კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ აქვთ საქართველოში მოზარდებს ტრადიციულად დაბალი შედეგი წაკითხულის გააზრებაში და ოჯახში აღზრდის რა ხარვეზი იწვევს ამას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ტრადიციულად, ჩვენთან 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი დაბალია და სხვა ქვეყნის იმავე ასაკობრივ ჯგუფებში ბოლო ადგილებს ვიკავებთ. ზრდასრულებზე კვლევას არავინ ატარებს, თუმცა ეჭვი მაქვს (რასაც ვაკვირდები), რომ წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა, მათაც აწუხებთ. ეს საკმაოდ მნიშვენლოვანი საკითხია, ვინაიდან წაკითხულის გაუაზრებლობა აზროვნების პრობლემაზე მეტყველებს. აზროვნების პრობლემა კი პირდაპირ აისახება როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ნიშნავს იმას, რომ, მხოლოდ მოქალაქეს ვინ ჩივის, სახელმწიფოს განვითარების შანსი მინიმალურია. ვის მიუძღვის ბრალი გაუაზრებლობის დეფიციტში – ოჯახსა თუ სკოლას და რამ გამოიწვია ესოდენ სავალალო შედეგი? – თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რა ასაკში ყალიბდება ეს უნარი და რა ტიპის პრობლემების არსებობაზე მიუთითებს წაკითხულის გააზრების ასეთი დაბალი მაჩვენებელი?
– მისაღები გამოცდების ტესტებში იმიტომაცაა შეტანილი შინაარსის გააზრება, რომ ეს უნარი არსებით გავლენას ახდენს პიროვნების ცხოვრებაზე. არა ამ ცნების ვიწრო გაგებით, არამედ, თუ პიროვნება აზრს ვერ გამოიტანს, რა სამყაროში ცხოვრობს, ეს მას, ფაქტობრივად, მარტივი მსოფლმხედველობისკენ უბიძგებს: კარგი კარგია, ცუდი ცუდია, ანუ შავ-თეთრის დონეზე. ჩვენი ახალგაზრდების ეს პრობლემა, ძირითადად, დაკავშირებულია იმ უნართან, თუ რამდენად შეუძლიათ მათ მეორადი სასიგნალო სისტემის გაშიფვრა. რადგან ადამიანი ინფორმაციას სიგნალების საშუალებით იღებს, ამიტომ ეს სფერო, ნიშნებთან ურთიერთობის სფერო, ამ პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად პროდუქტიული აღმოჩნდება. ეს უნარი დაახლოებით 2 წლის ასაკიდან ყალიბდება, როდესაც ბავშვი იწყებს გაბმულ მეტყველებას.
– როდესაც ბავშვი უკვე დასრულებულ წინადადებას ამბობს?
– დიახ, ეს უნარი მაშინ იწყებს ჩამოყალიბებას და პირველი ხარვეზებიც იქიდან იწყება. ერთ-ერთი ასეთ ხარვეზი აღზრდაში ის არის, რომ ბავშვს მშობლები არ ელაპარაკებიან. ცნობილია და უთქვამთ პედიატრებს დედებისთვის, რომ ბავშვთან ლაპარაკი აუცილებელია მაშინაც, როდესაც ის ემბრიონია. დედის მუცელი რეზონანსულია, ხმები ბავშვს მაინც ესმის და სწორედ იმ პერიოდში ყალიბდება მეტყველების პირველი ჩვევები, რაც შემდგომ ჩვევებსაც გულისხმობს. ანუ პირველი ეტაპია სიტყვების ათვისება; შემდგომი წინადადების ათვისებაა, როდესაც ფრაზას აგებს ბავშვი: დედა, წყალი მინდა და სხვა. ამას მოჰყვება გაბმული ტექსტის შექმნა და გაგება. ეს უფრო გვიანი ეტაპია და ძალიან ხშირად დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მშობელს ბავშვთან გამუდმებული დიალოგი.
– ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვილების ორ ჯგუფზე, მათ ერთნაირად უვლიდნენ, უცვლიდნენ, კვებავდნენ, აბანავებდნენ, მაგრამ ერთ ჯგუფს ელაპარაკებოდნენ და ეფერებოდნენ, მეორეს – არა. შესაბამისად, მეორე ჯგუფს განვითარების პრობლემები ჰქონდა.
– დიახ და ეს არ არის ტვინის, როგორც ფიზიკური სუბსტრაქტის, დეფექტი, უბრალოდ, მათი ტვინი გაუვარჯიშებელია იმაში, რომ ნიშნების დიდი საინფორმაციო ნაკადიდან გამოიტანოს დასკვნა და შემდეგ ეს გამოიხატება ისეთ შედეგში, რასაც გონებრივ ჩამორჩენილობას ვუწოდებთ. არც ერთი კუთხით კვლევის შედეგი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
– რადგან 9-10 წლის ბავშვებზეა ლაპარაკი, ეს ალბათ, უფრო ოჯახის პრობლემა გამოდის, ვიდრე სკოლის?
– სკოლა არაფერ შუაშია, პირველადი კომუნიკაციის უნარი, რომელიც სკოლამდელ პერიოდში ყალიბდება, შემდეგ არსებითად არ იცვლება. რაოდენობრივად მოიმატებს ან მოიკლებს, მაგრამ უნარი იხსნება მშობლებთან სკოლამდელ ასაკში.
– უფრო დიდი პრობლემა გვქონია: განათლების სისტემაში გაატარებ რეფორმას და პრობლემა მოიხსნება ერთ თაობაში, როდესაც ოჯახური გარემოა პრობლემა, ეს საკმაოდ რთული დასაძლევი უნდა იყოს, ალბათ?
– ჩვენი პრობლემა ის არის, რომ მიგვაჩნია, პრობლემა მხოლოდ განათლების სისტემაა, არადა, განათლების სისტემა ბავშვთან კონტაქტს ექვსი წლის ასაკიდან იწყებს, ისიც – დღეში რამდენიმე საათით და არაფრით გვინდა იმის აღიარება, რომ ჩვენი პრობლემების სათავე ოჯახებშია. იმიტომ რომ განათლების სისტემა ადვილად გასაზიარებელი პრობლემაა: დაიძახებ, რომ პრობლემა განათლების სისტემაა და მინისტრი უნდა შევცვალოთ, ანუ მიიჩნევა, რომ ეს პრობლემა მინისტრთან ურთიერთობის დონეზე მოგვარდება. თუ ვიტყვით, რომ პრობლემა ოჯახია, წარმოგიდგენიათ, რამდენი ოჯახი შეიძლება, იყოს სამ-ნახევარმილიონიან საქართველოში?!  მაშინ გამოდის, რომ იქ უნდა სცადო მდგომარეობის გამოსწორება, ეს კი უფრო რთული პრობლემაა. ერთი მინისტრის შეცვლა ადვილია, ხოლო ამდენი მშობლის გამოსწორება – რთული იქნება, შეცვლა – შეუძლებელი. ჩვენ, ამ შემთხვევაში, მოლა ნასრედინს ვემსგავსებით, რომელიც ფულს ეძებდა სინათლეში, სადაც თვალი იოლად ხედავდა და ადვილი იყო ძებნა და არა იქ, სადაც დაკარგა ფული. ჩვენ მიზეზს ვეძებთ იქ, სადაც უფრო ადვილია ცვლილებები და არა იქ, სადაც რეალურად არსებობს ამ მიზეზის საწყისი. ერთი სიტყვით, იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს ახალგაზრდა თაობებს აქვთ, ოჯახებში ყალიბდება; და ტექსტიდან შინაარსის გამოტანის უუნარობა ასეთი პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. ისევე, როგორც, როდესაც ნარკომანიას ვებრძვით, პოლიციაში მივდივართ და იმავდროულად გვახსენდება ისიც, რომ განათლების სამინისტროც არსებობს. ამ დროს არც ერთი არ არის გადამწყვეტი და ნარკომანიის ძირი ოჯახშია, უბრალოდ, ოჯახის კორექცია, ოჯახის დამოკიდებულების შეცვლა ძნელია, ამიტომ, რატომ უნდა ავიტკიოთ რთული პრობლემით თავი?! და ვცდილობთ, პრობლემას მივცეთ იოლი სახე და დავიჯეროთ, რომ პრობლემა ასე გადაწყდება და ვთქვათ, რომ პრობლემის გადაწყვეტაზე ვიზრუნეთ, მაგრამ, რეალურად, ხომ ცნობილია, რომ ვერც პოლიციური სისტემებით და ვერც საგანმანათლებლო სისტემაზე მითითებით, ეს პრობლემა არ გადაწყდება?! ამერიკას ამით ვერ აჯობებ, თუმცა ის ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ქვეყანაა. მაგრამ იქაც ეს მიდგომაა და ამდენად, იქაც და აქაც ეს პრობლემა მოუგვარებელია.
– უფროსებთანაც არის ეს პრობლემა, ხშირად საკუთარ აზრებს მოგაწერენ, შენს ნაწერში ან ნათქვამში იმას კითხულობენ, რისი წაკითხვა ან მოსმენაც უნდათ, სხვადასხვა მიზნით: უმეტესად, რომ გეჩხუბონ. მათაც არ ელაპარაკებოდნენ მშობლები ბავშვობაში?
– მანდ, ჩემი აზრით, უფრო რთულადაა საქმე. კერძოდ, იმის მიზეზი, რომ თანამოსაუბრე არ გისმენს და მხოლოდ თავის სათქმელს ამბობს, უნდა მხოლოდ და დიალოგი საქართველოში, ჩვეულებისამებრ, მონოლოგია, გარდა ყველაფრისა, ჩვენი ემოციურობაცაა. ემოციურობის დროს ადამიანს სხვების აზრი არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმა უნდა. ოღონდ ამის საფუძვლებიც ოჯახში ყალიბდება. ხომ ატყობთ, ყველაფრისადმი დრამატული დამოკიდებულება რომ გვაქვს?!
– დიახ, მარტივ საკითხზე ისეთი ისტერიკაა, იფიქრებ, მეორედ მოსვლა დგებაო. დრამატიზმი მაზოხიზმისკენ მიდრეკილებაა თუ მაინც სამხრეთული ბუნებაა დამნაშავე და მცხუნვარე მზე?
– მეტი კულტუროლოგიური კვლევაა საჭირო, რომ განვაზოგადოთ, არის თუ არა მიზეზი სამხრეთული ბუნება. მიცვალებულთა გლოვის რიტუალების ძალიან დიდი მრავალფეროვნება გვაქვს, დაწყებული იმით, რომ ბევრგან ქართველი მოტირალს ქირაობს, რისი მიზანიცაა, რომ გლოვა მთელი სიმძაფრითა და ტრაგიზმით იყოს გადმოცემული. ბედნიერებაში, კი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოქეიფე ხალხი ვართ და კარგ ხასიათზე ყოფნის მოყვარულიც, ასეთი რიტუალური მრავალფეროვნება არ გვაქვს, მე მაინც მგონია, რომ გადახრაა ზედმეტი დრამატიზმისკენ. მოდი, ცოდვა გამხელილი სჯობს და ვთქვათ: ხომ არ იმალება მანდ ჩვენი პროვინციალიზმი?! მაზოხიზმი ნაკლებად მგონია, ეს რიტუალური თვითგვემაა, უბრალოდ, ასეა მიღებული. რატომ მოგახსენებთ ამას: მაგალითად, რუსებს ჩვენგან განსხვავებული რამდენიმე კომპონენტი ახასიათებთ. მათ მიაჩნიათ, რომ აქვთ იმპერია და უყვართ თავიანთი იმპერიულობა. სხვა საკითხია, სწორია თუ არა ეს მოსაზრება, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება უკვე ნიშნავს, რომ მათ პროვინციალიზმი ნაკლებად ახასიათებთ და თვითკმარობის ტენდენცია აქვთ. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ყოველდღიურობაში ძირითადად კარგ ხასიათზე ყოფნის მიდრეკილება აქვთ და თავაშვებულობისკენაც მეტად არიან მიდრეკილები.
– საესტრადო სიმღერების შინაარსიც რომ შევადაროთ: ჩვენთან არის მოთქმა გოდება, ურვა, ჭმუნვა, გმინვა, ტრაგიზმი, რუსულ სიმღერებში კი მსუბუქადაა გააზრებული ღალატიც კი.
– შეიძლება, თქვენ მართალი ხართ და ამაში არის ზოგადკულტურული არქეტიპები, რადგან ანალოგიური, ლამის თვიმკვლელობა სიყვარულის დროს, მოცემულია ირანულ კულტურაშიც, ემოციებითაა სავსე ირანული დამოკიდებულება. თუმცა, იგივე ირანი თავის თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამს და ამიტომ, არ ვიცი, იქ ხელოვნური და რიტუალურია ასეთი დამოკიდებულება თუ რეალურად ახასიათებთ ჰიპერემოციურობა.
ის, რომ ემოცია გამართლებულია ქართულ სინამდვილეში, ძალიან ხშირად ხელს უშლის კომუნიკაციას, იმიტომ რომ ემოციური ადამიანია, ქუჩაში რომ დადის და თავის თავს ელაპარაკება, ეს რეალურად აუტიზმია. აუტიზმისას ემოციის სიმია დაძაბული. ის, რომ ჩვენი დამოკიდებულება რაღაცების მიმართ გვიბიძგებს ემოციურობისკენ, ხოლო ემოციურობა გვიბიძგებს, რომ ინტელექტუალური მხარე გადავდოთ გვერდზე და მხოლოდ თვითგამოხატვაზე ვიზრუნოთ, ფაქტია. ჟურნალისტი ხართ და შეამჩნევდით, გამოვა რუსი, ტლუ, გაუნათლებელი, იტყვის თავის სათქმელს და დაამთავრებს, ჩვენთან კი, ძალიან ხშირია დაუმთავრებელი ინტერვიუები, როდესაც გაუგებარია, ადამიანი რას ამბობს და არა იმიტომ, რომ ინტელექტი აქვს ან არ აქვს, იმის გამო, რომ ყველას აქვს სურვილი, თავისი თავი გამოავლინოს, ოღონდ ნაკლებად აინტერესებს, იმ ადამიანამდე, ვინც მას უსმენს, მივა თუ არა მისი ნათქვამი.
– ესე იგი, გარდა წაკითხულის გააზრებისა, აუტიზმის პრობლემაც გვაქვს?
– დიახ, ეს პრობლემაც გვაქვს, მაგრამ მათ შორის ურთიერთკავშირია: თუ შინაარსის გამოტანა არ შეგიძლია, იმასაც ვერ მიხვდები, ვის რა უნდა, როცა უსმენ ან გისმენს.
– როდესაც საზოგადოებას აქვს ასეთი პრობლემები: ერთმანეთს არ უსმენენ, მხოლოდ ლაპარაკობენ, ნათქვამიდან და წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვთ, გამოდის, რომ ვერანაირ გეგმებს ვერ ვსახავთ და ვერ ვვითარდებით. ეს ნიშნავს, რომ მივალთ ავტორიტარიზმამდე, ვიღაც გამოჩნდება და გვმართავს?
– თქვენ უკვე პოლიტიკური ასპექტი შემოიტანეთ და იმედია, ნებას დამრთავთ, სტერეოტიპებს გადავუხვიო. ყველაზე დიდ უბედურებად მიგვაჩნია ავტორიტარიზმი, ეს დამოკიდებულება კი არ არის მთლად ადეკვატური. როდესაც ტექსტიდან არ შეგვიძლია შინაარსის გამოტანა, მით უმეტეს ისტორიიდან არ შეგვიძლია გაკვეთილის გამოტანა – ავტორიტარიზმი ყველაზე დიდი უბედურება არაა. მაგალითად, პატარა ბავშვი თუ ავტორიტარიზმის მიმდევარი არ იქნა, ანუ მან მშობლებს არ დაუჯერა, მივიღებთ დედის წინ მორბენალ კვიცს, რომელსაც ან მგელი შეჭამს, ან მგლის შვილი. ანუ ავტორიტარიზმი დაბალი დონის საზოგადოებისთვის გამოსავალია, თუ, რა თქმა უნდა, ავტორიტარს ექნება საამისო გონება.
– იმას მაინც თუ გამოაქვს წაკითხულიდან შინაარსი და აუტიზმი არ აწუხებს?
– თუ არადა, თუ არაინტელექტუალურ საზოგადოებაში ავტორიტეტი არ იქნება, ავტორიტარის ალტერნატივა კი ავტორიტეტია, ეს ქაოსისკენ მიმავალი საზოგადოებაა.  რაც სულ ხდება საქართველოს ისტორიაში. ასე რომ, ნუ დაგვავიწყდება, თუ არ ვართ ზრდასრულები, მაშინ ავტორიტარიზმი ჩვენთვის შველაა, ოღონდ ავტორიტარიზმი შედეგამდე მიგვიყვანვს, თუ პიროვნება მომწიფებულია საიმისოდ, რომ მართებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამდენად, ცალსახად იმის თქმა, რომ ავტორიტარიზმი ცუდია, შეუძლებელია. ვისთანაა ცუდი, ვისაც ტექსტიდან შინაარსი ვერ გამოაქვს?! სადაც კომპეტენცია არ არის, იქ დემოკრატია არ ამართლებს.
скачать dle 11.3