კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა სიმპტომები ახასიათებს ალცჰაიმერს და რა შემთხვევაში დგას ადამიანი ამ დაავადების განვითარების რისკის ქვეშ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების თანდათან, დროთა განმავლობაში დაკარგვა. დაავადების განვითრების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მეცნიერები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერებების უკმარისობას. რა ნიშნებით ვლინდება ალცჰაიმერი, როგორია მისი პრევენციის გზები, შეიძლება თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება, გვესაუბრა ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
– რა ასაკში ვლინდება ალცჰაიმერის დაავადება?
– ალცჰამერის  დაავადება ვლინდება ძირითადად 65 წლის შემდეგ. თუმცა, დღეს საუბრობენ ამ დაავადების გაახალგაზრდავებაზე, სულ უფრო ხშირი ხდება დაავადების გამოვლენა 40-50 წლის ასაკში და არის აღწერილი 28 წლის პაციენტიც კი. აქვე უნდა ითქვას, რომ მეხსიერების გაუარესება ჯანსაღი დაბერების დამახასიათებელი ნიშანიც არის. ასაკთან ერთად ჩვენი კანი კარგავს თავის ელასტიკურობას, ქვეითდება მხედველობა, სახსრები ხდება ნაკლებად მოქნილი, ასევე იცვლება თავის ტვინის ქსოვილიც, მართალია, ეს ცვლილებები არ არის ისეთი თვალსაჩინო, როგორიც ნაოჭები, მაგრამ მათი წყალობით, ჩვენი კოგნიტური (ანუ შემეცნებითი) ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება უარესდება. დაბერების პროცესში ჩვენი აზროვნება კარგავს ჩვეულ სისხარტეს, ხოლო გონება – სიმახვილეს, მაგრამ დემენციისაგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებების ფონზე ადამიანს არ უჭირს ყოველდღიური ფუნქციონირება, ახორციელებს ყოფით მოქმედებებს და ხშირად, საპენსიო ასაკის მიუხედავად, წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
– რა ნიშნებით ვლინდება ეს დაავადება?
– ადრეულ სტადიებზე დაავადების კლინიკური ნიშნები არ არის ძლიერად გამოხატული და არასპეციალისტისთვის შეუმჩნეველიც შეიძლება იყოს.  ასეთ შემთხვევაში, ხშირად ოჯახის წევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ამ დაავადების მქონე ადამიანის შესაძლებლობებს და ზოგჯერ დასცინიან,  უბრაზდებიან მათი მოქმედების გამო. ვინაიდან, გარკვეულ დონეზე მეხსიერებისა და სხვა ფსიქიკური ფუნქციების დაქვეითება ჯანმრთელი მოხუცებულობის დამახასიათებელი ნიშანია. დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის მეხსიერების დაქვეითება. დემენციის მქონე პირებს უჭირთ ორიენტაცია ნაცნობ გარემოში, ასევე, ყოველდღიური, ჩვეული ამოცანების გადაწყვეტა, მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდა, აღენიშნებათ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების გამოხატული სიძნელეები, ზოგჯერ უჭირთ საჭირო სიტყვების გახსენება საუბრის დროს, ხშირად სვამენ ერთსა და იმავე კითხვებს. დაავადების  განვითარებასთან ერთად, ირღვევა აზროვნება, ვლინდება პიროვნული ცვლილებები, ვეღარ ცნობენ ოჯახის წევრებს. დღევანდელი სტატისტიკით, ალცჰაიმერით, მსოფლიო მასშტაბით, 24 მილიონი ადამიანია დაავადებული. მისი სიხშირე  განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალია. დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ეს რიცხვი ყოველ 20 წელიწადში გაორმაგდება.  
 – რამდენად შესაძლებელია დაავადების თავიდან არიდება?
– ცნობილია ალცჰაიმერის  დაავადების ოჯახური შემთხვევები და გამოვლენილია მისი მემკვიდრეობითი ფორმა. გენეტიკური კვლევების მეშვეობით შესაძლებელია დაავადებისადმი მიდრეკილების გამოვლენა. სხვა შემთხვევებში აღნიშნული მდგომარეობა შეძენილია და განპირობებულია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობით, ცხოვრების წესით, ინტელექტუალურ და სოციალურ საქმიანობაში ჩართულობით.  კლინიკური გამოცდილების  გათვალისწინებით, დემენციის დასაწყისი ხშირად უკავშირდება ძლიერ სტრესს, როგორიცაა მეუღლის ან სხვა ძალიან ძვირფასი ადამიანის დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვნა, რაც ბუნებრივია, 60 წლის ზემოთ ასაკის მქონე პირებთან ხშირია. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი კარგავს მისთვის ჩვეულ სოციალურ როლს, ის რჩება ფუნქციის გარეშე და ხშირად ეს მისთვის იმდენად დიდი განსაცდელია, რომ იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ პროცესებს, მათ შორის ფიზიკური ჯანმრთელობისა და ინტელექტუალური სფეროს გაუარესებას.
–  შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია?
– პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის დაავადების პრევენცია. ამისთვის მნიშვნელოვანია ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება დავუთმოთ ჯანმრთელობას. ჯანსაღი საკვები, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და აქტიური დასვენება არის ჯანმრთელად დაბერების აუცილებელი პირობები. მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი. ისევე როგორც სხეულს, ჯანმრთელობის მაქსიმალური შენარჩუნებისათვის ჩვენს ტვინსაც ესაჭიროება ზომიერი დატვირთვა, მაგალითად, კროსვორდების, თავსატეხების, რებუსების ამოხსნა, ინფორმაციის ანალიზი, ახალი შთაბეჭდილებები. კარგია, თუ გაქვთ ჰობი. მაქსიმალურად ეცადეთ განვითარდეთ ამ მიმართულებით, მოიძიეთ ახალი ინფორმაცია, გაეცანით სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროში და ეცადეთ, გამოიყენოთ ეს სიახლეები და დანერგოთ თქვენს ყოველდღიურობაში. ასაკთან ერთად მოსალოდნელია მეხსიერების, ყურადღებისა და სხვა ფსიქიკური ფუნქციების გარკვეული ხარისხით გაუარესება, ეს ბუნებრივი პროცესია და ისევე უნდა შეეგუოთ, როგორც სათვალეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ დამხმარე საშუალებები, ჩაიწერეთ ან ჩაინიშნეთ საჭირო ინფორმაცია. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი უჩივით მეხსიერების დაქვეითებას, აუცილებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტებს, რომ დადგინდეს მეხსიერების დაქვეითების მიზეზები და  საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს შესაბამისი ჩარევა.
– შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების განკურნება?
– ალცჰაიმერის დაავადების განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია ამ მდგომარეობის მქონე პაციენტების სწორი მართვა, რაც გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას, რომლის შედეგად შესაძლებელია დაავადების განვითარების გარკვეული დროით გადავადება და სიმპტომების შემსუბუქება. ეს მიდგომა მოიაზრებს ექიმის მეთვალყურეობას, მედიკამენტებით მკურნალობას, ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის და ფსიქოლოგის დახმარებას. ალცჰაიმერის, ისევე როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის ადრეული გამოვლენა, რადგან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა და დახმარება გაცილებით ეფექტური იქნება.  
– რას ურჩევთ ალცჰაიმერით დაავდებულ პაციენტთა ახლობლებს, როგორ უნდა მიუდგნენ და დაეხმარონ მათ?
– დაეხმარეთ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანს მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე მორგებული გარემოთი. აუცილებელია მოწესრიგებული დღის რეჟიმი, ნუ ჩამოართმევთ მას ფუნქციებს. შესაძლებლობის გათვალისწინებით, ჩართეთ ოჯახურ საქმიანობაში. დაეხმარეთ, იპოვოს და ჩაერთოს ისეთ საქმიანობაში, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. ყოველივე ამის და სათანადო მკურნალობის დახმარებით შესაძლებელია დაავადების გვიანდელი სტადიისა და მუდმივი მეთვალყურეობის აუცილებლობის გადავადება. ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ, რომ დღის განმავლობაში მეასედ გეკითხებათ – ,,დღეს რა რიცხვია?“ აღარ ახსოვს, სად ინახავს პირად ნივთებს და ვერ იხსენებს თქვენს დაბადების დღეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს გვავიწყდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა. მეხსიერების ან მსჯელობის უნარის არმქონე ადამიანს ისეთივე ზრუნვა და სიყვარული ესაჭიროება, როგორც მხედველობის ან სხვა მეტად თვალსაჩინო უნარის შეზღუდვის შემთხვევაში. აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა ყოველდღე, რადგან ხშირად ასეთი ადამიანებისათვის ,,გუშინ“ უკვე არ არსებობს.
скачать dle 11.3