№20 დედაჩემის ქმრის პირველი ცოლი ცხოვრებას გვიმწარებს
დედამ რომ მეორედ გათხოვება გადაწყვიტა, პირველი მე ვიყავი წინააღმდეგი. იმის გამო კი არა, რომ ის კაცი არ მომწონდა ან დედაჩემის ბედნიერება არ მინდოდა, უბრალოდ, ვუყურებდი, ჩემი მეგობრების დედების ცხოვრებას, ვინც მეორედ გათხოვდა და ვიცოდი, რა შედეგიც მოყვებოდა. ყველა ჩემი მეგობარი იმას მიყვებოდა, რომ რაც მათ ოჯახში მამინაცვალი შემოვიდა, მისმა ყოფილმა ცოლებმა თუ შვილებმა ცხოვრება აურიეს და პრობლემები არ ელევათ. მოკლედ, დედამ 45 წლის ასაკში გადაწყვიტა გათხოვება და არც მიკვირს, რომ უნდოდა, გვერდით მამაკაცი ჰყოლოდა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ მისი ყოფილი ცოლი, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს, ცხოვრებას გაუმწარებდა. ის ქალი ხან რეკავს, ხან მოდის და ფინანსურ დახმარებას ითხოვს. დედას შეურაცხყოფას აყენებს, ეუბნება, შენ გამო მიგვყარა, ღმერთის გეშინოდეს, სხვის ქმართან რომ წევხარო. არადა, სანამ დედას გაიცნობდა, მანამდე იყო გაშორებული. არც ოფიციალურად არიან დაქორწინებული. უბრალოდ, ერთად ცხოვრობდნენ, შვილები გააჩინეს და დაშორდნენ. თუ დედა შეუყვარდა და მის გვერდით მშვიდად გრძნობს თავს, ეს დანაშაულია? ბევრი გაშორებია ქმარს და მარტო დარჩენილა შვილებთან, მაგრამ სხვისთვის ცხოვრება არ გაუმწარებია. არ ჯობია, მშვიდად მოიქცეს, გააზრებულად, უფრო მეტს არ მოიგებს? თან, ყოფილი ქმარი არც არაფერს აკლებს და შვილების გაზრდაშიც ეხმარება. დედა საკმაოდ კარგ სამსახურშია და მატერიალურად არ გვიჭირს. სულ იმას ეუბნება ქმარს, დროულად მიუტანე შენს შვილებს ფული, შენი ყოფილი არ მოგვივარდეს და მეზობლები არ შეყაროსო. უფრო მე ვერ მიტანს. თითქოს, მისი მტერი ვარ. გასაგებია, დედა რატომაც სძულს, მაგრამ მე რა დავუშავე? უბრალოდ, შურიანი რომ დაიბადები ადამიანი. თუ ასე უნდოდა ქმარი, შეენარჩუნებინა, მე დავუშალე? დაუშვებენ შეცდომას და მერე სხვებისკენ იშვერენ ხელს. ზუსტად ვიცი, ჩემი მამინაცვალი დედას არასდროს მიატოვებს, მეც ვუყვარვარ და პატივს მცემს, ის კი იმდენს იზამს, საერთოდ აღარ მიხედავს მის შვილებს და დარჩება დახმარების გარეშე. თუ დარეკა და მე ავიღე ყურმილი, არც გამარჯობას მეუბნება და არ მომიკითხავს, პირდაპირ იწყებს: მაგ ვაჟბატონს უთხარი, სხვისი ნაბიჭვრების გაზრდას და გადაყოლას, მობრძანდეს და საკუთარ შვილებს მიხედოსო. ჯერ, თავს ვიკავებ, არ მინდა, დედისტოლა ქალს შეურაცხყოფა მივაყენო, თორემ, ვაჩვენებ, ვინ არის ნაბიჭვარი. დედაც გაშორდა ქმარს, შვილიც დარჩა გასაზრდელი, მაგრამ, არ მახსოვს მამასთან ასეთი პრეტენზიებით დაერეკა. პირიქით, სულ მაქვს მამასთან კონტაქტი და სულ იმას მეუბნება, დედაშენმა რომ მოითმინა და არ მომთხოვა ალიმენტი და ფულადი დახმარებები, იმიტომ ვცემ პატივს, მაშინ არ მქონდა და როცა ვიშოვე ფული, ხომ გეხმარებითო. ნამდვილად ასეა. მაგრამ იმ ქალბატონს, რაც მისმა ქმარმა სხვა შეიყვარა, მერე გაეზარდა მადა და დაეხვეწა გემოვნება, ითხოვს და ითხოვს დახმარებას. კი ბატონო, არავინ ეკამათება იმაში, რომ მამის ვალდებულებაა შვილების გაზრდა-შენახვა, თუნდაც მათ გვერდით არ იყოს, მაგრამ, მე რომ მაყენებს შეურაცხყოფას და დედას მილანძღავს, უნდა ავიტანო? რომ აკლებდეს რამეს, ვიტყოდი, ცუდი მამაა-მეთქი, მაგრამ მე ხომ ვხედავ, როგორ ზრუნავს შვილებზე. კიდევ ვამბობ, როცა კაცს ყოფილი ცოლი და შვილები ჰყავს, მასზე გათხოვება რისკია და პრობლემებს ვერ ასცდებით. ამიტომ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით.
დიკო, 24 წლის.