№21 ვისი ინტერესია საქართველოს ნარკოსამოთხედ გადაქცევა აზარტული თამაშების სამოთხის პარალელურად და როდის გახდება ლეგალური სექსინდუსტრია
სანამ ჩვენ ჩვენს პრობლემებს ვარკვევდით, ისეთი ტიპისას – ნარკოტიკების მოხმარება თავისუფალი უნდა იყოს თუ არა პასუხიმგებლობისგან და არის თუ არა სიბნელე ღამის კლუბში (სადაც ყველამ იცის, რომ ნარკოტიკი ისევე თავისუფლად იყიდებოდა, როგორც ჯიხურებში საწუწნი კანფეტები), ნარკორეალიზატორების (რომლებსაც, ამ ბოლო დროს, ჯიუტად მოიხსენიებენ დილერებად) დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა; უფრო მეტიც, იმას ვარჩევდით, ჩვენებური ფაშისტები (ასე უწოდებენ საკუთარ თავებს) უნდა დამუქრებოდნენ თუ არა ჩვენებურსვე „ელ გე ბე ტე“ თემის წარმომადგენლებს ტაფებითა და სამზარეულოს დანებით, საგარეო ფრონტზე მეტად საინტერესო ამბები მოხდა (და ხდება): აშშ-ს პრეზიდენტმა – ირანს სანქციებს ისევ განვუახლებო, ისრაელმა ირანის სამხედრო ბაზები დაბომბა, მანამდე კი მოსკოვს ეწვია ბენიამინ ნეთანიაჰუ და პუტინისგან ჩაურევლობის გარანტია მიიღო; ჩრდილო კორეამ ფართოდ გაუღო კარი საერთაშორისო დამკვირვებლებს და თავისი ბირთვული პოლიგონი დახურა. სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა, აზერბაიჯანში ალიევმა ვადაზე ადრე ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები და სკამი გაიმყარა; იმავესთვის ემზადება ერდოღანიც (თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ივნისშია დაგეგმილი). ხოლო, რაკი კანაფის ფოთლები, როგორც ჩანს, ხელს გვიშლის, დავინახოთ (გააზრებას ვინღა ჩივის) გეოპოლიტიკური პროცესები, რომლებშიც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას (სად გვცალია ასეთი უმნიშვნელო საკითხებისთვის?!), გააზრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად მიმოვიხლავთ, რა ხდება ჩვენ გარშემო და, რადგან ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ვინ განკარგავს ჩვენს ბედს, სანამ თავად ჩვენ ჩვენს ცხოვრებაში ნარკოტიკების ყოფნა-არყოფნისთვის დავშვრებით.
– რა გამოგვრჩა ამასობაში?
– ძნელი სათქმელია, რომ რამე გამოგვრჩა, რადგან მაინცდამაინც არასოდეს გვქონია გამახვილებული ყურადღება ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ ბოლო საუკუნეების განმავლობაში სულ რომელიმე იმპერიის წიაღის ნაწილი ვიყავით და რა პოზიციაც ჰქონდა იმ ქვეყანას მიმდინარე პროცესებისადმი, იმასვე ვიმეორებდით. ცალკეული ნათელი გონების ადამიანების ღვაწლი ამინდს ვერ ცვლიდა და ჩვენ მეტნაკლებად მივყვებოდით დინებას. ამდენად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი რესურსი, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენა მოვახდინოთ. თუ ადრე, ასი-ორასი წლის წინათ, ქართველები რამეს აკეთებდნენ რუსეთის იმპერიაში დაკავებული მაღალი თანამდებობების მეშვეობით, ახლა ჩვენ აღარ ვართ ამ იმპერიის ნაწილი და სხვა მსოფლიო მოთამაშეებისთვის ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოვადგენთ არც, როგორც დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხის მქონე სახელმწიფო; არც, როგორც ქვეყანა; არც, როგორც ცივილიზაცია. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ღირებულებაა გეოპოლიტიკური მდებარეობა მსოლფიოსთვის და მეტ-ნაკლები წარმატებით, ყველა ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოვიდა საქართველოში, ცდილობს, აი, ეს არც თუ მნიშვნელოვანი კოზირი, გამოიყენოს და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინცდამაინც დიდი შედეგი არ გვაქვს.
– ჩვენ არ გვაქვს რესურსი, გავლენა მოვახდინოთ გეოპოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ იმის საშუალება ხომ მაინც გვაქვს, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხე, რომელიც ამ პროცესებისგან გველის?
– რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს კიდეც, რომ ფხიზლად ვადევნოთ თვალი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით, ჩვენს სამეზობლოში. არადა, სირიაში რა ხდება და ნიკარაგუასა თუ ვენესუელაში, ხშირად იმაზე უკეთესად ვიცით, ვიდრე ის, თუ რა ხდება სომხეთში, რა განწყობებია აზერბაიჯანში. თურქეთი ხომ კიდევ სხვა მიმართულებაა – იქ რაც ხდება, საერთოდ არავინ იცის. ჩვენთან არათუ გლობალური პროცესების ხედვები არ არის, თუთიყუშივით ვიმეორებთ კონსპექტს, რომელსაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები გვაძლევენ, ამას კი გარკვევად ვერ მივიჩნევ. ზედამხედველებად დანიშნული არასამთავროების, რომლებიც უკვე მთავრობაშიც არიან და პარლამენტშიც, მიერ ნათქვამი ხედვები არის შპარგალკიდან და კონსპექტიდან შეკოწიწებული ფრაზები და აი, ეს საღდება ჩვენს მთავარ ეროვნულ სტრატეგიულ ამოცანებად.
სხვათა შორის, ეს დიდი საფრთხის შემცველია, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, აღარაფერს ვამბობ სუსტ სახელმწიფო სტრუქტურებზე, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რა შედის ამ ინტერესებში. თუ ამ დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ავხსნით ამას, იბადება კითხვა: ნარკოტიკლეგალიზებულ საქართველოში რა იქნება მისი როლი რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით?! ეს არავინ იცის: არც ბატონმა წიქარიშვილმა, რომელიც ამ აქციას ხელმძღვანელობს, არც მინისტრმა გახარიამ, რომელიც ეფექტიანად მოქმედებდა ამ დღეებში. არავის წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდება დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი, როგორც პროტესტანტები აცხადებენ, მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ. როცა იქნება ლეგალიზებული ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება და მიწოდება – აკრძალული, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა. მით უმეტეს, ისეთი კონსერვატიული და შესაძლოა, ავტორიტარული რეჟიმების ფონზე, რომლებიც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშია და, მართლაც, თავისებურია აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, რუსული დემოკრატიები და ამ პირობებში საქართველო რა იქნება – ნარკოსამოთხე?!
– სათამაშო ბიზნესი საქართველოში იმიტომაც ყვავის და ამდენი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც ამისთვის შენდება: დატვირთულია იმ მეზობელი ქვეყნის თამაშისმოყვარული მოქალაქეებით. ჩვენი ქვეყანა სათამაშო ბიზნესის სამოთხე უკვე არის, ახლა ნარკოტიკული სამოთხეც დაემატება.
– კიდევ გვაქვს ბევრი რეზერვი: მაგალითად: სექსბიზნესი, საოცრად შემოსავლიანია და თუ იატაკქვეშა სექსბიზნესი ლეგალიზდება, ეკონომიკის ზრდას წაადგება. ჯერჯერობით სათამაშო ბიზენსსა და სექსბიზნესზე ჩამოყალიბებელია აზრები და ამაზე არ ვკამათობთ, ახლა დღის წესრიგში დგას ნარკობიზნესი. რომელიც აი, ასე სპონტანურად არსებობს ქვეყანაში. იქნება, ვინმემ დაგვდოს პატივი, გამოვიდეს და გვითხრას, ჩვენი რეგიონული როლი როგორ წარმოუდგენიათ ნარკოლეგალიზებულ საქართველოში?! რა მოხდება – ჩამოდიან ტურისტები, კლუბებში თრობის ქვეშ არიან, პლაჟებზე, ქუჩებში მოიხმარენ ნარკოტიკს, რომელიც ჩამოაქვთ საკუთარი მომხმარებისთვის, ეს იქნება დასაშვები და ჩვენი ახალგაზრდები ამ ყველაფერს შეხედავენ და როგორ მოიქცევიან?! ახალგაზრდა კაცი ჩამოუყალიბებელია და ტკბობის ახალი მეთოდები მისთვის საოცნებოა. ესე იგი, მათ მაგალითს გადაიღებენ, ატარებენ ჯიბით ნარკოტიკის ნებადართულ რაოდენობას. შემდეგ გადავალთ უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებაზე და ესე იგი, დავამთავრეთ ჩვენი ტრადიციონალისტური, კონსერვატიული საქართველო, მოვკალით იგი და ახლა ვაშენებთ ევროპულ, სინგაპურულ საქართველოს, სადაც ეროვნული სახელმწიფოს ადგილი არ იქნება?! სადაც ღია იქნებ შრომის ბაზარი და სადაც ათ წელიწადში მას შეავსებენ, ღმერთმა ამრავლოთ, დემოგრაფიული ბუმის პირობებში მცხოვრები ჩინელები, ინდოელები, პაკისტანელები, იემენელები, ნიგერიელები, ჩვენი მეზობლები: კარგი მეგობრები, თურქები და აზერბაიჯანელები და ჩვენ მალაელებივით, როგორც სინგაპურშია, ჩამოვალთ აქაური მოსახლეობის 10-15 პროცენტამდე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესატყვისი?! ბატონო კვირიკაშვილო, იქნებ, გვითხრათ, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მისაღები ნარკორეალიზაციის კონტექსტში ან იქნებ ბატონმა ბიძინამ გვითხრას, როგორ წარმოუდგენია საქართველოს მომავალი ნარკოლეგალიზაციის პირობებში?! როდესაც მისი შვილი, ძალიან გულწრფელი და შესანიშნავი ადამიანი, ბერა ივანიშვილი სიმღერით მოგვიწოდებს ლეგალიზებისკენ მსუბუქი და ივარაუდება სხვა ნარკოტიკებისაც?! როგორია ამისადმი მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოზიცია? ეთანხმება თავის შვილს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციაა ჩვენი საბოლოო მიზანი?! თუ როგორ წარმოუდგენიათ მოხმარება იქნება ლეგალიზებული და მიწოდება აკრძალული?! ეს არის ის თემა, რაც ჩვენს საუბარს ნებისმიერ სხვა თემაზე აზრს უკარგავს, იმიტომ რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები უნდა გავიაზროთ საქართველოს კონტექსტში და ამ დროს ჩვენი ქვეყნის საარსებო საკითხები ვერ გადაგვიწყვეტია. ქართველი საზოგადოების 50-60 პროცენტი მშვიდად შესცქერის ორი მარგინალური ჯგუფის დაპირისპირებას რუსთაველის გამზირზე, რომელთაგან ერთი ნაცისტური მისალმებით იწყებს თავის გამოჩენას არენაზე და მეორე მოითხოვს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. ეს, ჩემი აზრით, საქართველოს აღსასრულის დასაწყისია და დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხვოს. იქნებ იმის წინაპირობაცაა, რომ ჩვენ უნდა მოგვამზადოს ვიღაცამ ავტორიტარიზმისთვის, რადგან დემოკრატიის პირობებში ქართველებმა აღვირი ავიხსენით?!
– ხომ ფაქტია, რომ ავიხსენით? ხელისუფლებასაც რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური პარტიები ზრუნავენ მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერაზე, ასევე, არასამთავრობოები გრანტების მოზიდვაზე. უფლებადამცველებიც იმავეს აკეთებენ. არც პოლიტიკური კლასი არსებობს და არც – საზოგადოებრივი, მხოლოდ ხელისუფლება რომ სცოდავდეს, ნახევარი უბედურება იქნებოდა.
– ბოლო ათი წლის განმავლობაში პოლიტიკურმა კლასმა თვითლიკვიდაცია მოახდინა, ხელისუფლებამაც და ოპოზიციურმა ფლანგმაც, ამიტომაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლება ჩააბარა მილიარდერსა და მეცენატს, რომელსაც სამშობლო უყვარს, მაგრამ თავისებურად, ამდენად, პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, ჩემი აზრით, აშკარაა. საქართველოში, ქვეყანაში, რომელშიც დემოკრატია უფრო განვითარებულია, ვიდრე აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთშიც და რომლებსაც ეკონომიკა უნდა დავაწიოთ, არ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მომავალ რომელიმე არჩევნებზე მმართველი პოლიტიკური ძალა დამარცხდეს კონსტიტუციურად, ლეგალურად. სრულად არაკონკურენტული გარემოა, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა, აშკარა ფავორიტია ყველა არჩევნებზე ადამიანური, ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსით. ვის შეუძლია, მას გაუწიოს წანააღმდეგობა? „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თავისი მიშათი და ცხრაწლიანი მმართველობის სიმძიმით?! მოუნანიებელ „ევროპულ საქართველოს“ თუ „პატრიოტებს“?! მთელ პოლიტიკურ სპექტრს აკონტროლებს მმართველი პირი და ასეთ პირობებში რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი?!
და მეორე: დემოკრატიის საზომი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დონეა?! ჩემი აზრი ასეთია – მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და დავსვათ წერტილი, დანარჩენი მიეთმოეთი ჩვენი ეროვნული ინტერესების შეუსატყვისია და თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ნაცვლად სხვა გააკეთებს, რომელიმე მეზობელი ან შორეული მეგობარი და მაშინ ჩვენ ვიყოთ სტატისტები, მოვწიოთ ყოველ სამ საათში ერთხელ „მარიხუანა“ და ვუყუროთ ყველაფრის დაქცევას. აი, აქედან უნდა შევხედოთ იმ პროცესებს, რომლებიც მსოფლიოში მიდის და რომლებიც თქვენ ბრძანეთ.
– იმიტომაც ვიკითხე, რა მოხდა ამ პერიოდში საგარეო ფლანგზე-მეთქი, რომ იქნებ მათთვის ოპტიმალური ვარიანტია, საქართველო იყოს ტერიტორია, რომლის მოქალაქეებს ექნებათ მხოლოდ აი, ის პრობლემები, რომლების გარშემოც დიდი ვნებათაღელვაა ამტყდარი, რადგან სამართავადაც იოლია ასეთი ხალხი და გამოსაყენებლადაც.
– თუ შიდა პოლიტიკური პროცესი სრულფასოვანი არ არის, არენიდან გამქრალია კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სუბიექტები, ანალიტიკოსთა ფენა, რომელთა მარგინალიზებასაც ეწევა ძალიან ფართო სპექტრი, გარკვეული უცხო ინტერესებიდან გამომდინარე და თვით ბიძინა ივანიშვილმაც კი, ეგრეთ წოდებულ ექსპერტებად მოიხსენია და მე მას ვუპასუხე, რომ ეგრეთ წოდებული ექსპერტების არსებობა, რა გასაკვირია ქვეყანაში, რომელშიც არსებობენ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, როცა შიდა პოლიტიკური პროცესი არ არის ორგანიზებული და ამას არ ცდილობს ჯერ კიდევ ყოვლისშემძლე ზედა ფენა, რომელ თავისუფალ საზოგადოებაზეა ლაპარაკი?! როდესაც, რაც უნდა ვითუხთუხოთ, თუ ოკეანისგაღმიდან არ მოვიდა მესიჯი, ბატონო ბიძინა, დაამთავრეთ მართვა და შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლება ჩააბარეთ ამას და ამას, სხვანაირად ხელისუფლება არ შეიცვლება. ამ დროს კი, მართალი ბრძანდებით, მსოფლიოში მიდის ძვრები, თუმცა პროცესების მართვის სადავეები, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დასავლეთს უპყრია.