№20 როგორ შექმნა ლავრენტი ბერიამ „ენკავედეში“ „ფსიქოლოგიური ომის“ საწარმოებელი განყოფილება
ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებული და განხორციელებული სპეციალური ოპერაციები ყოველთვის უმაღლესი პროფესიონალიზმითა და ხარისხით გამოირჩეოდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბერიას ისეთი სამსახურები ჰქონდა შექმნილი „ენკავედეში“, რომლებიც წარმატების სრულ გარანტიას იძლეოდნენ. ერთ-ერთი ასეთი განყოფილება იყო, ეგრეთ წოდებული, „ფსიქოლოგიური ომის მწარმოებელი“. მასში უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, კულტუროლოგები, მათემატიკოსები და ბიოქიმიკოსებიც კი. ისინი გულმოდგინედ ამუშავებდნენ ხოლმე მომავალი საიდუმლო ოპერაციების დეტალებს. შემდეგ შესაბამის ფონს უქმნიდნენ მას და იწყებოდა ძირითადი ეტაპი. გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ფსიქოლოგიური ომის წარმოების იდეა პირადად ბერიას ეკუთვნოდა და პრაქტიკაში ის პირველად საბჭოთა დაზვერვამ გამოიყენა. მოგვიანებით კი, ის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც გადაიღეს. ბერია მოაზროვნე, ჭკვიანი ადამიანი იყო. იდეების ნაკლებობას არ განიცდიდა და თუკი რაიმე ახალი კეთდებოდა საბჭოთა უშიშროებაში, მათი სამოცდაათი პროცენტი ბერიას ინოვაცია იყო. ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან ბევრია. ლავრენტი პავლეს ძემ კარგად იცოდა ადამიანების სუსტი და ძლიერი მხარეები და მათზე მეცნიერული კუთხითაც საკმაოდ კომპეტენტურად შეეძლო მსჯელობა. ამიტომ, როცა „ფსიქოლოგიური ომის მწარმოებელ“ განყოფილებას ქმნიდა, ამ დარგის სპეციალისტები ფრიად განაცვიფრა თავისი განსწავლულობით“.
ლავრენტი ბერია ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, როგორც საქმის გასაკეთებელ ბერკეტს, თავის მოღვაწეობაშიც ფართოდ იყენებდა. 1953 წლის 18 ოქტომბერს გენერალი სერგო გოგლიძე გამომძიებელს ასეთ ჩვენებას აძლევდა: „ბერია სხვადასხვა საქმეში (ლაპარაკია მსხვილ პროექტებზე) არც თუ ისე იშვიათად იყენებდა მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს. ატომურ პროექტზე მუშაობისას საიდუმლო ქალაქ არზამასში ვიმყოფებოდით და ასეთ სცენას შევესწარი: როდესაც კურჩატოვმა ბერიას მიმდინარე სამუშაოების ანგარიში ჩააბარა, გაირკვა, რომ ციკლოტრონის მშენებლობა ჭიანურდებოდა. არა და, ეს მოწყობილობა უმთავრესი იყო ამ პროექტში.
– რა გიშლით ხელს, ეგორ ვასილევიჩ? – ჰკითხა ბერიამ აკადემიკოსს, რომელსაც ძალიან აფასებდა და დიდ პატივს სცემდა.
– ციკლოტრონის არქონა. არადა, უკვე ყველა საშუალება არსებობს ექსპერიმენტების დასაწყებად, – მიუგო კურჩატოვმა.
– მშენებლობა ჭიანურდება?
– არა, ლავრენტი პავლოვიჩ. მშენებლობა გრაფიკით მიმდინარეობს. უბრალოდ, ციკლოტრონი გვჭირდება.
ბერია მისთვის გამოყოფილ კაბინეტში ავიდა, მეც თან გამიყოლა და გენერალ-ლეიტენანტი ჟილკინი გამოიძახა, რომელიც არზამასში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს უძღვებოდა და უთხრა:
– ჟილკინ, საჭიროა, რომ ციკლოტრონის მშენებლობის ტემპები გასამმაგდეს და ის ერთი თვის ნაცვლად, ათ დღეში ჩააბაროთ.
– რას ბრძანებთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ისედაც უსწრაფესი ტემპებით ვმუშაობთ, ოთხ ცვლად და ადამიანები გამოძინებას ვერ ასწრებენ. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. რესურსი არ გვეყოფა და დაიხოცებიან, – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა.
ბერიამ თვალები მოჭუტა. გოლიათ გენერალს ცივი მზერა ესროლა და ირონიით უთხრა:
– ჟილკინ, უკეთეს შემთხვევაში, შენს წოდებას შეიძლება, გენერალი ჩამოშორდეს, ლეიტენანტი დარჩე და დისბატში გაატარო მომავალი ათი წელი. ისე კი, არ გამოვრიცხავ, რომ თეთრი დათვების კუნძულებზე გადასახლდე ჩრდილოეთის ციალის საცქერლად და ერთ თვეში საკუთარი თავი დაივიწყო. ათ დღეს გაძლევ ციკლოტრონის ასაშენებლად. პირადად შეგამოწმებ.
ჟილკინმა ათ დღეში შეასრულა ბრძანება და გენერალ-ლეიტენანტობიდან გენერალ-პოლკოვნიკი გახდა...“
გოგლიძის ეს ჩვენება ხრუშჩოვსა და შეთქმულთა ბანდას ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ბერიას არაადამიანობა დაემტკიცებინათ. სინამდვილეში კი, მათ ბევრად მეტი სისასტიკე ჰქონდათ ჩადენილი, თანაც ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ხოლო, უდანაშაულო ადამიანები კი ათეულ ათასობით ჰყავდათ დახოცილი.
ბერიას თანაშემწე უჩა კარტოზია იხსენებდა: „ლავრენტი ბერია მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ადამიანი იყო და თუკი ეს საჭირო იყო, მძლავრი ფსიქოლოგიური ზეწოლაც კი შეეძლო. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ფეხბურთის დროს მოხდა. ბერია ჯერ კიდევ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო და, რა თქმა უნდა, თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობდა, რომელიც მისი სათაყვანებელი გუნდი იყო და მის ფეხზე დაყენებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა. ქართველი ფეხბურთელები მოსკოვის „ცედეკას“ ეთამაშებოდნენ თბილისში. სტუმრებს ფრეც ჰყოფნიდათ სამეულში მოსახვედრად, ჩვენებს კი – მხოლოდ მოგება. პირველი ტაიმი ნულით ოთხი წავაგეთ. ბერია თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და მართალია, ემოციებს არ ავლნედა, მაგრამ გამწარებული იყო. შესვენებაზე ბერია „დინამოელთა“ გასახდელში ჩავიდა. მეც უკან გავყევი. ოთახში რომ შევიდა, ყველას გასაგონად ასეთი ფრაზა წარმოთქვა: არის ასეთი დევიზი – სიკვდილი ან გამარჯვება. ჩემი აზრით, სწორედ ამ დევიზით უნდა იხელმძღვანელოთ მეორე ტაიმშიო, და ტრიბუნაზე დავბრუნდით... მოხდა სასწაული. „დინამომ“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა უძლიერეს „ცედეკას“ და საპრიზო ადგილი დაიკავა. ბერია, რა თქმა უნდა, თითსაც არ დააკარებდა ფეხბურთელებს, მაგრამ მისმა ფსიქოლოგიურმა სვლამ გაჭრა...“
როგორც ბერიასთან დაახლოებული პირები ყვებიან, „ჟანდარმერიის მარშალი“ (ბერია) ხშირად თავის ინოვაციებს პირადად ამოწმებდა ადამიანებზე, თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებდა და შემდეგ ნერგავდა სისტემაში. ფაქტია, რომ „ფსიქოლოგიური ომის“ წარმოების ბერიასეულმა ტაქტიკამ დიდი სარგებელი მოუტანა საბჭოთა დაზვერვას და საიდუმლო სპეცოპერაციები უფრო მეტად დახვეწილი და მრავალფეროვანი გახადა.