№21 ჭეშმარიტი სარწმუნოება
ხორციელი ვნებები და სინდისი
საცოდავი ადამიანი ყოველ ღონეს ხმარობს თავისი ნება-სურვილების დასაკმაყოფილებლად. ვითარმე განათავისუფლოს თავი სულის ზნეობრივ მაღალ მოთხოვნილებათაგან, მომავალი პასუხისგებისაგან, რომლითა უარჰყო ღმერთი, სჯული და ეკლესია, შექმნა ახალი სამეფო, რომლის გამგედ აღიარა „სინდისი“. ამ დადგენილებას თავისთავად ებადება ერთი კითხვა: ასეთ თავისუფალ მოაზრე პირებს, რომელთაც არაფერი სწამთ მომავალი ცხოვრებისა, რად სჭირიათ სინდისის მეუფება?
გვიპასუხებენ, სინდისის მეუფება გვჭირია მოქალაქეობრივ, სააქაო ცხოვრების საპატიოდო. ძალიან კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში სინდისმა უნდა დააფასოს ყველაფერი სარგებლობის მიხედვით. სინდისიერი და უსინდისო, ზნეობრივი და უზნეო იგივე იქნება, რაც სასარგებლო და უსარგებლო. ახლა თქვენ ამბობთ – სინდისის მეუფება უნდა მივიღოთ მოქალაქეობრივ, სააქაო ცხოვრების საპატიოდო, მაგრამ თუ სინდისის რჩევა პირადი ჩემი ცხოვრებისათვის სასარგებლო არ შეიქმნა?! მაშინ, რად უნდა ვაწინამძღვრო სინდისი? როცა სამერმისო ხედვას ვსპობთ და ვმყარდებით სააქაო ცხოვრების დღეკეთილობაზე, უსათუოდ ჩვენი მოქმედებათა ქვემდებარედ უნდა აღვიაროთ სარგებლობა და სიამოვნება. დანარჩენი აზრი ურწმუნოთათვის ყოველადვე არაფერი გვრჩება. ხოლო სიამოვნებისადაა სარგებლობის აღსავსებელად თითოეულ კაცში შეუყენებელი სურვილი წინამორბედობს და ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მრავალი საშუალება უჩნდება ადამიანს, რაც მეორე ადამიანისთვის სავნოა და რამ შეაყენოს პირველი საამქვეყნო სარგებლობის შეძენის წინააღმდეგ, როცა შემთხვევა ეძლევა, სურვილი შეისრულოს. ვთქვათ, სადმე ვიპოვე დიდძალი ფული, ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. შემდეგ გავიგე, რომ ამ ფულის პატრონი დიდ მწუხარებაშია ფულის დაკარგვით, მაგრამ მე თუ მხოლოდ საამქვეყნო სარგებლობის მოტრფიალე ვარ, რად უნდა განვუცხადო მას ჩემი ნაპოვნი? ავიღოთ მეორე მაგალითი: ვთქვათ, ვინმე მიყრუებულ ალაგას შეეყარა ფულიანი კაცი. თუ მოვიშორეთ ხედვა მომავალ პასუხგებასა და მხოლოდ სარგებლობისთვის ვიარსებებთ. რამ შეაკავოს იგი მდიდრის ხსენებულ ალაგას გაძარცვა-მოკვლისგან? ვინმეს წინ პასუხისგება არ შეაშინებს და სარგებლობის ხედვაც ხომ უკარნახებს, ასე მოიქცეს? არა, სარგებლობის საზომით ხედვა ვერასოდეს ააყვავებს ცხოვრებას. სარგებლობა, პირისგემო ყველას ერთნაირი არა აქვს და ამ საძირკველზე ყაჩაღთა ბრბოები უფრო აღმოცენდება, ვიდრე პატიოსანი საზოგადოება და საპატიო მოქალაქეობა.
ამასთან ხორციელი ბუნების მოთხოვნილებანი მარადის დაკმაყოფილებას სასტიკად ითხოვენ. ეს მოთხოვნილებები ისეთი მწვავეა, ისეთი მლავრია, რომ არამც თუ უღმრთო, ურწმუნო, თავისუფალ მოაზრე პირების სინდისი, არამედ მორწმუნეთა სულშიც სინდისი ძალიან უძლური გამოდგა და უმრავლესობა ბოროტმა ნებამ შთანთქა. მაშ, ურწმუნოს სულში შესაძლოა, განა შევაბრძოლოთ პატიოსნებით მოსაუბრე თავისუფლების ღირსეულებით რჩევის მიმცემი სინდისი ხორციელ ნებას, ნივთიერ იარაღებით მძლავრად მკეთებელს და ცეცხლ-მახვილებრივ მებრძოლს? ამ ათიოდ წლის წინათ, ახალი მოძრაობის დროს, თვით ამ „მხოლოდ სინდისის მეუფების“ მქადაგებელმა, მოძრაობის მოთავე ვაჟბატონებმა თავის მოყვასს ლამაზი ცოლი წაართვა, რომლითა ძმობ-სიყვარულის მქადაგებელმა გასაგმირავი ისრები ჩაარჭო გულში თავის ძმას და ჩააგდო სიძულვილის გეენიაში. რა უყო მან მაშინ თავის ბრწყინვალე სინდისი? ნუ გვატყუებთ, ბატონებო, და ნურც თქვენს თავს აცთუნებთ. მსოფლიო ცხოვრების ზღვაში მცურავნი ღელვის დროს ტალღებს ვერ შეეწინააღმდეგებით ურწმუნონი, მტკიცედ რწმენაზე აღზრდილ ნების უმისოდ მარტო სინდისის საჭით ფონს ვერ გახვალთ, არამედ ყველანი მყრალ ნების მოთხოვნილებათა უფსკრულში დაინთქმებით.
ქედმაღლობა და დამცირება
ამ წუთისოფელში ჩვენ ყველანი ისე ვართ, თითქოს ბაზარზე გასაყიდი საქონელი ვიყოთ. ერთნი ჩვენს ფასს მაღლა სწევენ, მეორენი – გროშადაც არ გვაგდებენ.
ამაღლება და დამცირება, რაც ადამიანებისგან ჩვენი მისამართით გვესმის, ჩვენს გულში ყოველთვის ორმაგ შეგრძნებას იწვევს: შექებით ვხარობთ, ლანძღვით ვმწუხარებთ, რადგანაც საკუთარი ცნობიერების იდუმალ სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც შექებით და არც დამცირებით ჩვენ შესახებ ყველაფერი ზუსტად არ არის თქმული, ამიტომ ფხიზლად შევხედოთ ჩვენი მისამართით გამოთქმულ სხვის აზრს, რათა არც უფრთებოდა ვიფრინოთ და არც სასოწარკვეთილების უფსკრულში ჩავცვივდეთ.