№20 საიდუმლო ორგანიზაცია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-19(906)
გენერალი საკომანდო პუნქტიდან გავიდა და ლიფტით მინუს პირველ სართულზე დაეშვა. შემდეგ ხალიჩით დაფარული დერეფანი გაიარა და ფეშენებელურად მოწყობილ აპარტამენტში შევიდა, რომელიც მუხის ხის ავეჯით იყო გაწყობილი. კედლებიც მუხით მოეპირკეთებინათ. რბილ სავარძელში პრეზიდენტი იყო მოკალათებული და თავის ორეულის გამოსვლას უყურებდა „გოსდუმაში“.
– შეიძლება? – იკითხა გენერალმა.
– შემოდი და დაჯექი, – მიუგო პრეზიდენტმა და საიდუმლო სამსახურის უფროსი რომ სავარძელში ჩაჯდა, უთხრა:
– მაგრად მგავს, ხომ? რას იტყვი?
– გაჭრილი ვაშლივით, – მიუგო პრეზიდენტს საიდუმლო სამსახურის უფროსმა.
– როგორ ფიქრობ, მართლა ვერავინ ხვდება, რომ ტრიბუნაზე ჩემი ორეულია?
– შეიძლება, მხოლოდ ისინი, ვინც თქვენს მოკვლას აპირებს.
– რამე სიახლე თუ არის ამ საქმეზე?
– ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ხელჩასაჭიდი გვაქვს და მას კუდზე ასხედან. ელოდებიან, რომ კავშირზე გავა და მათ ჩაავლებენ, – მოახსენა პრეზიდენტს გენერალმა.
– თვითონ მის დაჭერასა და დაკაჩავებას, ალბათ, იმიტომ ერიდებიან, რომ ფიქრობენ, ბევრი არაფერი იცის და ჯაჭვი მასზე არ გაწყდესო?
– დიახ. ასეა.
– არც ანალიტიკოსებთანაა სიახლე?
– არანაირი. ჯერჯერობით ვერანაირ დასკვნას ვერ დებენ, თუმცა ინტენსიურად მუშაობენ, მაგრამ იმ ჯგუფზე ან, თუნდაც, პიროვნებაზე ვერ გადიან, ვინც შეიძლება, ამ საიდუმლო მსოფლიო მთავრობის წევრი იყოს.
პრეზიდენტი ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. გენერალს კი ხელით ანიშნა – იჯექიო. ხუთიოდე წუთი ასე იარა. ბოლოს კვლავ სავარძელში ჩაჯდა და გენერალს უთხრა:
– ისე გამოდის, რომ სანამ იმ საიდუმლო ორგანიზაციასა და მსოფლიო მთავრობას არ მივაგნებთ და ვამხელთ, აქ უნდა ვიჯდე და ვიმალო და ჩემს ნაცვლად ჩემი ორეულები გამოდიოდნენ? თანაც, როგორც შენ ამბობ, ჩვენმა მტრებმაც იციან, რომ ჩემი ორეულები არიან.
– წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს უსაფრთხოებას ასი პროცენტით ვერანაირად ვერ დავიცავთ, – მიუგო პრეზიდენტს გენერალმა.
– ვინ იცის, ეს ყველაფერი რამდენ დროს წაიღებს. მე კი ასეთ ყოფაში ცხოვრება არ მინდა.
– მოგიწევთ. სხვა გზა არაა, – თქვა გენერალმა.
– არის სხვა გზა, – მტკიცედ თქვა პრეზიდენტმა და გენერალს თვალი თვალში გაუყარა.
– რა გზა? – იკითხა გენერალმა.
– პრეზიდენტმა სავარძელში წამოიწია. გენერალს გაუღიმა და უთხრა:
– უპრეცედენტო შოუ უნდა დავდგათ. ისეთი, როგორიც მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს და არსად სხვაგან. რუსულ სულს მაინც ამოუცნობს უწოდებენ და დაე, ბოლომდე ამოუცნობები ვიყოთ. მოკლედ, ჩემო კარგო, მე უნდა მოვკვდე და ეს ყველაფერი ისე კარგად უნდა გათამაშდეს, რომ არცერთმა სულიერმა დედამიწაზე ეჭვი არ შეიტანოს ამაში. შემდეგ დამკრძალავენ. ძალაში შევა კონსტიტუციური ნორმა და ჩემი დროებითი შემცვლელი არჩევნებს დანიშნავს. აი, სწორედ არჩევნებისათვის მზადების დროს, საპრეზიდენტო რბოლისას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის საქციელიდან და რა თქმა უნდა, ახალი პრეზიდენტის არჩევისას შევიტყობთ ყველაფერს. ვამხელთ ჩვენს მტრებსაც, იმ საიდუმლო ორგანიზაციასაც და მსოფლიო მთავრობასაც, ვინც ეს ყველაფერი გამოიწვია. ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ ახალი პრეზიდენტი იმათი კაცი იქნება? რას იტყვი, როგორი გეგმაა?
– ვფიქრობ, რომ ძალიან სარისკოა და თანახმა არ ვარ. თუკი ასე მოვიქცევით, თქვენს ერთგულ ადამიანებს უმალვე ძალაუფლებას გამოაცლიან ხელიდან და კიდეც რომ ვამხილოთ ყველა, იმის ძალა აღარ გვექნება, რომ ისინი ციხეში გამოვამწყვდიოთ.
პრეზიდენტს გაეცინა და გენერალს უთხრა:
– ნუ ღელავ, გენერალო, ყველაფერი კონსტიტუციითაა გამაგრებული და ნუთუ საქმის კურსში არ ხარ?
– რას გულისხმობთ?
– იმას, ჩემო კარგო, რომ ახალი პრეზიდენტის ფიცის მიღებამდე, ყველა სტრატეგიული პოსტის მფლობელი თავის სტატუსს ინარჩუნებს და მისი შეცვლის უფლება არავის აქვს. ყველა ძალოვანი მინისტრი ჩვენიანია და სანდო. ისინი ამ შოუს საქმის კურსში იქნებიან და არაფერი მოხდება. მათ შორის, შენც შენს პოსტს შეინარჩუნებ და საიდუმლო სამსახურის უფროსად დარჩები. ასე რომ, სადარდებელი არაფერი გვაქვს. სამაგიეროდ, ჩვენს მტრებს გავანადგურებთ.
– მაინც, ძალიან სარისკოა, – თავი გააქნია გენერალმა.
– რას იზამ. სხვა გზა არ გაგვაჩნია, – მხრები აიჩეჩა პრეზიდენტმა, გაეცინა და დაამატა, – დაიწყეთ ამ შოუს მომზადება და ყველაფერი ისე გათვალეთ, რომ ეჭვი არავის არაფერში შეეპაროს. გასაგებია?
– გასაგებია.
– თავისუფალი ხარ. შეხვედრამდე! – უთხრა პრეზიდენტმა გენერალს და საიდუმლო სამსახურის უფროსი გაისტუმრა.
***
მიწისქვეშა ბუნკერის ოთახი, სადაც ცამეტადგილიანი ლოჟა იყო განლაგებული, შავმოსასხამიანი ადამიანებით იყო სავსე და ყველა სკამის პატრონს თავისი ადგილი ეკავა. ცამეტივე მეუფე ადგილზე იმყოფებოდა. მათ შორის ათი მამაკაცი იყო და სამი ქალი. ლოჟის ერთადგილიან რიგში უხუცესი მეუფე იჯდა, რომელსაც მეუფე „დიდოსტატი“ ერქვა და მას ყველა მოწიწებითა და დიდი პატივისცემით ექცეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ საკრებულოს უგვირგვინო მმართველი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იქ ყველა თანასწორუფლებიანი იყო, „დიდოსტატი“ მაინც ყველაზე მეტი ავტორიტეტით გამოირჩეოდა და მის აზრს ყველა ითვალისწინებდა. „დიდოსტატი“ სავარძლიდან წამოდგა და დანარჩენებს უთხრა:
– კოლეგებო, აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესებზე ვიმსჯელოთ. სიტყვით გამოვა ჩვენი კოლეგა, მეუფე „ქალწული“ და მიმოხილვას გააკეთებს. თქვენ კი შეგიძლიათ, მას დამატებითი კითხვები დაუსვათ. გთხოვთ, მეუფე ქალწულო, – „დიდოსტატმა“ „ქალწული“ ხელით გაიხმო ტრიბუნისკენ, რომელიც ლოჟის პირდაპირ იდგა.
მეუფე „ქალწული“ ტრიბუნაზე ავიდა და კოლეგებს მიმართა:
– კოლეგა მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის პრეზიდენტს ურჩობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანეთ, რაც გლობალური სისტემის რღვევის დაწყებაში გამოიხატება. ამისთვის ჩვენმა „ყოვლისშემძლე“ ძალებმა სალიკვიდაციო ქმედება დაიწყეს. თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და ჩვენი მექანიზმის ერთ-ერთმა ჭანჭიკმა გვიმტყუნა. ლიკვიდაცია შეფერხდა და სიტუაციის გამოსასწორებლად რუსეთში დამატებითი ძალები გადავისროლეთ. თუმცა, თავად დედაბუნება დაგვეხმარა სამართლის აღდგენაში და სიკვდილმისჯილს თავადვე აღუსრულა სასჯელი. გუშინ დილით ჩეჩნეთში მიმავალი რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ტერორისტ-ოპოზიციონერებმა ჩამოაგდეს, რომლებიც ადგილობრივ მთიან ტყეებში ბაზირებენ. რუსეთის ოფიციალურმა წყაროებმა უკვე დაადასტურეს პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტი. ნაპოვნია და იდენტიფიცირებულია მისი სხეულის ნაწილები, ისევე, როგორც მისი თანმხლები პირებისა. ჩვენ ჩვენი წყაროებითაც დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტის დაღუპვა მომხდარი ფაქტია და აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გულდასმით განვიხილოთ ჩვენი გეგმის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის დამორჩილებასა და ერთიან გლობალურ სისტემაში მოქცევას ისახავს მიზნად. თუკი ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, ყურადღებით მოვუსმენ და ვუპასუხებ.
ლოჟის მეორე რიგიდან დიდცხვირა, ყავისფერთვალება მამაკაცი წამოდგა, რომელსაც მეუფე „რომეო“ ერქვა და ტრიბუნაზე მდგომს უთხრა:
– ქალწულმეუფეო, რამდენად სარწმუნო და დამაჯერებელია პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტი? ხომ მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ხდება. ხომ არ დაგვიდგეს ეს შოუ თავად რუსებმა, იმიტომ რომ გამოგვააშკარაონ?
– გიპასუხებთ, მეუფე რომეო, – თქვა მეუფე „ქალწულმა“ და დაამატა, – რუსეთის პრეზიდენტის დაღუპვა დადასტურებულია ასი პროცენტით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, დაღუპული პრეზიდენტის სხეულის ნაწილი მოვიპოვეთ. მას დეენემის ექსპერტიზა ჩაუტარდა და ასი პროცენტით დადასტურდა, რომ ის მკვდარია. ჩვენს გლობალურ ლაბორატორიულ ბანკში ყველა საჭირო ადამიანის დეენემის ნიმუშები გვაქვს და შეცდომა აქ გამორიცხულია. ასე რომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ – პრეზიდენტი მკვდარია!
ლოჟაში მსხდომებმა მხურვალე ტაში დასცხეს. მათ შორის ტიბუნაზე მდგომმა ქალწულმეუფემაც, რომელიც სახეგაბადრული და თვალებგაბრწყინებული იყო. მხოლოდ მეუფე „რომეო“ და „დიდოსტატი“ არ უკრავდნენ ტაშს და მშვიდად უქცერდნენ კოლეგებს. ოვაციები რომ შენელდა, მეუფე „რომეომ“ კოლეგებს ხელით ანიშნა – დაშოშმინდითო და ტაშისკვრა რომ შეწყდა, ტრიბუნაზე მდგომს უთხრა:
– ქალწულმეუფეო, კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ბევრია დამოკიდებული თქვენს ასეთ დამაჯერებელ განცხადებაზე და ეს ინფორმაცია რომ ბლეფი აღმოჩნდეს და დაგებული მახე, ჩვენი ორგანიზაცია უდიდესი დარტყმის ქვეშ დადგება. ამიტომ, ხომ არ ჯობია, რომ ჩვენი გეგმის მეორე ნაწილის განხილვა დროებით გადავდოთ. უფრო სკურპულოზურად გამოვიკვლიოთ რუსეთის პრეზიდენტის დაღუპვის ამბავი. უფრო დამაჯერებელი ფაქტები მოვიპოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიზრუნოთ რუსეთში ჩვენი კაცის გაპრეზიდენტებაზე.
– მეუფე რომეო, მეტი რა დამაჯერებელი ფაქტები გინდათ? – ღიმილნარევი სახით მხრები აიჩეჩა ქალწულმეუფემ და დაამატა, – ხომ გითხარით, რომ ჩვენს ბანკში არსებული დეენემის ნიმუშები, რომელიც უტყუარად ეკუთვნოდა რუსეთის პრეზიდენტს, ზუსტად დაემთხვა აფეთქებული თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრის სხეულის ნაწილის ნიმუშს. შეცდომა კი აქ გამორიცხულია.
– იქნებ ბანკში არსებული ნიმუშია ყალბი?
– ყალბი? – გაიმეორა მეუფე „ქალწულმა“.
– დიახ, ყალბი, – დამაჯერებლად გაუმეორა მეუფე „რომეომ“ და დაამატა, – იქნებ ეს ნიმუში სულაც არ ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტს?
ქალწულმეუფემ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და მეუფე „რომეოს“ უთხრა:
– სწორედ რომ, პრეზიდენტისაა დეენემი და არა სხვისი. ჩვენმა სამსახურებმა ეს ნიმუშები პრეზიდენტის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტისას შეაგროვეს. მაგალითად, „თეთრ სახლსა“ და „ვერსალის სასახლეში“. ასე რომ, ძვირფასო კოლეგავ, პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტი დადასტურებულია. ამას წყალი არ გაუვა და შეგვიძლია, თავისუფლად გადავიდეთ მთავარი თემის განხილვაზე, რომელსაც რუსეთის დამორჩილებას, ანუ არჩევნებში ჩვენიანის გაყვანას ნიშნავს.
– და მაინც, მე ამ საკითხზე კენჭისყრას მოვითხოვ. დაე, საბოლოოდ უმრავლესობამ გადაწყვიტოს, – ჯიუტად თქვა მეუფე „რომეომ“.
მიღებული კანონის შესაბამისად, კენჭისყრაზე გაიტანეს საკითხი, რომელიც ასე ჟღერდა: „მიღებულ იქნას თუ არა დამატებითი ზომები იმის გასარკვევად, მართლა დაიღუპა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი?“ ცამეტი წევრიდან შვიდმა უარყო ეს, ექვსი კი, მათ შორის მეუფე „დიდოსტატი“, დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვდა. თუმცა, უმრავლესობამ ერთი ხმით გაიმარჯვა. რუსეთის პრეზიდენტი დაღუპულად გამოცხადდა და ეს საკითხი დაიხურა. შეკრებილებმა შესვენება გამოაცხადეს და შემდეგ კი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ემსჯელათ. მეუფე „რომეომ“ უკმაყოფილო სახით დატოვა დარბაზი, რადგან მყარად იყო დარწმუნებული, რომ პრეზიდენტები ამგვარად არ იღუპებიან და ეს ყოველივე რუსულ შოუდ მიაჩნდა...
ბუნკერის ფეშენებელურ კაბინეტში მოკალათებული პრეზიდენტი მთელი გულისყურით ადევნებდა თვალს უზარმაზარ მონიტორზე საკუთარ დასაფლავებას. გვერდით მას საიდუმლო სამსახურის უფროსი, გენერალი ეჯდა და არც ის აშორებდა თვალის სამგლოვიარო პრროცესის ცერემონიალის პირდაპირ რეპორტაჟს.
ზარბაზნის ლაფეტზე დასვენებული კუბო ქვეყნის უზარმაზარ ეროვნულ დროშაში იყო გახვეული და მას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ერთ „ზომაზე მოჭრილი“, ძალიან მაღალი ჯარისკაცები მიაცილებდნენ. უკან მათ პრეზიდენტის ოჯახის წევრები მიჰყვებოდნენ. შემდეგ მოდიოდნენ – პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, მთავრობის წევრები და თითქმის ყველა მოწინავე მსოფლიო ქვეყნის ლიდერი. მათ დინჯად გაიარეს წითელი მოედანი და პრეზიდენტი კრემლის კედელთან ჩაუშვეს საფლავში. ბოლოს კი მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ, რითაც სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა.
– გულის ამაჩუყებელი იყო და არ მეგონა, თუ ასეთ პატივს მომაგებდნენ, – უთხრა პრეზიდენტმა გენერალს ირონიით და დაამატა, – იმედია, ყველა სამსახური აბსოლუტურადაა მობილიზებული და „ჩეპე“ არ მოხდება.
– არანაირი „ჩეპე“. ყველაფერს ვაკონტროლებთ და ვინმემ რომ რაიმე გამოხტომის ჩატარება სცადოს, ჩანასახშივე მოვაშთობთ, – უპასუხა პრეზიდენტს გენერალმა.
– ამ ნაბიჭვრების სხადნიაკისთვის ხომ მზად ხართ?
– რა თქმა უნდა, – მშვიდად თქვა გენერალმა და დაამატა, – სადაც არ უნდა შეიკრიბონ ისინი, ყველაფერს სრულად ჩავიწერთ და მეტიც, თუკი ისინი შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოში არ მოაწყობენ სხოდკას, მათ შეხვედრას ონლაინში შემოგთავაზებთ.
– ბრიტანო-ამერიკელების დახურულ სისტემაში ჯერ ვერ შეაღწიეთ?
– მალე შევაღწევთ. ჩვენი ინჟინრები ახალ ტექნოლოგიას ამუშავებენ და ალბათ, დადებით შედეგს მივიღებთ.
– ალბათ, არც მათ ინჟინრებს სძინავთ და ისინიც ბევრს შრომობენ ახალ ტექნოლოგიებზე, რომ ჩვენ დახურულ სისტემებში შემოაღწიონ.
– მუშაობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით და ამ კუთხით, ბევრად წინ ვართ, – უთხრა გენერალმა პრეზიდენტს. შემდეგ მოუბოდიშა და გარეთ გავიდა, რადგან სპეციალურ სასიგნალო მოწყობილობაზე, რომელიც მაჯის საათზე ჰქონდა დამონტაჟებული, წითელი წერტილი აციმციმდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა პრეზიდენტმა, ოთახში დაბრუნებული გენერალს.
– ახლა მაცნობეს, რომ სხოდკა გადაიდო და მსოფლიო ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მოსკოვს.
– როდისთვის გადაიდო?
– გაურკვეველია.
– გადადების მიზეზი?
– თქვენი მოვალეობის დროებით შემსრულებელს უთქვამს უარი.
– საინტერესოა, – თავი გააქნია პრეზიდენტმა.
– მას მათთვის შეუთვლია, – ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეხვედრისთვის შესაფერისი დრო არაა, ქვეყანა გლოვის რეჟიმშია. მეც ძალიან დიდი დარტყმა მივიღე და სხვა დროს შევხვდეთო.
– უყურე შენ, – თქვა პრეზიდენტმა და დააყოლა, მართალს ამბობს, თუ თამაშობს? ან, იქნებ, სულაც მიხვდა ჩვენს ტრიუკს? შენ რას იტყვი?
– ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ტრიუკზე წარმოდგენაც არ აქვს.
– აბა, ასეთ შეხვედრაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, პრეზიდენტობაზე უარის თქმას ნიშნავს და მან ეს მშვენივრად იცის.
– იქნებ, სულაც არ უნდა პრეზიდენტობა?
– შენ მასე ფიქრობ? – ჰკითხა პრეზიდენტმა გენერალს.
– გამორიცხული არაა. ჭკვიანი კაცია და კარგად იცის, რამხელა ტვირთი უნდა აიკიდოს.
– სამაგიეროდ, რამხელა აზარტი და დიდი საქმეების კეთების შესაძლებლობაა. მას კი ერთიც ახასიათებს და მეორეც, – თქვა პრეზიდენტმა. პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა. შემდეგ გენერალს შეხედა და დააყოლა, – თუმცა აზარტი და საქმის კეთების სურვილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტობა გსურდეს. რას იტყვი, მეთანხმები?
– ალბათ, მართალს ბრძანებთ. ყველას არ სურს და არ ძალუძს პრეზიდენტობა, – უთხრა პრეზიდენტს გენერალმა და ჰკითხა:
– გჭირდებათ რამეში?
– ჯერჯერობით არა.
– მაშინ წავალ. ჩემი დიდი ხნით გაუჩინარებამ შეიძლება, ეჭვები აღუძრას მავანთ და ეს არასასურველია. წითელ მოედანზე და გავემართები და საფლავს ყვავილებით შევამკობ.
– კეთილი, წადი, რომ დამჭირდები, შეგატყობინებ, – უთხრა პრეზიდენტმა გენერალს და ბუნკერის ფეშენებელური კაბინეტიდან გამოისტუმრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში