№21 რა საფრთხეზე მიუთითებს წელზე ქამრის გაწყვეტა და რა ფერის ღვედი უნდა მოიქსოვოთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთa
ყველას მოეძებნება გარდერობში თუნდაც ერთი ქამარი ან ღვედი, რომ აღარაფერი ვთქვათ, მოდის თავგადაკლულ მიმდევრებზე, მოდელისა და სეზონის მიხედვით, შესაბამისი ქამრებით რომ დაუმშვენებიათ საკუთარი კოლექციები. რას აღარ ნახავთ აქ: იქნება ეს მოქარგული, ქვებით მოოჭვილი, ლითონის სამშვენისებიანი თუ სხვა მოსართავი ელემენტებით შემკულ ქამართა ნაირსახეობა. თუმცა, ქამარი, მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ტანსაცმლის დამჭერი ან სულაც აქსესუარი როდია, ის ერთგვარი დამცავი ფარია მისი პატრონისთვის. ჰოდა, როგორც თავად მიხვდით და ჩვენი რუბრიკის ინტერესებიდან გამომდინარეც, დღეს სწორედ მისი ამ მისიის შესახებ ვისაუბრებთ. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, გაგაცნობთ ყველა იმ გადმოცემის, მინიშნებისა თუ ცრურწმენის შესახებ, რასაც ჩვენი წინაპრები ქამარსა და ღვედს უკავშირებდნენ. კონსულტაციისთვის მივმართეთ, ჩვენს უკვე კარგად ნაცნობ ეზოთერიკოს, ბატონ გივის.
– იღბლის ქამარიაო, კი გამიგია, მაგრამ როგორ უნდა გწიოს ქამარმა ბედს, ეგ უკვე აღარ ვიცი...
– ასე, გამოთქმებს თუ მივყვებით, „ქამრის შემოჭერა“ ხომ გაგიგიათ?! ეს კი, იღბალს კი არა გაჭირვებას უფრო უკავშირდება. თუმცა, ძველად ღარიბ-ღატაკზე იტყოდნენ: ღვედი თუ შემოირტყა წელზე, პერანგსა და ფეხსაცმელს ვინღა დაეძებს, სარტყელი მაინც სწევს ბედსო. ამიტომაც ცდილობდნენ, რაც შეიძლება, ლამაზად მოერთოთ ღვედი მძივებით, ნაქარგითა თუ სხვა ნაირგვარი მოსართავით. შესაბამისად, სხვადასხვანაირად მზადდებოდა ქამრები სიყვარულის, იღბლის, ბედნიერების მოსატანად; ასევე, მოგზაურისა და ჯარისკაცისთვის, რომ ბრძოლიდან უვნებელი დაბრუნებულიყო. თან, ყველას საკუთარი ქამარი თუ ღვედი უნდა ჰქონოდა. სხვისი ქამრის გამოყენება არ შეიძლება – ეს ნიშნავს, რომ წინა მფლობელის უიღბლობა თქვენზე გადმოვა. ქამარს სარტყელსაც უწოდებენ, თუმცა მათ შორისაცაა განსხვავება: სარტყელს ტანსაცმლის ზემოდან იკეთებენ, მაგრამ, ქამარი შეიძლება, უშუალოდ სხეულზეც ატაროთ.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ქამრის ჩუქებისას?
– ო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე სასაჩუქრე ქამარს, როგროც წესი, საკუთარი ხელით ამზადებდნენ და შიგ საუკეთესო სურვილებს აქსოვდნენ. ქამარს ცუდი ადამიანისთვის არავინ გაიმეტებდა. ამიტომ, ასეთი საჩუქარი ყოველთვის ფასობდა. განსაკუთრებული პატივით უძღვნიდნენ მას მშობლებს, ხელმძღვანელობას ან შეყვარებულს. ახლობელთან შერიგებისა და ურთიერთობის გამოსასწორებლად, ქამარს ქსოვდნენ იასამნისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი ან იისფერი ძაფით. არსებული თუ პერსპექტიული პარტნიორებისთვის ვერცხლისფერ ან შავბალთიან ქამარს ძვირფასი ქსოვილის ან ტყავისგან ამზადებდნენ, თუმცა, მისაღები გახლდათ ლურჯი შეფერილობაც.
შეყვარებულისთვის სიყვარულისა და ვნების მომტანია ქამარი, რომელიც ალუბალივით სისხლსავსე ფერისაა და თეთრ-ალისფერი ბრწყინვალება დაჰკრავს, ამასთანავე, თავადვე უნდა შემოავლოთ წელზე თქვენს რჩეულს. იისფერ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სარტყელი შეიძლება, აჩუქოთ მას, ვინც ცდილობს, დაგიმორჩილოთ. ასეთი ქამარი მის ბრძანებლურ ხასიათს შეარბილებს. თუმცა, ქამარი მხოლოდ საჩუქარი როდია – ის ურთიერთმადლიერების გამოხატვის საშუალებაცაა: ნაჩუქარი ქამრის მუცელზე შეკვრა ორმხრივი ენერგეტიკული შეთანხმებაა. ამიტომ, თუ საჩუქარი არ მიიღეს, ესე იგი, ურთიერთობა არ მოგვარდა – კავშირი არ დამყარდა. ხოლო, მარტოხელა რომ არ დარჩეთ, ყურადღებით იყავით და არასდროს მიიღოთ საჩუქრად, ტყავის ან სქელი, უხეში ქსოვილისგან დამზადებული, მოუდრეკელი, ერთი ფერის ქამარი.
– რას უნდა ველოდოთ ქამრის დაზიანების შემთხვევაში?
– მისი დაზიანების ხარისხის მიხედვით, სხვადასხვა მინიშნებაა გავრცელებული. მაგალითად, ქამარი თუ მაშინ გაწყდა, როცა გიკეთია, ეს პატრონის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს, თვით სიკვდილამდეც კი. გამოსავალი ერთია: მან ამქვეყნიურ ცხოვრებას თავი უნდა დაანებოს, ილოცოს, გახდეს უპოვართა განმკითხავი და მოწყალე. ქამარზე საბალთე ნახვრეტების მკვეთრი გაფართოების, გვირისტის ჩაწყვეტის, მოსართავთა ჩამოცვენის ან ბალთის მოწყვეტის შემთხვევაში კი, ფინანსური დანაკარგია მოსალოდნელი. ეს რომ არ მოხდეს, ქამრის პატრონმა უნდა დაწვას ღვედი, მოსართავები კი, უკაცრიელ ადგილას, ღრმად ჩაფლას მიწაში. ასევე, როგორი ლამაზი და ძვირად ღირებულიც არ უნდა იყოს, აღარ ატაროთ თვალს მიფარებული ქამარი (ის მოიპარეს ან სადმე დაგრჩათ), რომელიც მოულოდნელად ისევ გამოჩნდა – ეს ხომ ბნელი ძალების პირდაპირი, ენერგეტიკული ზემოქმედებაა. დიდ შეურაცხყოფად მიიჩნეოდა ქამრის ჩამოგლეჯა. ასეთ დროს უნდა მოახერხოთ, ქამარი ხელიდან გამოგლიჯოთ მოძალადეს და ერთხელ მაინც შემოჰკრათ. შემდეგ, 40 დღით ბნელ ადგილას დამალეთ, მერე კი ტაძარში აკურთხებინეთ.
– რა მნიშვნელობა აქვს ქამრის ფერს?
– ფერი ბევრ რამეს განსაზღვრავს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის სასურველი ერთი ფერის, უხეში სარტყელი. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ თეთრი ქამრის შერჩევისას: გაუაზრებლად მისმა შეძენამ, შეიძლება, სხვისი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ და ცხოვრებაში ისეთ რამეზე თქვათ უარი, მერე სანანებლად რომ გაგიხდებათ. მაგრამ, თუ ისე მოგწონთ, რომ თავს ვერ იკავებთ, საკმარისია, ღვედში იისფერი ძაფი ჩააკეროთ. საერთოდ, ფერების მიხედვით ქამარი სიმბოლოა: ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის, გამარჯვების... და თითოეული შესაბამის ფერს ირჩევს. ყველაზე კარგია, თუ ქამარს თავად დაამზადებთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ვიწრო ქამარი უნდა მოქსოვოთ და ოთხი ფერის ნაზი ძაფი გამოიყენოთ: მწვანე, წითელი, შავი, ოქროსფერი (ყვითელი). ნაქარგი კი, რაც უფრო საინტერესო იქნება, უკეთესია. ასეთი ნახელავი პირადაპირ სხეულზე გაიკეთეთ და მოუხსნელად ატარეთ. ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის, თეთრი და მწვანე ძაფით ნაქსოვი ქამრის, უშუალოდ, სხეულზე ტარება მოგიწევთ. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ფერი ძლიერი ინფორმაციული პროგრამითაა დატვირთული. ამიტომ, მკვეთრი, მჭახე ტონები არ გამოიყენოთ. სტაბილურობისა და მშვიდი ცხოვრებისთვის ცისფერი ქამარი აირჩიეთ; იისფერი – პატრონის მზაობაზე მეტყველებს: გაიგოს, ითხოვოს და მიიღოს; წითელი – ენერგიის გამოცდაა, ოღონდ არ იფიქროთ, რაც უფრო კვასკვასაა წითელი, მით მეტ ენერგიას მიიღებთ – უმჯობესია, ნატიფი ტონი. ყვითელი ძაფი ქამარში ინფორმაცია და სიბრძნის გამოვლინებაა, შავი – ემოციურობაზე მიუთითებს. მართალია, ნარინჯისფერი ლამაზია, მაგრამ არ ღირს, გამოიყენოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქამარი მოუხეშავი და ერთი ფერისაა. ლურჯი ქამარი პატრონის საიდუმლოს იცავს. თუმცა, დანიშნულების სხვადასხვაობის მიუხედავად, გარდერობში შეგიძლიათ, ყველა ქამარი ერთად შეინახოთ, ერთი მეორზე გავლენას არ მოახდენს. მთავარია, როცა წელზე შემოირტყამთ, სურვილი მიმდინარე მოვლენებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, თუ ეს დასვენებას ეხება: ისურვეთ კეთილი მგზავრობა, სასიამოვნო თანამგზავრები და სხვა შესაბამისი რამ. ქამარმა კი, როცა იცის, რა უნდა მის პატრონს, აუსრულებს კიდეც.