№20 როგორ „დააგოიმა“ გოიმმა გია ფერაძე
ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „მე და ჩემს მეგობრებს ერთი „შტუკა“ გვქონდა დამუშავებული, რომელსაც „ტელეპათი“ ერქვა. რუსთაველზე რომ ვიდექით ხოლმე, თეატრალურის წინ, „პონტს ავაგდებდით“ და „სპორს“ ვიწყებდით. „სპორში“ კი წინასწარ შერჩეულ გოიმს ვითრევდით, რომელზეც ყველაფერი ეს იყო გათვლილი. მე ვიტყოდი: გინდა, ნებისმიერ ადამიანს ის გავაკეთებინო, რაც მინდა-მეთქი? ოპონენტი, რა თქმა უნდა, საპირისპიროს მეუბნებოდა. პროგრამის „გვოზდი“ იყო „მაზიანი“ და „სპორში“ ჩართული გოიმი მენიძლავებოდა. შემდეგ თავადვე ირჩევდა ობიექტს, რომელიც უნდა მემართა. თეატრალურთან კი, ყველა ჩვენიანი იდგა და წინასწარ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ამიტომ, ამორჩეულ ობიექტს მანიპულაციებს დისტანციურად ვუტარებდი და მის გასაკვირად, ობიექტი ხან ახტებოდა, ხან „ატჟიმანიებს“ აკეთებდა, ხან – რას და ხან – რას. ერთი სიტყვით, „მაზიანს“ ვუგებდით და მუდმივად გვქონდა სიგარეტი, ლუდი და სხვა ატრიბუტიკა, რაც ასე აკლიათ სტუდენტებს. ერთხელ, ერთი ასეთი გოიმი გამოვიჭირეთ და ერთი ბლოკი სიგარეტი მოვუგეთ. ზამთარი იყო, ციოდა და მაგარი „დუბლიონკა“ მეცვა. გოიმს კი – გაცრეცილი პალტო. მოკლედ, გოიმმა ფული „გააძრო“ და მითხრა: შენი დუბლიონკა მათხოვე, სასტუმრო „ინტურისტში“ შევალ და ერთ ბლოკს ვიყიდი. ჩემი პალტოთი შესვლა „ტეხავსო“. მე მას ორიათასმანეთიანი დუბლიონკა ჩავაცვი, თავად კი მისი ჯღანი გადავიცვი და თვალი გავაყოლე. გოიმი სასტუმრო „ინტურისტში“ შევიდა. ნახევარი საათი ველოდე და რომ არ გამოვიდა, მე და ჩემმა მეგობრებმა მივაკითხეთ. შვეიცარმა გვითხრა, მეორე კარიდან გავიდაო... კინაღამ გული გამისკდა ბოღმისგან – გოიმები ჩვენ აღმოვჩნდით. ასე „ამახია“ და „დამაგოიმა“ გამოსული თბილისელი ბიჭი ვიღაც გოიმმა.