კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ მოხვდა ემზარ კვიციანი მახეში და რა პირობას უსრულებს ის პატრიარქს

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

გასულ კვირას პარლამენტარი ემზარ კვიციანი ახალ სკანდალში გაეხვა   სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება რუსებთან თანამშრომლობის აღიარებით ჩვენებად ჩაუთვალეს. თავად ემზარ კვიციანი, მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიას იმ  საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცყოფის გამო სანქციების გამკაცრებას ეხება. რატომ ხვდება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ყველაზე ხშირად ხმაურიან ისტორიებში, ვის არიდებს ის დარტყმებს და რას არ პატიობენ მას, ამის შესახებ თავად ემზარ კვიციანისგან  შეიტყობთ.  
– ბატონო ემზარ, ცოტა ხნის წინ თქვენ მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა - ემზარ კვიციანმა რუსებთან თანამშრომლობა აღიარაო, რა თქვით ასეთი, ანათემას რომ ძლივს გადაურჩით.
– ეს აჟიოტაჟი მოჰყვა არა ჩემს ნალაპარაკევს, რაზედაც პატიმრობიდან გათავისუფლების  პირველივე დღიდან, ბევრჯერ მქონდა საუბარი სხვადასხვა ეთერში, არამედ, იმ ინიციატივას, რომელიც ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რაც მოიცავს ფულადი ჯარიმის ან პატიმრობის დაწესებას,  როდესაც საქმე გვაქვს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან. ეს ინიციატივა ორჯერ შევიდა პარლამენტში – 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წელს სოსო ჯაჭვლიანის მიერ, მაგრამ არც ერთხელ არ გავიდა. ეს ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორჯერ იყო დაბლოკილი – ეტყობა, ორივეჯერ  მიუნხენის მეთოდი გამოიყენეს, ან მეორედ, როცა სოსომ უკან გამოიტანა ინიციატივა, ვინმე მღვდელს დაარეკინეს მასთან,  რომელსაც ხათრს ვერ გაუტეხავდა, ალბათ, დაუმტკიცეს სოსოს, რომ ეს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული და ამიტომ გაიტანა უკან. ამას მოჰყვა სწორედ ის შეტევები, რაც იყო ამ წლებში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ბოლოს კულმინაცია – იქამდე  მივედით, რომ პრეზერვატივებზე დახატეს ჩვენი წმიდანები და მეფეები.  ეს კანონი რომ ყოფილიყო, დღეს ის შვიდი ადამიანი, ვინც გიორგი  გაბუნიას გამო ზის ციხეში, იქ არ იქნებოდნენ, რადგან თვითონ  გაბუნია ვერ გაბედავდა იმას, რაც გააკეთა. სწორედ ამ ინიციატივამ გამოიწვია ის, რაც წინა კვირას მოხდა. რომ გაჰყვირიან, კვიციანმა რაღაც აღიარაო, როდის იყო ჯაშუში რამეს აღიარებდა? ასეთი რამე გაგიგიათ?  ახლა რომ გაჰკივიან, კვიციანმა რუსეთის სპეცსამსახუებთან  აღაიარა თანამშრომლობაო, ხომ არ ავიწყდებათ, ვინ ჩამაგდო რუსების ხელში? სწორედაც რომ, იგორ გიორგაძემ, რომელსაც ახლა შევეხე და რომელმაც მე ჯაშუში ვერ გამხადა და როგორც კი მისი სახელი ვახსენე, აქ მეხუთე კოლონა აამუშავა. რატომ ის არ წამოსცდებათ, რომ  იგორ გიორგაძე მათი მამა და მარჩენალია. მას რუსეთში საქართველო აბარია. ბოლო 20 წელიწადში  საქართველოში სწორედ მან ჩამოაყალიბა „საჯაშუშეთი“ და ის მართავს აქაურობას.  მე მას ორჯერ-სამჯერ შევხვდი რუსეთში ყოფნის დროს. ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, საქართველოსთვის სასიკეთო რამე რომ ეთქვა, მაგრამ მივხვდი, რომ ის სასიკეთოს არაფერს გააკეთებდა.  როცა  სარეკში მომახვედრეს, შემდენეს ტყვედ  მტრის ბანაკში,  სადაც ქვეყანა ხალხი მყავდა დახოცილი, ვერტმფრენები ჩამოგდებული, ვინმე წარმოიდგენს, რა მდგომარეობაში ვიყავი?  ეს იყო მახე – ტყვეობაში ვიყავით  მეც და ჩემი ოჯახიც,  ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ აჟიოტაჟი მაინცდამაინც ახლა ატყდა. მონადირე კაცი ვარ და მონადირის ენაზე გეტყვით, როცა დათვს ორი ბელი ჰყავს და  ორივეს წაართმევენ,  დათვი გამოეკიდება მონადირეს, ერთს უკან მიუბრუნებენ, მეორე მოჰყავთ. იციან, რომ დათვი ვერც  ერთს დატოვებს, ვერც მეორეს, ხან ერთი შვილისკენ მირბის, ხან – მეორისკენ. მეც ასე გამიკეთეს. ერთ მხარეს ცოლ-შვილი მყავდა, მეორე მხარეს – კოდორის ხეობა, მე შუაში ვიყავი, ორივეს ერთად ვერ გადავარჩენდი, რომელიმე უნდა გადამერჩინა.
–  პოლიტიკამ ამდენი პრობლემა შეგიქმნათ,  რატომ დაბრუნდით ამ ყველაფრის შემდეგ ისევ პოლიტიკაში? დიდი მეურნეობა გაქვთ, დაგეწყოთ თქვენი ბიზნესი და გეცხოვრათ მშვიდად.    
–  მე მშვიდი ცხოვრება ვერასდროს მექნება. თუ რამე მქონდა დასაკარგი, ყველაფერი დამაკარგინეს, დამინგრიეს ოჯახი, მაგრამ მაინც ვერ შემაჩერეს. მე ტყვიის გარდა ვერაფერი შემაჩერებს, მესროლონ, მომკლან და მერე აკეთონ თავისი საქმე. პარლამენტში იმიტომ კი არ წავედი, რომ ჩუმად ვიჯდე და მარტო ხელფასი ავიღო და ვჭამო?  მაშინ რა ჯანდაბა მინდა ამ პარლამენტში, ძალიან ბევრს უნდა, რომ ასე ვიყო.  ამდენი წელი იმისთვის ვიბრძოდი, რომ ეს ქვეყანა მოღალატეებს დავუთმო? კოდორის ხეობაში დაღუპული ბიჭების საფლავები დამრჩა, მათი საფლავებიანად არის გაყიდული კოდორი. ახლა ამ ქვეყნის გამყიდველი, პრეზიდენტად წოდებულის თანამებრძოლები მოსწავლეებს ხვდებიან პარლამენტში და იქ ესაუბრებიან, ემზარ კვიციანი სამშობლოს მოღალატეაო. ამას სული ვინ ჩაუდგა? ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გამოაცხადა კოჰაბიტაცია.  მე მას არასდროს არ შევხვედრივარ, ახლოს ერთხელაც არ მყავს ნანახი. არჩილ ტატუნაშვილის გასვენებაზე ჩამიარა გვერდით, არ ვიცი, ვერ დამინახა, თუ თავი ამარიდა... ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა ტრიალებს, შესაჩერებელია, რომ მერე წაღმა წავიდეს, თორემ არაფერი გვეშველება. ასეთ  დროს გვერდით ვერ გადგები. მე მაქვს ჩემი მეურნეობა, იმიტომ რომ თავი ვირჩინო. რა გგონიათ, მეურნეობა გასართობად მაქვს? არა, იმიტომ რომ ჩემს ჩამორჩენილ ცხოვრებას ცოტა მაინც დავეწიო, მეორეც – როცა მიწაზე ვმუშაობ, ეს ჩემთვის განტვირთვაა. მარტო ვმუშაობ, ხანდახან მეზობელი მეხმარება ხოლმე. მოსავალს არ ვყიდი, მაგრამ იმდენი მომყავს, ჩემი პროდუქტი მაქვს, ნატურალური, შხამ-ქიმიკატების გარეშე.  ვიცი, რომ კიბო არ ამეკიდება, ჩემი შვილებიც ნატურალურ საკვებს მიიღებენ. ახლა ხეხილის ბაღიც  გავაშენე, ვაშლი მექნება, ჩემი თხილი. ვმუშაობ, აბა რა ვქნა, როცა პარლამენტში არ ვარ, ბაღში ვმუშაობ.  ჩემი ხელები რომ ნახოთ, ფიზიკური მუშაობით, სულ გადატყავებული მაქვს. წალკაში იმდენი კარტოფილი მომყავს, ბევრ  ოჯახს  რომ ჰყოფნის. როცა პოლიტიკას ჩამომაშორეს, ფერმები გავაკეთე, მაგრამ მერე ყველაფერი გამინადგურეს, ერთადერთი ფუტკარი შემრჩა, ამ საქმეს უფრო მეტად უნდა მივყო ხელი.   
– „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ყველაზე ხმაურიანი წევრი ხართ, თითქოს თავსატეხიც კი  გახდით მათთვის, როგორი დამოკიდებულება აქვთ  კოლეგებს  თქვენს  განცხადებებზე?
– მე ყველასთვის თავსატეხი ვარ, იმიტომ, რომ თავისუფალი კაცი ვარ.  ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, რომ შემეძლოს და  მართვადი ვიყო,  რატომ ვარ ასე გაუბედურებული? იმიტომ რომ უმართავი ვარ. მე რაც სწორად არ მიმაჩნია, იმას არ გავაკეთებ, რაც სწორი მგონია, ქვეყანა რომ წინ დამიდგეს, მაინც გავაკეთებ, მით უმეტეს, თუ ეს ჩემს სამშობლოს ეხება.
– კი  გადაგეფარათ თვეების წინ ამბრაზურასავით ადა მარშანია,  მაგრამ რად გინდა, მარტო არ შეიძლება თქვენი დატოვება კამერებთან.
– ადა მაშინ  იმიტომ გადამეღობა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რაღაცას მიწყობდნენ, ეს ჩემ გამო გააკეთა. ადა ჩემი დაა, მას პატივს ვცემ. თუ რამეს აკეთებს ჩემთვის, გულით აკეთებს. ადამ იცის, რომ ჟურნალისტებშიც იმდენი აგენტია, ვინმემ რამე რომ არ წამომაცდენინოს, ჯობია, 2-3 კაცი მაინც იყოს ჩემ გვერდით. მე  ვარიდებ ამ დარტყმებს ჩემს თანამებრძოლებს და ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. პატარაობიდან ასეთი ვარ. სიტუაცია რომ გამენეიტრალებინა, მთელ დარტყმას ჩემს თავზე ვიღებდი, ამიტომაც სულ მე ვხვდებოდი  ხოლმე ეპიცენტრში. აბა გაიხსენეთ, ჩემს პირადულზე ოდესმე რამე ყოფილა? არა, ყველა თემა ჩემს ქვეყანას ეხება. როცა გამათავისუფლა სააპელაციო სასამართლომ და ქუთაისიდან მოვდიოდი, გზაში, ყველგან გაშლილი სუფრა მხვდებოდა. პატრიარქი  მელოდებოდა.  დავარეკინე მისაღებში, მაგვიანდება ვერ მოვდვარ, ხალხი სოფელ-სოფელ მხვდება-მეთქი. პატრიარქმა შემომითვალა, რა დროსაც არ უნდა ჩამოვიდეს, ველოდებიო.  გვიანი ღამე იყო, როცა საპატრიარქოში მივედი. უნამუსო ვიყო, თუ ვიტყუებოდე, პატრიარქი მისაღებში ფეხზე დამხვდა. თითქოს ღმერთი ჩამოფრინდაო, ისეთი   ბედნიერი ვიყავი. მეუფეებთან მოქცევის წესები ვიცი – ისე მოვიქეცი, როგორც საჭირო იყო. პატრიარქმა დამლოცა,  ჯვარი ჩამომკიდა და მითხრა, ემზარ, არ შეწყვიტო და განაგრძე  მუშაკობა საქართველოსთვის,  სამშობლოსთვისო. მან მომცა კურთხევა, ვიმოქმედო ისე, როგორც მე ჩავთვლი სწორად.
– ახლა  ეს  ინიციატივა თუ შეუთანხმეთ საპატრიარქოს? და თქვენი შვილის სახელზეც გკითხავთ, რომელსაც  წლების წინ იესო დაარქვით, ამას მკრეხელობად გითვლიან.  
–  მე არ მჭირდება შეთანხმება საპატრიაქროსთან, თუ პატრიარქს არ მოეწონება ჩემი ნაბიჯები, ის აუცილებლად შემატყობინებს. მე მას ხშირად არ ვაწუხებ. მხოლოდ მაშინ შემიძლია მივცე მისი შეწუხების უფლება საკუთარ თავს, როდესაც ორჭოფობას დავიწყებ.  იქ ვერ ვიორჭოფებ, სადაც ჩემს რელიგიას ეხებიან, სადაც პრეზერვატივზე, აღდგომის კვერცხებს, დავითისა და თამარის ფოტოს დამიხატავენ. ახლა რაც არ მომწონს, ისაა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ყველა გამოუშვეს, ვინც ერთი ნაბიჯიც კი გადადგა მართლმადიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისკენ. კარგის არაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ ამ კანონს არავის დავანებებ. რაც შეეხება ჩემი შვილის სახელით სპეკულირებას,  როცა ჩემს ბიჭს იესო დავარქვი, მაშინ ასე ეკლესიური არ ვიყავი.  ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, იმისი სახელი დავარქვი. საბუთებში სახელი გადავუკეთეთ და იესე ჰქვია, ასე რომ,  თუ ჩემთან აქვს ვინმეს პრობლემა, ჩემთან  გაარკვიოს. ჩემი შვილი ისეთი წესიერი ბიჭია, მისი სახელის ხსენება, მათ არაფერს მისცემთ.        

скачать dle 11.3