№20 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-19(906)
ისტორია ორმოცდამეორე
არშემდგარი განშორება
(მოქმედი პირები: დუდუ და ნონკა)
– დუდუ...
– ხომ გთხოვე, დამაცადო უნდა! თამადას სიტყვას არ აწყვეტინებენ! ეს კანონია. ამიტომ შენ დაჯარიმდები და დამატებით ჭიქას დალევ. აი, ასე. ახლა კი მომისმინე. რასაც გეტყვი, მინდა, სწორად გაიგო და გამიგო. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყავი და სულ იქნები. ნონკა, გთხოვ, ხომ დამპირდი, რომ არ იტირებდი... ეს დღე მინდა, ლამაზ მოგონებად დარჩეს. რაკი ასე გადაწყვიტე და აქ ჩამოხვედი, საქართველო და თბილისი სიხარულთან ერთად უნდა დაიხსომო. მე არ ვარ მზად ამ საუბრისთვის. უფრო ზუსტად, არ მეგონა, რომ ასე მომიწევდა, ასე სწრაფად და თან, აქ... მოკლედ, ეს არაფერს ცვლის, ნონკა. შენ ჭკვიანი გოგო ხარ და ხვდები ყველაფერს. მე და შენ მომავალი არ გვაქვს. მე თბილისში ვბრუნდები. და აქ დავრჩები. შენი სამშობლო კი იქ არის და საქმეც, მეგობრები, ოჯახიც...
– ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც შენ ხარ და ჩემი ოჯახიც შენ ხარ! – ნონკამ გამწარებულმა გააწყვეტინა დუდუს სადღეგრძელო, თუმცა სადღეგრძელოს ეს სიტყვა ნამდვილად აღარ ჰგავდა: მე არ მინდა დაბრუნება და არ შემიძლია უშენოდ ყოფნა. რატომ მეუბნები ასეთ რამეს?! რა მოხდა? რა დავაშავე?!
– არაფერი, რა უნდა დაგეშავებინა?! მე ვერ დავბრუნდები უკან. აქ არის ჩემი სახლი და ჩემი გულიც აქ გაცოცხლდა... ნონკა, შენ ხომ იცოდი... და იმიტომაც ჩამოხვედი. ჰოდა, მე ვიპოვე ჩემი ბავშვობის სიყვარული და მან მაპატია. და ...
– არა, შენ ამას არ იზამ! შენ მე მკლავ! დუდუ, საყვარელო, ეგ გაივლოს, ბავშვობა დასრულდა. და მე და შენ ამდენი წელია, ერთად ვართ... მითხარი, განა არ იყავი ჩემ გვერდით ბედნიერი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ...
– ნონკა, გთხოვ, არ გინდა. ისედაც მიმძიმს ეს საუბარი. მე მივიღე გადაწყვეტილება და ეს აღარ შეიცვლება. მე ვრჩები. შენ უკან დაბრუნდები. ყველაფერზე მე ვიზრუნებ. შენი მომავალი...
– არ მაქვს მე მომავალი შენ გარეშე! რით ვერ იგებ ამას?! რაო, ფულს მთავაზობ?! რა თავში ვიხლი! მე შენ მჭირდები, გესმის?! და მე ამას წლებია, ველოდები. მე შვილი მინდა...
– ნონკა, აი ზუსტად მაგიტომ, უნდა მიხვდე და გამიშვა. მე არ მინდა შენთან ერთად ცხოვრების გაგრძელება. და შენ იპოვი ღირსეულ მამაკაცს, გაუჩენ შვილს და...
– ჩემ მაგივრად რატომ გეგმავ ჩემს ცხოვრებას? განა ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გადაწყვიტე?! და მე რატომ არ მკითხე?! არ მაქვს უფლება?! არაფერს წარმოვადგენ?! გადაწყვიტე და გადამაგდე, როგორც ნივთი?! ესაა სანაქებო ქართული ვაჟკაცობა?! მე არსადაც არ წავალ! აი, ასე. უნდა ვნახო ერთი ვისზე გადამცვალე და ვუამბო ყველაფერი. იქნებ და, არც გაპატიოს... და მერე რას იზამ? მერე ისევ ნონკასთან დარჩები? აი, მერე მე არ დაგიტოვებ! სულ კარგად იყავი, მე სასტუმროში ვბრუნდები და თბილისში ვრჩები!
ნონკა საკუთარ თავს არ ჰგავდა. ალბათ, „საფერავმა“ მისცა ამდენი გამბედაობა ან იქნებ უკვე დასაკარგი არც არაფერი დაუტოვა დუდუმ და ქალი გაავდა და გაკაპასდა. დუდუ ცოტა დაიბნა კიდეც. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ნონკასგან წინააღმდეგობის გაწევა და ხმის ამაღლება. როცა გონს მოეგო და სუფრის ანგარიში გაასწორა, ნონკა უკვე ქუჩის მეორე მხარეს იდგა და გაჩერებულ მანქანაში ჯდებოდა. ის იყო კარის გამოღება სცადა, რომ დუდუმ მკლავზე ხელი სტაცა და თავისკენ მოქაჩა.
– წადი, ძმაო, გადაიფიქრა, ის ჩემთან ერთად არის... – მერე ნონკა გზაზე გადმოიყვანა ხელჩაკიდებული და უცნაურად მოშვებული და მანქანაში ჩასვა. თბილისამდე არც ერთს არ ამოუღია ხმა. სასტუმროსთან მანქანა რომ გააჩერა, ნონკას მიუტრიალდა. ქალი თავს არ სწევდა და თითქოს თვლემდა.
– ნონკა, უნდა გამიგო და მაპატიო. არაფერი შეიცვლება. თბილისში რომც დარჩე... გთხოვ, დავასრულოთ ეს უაზრო კინკლაობა. დაბრუნდი ბარნაულში. მე იქ მჭირდები. და დავრჩეთ მეგობრებად...
– მე იქ გჭირდები... კარგი, იყოს მასე. ახლა თავი მტკივა. წავალ, დავიძინებ და ხვალ გეტყვი პასუხს... – ნონკა უსიცოცხლოდ გადაიზლაზნა მანქანიდან და რწევა-რწევით აიარა სასტუმროს კიბის საფეხურები. მერე იქვე ღია ვერანდაზე გავიდა და მოწნულ სკამზე მიესვენა. მისი ქერა, გრძელი კულულები საზურგეს დაეფინა და თითქმის იატაკამდე ჩამოიყარა... დუდუმ ცოტა ხანი კიდევ უყურა თეატრალურად მისვენებულ ყოფილ საყვარელს და მანქანა ღამის თბილისის ქუჩებისაკენ მიატრიალა. ახლა მასაც უსკდებოდა თავი და მეტიც, თავს რაღაცნაირად, უხერხულად თუ დამნაშავედაც კი, გრძნობდა...
როცა სიყვარული კლავს
(მოქმედი პირები: თეო და ზურა)
თავი ისე მისკდებოდა, რა თითოეული ნაბიჯის გადადგმა და რა ეშაფოტზე ასვლა. რამ გამომათრო ასე?! მაგრამ თეოს რეაქციამ ისე მომარყია, აღარც ვიცოდი, რა სჯობდა: თავის გასკდომა თუ თეოს ნათქვამის გახსენება. ან რამ გადარია ასე ეს გოგო?! თითქოს გამოცვალეს. მგონი, ფსიქიკური პრობლემები აქვს. რა თქვა? ლანა მოვიდაო?! ლანამ საიდანღა გაიგო? ის შალვა ეტყოდა. უთხრა და უთხრას, მაგრამ ლანამ როგორ გააკეთა ეს?! ეს ქალები გადამიყვანენ ჭკუიდან: ერთი მეორეზე უარეს სიურპრიზებს აწყობენ, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო დიდ სიგიჟეს ჩაიდენს. და ლანამ რა უთხრა, ნეტავ?! არა, ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. ეს კი გადარია, თითქოს ისედაც გადარეული არ ყოფილიყოს! ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ ადამიანთან და წარმოდგენაც არ გაქვს, რას გამოაგდებს. აქ როგორ მოვიდა ან მისამართი საიდან გაიგო?! მეც ვატრაკებ რა, ესაა ახლა მთავარი?! გაიგო და გაიგო. ყველამ გაიგო და ლანა რატომ ვერ გაიგებდა, ვითომ?! ჰოდა, მე მოსაყოლიც აღარაფერი მექნება მისთვის.
ლიფტი არა და არ მოდიოდა. თავი ისე მტკიოდა, თეოს ნათქვამ სიტყვებს ვერც კი ვიხსენებდი, მაგრამ გამომაგდო, ხომ?! კი, გამომაგდო! ეს რა შარში ვარ?! მანდ რაღაც ხდება! ვიღაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში ნაღდად! იმიტომაა ასეთ დიდგულზე! კი, ეგრეა!
ლიფტის კარს წიხლი მივარტყი და უცებ გაიღო. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თითქოს თავის ტკივილმაც გამიარა და საიდანღაც ამომიტივტივდა სახელი: დუდუ! დუდუ! ამის კითხვა როგორ დამავიწყდა?! ან საიდან მეცნობა ეს სახელი, ვაჰ, საიდან?!
უშედეგოდ ვცდილობდი, გამეხსენებინა რამე მაინც, რაც იმ დუდუს ვინაობის დადგენაში დამეხმარებოდა. გარეთ რომ გამოვედი, ქუჩის ხმაურმა ტვინის ხმაური ჩააჩუმა, რომელშიც ისევ მხოლოდ „დუდუ“ ისმოდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ჩემმა ტვინმაც ჩვეულ რიტმში დაიწყო მუშაობა. ვისთან აქვს თეოს ურთიერთობა? ვისთან? მე მაგის არც ერთ მეგობარს არ ვიცნობ. და ის ორი ტიპი ვინ იყო საავადმყოფოში?! ერთი მაგის დაქალის ქმარია და მეორე?!
შევეცადე, აღმედგინა იმ მეორის სახე. მეხსიერება დავძაბე და საავადმყოფოს სცენა თავიდან ბოლომდე წარმოვიდგინე. თეოს სიგარეტი ეჭირა ხელში, ყავის ჭიქაც და აქეთ-იქით ის ორი ტიპი ეჯდა. აი, მეორე უყურებდა თვალმოუშორებლად და რაღაც უცნაურად. მაშინ რატომ ვერ მივაქციე ამას ყურადღება?! ახლა იმ ტიპის სახის აღდგენას შევეცადე და მივხვდი, რომ ისიც მეცნო. კი, მეცნობა! ვიცნობ და ვიცი, საიდანაც! რუსებთან რომ გვქონდა მოლაპარაკება, იქ იყო. ჰო, იქ იყო. და რა ერქვა?! – ბევრი ვიწვალე, მაგრამ სახელი ვერა და ვერ გავიხსენე. თუმცა ის გამახსენდა, ვისაც ემახსოვრებოდა. ჯიბეში ტელეფონი მოვჩხრიკე.
– ლაშა, აი, რუსეთში რომ გვქონდა მოლაპარაკება, ტიპი რომ იყო ქართველი. ჰო, ეგ… რა ერქვა?! არაფერი, უცებ გამახსენდა… დუდუ დიდებულიძე?! და ახლა სადაა, ხომ არ იცი?! თბილისში?! ვისთან? აა, სახლი აქვს?! მადლობა… არა, სახლში ჯერ არა… ცოტა პრობლემები მაქვს… კიდევ ცოტა დრო მომეცი… ბარემ. ლაშა, თავი მტკივა ძალიან… მერე დაგირეკავ…
ტელეფონში მეორე ნომერიც მოვძებნე და ავკრიფე: მშვენიერო ქალბატონო ნატალია, დილა მშვიდობისა… სულ მახსოვხარ. როგორ შეიძლება, შენი დავიწყება?! სათხოვარი მაქვს უმნიშვნელოვანესი, თორემ დავიღუპები და ისევ შენ უნდა მიხსნა. ნახე, ჩემს ნომერზე წუხელ ვისი ნომრიდან დამირეკეს. დაფარული იყო. მოიცა, ზუსტ დროს ახლავე გეტყვი. ნომერიც მინდა და ამ ნომრის პატრონის ვინაობაც და პირადი ინფოც, დაბადების თარიღი, მისამართი… შენნაირი ქალი მეორე არაა! სუნამო ჩემზეა. რას ჰქვია, არ მახსოვს, როგორი სურნელი გიყვარს… დაგელოდები, სასწრაფოდ მჭირდება ინფორმაცია…
ეს ვინღა ჩემი ფეხებია: ჯამლეთა აფაქიძე. აი, მისამართიც. ვა, მე ბებერი მეგონა, აბა, ჯამლეთა რამ დაარქმევინათ?! საინტერესოა ძალიან. ჯამლეთა, დუდუ… მაგარ კომპანიაში ყოფილა თეო… სად იშოვა ესენი…
180 გრადუსით შევტრიალდი და თეოს სახლისკენ ლამის სირბილით წავედი! ზარი არც დამირეკავს, ჩემი გასაღებით გავაღე კარი.
თეო ისევ იქ იჯდა, სადაც დავტოვე. რომ დამინახა, თითქოს შუშის თვალებით შემომხედა.
– თეო, თეო, ხომ კარგად ხარ?!
– გამოფხიზლებულხარ, – ისეთი ინტონაციით მითხრა, რომ აშკარად კარგადაც იყო და ისევ იმ ტალღაზე, რომელზეც დავტოვე.
– ვინ არის ჯამლეთა აფაქიძე?
– შენ საიდან იცნობ იმ ნაგავ ჯამლეთას?
– არ ვიცნობ, წუხელ დამირეკა, – მომეჩვენა, რომ თეოს სახე დაებრიცა.
– რა უნდოდა, რატომ დაგირეკა?! რა გითხრა?!
– ჯერ ის მითხარი, საიდან იცნობ და რა უნდა შენგან.
თეო ხმას არ იღებდა.
– არ გესმის, რას გეკითხები?
– და რა უფლებით მეკითხები?! – თეო ისევ ისტერიკას იწყებდა.
– მორჩი ახლა ისტერიკასა და კივილს.
– თუ არ მოგწონს, არავინ გიჭერს, წაეთრიე იმ შენს…
– ამის ატანა უკვე შეუძლებელია. წავალ, აბა, კარს კი არ შემოგილეწავ! ვინ არის ის ჯამლეთა, რა უნდა შენგან და რა დუდუზე ლაპარაკობს. დუდუ ვინღაა? ის, საავადმყოფოში რომ გედგა გვერდით? საიდან იცნობ? – ვცდილობდი, საუბარი მშვიდ კალაპოტში გადამეყვანა, იმიტომ რომ თეოს ჭკუა უკვე აღარ მოეკითხებოდა და ორიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ყოფილიყო საღ გონებაზე, რადგან აშკარა იყო, რომ ყველაფერი ისე ირყეოდა, საცაა ჩამოინგრეოდა.
– დუდუზე რაო?
– რომ დუდუ შენ გტ-ავს.
– ასე გითხრა?
– დიახ, სიტყვა სიტყვით.
– და შენ დაუჯერე?
– უნდა დავუჯერო?!
– არ ვიცი.
– რა არ იცი?! ვინ არის-მეთქი ჯამლეთა აფაქიძე?! ქართული არ გესმის?!
– არა, არ მესმის, არაფერი მესმის. ვიღაც ნაგავმა დაგირეკა, რაღაც გითხრა და მოდიხარ, რომ ჩემთან გაარჩიო საქმე, იმის ნაცვლად, რომ ის ჯამლეთა მონახო და დაუნგრიო თავ-ყბა, თუ ასეთი რამე გითხრა ჩემზე!!! ვერ ხვდები, რომ ისევ მამცირებ?! – თეომ ისევ კივილი დაიწყო.
– მე ჩაცუცქული ძველი ბიჭი არ ვარ და არ ვაპირებ, ვიღაც ჯამლეთასთან საქმის დაჭერას. თეო, შენ, მგონი, ექიმი გჭირდება. უნდა იმკურნალო… ძალიან ცუდად გაქვს საქმე, ძალიან! და ძალიან მაშინებ.
– და რატომ გავხდი, ნეტავ, სამკურნალო?! ვინ გამხადა?! მოდიხარ და რაღაც სისულელეებს მელაპარაკები. სახლიდან წამოვედიო. თუ წამოხვედი, იმ შენი ცოლის სურათს რას დაათრევ გულის ჯიბით?!
– ჰალუცინაციებიც დაგეწყო, ხომ, ეჭვიანობის ნიადაგზე?! თუ შენ უნდა შეგითანხმო, ვატარო თუ არა ჩემი შვილების სურათები და ნუ მიყვირი!
– ჩემს სახლში მინდა, ვიყვირებ და მინდა, ვიცეკვებ, თუ არ მოგწონს, მიბრძანდი! და შენი ცოლის მეორე სურათიც შუბლზე აიკარი!
– შენ საბოლოოდ გააფრინე, – ფრაზა არც მქონდა დასრულებული, რომ ჯიბიდან ამოვიღე საფულე და გავშალე: თვალებს არ დავუჯერე, ფოტოდან ნამდვილად ლანა მიყურებდა.
– შვილებს გეფიცები, მე არ ჩამიდია ეს სურათი, მარტო ბავშვების ფოტო მქონდა.
თეო პასუხს არ მცემდა.
– თეო, გამეცი ხმა. რა გჭირს? რამ გადაგრია ასე? ბაბუაშენს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ შენ მიყვარხარ…
– ანუ ბაბუაჩემთან ნათქვამი სიტყვის გამო ხარ აქ, ვითომ ჩემთან?!
– თეო, არ მისმენ, რას ვამბობ. მე მომისმინე, რას გეუბნები: მე მინდა, რომ შენ იყო ჩემი ცოლი. გესმის? მე მინდა, რომ შენ გამიჩინო შვილები და მინდა, რომ მე და შენ ვიყოთ ერთად! მე და შენ! ამდენი დღეა, ერთი თბილი სიტყვა არ გითქვამს ჩემთვის. საერთოდ არ მოგენატრე?! მე ვიცი, რატომ ხარ ასე გაავებული, მოფერება დააკლდა ჩემს ლამაზ გოგოს, – თეოსკენ წავედი, რომ მოვხვეოდი, მაგრამ მარჯვენა ხელით ისეთი მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, ადგილს მივეყინე.
– ასეთი რამ ადრე არასდროს გაგიკეთებია. თეო, თქვი, ვინ არის დუდუ დიდებულიძე, საიდან იცნობ და როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში, რომელშიც ბაბუაშენი იწვა?! საიდან იცის ვიღაც ჯამლეთამ ჩემი ტელეფონის ნომერი და მე და შენ შესახებ? და ისიც, რომ, დუდუა თუ ჩემი ფეხები, ჩამოვიდა?!
თეო ისევ არ იღებდა ხმას, მაგრამ მე აქედან ფეხის მოცვლას არ ვაპირებდი, სანამ ყველა ჩემს კითხვაზე არ მივიღებდი პასუხს: თეო, მე არსად მეჩქარება. დაგელოდები, როდის დაგიბრუნდება მეტყველებისა და საღად აზროვნების უნარი. და საერთოდ, იმ დილას რომ მოვედი, კარი რატომ გქონდა შიგნიდან ჩაკეტილი?! რატომ არ შემომიშვი?! მარტო არ იყავი?!
– დაკითხვა მოუწყვე შენს ცოლს, – გამოცრა თეომ კბილებს შორის.
– არ იცოდი, ცოლი რომ მყავდა? რამე ახალია? შენთან რომ დავიწყე ურთიერთობა, მერე მოვიყვანე? თუ შენ დაგპირდი, რომ ცოლს გავეყრებოდი?! თუ შენ მოითხოვე ეს მაშინ და მე დაგპირდი და მოგატყუე? დაგაბი თუ ვიძალადე? რა, შენ არ გინდოდა?! შენ არ მოგწონდა ჩემთან სექსი?! თუ შენი თავი მსხვერპლად რატომ გამოგყავს?! ასე ჯობია, არა, რომ შენ სულ მართალი იყო და დაჩაგრული, ყველა დანარჩენი კი მტყუანი და მჩაგვრელი?! ჩხუბობდი, რატომ არ მოგყავარ ცოლადო, გეუბნები, შენთან მინდა და შენთან გადმოვდივარ-მეთქი, უარესად ჩხუბობ. იცი, საერთოდ, რა გინდა?! შტამპი გინდა მარტო?! გიჟივით აიკვიატე, არა?! თეო, უნდა იმკურნალო, გონება აგერია და ვეღარ აზროვნებ, მგონია.
მონოლოგი თეოს ტელეფონის ხმამ შემაწყვეტინა. მექანიკურად დავხედე. სახელი არ დაეწერა, მხოლოდ ციფრები. ტელეფონს დავწვდი და ვუპასუხე.
ისტორია ორმოცდამესამე
წარსულის აჩრდილი და აწმყოს დაჩრდილვა
(მოქმედი პირები: თეო, ზურა, დუდუ, თეოს ბებია ნანული და თეოს და მაკა)
ტელეფონისკენ გავიწიე. მაგრამ ზურამ დამასწრო და დათმობას არ აპირებდა: თითქოს ეს ზარი იყო ყველაფერზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ ღირებულიც. სახე უცნაურად აელეწა. ხმამაღლამოლაპარაკეზე ჩართული ტელეფონი დუდუს ხმით ახმაურდა. ოდნავ შესამჩნევად გაბზარული მეჩვენა დუდუს, ასევე, ოდნავ აქცენტშეფერილი, ხმა: თეუშკი, როგორ ხარ, ჩემო? შენკენ მოვდივარ და რა წამოგიღო, რა გაგიხარდება ყველაფერზე მეტად?..
– ამოდი და აქ გაგახარებ! ვინ ვარ? ამასაც აქვე გეტყვი, თან, სულ დაწვრილებით, – ზურამ ტელეფონი მოიქნია და კედელს მიანარცხა. მერე თვალებჩასისხლიანებული მომაშტერდა და კბილებში გამოცრა:
– ესეც ასე, ჩიტო, თეუშკები ყოფილხარ და არც კი გითქვამს. რა გესიამოვნება, ჩემო... შე ბოზო! როდის მოასწარი? და აქ ჩემს ცოლზე მამუნათებდი, არა? ვახ, ჩემი, ეს ვისთან მქონია საქმე და მე ტუტუცი, ოჯახიდან წამოსვლა მინდოდა...
– ჰოდა, ხომ მიხვდი, რომ ტუტუცი ხარ და ოჯახიდანაც არ გინდოდა წამოსვლა?! აი, ზუსტად მოგეცემა საბაბი და დავლაგდებით საბოლოოდ!
– გოგო, შენ კიდევ დიდგულზე ხარ?! არ გადამიყვანო ჭკუიდან! ენა ჩაიგდე და დაეგდე მანდ...
– ეე, აბა, ცოტა დააყენე ერთი ადგილი?! ხომ არ გავიწყდება, მე შენი ქათამი ცოლი კი არა ვარ? ვისაა, რომ უბედავ, შე უბედურო? გინდა, განანო ეგ სიტყვები? თუმცა შენზე ხელს როგორ გაისვრის კაცი...
ამ სიტყვებზე ზურა გველნაკბენივით წამოხტა. თეოსკენ ისე გადახტა, თეომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო და ყელში სწვდა. აშკარად არ ხუმრობდა. გაავებული უჭერდა ყელში ორივე ხელს და თან, გადმოკარკლული, ჩასისხლიანებული თვალებით ბურღავდა. თეო თან დაიბნა მოულოდნელი თავდასხმისაგან და თან გაოცებული იყო საყვარლის ასეთი საქციელით. ფაქტობრივად, მკვლელობის ჟინითა და სურვილით. ვინ იცის, სადამდე მივიდოდა ეს გონების გადაკეტვა, რომ არა გაბმული ზარი კარზე. მერე მუშტის ბრახუნი და დუდუს ხმა:
– თეო, კარი გამიღე! ახლავე, თორემ ჩამოვიღებ!
ზურამ ხელი უშვა თეოს და იქვე ჩაიკეცა. თავზე ხელები წაივლო და მუხლებში ჩარგო. თეო ვეღარ იბრუნებდა სულს და ხველა აუტყდა. კარზე დუდუ აბრახუნებდა და სადღაც „დესაუს“ ქვეშეთიდან გადარჩენილი ტელეფონიც რეკავდა... ეს კოშმარული ხმები, ტკივილი და გაოგნება თეოს არაერთხელ დაესიზმრება. ახლაც აუტანელ სიზმარში ეგონა თავი და ტანს ვერ ერეოდა, რომ დუდუსთვის კარი გაეღო. ბოლოს, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და წამოდგა. ფეხი ერეოდა და თავი უგუგუნებდა. ნერწყვი გადაყლაპა და ტკივილისაგან დაიმანჭა. როგორც იქნა, ურდული გადაწია. დუდუმ კარი ისე შემოაფრიალა, კინაღამ კედელს მიენარცხა ისედაც უღონოდ დარჩენილი თეო. მაგრამ დუდუმ მკლავში წაავლო ხელი და წონასწორობა შეუნარჩუნა. მერე ყელზე შეახო თითები, თვალები გაუფართოვდა და...
იატაკზე, სავარძელთან, ჩაცუცქული ზურა შენიშნა. დუდუს თითქოს დანა დაარტყეს გულის არეში, ისეთი ტკივილი იგრძნო. თეო უხმოდ გასწია განზე და ერთი ნახტომით ზურასთან გაჩნდა, იატაკიდან ბუმბულივით წამოაგდო და ყბაში ისეთი უთავაზა, ზურა პირდაპირ „დესაუსთან“ მიგორდა და თავი მიარტყა ძველებურ ჩუქურთმას. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ კვნესა აღმოხდა და საფეთქლიდან სისხლმა იფეთქა.
– ეს შენ აპირებდი ჩემს გახარებას?! ბიჭო, ქალზე ხელი როგორ აწიე, შე ნაბიჭვარო. გაგხევ ლაჯზე, აეთრიე, გამოდი გარეთ, თორემ აქ მოგიღებ ბოლოს და არ მინდა, შენნაირი ნაგავი აქ აქოთდეს... – დუდუ საკუთარ თავს არ ჰგავდა. თეოს უკვე ტკივილზე მეტად შიში მოეძალა. დუდუ ისეთი აჭრილი იყო, ზურას კარგი არაფერი ელოდებოდა. საოცარია, მაგრამ ახლა, ზუსტადაც რომ, უნდოდა ზურა დასჯილიყო, მაგრამ დუდუს გამო შეეშინდა. თეო გაკვირვებული უტრიალებდა საკუთარ განცდას და რაღაც ახალსა და უცნაურს გრძნობდა. მას ეშინოდა, დუდუს ზიანი არ მისდგომოდა, თუ ზურას დაჟეჟავდა და, საერთოდ, არ დარდობდა ზურას, რომელსაც საფეთქლიდან სისხლი წასკდა...
ამასობაში ზურა რის ვაი ვაგლახით წამოდგა ფეხზე და სისხლი მოიწმინდა. ამით უფრო გაითხიპნა სახეც და თმაც და ბოლოს ხელი პერანგზე ჩამოისვა.
– რაო, მუშტებძლიერი და ტვინსუსტი ჯეელი იპოვე, თეუშკი?! ეს, ალბათ, ის დუდუა, შენ რომ გტ-ნავს. რა მალე ჩამანაცვლე, გენაცვალე! რაო, ბიჭი, არ გითხრა, რომ „იობარი“ ჰყავს?
– ღმერთო, რა ნაძირალა ყოფილხარ... – თეომ აჭარხლებული სახე ხელებში ჩამალა და კედელს მიეყრდნო. მერე ნელ–ნელა ჩამოსრიალდა და ჩაჯდა. ისეთი დაღლილობა იგრძნო, ისეთი სიცარიელე და ყრუ ტკივილი, სადღაც გულის არეში, რომ ჰაერი ვეღარ ჩაისუნთქა. ვერც ამოისუნთქა... ის იყო დუდუ ზურასკენ დაიძრა, რომ თეო იატაკზე გაიშხლართა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში