№21 ვაჭრობა დასავლურად
„კაიფში“ გაპარულები VS წყალწაღებულები
მსოფლიოში დიდი გაწევ-გამოწევებია ამ მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლადაც და უკვე მოპოვებულის გასაფართოებლადაც, მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ ამ მზის ქვეშეთიდან სამუდმაოდ ფეხის ამოკვეთის გზებს ვეძებთ (იქნება, „კაიფში“ მაინც გავიპაროთო).
ჰოდა, რაკი ისინი ადგილებს იფართოებენ, ამერიკულ სააგენტო „ბლუმბერგს” ვაშინგტონში მერკელისა და ტრამპის შეხვედრა-მოლაპარაკების უცნობი დეტალი გაუსაჯაროვებია.
თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-ს პრეზიდენტს გერმანელთა თავქალისგან რუსულ გაზზე უარის თქმა უთხოვია, ცხადია, საკუთარი თხევადი გაზის სანაცვლოდ.
თუმცა, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის მინისტრს უთქვამს, მართალია, აშშ თავისი გაზის გასაღების ბაზრებს ეძებს (და ეს ბუნებრივიაო), მაგრამ, ჯერ ერთი, თხევადი გაზი უფრო ძვირი ღირს და მეორეც, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ აშშ იმდენ თხევად გაზს მოგვცემს, რამდენიც ახლო მომავალში დაგვჭირდებაო.
რაც მთავარია: აშშ-ს თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ – ჩვენი და ამიტომაც ყველანი ჩვენ-ჩვენი ინტერესების სამრეკლოდან ვმოქმედებთო.
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ვინ ასწავლა ამ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, რომ დასავლური არა საკუთარი ინტერესებით მოქმედება, არამედ მოყვრებისთვის ფიანდაზად დაგებაა, ოღონდ შენ იყავი კარგად, მე წყალსაც წავუღივარო (ანუ არჩევანი, მაინცდამაინც, ფართო არ გვაქვს: რა „კაიფში“ გაპარული და რა წყალწაღებული).