№21 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა ბოროტი ძალები მოქმედებენ ადამიანზე მაცდუნებლად ლოცვის დროს?
პასუხი: ლოცვის დროს (და სხვა დროსაც) უსხეულო მტრები შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, ბოროტ აზრებს – სულსა და სხეულს განაწყობენ მცონარობისთვის, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, დაასვენოს სხეული – უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყრდნობით და ასე შემდეგ.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა განსხვავებაა ეკლესიასა და მონასტერს შორის?
პასუხი: მონასტერი არის სამკვიდრო, სადაც ბერ-მონაზვნები ცხოვრობენ და მათ აქვთ სამონაზვნო ცხოვრების წესი. ხოლო ეკლესია არის სალოცავი ტაძარი, სადაც საღმრთო ლიტურგია და ასევე, სხვა საეკლესიო საიდუმლოებები სრულდება.
კითხვა: რატომ მიიჩნევა აზარტული თამაშები ცოდვად?
პასუხი: აზარტული თამაშები მძიმე ცოდვათა რიგს მიეკუთვნება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დროს ადამიანი კარგავს თავისი ნების თავისუფლებას, რაც უმთავრესი საუნჯეა და აზარტის ვნებას ემონება. როგორც წესი, საბოლოოდ მოგებული მხოლოდ ბოროტი ძალა რჩება, რომელიც ადამიანს სულიერად და მატერიალურად ფიტავს და აღარიბებს.
კითხვა: მართლმადიდებელ ადამიანს ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება ფილოსოფიური წიგნების კითხვა, რომლებიც სხვა სარწმუნოებას ეკუთვნის? ეს წიგნები ძალიან საინტერესოა ჩემთვის.
პასუხი: ასეთი წიგნების კითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ისინი კვლევისთვის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროებისთვისაა აუცილებელი. ამასთანავე, უსათუოდ დაგჭირდებათ განმტკიცება მართლმადიდებლობაში, ხოლო სარწმუნოებაში განმტკიცებულს, შეგიძლიათ, გაეცნოთ სხვა სარწმუნოების ლიტერატურას.
კითხვა: თუკი სულიერი მოძღვარი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ გადაულოცა თავისი მრევლი სხვა მოძღვარს, როგორ უნდა მოიქცნენ მისი სულიერი შვილები?
პასუხი: მოძღვარი თვითონ არ ირჩევს სულიერ შვილს, მორწმუნე ქრისტიანი ირჩევს მოძღვარს. არჩევნის დროს მთავარია, მოძღვარი იყოს გამოცდილი სულიერ ცხოვრებაში, სიწმიდის მქონე და ჭეშმარიტების მქადაგებელი. ასე რომ, თუ მოძღვარი გარდაიცვლება, უნდა შეარჩიოთ ახალი სულიერი მოძღვარი და მას მიებაროთ.