№20 ჭეშმარიტი სარწმუნოება
კითხვა: ძალიან მიჭირს მოძღვართან აღსარების თქმა. შეიძლება თუ არა, ჩვენი ცოდვები პირდაპირ ხატების წინაშე მოვინანიოთ?
პასუხი: ხატების წინაშე მონანიება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რადგან ეკლესიაში სინანულის საიდუმლო მოციქულთა დროიდან არსებობს და ასე რომ არ ყოფილიყო საჭირო, უფალი არ დააწესებდა. ცოდვა მხოლოდ მას შემდეგ არის მიტევებული, რაც აღსარების შემდეგ მღვდელმსახური შენდობის ლოცვას წაიკითხავს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, თვითმკვლელობა ცოდვად არ ჩაითვალოს და ეკლესიამ ილოცოს თვითმკვლელზე?
პასუხი: ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმკვლელი შეურაცხადია და კიდევ, ქრისტიანობაში დაშვებულია ქალწულის შეგნებული თვითმკვლელობა, რაც ჩადენილია საკუთარი ღირსების დასაცავად – მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად. ეს არ ჩაითვლება ცოდვად და მეტიც, ეს საქციელი გმირობის ტოლფასია.
კითხვა: რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?
პასუხი: საეკლესირო სწავლების მიხედვით, „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ ზრდასრულ ასაკში, ჩვენი საკუთარი სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ ითვლება იმიტომ, რომ ზეციურ სასუფეველს აკარგვინებს ადამიანს და მარადიულ სიკვდილს არგუნებს.
კითხვა: ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ჰყავს ცოლ-შვილი, მეგობარი ქალი გაიჩინა. მე მისი მეჯვარე ვარ და ერთ-ერთი ბავშვის ნათლია. ამას ძალიან განვიცდი, მაგრამ ჩარევასაც ვერ ვბედავ, არადა, არ მომწონს, ცოლს რომ ატყუებს და მრუშობის გზას ადგას. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენ უნდა გააგრძელოთ მასთან მეგობრობა. ეცადოთ, გაუღვიძოთ სინდისის ხმა და უთხრათ, რომ საკუთარი სულის დამღუპველ ცოდვას სჩადის. ცდა არ უნდა დააკლოთ, შთააგონოთ და გადაარჩინოთ თქვენი ახლობელი.
კითხვა: ამბობენ, რომ ნაკურთხ სახლში ძაღლის, კატისა და ფრინველების ყოფნა არ შეიძლება. მართებულია თუ არა ეს შეხედულება?
პასუხი: სახლში ცხოველებისა და ფრინველების ყოლა არ არის სარწმუნოებრივი საკითხი, თუმცა ზოგ ოჯახში ცხოველები გაფეტიშებული ჰყავთ, ეს კი დაუშვებელია. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, ძაღლი ან კატა ასეირნოს საათობით და გაჭირვებულს წუთიც არ დაუთმოს.