№21 ფსევდოობის ალყაში
ანუ მიეცით სიკვდილის უფლება
იმ მარტივი მიზეზით, რომ ვერა და ვერ შევთანხმდით, რა ვუქნათ ამ ჩვენს სხეულებს და, მაინცდამაინც, ვერც ქართული ტელეჟურნალისტიკა ჩამოყალიბდა, როგორ გააშუქოს ესა თუ ის მოვლენა და ამასობაში ნაცისტებიც გამოგვიჩნდნენ არენაზე (რომლებიც, საბოლოოდ, ისეთივე ფსევდოები აღმოჩნდნენ, როგორც, კაცმა რომ თქვას, ლიბერალთა უმეტესობაა), არ დავიზარებ და მცირე ექსკურსს ჩავატარებ, თუ როგორ უნდა განიხილო საკითხი, რომ მეტ-ნაკლებად მთლიანობაში დაინახო და დასკვნაც მეტ-ნაკლებად მართებული გამოიტანო: ამოწმებ „სასწრაფოს” გამოძახებების სიას, გამოძახების მიზეზებს, გამოძახების მისამართს და ადგენ, რამდენი ადამიანი გადაიყვანეს უშუალოდ ღამის კლუბებიდან ან ღამის კლუბში ყოფნის შემდეგ: რა ჩივილებითა და დიაგნოზით. რამდენი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად, რამდენი – ფსიქიკური აშლილობით, რამდენს დაუზიანდა ჯანი და სახელდობრ, რა და როგორ; სპეციალისტებისგან იღებ ინფოს, რა ტიპის ფიზიოლოგიურსა და ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს ამა თუ იმ ტიპის ნარკოტიკული საშუალების მიღება და იქვე განმარტავ, თუ რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს ე. წ. „ლომკისას“, ანუ როგორ იტანჯება; აგროვებ დემოგრაფიულ მონაცემებს: რამდენი ბავშვი და მოზარდია ქვეყანაში, რამდენი მოქალაქეა რეპროდუქციულ ასაკში. როგორია მატების მაჩვენებელი; აზუსტებ, რამდენი ნარკოდამოკიდებულია ქვეყანაში, რა ასაკის და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტორი მოსახლეობის მატება-კლებაზე, ისევე, როგორც სამეშაო ძალის რაოდენობასა და ხარისხზე; რამდენი ბავშვი და მოზარდი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა (ეს, ფაქტობრივად, სახელმწიფოს აკლებს მთავარ რესურსს – სრულფასოვან მოქალაქეს, არასრულფასოვან პირობებში გაზრდილი ბავშვი ვერ ყალიბდება სრულფასოვან მოქალაქედ); განიხილავ, რა როლს ასრულებს მოქალაქეების რაოდენობა და ხარისხი სახელმწიფოს შექმნა-ფუნქციონირებაში; და მხოლოდ ამ მონაცემების შეპირისპირების შემდეგ ირჩევ – ადამიანებს აქვთ სიცოცხლის (როგორც ეს კონსტიტუციაშია) თუ თავისუფლად სიკვდილის უფლება. ოღონდ მეორე არჩევნის შემთხვევაში – ეს ქართული სახელმწიფოს სიკვდილსაც ნიშნავს.
რაც მთავარია, უნდა შევთანხმდეთ თავისუფლების განმარტებაზე. ეს არის: თავში ქვა გიხლია, ისე გიხლია, რომ მეც არ გამიხეთქო თავი, თუ რამ სხვა, უფრო ექსცენტრული.