№20 როგორ გაუძლო მერაბ დვალიშვილმა ბრძოლისას მახრჩობელა ილეთით გაგუდვას და მსაჯების რა შეცდომის გამო გადასცეს მას 50 ათასი დოლარი
„ექვსწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ახლა უკვე დავიმსახურე საქართველოში ჩასვლა და ოჯახის წევრებთან ჩახუტება... ამიერიდან აღარ მომიწევს, სპორტის პარალელურად, მშენებლობაზე მუშაობა. მხოლოდ ვარჯიშს დავუთმობ მთელ დროს და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს...” შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ეს განცხადება ამერიკელ რიკი საიმონთან ბრძოლის შემდეგ გაავრცელა. წაგების მიუხედავად, „უეფსიმ“ (მებრძოლთა აბსოლუტური ჩემპიონატი) დვალიშვილი 21 აპრილის ღამის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა და ბონუსად 50 000 დოლარითაც დააჯილდოვა. ატლანტიკ სიტიში გამართული ორთაბრძოლის უმეტესი ნაწილი 27 წლის ქართველის უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მესამე რაუნდის მიწურულს საიმონმა, რომელიც „უეფსიში“ სადებიუტო ბრძოლას ატარებდა, მერაბი ეგრეთ წოდებულ გილიოტინაზე დაიჭირა და განძრევის შესაძლებლობა მოუსპო. დვალიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი თითქმის ერთი წუთი ბოლომდე გაუძლო მახრჩობელა ილეთს და დანებების შესახებ არც ხელის მოძრაობით უნიშნებია, თუმცა, არბიტრებმა მიიჩნიეს, რომ ქართველმა გონება რაუნდის დასრულებამდე დაკარგა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს. დასანანი მარცხის მიუხედავად, მერაბ დვალიშვილმა არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ასოციაციის ბოსების პატივისცემა და ფინანსური წახალისებაც დაიმსახურა.
მერაბ დვალიშვილი: ძალიან დიდი მნიშვნელობის ბრძოლა იყო, რადგან ეს უკვე ორგანიზაცია „უეფსის“ ეგიდით ტარდებოდა. აქ კი მხოლოდ საუკეთესოები იბრძვიან და თითოეულ ორთაბრძოლას მაყურებელთა დიდი ინტერესი ახლავს. მეც და ჩემი ყოფილი მოწინააღმდეგე ვართ „უეფსის“ პრეზიდენტის, დენა ვაითის შოუს და სატელევიზიო პროექტის („აღმოაჩინე ტალანტი მებრძოლი“) გამარჯვებულები და ჩვენი დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა.
– მოგვიყევი, როგორ წარიმართა ბრძოლა?
– ბრძოლა ჩემი უპირატესობით მიმდინარეობდა. აშკარად ვიგებდი ქულებით, პირველ რაუნდში ნოგდაუნშიც ჩავარდა და შემეძლო, დამემთავრებინა კიდეც, მაგრამ მაგ დროს ჩემი ინერციით მოქნეული იდაყვი აიცილა და ფეხებში შემომივარდა, ჭიდაობა დამიწყო და გამოვიდა მდგომარეობიდან. მესამე რაუნდშიც უპირატესობა მქონდა – შემტევი სტილით და შერეული დარტყმების სერიებით მოსვენების საშუალებას არ ვაძლევდი. უკვე ერთი წუთი იყო დარჩენილი ბრძოლის დამთავრებამდე და, რადგან დგომში ჩხუბს თავს არიდებდა, მომენტი დავიჭირე, ორივე ფეხში შევუვარდი და ჭიდაობის გდება გავუკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე უხერხულად დავეცით. მე თავი ტატამზე დავარტყი, თავბრუ დამეხვა და ძალა დავკარგე, ამ დროს მან კისერი დამიჭირა და მახრჩობელა ილეთით გაგუდვა დამიწყო. ვიცოდი, რომ ერთი წუთი მქონდა დარჩენილი და ამ მახრჩობელა ილეთს თუ გავუძლებდი, ბრძოლას ქულებით მოვიგებდი. საიმონსს საკმაოდ ძლიერად ჰქონდა ჩემი თავი დაჭერილი და გაქცევის შანსი არ მქონდა, თან უჰაერობისგან ენერგია მეცლებოდა და ვცდილობდი, მესუნთქა და არ გავთიშულიყავი, რაც ძალიან ძნელი იყო. მსაჯი თავზე გვედგა და თვალებში მიყურებდა. საკმარისი იყო, ხელი სამჯერ დამერტყა, ან თვალები დამეხუჭა, ან არ მემოძრავა, მაშინვე შეწყდებოდა ბრძოლა და გამარჯვებას მოწინააღმდეგეს მიანიჭებდა. რამდენიმეჯერ მსაჯს ვაჩვენე, რომ ვუძლებდი და არ გაეჩერებინა. მოვახერხე და დროის დამთავრებამდე ამ ყველაფერს გავუძელი. საბოლოოდ, როგორც იქნა, ნანატრი საფინალო გონგის ხმაც გაისმა და ბრძოლაც დამთავრდა. მსაჯმა ერთმანეთს დაგვაშორა. ერთწამიანი ამოსუნთქვის შემდეგ წამოდგომა დავიწყე, შემდეგ ექიმები მოვიდნენ, ადგომის უფლება არ მომცეს და დაბლა დამაწვინეს, მაგრამ როგორც კი საშუალება მომეცა, ფეხზე ავდექი და ჩემს გულშემატკივარს გამარჯვების სიხარულს ვუზიარებდი. საბოლოოდ, როცა ხელის აწევის დრო დადგა ჩემს მოწინააღმდეგეს აუწიეს ხელი და ნოკაუტი გამოაცხადეს, რამაც მთელი „ემემეი“ და „უეფსის“ მაყურებელი შოკში ჩააგდო. დღესაც სალაპარაკო თემაა და ბევრი გადაცემა და სტატია მიეძღვნა. „უეფსის“ პრეზიდენტმა და ხელმძღვანლობამ მსაჯების შეცდომა აღიარეს, ჩემი ბრძოლა ღამის საუკეთესო და გამორჩეულ ბრძოლად დაასახელეს და ამაზე დაწესებული ბონუსი – 50,000 დოლარი, გადმომცეს. ამ ყველაფერმა ხალხის ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მომიტანა, რასაც აქ ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ.
– რა შეცვალა ამ ბრძოლამ შენს ცხოვრებაში?
– ამ მოგებულმა თანხამ ფინანსური პრობლემები მომიგვარა. შეცვალა ის, რომ აქამდე სპორტიდან მიღებული თანხა ნიუ-იორკში ცხოვრების ხარჯებში არ მყოფნიდა. ახლა უკვე აღარ მომიწევს მშენებლობაზე მუშაობა და მხოლოდ სპორტს დავუთმობ მთელ დროს და ენერგიას, რათა შემდეგში კიდევ ბევრჯერ, უფრო მეტად ვასახელო ჩემი ქვეყანა. პირველად, 6 წლის მერე, სამი კვირით ჩამოვედი საქართველოში და ოჯახი ვნახე.
– „უეფსისთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ რატომ გიწევდა მშენებლობაზე მუშაობა?
– რაც „უეფსიში“ გადავბარგდი, წესით, აღარ უნდა მემუშავა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც მიწევდა – ავთანდილ ხურციძის ადვოკატისთვის მისაცემი თანხის ნაწილი მე გადავიხადე. 6 წლის წინ, როდესაც აქ ჩამოვედი, ჩემი გამოუცდელობითა და ადვოკატის დაუდევრობით, საბუთები ვერ გავაკეთე, ლეგალურად რომ მეცხოვრა. ამის გამოსასწორებლად დიდი თანხა მჭირდებოდა. ასევე, უნდა დამეფარა ყოველდღიური ხარჯი, გადასახადები და ხანდახან, გარკვეული თანხა საქართველოშიც გამეგზავნა. ამიტომ, დამატებით ვმუშაობდი მშენებლობაზე, ყოველდღიურად, სრული განაკვეთით.
– ახლა უკვე როგორ გაიხსენებ მშენებლობაზე მუშაობის პერიოდს?
– ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს – აქაურ გადასახადებს რომ გაუმკლავდეს, ნორმალურად რომ იცხოვროს, ყველამ უნდა იმუშაოს. მე კი, რადგან აქ სპორტში არავინ მიცნობდა, ბრძოლებში თანხასაც არ მიხდიდნენ. პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, სახელის მოსახვეჭად ყველაფერი ნულიდან დავიწყე. მშენებლობაზე მივედი სამუშაოდ, რადგან სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და ამტანი ბიჭები სჭირდებოდათ. პირველი ზამთარი ძალიან ძნელი შესაჩვევი იყო – ფიზიკურად მძიმე მუშაობა, დანგრევა და მერე ამ ნაგვის კონტეინერში ჩაყრა, თან, ყოველდღე, კვირის გარდა, გარეთ, ყინვაში მიწევდა მუშაობა 8 და 10 საათი – დილის 7-დან, დაახლოებით, 5 საათამდე. მერე ნახევარი საათი ცხელი შხაპის ქვეშ ვდგებოდი, რომ გავმთბარიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ მივდიოდი ვარჯიშზე. სახლების მშენებლობა რომ დავიწყე, ძირითადად სულ სახურავზე მიწევდა ასვლა. ეს ამერიკული და კანადური სახლები თავიდან ხისკონსტრუქციებით შენდება და ყველა დეტალი ხელით. სიმაღლეებზე და სახიფათო მომენტებზე მე მიშვებდნენ, რადგან წონით პატარა და მოხერხებული ვარ, თან არ მეშინოდა და მეც მიყვარდა რისკი და ექტრემი. კატასავით დავცოცავდი და ბევრჯერ გადავრჩენილვარ, მაგრამ ახლა, რომ ვუფიქრდები, ერთადერთი ამას ვნანობ ჩემს ემიგრაციულ ცხოვრებაში, რომ ძალიან ვრისკავდი და საფრთხეში ვიგდებდი თავს, მაგრამ სხვა გზაც არ იყო, მაშინ ასე იყო საჭირო. ერთხელ, ხის ხარაჩო ჩაინგრა, ჩამოვვარდი და უკანა დუნდულა კუნთით დავეცი. ერთი კვირა ვერ ვდგებოდი საწოლიდან. მაშინ მივხვდი, რომ აქ მარტო ვიყავი და შეცდომის დაშვების და ცუდად ყოფნის უფლება არ მქონდა. ნელ-ნელა თითქმის ყველა ხელობა ვისწავლე და ფიზიკურად ისე აღარ ვიღლებოდი. თან, უკვე შენობაში ვმუშაობდი და აღარ ვიყინებოდი. ამიტომ სპორტულად მოვუმატე შედეგს. თავიდან არარეალური, შორი და წარმოსადგენადაც კი თითქმის შეუძლებელი იყო, თუ როდისმე მოვხვდებოდი „უეფსის“ ორგანიზაციაში, სადაც მხოლოდ ამ სპორტის ვარსკვლავები არიან. მართალია, 6 წელი დამჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი აქ მოხვედრა და ახლა ყველაფერი მარტივია – მხოლოდ სპორტით დავკავდები.