მაინც წამიკითხეო. ხომ არ გაგიჟებულხარ, რა ლექსები უნდა გიკითხო-მეთქი. გრიალ-გრიალით გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე…  
 
როცა ასეთი სიყვარულია  
მე და გიორგი. ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“, კინოში, მეგობრებთან

სტუმრად, ახლა კი ეგრეთ წოდებული თავისუფლებაა, დღეს გაიცნობენ, ხვალ კოცნიან და ლოგინში წვებიან, სამი დღის მერე აღარ ცნობენ ერთმანეთს… 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა… კოტეს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი, მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში. მასთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ის იყო ფაქიზი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. ტყუილად ჰქონდა დონჟუანის სახელი გავარდნილი, მე ეს არ მაღელვებდა, ეს ხომ ჩემს ერამდე იყო… როცა დავქორწინდით, მეგობრებმა საჩუქრად ღუზა მოუტანეს, ნამდვილი, თუჯის. რომ ოჯახურ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩაეშვა ღუზა… გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს, ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა: „ან მეტყვი ჰოს, ან არადა თავს მოვიკლავო“. მე ვუთხარი: „კარგად იყავი“. ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან… ვთქვი, გადმოვხტები პარაშუტით-მეთქი და გადმოვხტი კიდეც. ცხადია, 65 წლის ასაკში ამის დაწყება საკმაოდ გვიანია. მე და კოტე ქობულეთში ვისვენებდით. კოტესაც უნდოდა გადმოხტომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ, მე კი გადმოვხტი. მთელი პლაჟი მიყურებდა და ტაშს მიკრავდა. წარმოიდგინეთ, ასკილოიანი სოფიკო მოფრინავს ჰაერში, მარტო იმის მეშინოდა, ვაითუ პარაშუტმა ვერ გამიძლოს-მეთქი

…სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა „ბაფთიან გოგონაში“, იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან. „ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი გაკეთებული. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია… მინდა გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა. ამიტომ არ ვითამაშე, კლეოპატრა, არადა ძალიან მინდოდა. სულ დედა მედგა თვალწინ და მივხვდი, რომ მის ხატებას ვერ ავცდებოდი და არ ვითამაშე… ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“. იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…

ჯულიეტა მაზინას ინტერვიუ   

მახსოვს, 15 წლის გოგო ვიყავი, ჟერარ ფილიპი რომ ჩამოვიდა მოსკოვში. „წითელი და შავი“ ჩამოიტანეს და პრემიერა იყო: მამამ იმ წუთას წამიყვანა მოსკოვში. გავგიჟდი, რომ დავინახე, მამამ მიმიყვანა მასთან: ჩემი გოგოაო. გადამეხვია. არ მეგონა, რომ ოდესმე მას ხელით შევეხებოდი…  ჯულიეტა მაზინა პირველად მოსკოვში, სტუდენტობისას ვნახე. ინსტიტუტში მოვიდა, ნახა ჩვენი საკურსო ნამუშევრები, ძალიან მოეწონა, გვაქო სტუდენტები. მერე გავიდა დრო, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. უცებ მირეკავს ლენინგრადის კინოკავშირის განყოფილება, ჯულიეტა მაზინა არის ჩვენთან სტუმრად და გვინდა, რომ თქვენ გაუძღვეთ მასთან ინტერვიუს. თვითონ მაზინამ თქვენ გახსენათო. რომ შევხვდი, მივხვდი, ნანახი ჰქონდა ფარაჯანოვის „საიათნოვა“ და ამიტომ ვახსოვდი. მითხრა, ძალიან არ მიყვარს კინო, მით უმეტეს, თუ ჩემი ქმარი – ფელინი მიღებსო. გიჟდებოდა ფელინი, ისე უყვარდა მაზინა, მაგრამ უნდოდა, რომ თავისი ცოლი გადაეღო, რაც შეიძლება კარგად. არ აკმაყოფილებდა და ათ დუბლს უღებდა, თურმე. სულ მიწუნებდა და მაკომპლექსებდაო. მასტროიანს მოსკოვშიც შევხვედრივარ და აქაც, თბილისში რომ იყო ჩამოსული. მასტროიანი იცით, როგორია? როგორც კინოში, სულ თამაშობდა, სულ კეკლუცობდა.
 
რაჯ კაპური და „შუშანიკის წამება“ სოფიკოს ცხოვრებაში  
…პირველივე ფილმმა, „ჩვენი ეზო“ – ოქროს მედალი მომიტანა მოსკოვის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე. პირველი ტელეგრამა იყო რაჯ
კაპურისგან – გამარჯვებას მილოცავდა. მაშინ რაჯ კაპური, აუუუ… რის ლოურენს ოლივიე, რაჯ კაპური იყო ყველაფერი. ყველა ფილმი იყო პრემირებული, სომხების სამ ფილმში ვითამაშე და სამივე ფილმმა მომიტანა რამდენი პრემია, იცი? სომხეთის სახალხო არტისტობა მომანიჭეს. მარტო „არევიკმა“ 4 პრემია აიღო, „საიათნოვაზე“ აღარაფერს ვამბობ. მახსოვს, „ხევსურული ბალადა“ ნახა სერჟიკამ, ფარაჯანოვმა და გადაწყვიტა, რომ მე გადავეღე საიათნოვას როლში. სომხებს რომ უთხრა, საიათნოვას ქალი ითამაშებს, თანაც ქართველიო, გადაირივნენ, გაგიჟდნენ, მაგრამ სერჟიკამ დაუსვა ასეთი პირობა – თუ სოფიკო არ ითამაშებს, მე არ გადავიღებო. მართლაც გადაიღო და მარტო საიათნოვა კი არა, ექვსი სახე ვითამაშე. გამოვიდა რაღაც სასწაული. პარიზში რომ ჩავედით – გავგიჟდი, ყველა ტაქსიში ჩემი სურათი იყო „საიათნოვადან“. მარტო იმ ტაქსებში კი არა, რომელიც ფესტივალს ემსახურებოდა, უბრალო ტაქსებშიც. პატარა სასტუმროც კი არის, სადაც ჩემი სურათი აქვთ, როგორც ლოგო. მე ერთ რამეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს: ფარაჯანოვმა „შუშანიკის წამების“ სცენარი მე მომიძღვნა, მაშინ ეს ჩვენთან ეროვნული მოძრაობის აღზევებას დაემთხვა. „შუშანიკის წამებას“ სომხები ისედაც თავის ნაწარმოებად თვლიან და სერჟიკას სომხობაც რომ დაემატა, სულ გაგიჟდნენ ეს პეტრიაშვილები და არ მისცეს გადაღების საშუალება. ამ დროს ჩამოვიდა ჩვენთან ფრუნზიკა დავლათიანი, „არმენფილმის“ დირექტორი, დამიჩოქა, დავიწყოთ გადაღება სომხეთშიო. აი, მე რომ წავსულიყავი და „შუშანიკის წამება“ სომხეთში გადაგვეღო, მაშინ ნამდვილად ჩამქოლავდნენ. მაგრამ მე დღეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ დარჩებოდა ერთ-ერთი გენიალური ფილმი…

უბრალოდ სოფიკო
…40 წლის შემდეგ მივხვდი, რომ დრო გარბის… ჩემი უფროსი ვაჟი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ზარმაცია… ალბათ, ზარმაცი არაა, მაგრამ ვერ გრძნობს, რომ დრო გარბის. ვერაფრით ვერ გავაგებინე ეს. უმცროსი მსახიობია, მაგრამ… პატარა უფლისწულია. ის ჩემი ვაჟია. მე ის დავბადე, პლაცენტა კი არ მოსცილებია. არ შეუძლია უჩემოდ არსებობა, როგორც მე – უმისოდ. ყველას თავისი ჯვარი აქვს, ყველას. არ არსებობს ადამიანი ჯვრის გარეშე და თითოეული ვალდებულია, ზიდოს ეს ჯვარი. არა გულდამძიმებით, არამედ სიხარულით… ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე, ეს დიდებული რამ. მე არ მესმის, როდესაც ამბობენ, აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყო… მე არ მსურს უკან დაბრუნება. მეგობრებისთვის ჩემი ავადმყოფობა, ოპერაცია იყო კოშმარი. მათ ეგონათ, რომ მე უკვდავი ვარ, ქვის ვარ, და უცებ რაღაც ადამიანური დამემართა და ისეთ პანიკაში ჩაცვივდნენ… ერთი მეგობარი ლოცვებს მიკითხავდა, მეორეს მთელი ორი ღამე არ უძინია, მე ვეუბნები: გოგოებო, თქვენ მე ნაადრევად მმარხავთ-მეთქი… მე ჯერ კიდევ ვჭირდები ჩემს ოჯახს და ამიტომ დანებებას და ცხვირის ჩამოშვებას არ ვაპირებ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ… არ მიყვარს სარკეში ყურება, განსაკუთრებით ახლა, ჩავუვლი და იქ ვიღაც ქალია, ნუთუ ეს მე ვარ? ახალგაზრდობაშიც ვერ ვიტანდი სარკის წინ ბზრიალს. როდესაც მეუბნებიან, რამდენი წლისაც ვარ, არ მჯერა ამ ციფრების, თითქოს ჩემზე არაა ლაპარაკი…“
скачать dle 11.3