№20 რატომ უნდა დაუბრუნოთ სასწრაფოდ პატრონს მისი ჭურჭელი სავსე და არა – ცარიელი და სტუმრის რა საქციელს მოჰყვება მასპინძლის ოჯახში ჩხუბი, სკანდალი და სრული გაუგებრობა
იმ უამრავ საგანს, პროდუქტს, ნივთიერებასა თუ მოვლენას შორის, რასაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში აწყდება, იძენს, იყენებს ან არ იყენებს, მაგრამ მაინც ეტანება, სასიცოცხლოდ აუცილებელი დანიშნულება, ალბათ, მაინც სახლს აქვს. ანუ, მუდმივ საცხოვრისს, სადაც ყველაზე დაცულია და მისთვის მყუდრო, კომფორტული გარემო აქვს შექმნილი. სრულ იდილიას კი იქ თბილი, შინაური აურა კრავს. თუმცა, ეშმაკს ხომ არ სძინავს და განსაკუთრებით, ასეთ გარემოს ემტერება. ჯადო, მისტიკა, მაგია ყველგან და ყველაფერში შეიძლება, იყოს ჩასაფრებული და ეს თქვენც კარგად იცით, ჩვენი რუბრიკის ერთგულო მკითხველო. არაერთხელ გვისაუბრია კარ-ფანჯრიდან დაწყებული, ავეჯისა თუ სახლის ნებისმიერ, სხვა საჭირო ნივთთან დაკავშირებულ მისტიკურ მინიშნებებსა და ცრურწმენებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ ძალიან ბევრია სათქმელი. ამჯერად ჭურჭელზე მოგახსენებთ და ეს იქნება, მხოლოდ დასაწყისი, რადგან თემა ამოუწურავია, რაზეც პერიოდულად მოგაწვდით კიდეც ინფორმაციას. დღეს კი, ეზოთერიკოს, ქალბატონ მანანასთან ერთად, განვიხილავთ, რა შეიძლება, მოხდეს, თუ სახლში სხვისი ჭურჭელი დაგიგროვდათ ან სტუმარმა მოინდომა თავისივე გამოყენებული თეფშის გარეცხვა... დაინტერესდით? – დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რა არის იმაში ცუდი, თუ სტუმარი სუფრის ალაგებაში მოგეხმარა ან თუნდაც, თავისივე დასვრილი თეფში გარეცხა?
– სხვათა შორის, ადრე მეც მასე ვფიქრობდი, სანამ ერთმა შემთხვევამ არ შემაცვლევინა აზრი. მეგობართან ვიყავი პატარა წვეულებაზე. სულ რამდენიმე გოგო შევიყარეთ ყავასა და ნამცხვარზე და ჩვეულებისამებრ, ჭორაობა გავახურეთ. რომ ავიშალეთ, ერთ-ერთმა, რომელიც მასპიძლისთვის არც ისე ახლობელი გახლდათ, შეიძლება ითქვას, შემთხვევითაც კი მოხვდა იმ დღეს იქ, დასტაცა თეფშებსა და ჭიქებს ხელი და სამზარეულოში გაიტანა, მე გავრეცხავო. ის იყო, ონკანიც მოუშვა, რომ ეს ჩემი მეგობარი ისეთი გააფთრებული ეცა და გამოსტაცა ჭუჭყიანი თეფში ხელიდან, რომ კინაღამ გაატეხინა. ცოტა უხერხულობა შეიქმნა, მაგრამ მალევე, ყველა ერთად წავიდა და ამით ამოიწურა ეს, ერთგვარი ინციდენტი. მე იქ ვრჩებოდი და მეგობრები რომ გავაცილეთ, ვკითხე ლალის (ასე ერქვა მას), რა მოხდა-მეთქი. როგორ? არ იცი, სტუმარმა მხოლოდ თავისი დასვრილი თეფშიც რომ გარეცხოს, ამას მასპინძლის ოჯახში ჩხუბი, სკანდალი და სრული გაუგებრობა მოჰყვება. მით უმეტეს, ბევრი ჭურჭელი ანუ, საკუთარის გარდა, სხვისიც თუ გარეცხა, მთალად დაღუპავს ოჯახს – იღბალსა და კეთილდღეობას იმ თეფშების ჭუჭყივით გააყოლებს წყალს და ასე, „ბედნიერებაგარეცხილებისთვის“ მალე მთელი რიგი პრობლემები იჩენს თავსო. აბა, მეც არ მივეკარები ნიჟარას-მეთქი, ვუთხარი ღიმილით. არა, შენ ახლობელი ხარ, გენდობი და კარგს იზამ, თუ გარეცხავ, ამით იღბალს გაგვიხსნი: შეიძლება, სარფიანი შეხვედრა შედგეს ჩვენთან, ან მთელი ოჯახი სამოგზაუროდ გავემგზავროთო. იცით, რა მოხდა მეორე დღეს? ლალი მირეკავს: დედამ ლატარიით ოჯახური საგზური მოიგო პარიზში და ამ ზაფხულს ორ კვირას იქ გავატარებთ, შენ კი დამცინე, ცრუმორწმუნე ხარო, – ნიშნი მომიგო გახარებულმა. მერე მეც დავინტერესდი ამ თემით და კიდევ ბევრი რამ გავარკვიე. აღმოჩნდა, რომ: მჭიდრო, გრძელვადიან ურთიერთობებსა და ხშირ შეხვედრებს მოასწავებს, თუ მშობლების სახლში სტუმრობისას დასვრილ ჭურჭელს გარეცხავთ; ახალგაზრდა ქალი თუ გესტუმრათ და მან დაგირეცხათ ჭურჭელი – მალე თავად ის გათხოვდება ან თქვენი ოჯახის ახლგაზრდა წევრს მოუწევს დაქორწინება; დედამთილი თუ გეწვიათ და ჭურჭლის რეცხვაში წაგაშველათ ხელი, მაინცდამაინც ნუ გაგიხარდებათ – ოჯახის წევრები წაკამათდებით; ზოგჯერ ხდება, რომ სტუმარი ხელს გადაიბანს და ამ დროს ნიჟარა გასარეცხი ჯამ-ჭურჭელითაა სავსე – ამას აუცილებლად მოჰყვება უასიამოვნო მოვლენები: ჩხუბი, ფინანსური პრობლემები. მაგრამ, თუ სტუმარმა სულაც არ მოინდომა თავისი დასვრილი თეფშის გარეცხვა, ძალიანაც კარგი თქვენთვის. ეს ნიშნავს, რომ სახლი საიმედოდაა დაცული და მას ავი თვალი, თუ არაკეთილმოსურნე ხალხი ვერაფერს დააკლებს.
– ეს გასაგებია, მაგრამ რა შეიძლება, მოჰყვეს, თუ, ვთქვათ, მეზობელმა თეფშით ნამცხვარი შემომიტანა და მერე ის თეფში ჩემთან დარჩა?
– სხვისი ჭურჭელი სახლში ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ქალი – ერთგვარი ფარი და ციხესიმაგრეა, რომელიც ოჯახის თითოეულ წევრს გარესამყაროს უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს. საკუთარ სახლში სხვისი ნივთის შეტანით კი, ამ „ფარსაცავ“ ენერგეტიკას არღვევთ და მას შეღწევადს ხდით, რის გამოც მერე თავადვე იტანჯებით. სწორედ სხვისი ჭურჭლით შეიძლება, შეიტანოთ სახლში უსიამოვნება ავი თვალისა და ჯადოს სახით. ასევე, ეცადეთ, არასდროს ისარგებლოს სხვამ თქვენი პირადი ჭურჭლით (ამიტომ, სასურველია, სპეციალური ჭურჭელი შეიძინოთ სტუმრებისა და ნათესავებისთვის). ის ჭურჭელი კი, რომლითაც მეზობელმა თუ ახლობელმა ახალი ხილი, ნამცხვარი ან ნებისმიერი, სხვა პროდუქტი შემოგაწოდათ, სასწრაფოდ უკანვე დააუბრუნეთ პატრონს. რაც უფრო დიდხანს გექნებათ ასეთი ნივთი სახლში, მით უფრო ცუდად იგრძნობთ თავს.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
– მეტი თვალსაჩინოებისთვის, ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ. მეზობელმა, ქეთიმ, დამიძახა, კარგი ყავა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და დამეწვიეო. აბა, ამაზე უარს როგორ ვიტყოდი და რომ შევედი, ის იყო გაზქურიდან გადმოდგა ქაფქაფა ჯეზვე. მერე კარადიდან ფინჯანები გადმოიღო და უცებ შეჰკივლა: ეს აქ საიდან გაჩნდაო. მოულოდნელობისგან შევხტი. მან კი წითეკლოპლებიანი, ლამაზი ფინჯანი დამიდო წინ და მეუბნება: ეკასია (ჩვენი მეზობელია) და რა ხდება, ვერ გავიგე? რამდენჯერ გავუტანე, მაგრამ ისევ ჩემს კარადაში ვპოულობო. გულში მწარედ გამკრა. იმხანად უკვე კარგად ვიყავი ეზოთერულ ნიუანსებში გარკვეული და მენიშნა: სხვისი ფინჯანი სახლში ქმრის საიდუმლო კავშირზე, ანუ მის „გვერდით გაგულავებაზე“ მიანიშნებს – აშკარად საყვარელი ჰყავს ქეთის ქმარს-მეთქი, გავიფიქრე. ისე აგიხდათ ყვეალფერი კარგი. სულ მალე გამოაშკარავდა ყველაფერი და იცით, ვინ აღმოჩნდა ქეთის მეტოქე? სწორედ იმ ფინჯნის პატრონი ეკა. ასე რომ, ფინჯანთან ერთად, სახლში არც სხვისი ჭიქა ან ბოკალი გააჭაჭანოთ – ამჯერად ღალატი არა, მაგრამ არანაკლები: ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს, რაც შეიძლება, ალკოჰოლიზმს უკავშირდებოდეს. სხვისი თეფში ან ლანგარი – ფინანსური პრობლემებია ოჯახში: დიდი ვალები და გაუთვალისწინებელი ხარჯები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო გაიზრდება, თუ სხვისი ჭურჭელი განსაკუთრებით ბევრი დაგიგროვდათ – ხშირი კამათი და გაუგებრობა მოჰყვება ამას და შესაძლებელია, საქმე განქორწინებამდეც კი მივიდეს, ან ოჯახის ერთ-ერთი წევრი მძიმედ დაავადდეს. მოპარული თეფში სახლში გაქურდვის საშიშროებას თქვენვე გიქმნით: შეიძლება, ფული მოგპარონ ან ქმარი წაგართვან. მაგრამ, თუ სახლში სხვისი ჭურჭელი გატყდა – ეს გათვალვის ნიშანია. გაეცით ჭურჭელი და უკან აღარ დაგიბრუნეს? – ეს ენერგეტიკული გამოფიტვაა, რისგანაც შეიძლება, თავი ცუდად იგრძნოთ ან იმედგაცრუებული დარჩეთ. თუმცა, კარგია, თუ ნათხოვარ ჭურჭელს სახლში გარეცხავთ. ამით ჯადოსა და ავი თვალის „ჩამორეცხვასაც“ შეძლებთ. მოკლედ, საფრთხე დიდია, მაგრამ აიცილებთ, თუ სხვის ჭურჭელს სასწრაფოდ დაუბრუნებთ პატრონს, მაგრამ არა ცარიელსა და ჭუჭყიანს. თორემ, „ცარიელი“ ენერგია, რომელსაც ასეთი ქმედებით მიიზიდავთ, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესებასა და იმედგაცრუებას გიქადით. ამიტომ, დააბრუნეთ ჭურჭელი ძღვენით – ეს დადებითი ენერგეტიკით აგავსებთ და ყველასთან იოლად მოაგვარებთ ურთიერთობას.