№20 რატომ არ უნდა გახდეს ადამიანი ქრისტიანი ბრმად და რატომაა მისთვის 40 სულიერი განწმენდისა და გამოცდის რიცხვი
ადამიანებს განსაკუთრებულად გვიყვარს სხვისი განკითხვა, მათ ქცევაზე მითითება, მაშინ, როდესაც საკუთარ ცოდვებს ვერ ვხედავთ. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო პერიოდში, მათ შორის, სოციალურ ქსელში. ამ საკითხის, ასევე ამაღლების დღესასწაულის შესახებ, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, ბევრი ამბობს: მე მიყვარს ღმერთი, მიყვარს მოყვასიო. როგორ უნდა შევამოწმოთ ეს სიყვარული ჩვენში და სხვა ადამიანებში?
– სიყვარული უნდა გავზომოთ მსხვერპლით. როცა ადამიანი ამბობს: ღმერთი მიყვარსო, ამ დროს კი: არ არის მარხვაზე, არ იცავს მცნებებს. თუ ადამიანი გიყვარს, რას აკეთებ მისთვის? შეგიძლია, მისთვის მსხვერპლის გაიღება, თავგანწირვა? რა დროს უთმობ მას? შეგიძლია, მის ადგილზე დააყენო თავი? - ასე უნდა გაზომო შენი სიყვარული. დღეს ბევრი განათლებული ადამიანი თავის ცოდნას იმაში იყენებს, სხვა გააქილიკოს, ფეხი დაუდოს. სულ სხვების განკითხვას ცდილობენ. სიბრძნე, რომელიც გვგონია, რომ გვაქვს, უნდა დავფიქრდეთ: ცბიერება ხომ არ არის? სიმშვიდემ შეიძლება, სიზარმაცე გამოიწვიოს. დუმილს მოჰყვება სიამაყე: სხვები ბევრს ლაქლაქებენ, მე კი ამ დროს მდუმარებაში ვარ. სიხარულს შეიძლება, მოჰყვეს ქედმაღლობა: გახარებულსა და ბედნიერს თვითკმაყოფილება მეწვიოს; სასოებას მოჰყვეს უყურადღებობა: როცა იმედი გაქვს, ყურადღება დუნდება, უმოქმედობა გეუფლება და სხვებს ყურადღებას აღარ აქცევ. თავმდაბლობას შეიძლება, მოჰყვეს კადნიერება: მე სხვაზე უკეთესი ვარ, როგორი თავმდაბალი ვარ და განიკითხავ სხვებს.
– ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ განსჯა და განკითხვა. რა სხვაობაა მათ შორის?
– დავინახე გოგონა, რომელიც საკუთარი სხეულით ვაჭრობს და მაშინვე მის განკითხვას ვიწყებ. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ნახო ადამიანი, არ განიკითხო. შეიძლება, მალე იგივე მდგომარეობაში თავად აღმოჩნდე. განსჯა რა არის: დაცემულ მდგომარეობაში რომ დაინახავ ადამიანს, კი არ განიკითხავ, ცრემლი წამოგივა თვალიდან: თუ ის სიძვაშია, მე – ამპარტავნებაში ვარ, ის თუ მეძაობს, მე – კადნიერებაში ვარ. მე მასზე ცოდვილი ვარ და მისი განკითხვის უფლება არ მაქვს. ვინც საკუთარ თავს განსჯის, მას სხვა ადამიანის განკითხვის სურვილი აღარ ექნება. განსჯა საკუთარი ცოდვების დანახვაა, ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახე სხვის თვალში ბეწვი. თუ ვინმეს მხილება გინდა, ჯერ საკუთარი თავი ამხილე. თუ მრისხანება გინდა, ჯერ საკუთარ თავს განურისხდი. თუ გინდა სხვისი შვილი, ცოლი გამოასწორო, ჯერ შენი შვილი, ცოლი გამოასწორე. მაგრამ, ჩვენ საკუთარ თავს ვერაფერს ვამჩნევთ და ყოველთვის ვფიქრობთ: სხვა მოძღვარია ცუდი. სასულიერო პირები ხომ ძირითადად სხვა სასულიერო პირებს განვიკითხავთ: ცუდია, ამპარტავნებაშია, იტყუება. კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობენ ჩვენი ოჯახის წევრები. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შესახებ გვიან ვიგებთ, როცა უკვე საპყრობილეში მოხვდება, ვინმეს მოკლავს, ან ვინმე მოკლავს. სანამ ცუდი რამ მოხდება, ხომ ჯობია, განვსაჯოთ და გავიგოთ, როგორი ცხოვრების წესი გვაქვს და როგორ ცხოვრობენ ოჯახის წევრები. ახლა ვმარხულობ, ბზას წავიღებ სახლში, ზეთს ვიცხებ და ამით კმაყოფილი ვარ. ძალიან ზედაპირულად, ფარისევლურად, მარტივად ვაკეთებთ ყველაფერს. არსებობს ასეთი მდგომარეობა: შეფასება. მაგალითად, მე მრევლში მჭირდება კარგი სტიქაროსანი. გადავხედავ რომელია მრევლში კარგი: როგორ ცხოვრობს, როგორ ლოცულობს და იმის მიხედვით შევარჩევ. ამ დროს ის შევაფასე და ეს არ არის განკითხვა. ამაში ცუდი არაფერია. მამაკაცს სურს, ცოლის მოყვანა, ხომ უნდა შეარჩიოს, ბრმად ხომ არ მოიყვანს. ასი ქალიდან ერთს რომ შეარჩევ - ეს განკითხვა კი არ არის, შეფასებაა.
– განსჯასაც ხომ ნიჭი სჭირდება?
– როგორ უნდა მივხვდე, ადამიანს მოვუსმინო თუ არა. მაგალითად, მოძღვრის არჩევა მინდა. ის, რომელიც ზედ არ შემომხედავს, არ სცალია, მისგან საერთოდ გავიქცევი. ვინც გულში ჩამიკრავს, მომეფერება და ვისკენაც გული გამიწევს, იმასთან წავალ, იმას ავირჩევ. შეიძლება, მოძღვარი განათლებული არ იყოს, მაგრამ აი, ისე მასწავლოს, გული გამითბოს. მითხრას: პავლემ ეს თქვა, პეტრემ ის თქვაო. თუ მოძღვარი მხოლოდ თავისაზე საუბრობს ქადაგებაში: თავის გამოცხადებაზე, თავის სიზმრებზე, იმ მოძღვრისგან შორს იყავითო. ვინც ხშირად საუბრობს წმიდა მამების სახელით, პატერიკებიდან, ის არ შეცდება. უბრალოდ, ეს პატერიკები სწორად უნდა გადმოსცეს, რომ საკუთარ თავზე არ მოირგოს და არ გადააკეთოს. ხომ არ შეიძლება, ბრმად გახდე ქრისტიანი. კარგად უნდა გაიგო, ვინ იყო იესო ქრისტე, მუჰამედი, ბუდა, რომ მერე გახდე ქრისტიანი. თუ არჩევანი არ გვექნება, ესე იგი მონობაში ვიმყოფებით.
– 17 მაისს ამაღლების დღესასწაულს აღვნიშნავთ. ისევე როგორც აღდგომის, ამ დღესასწაულის გააზრება და დაჯერებაც დღემდე გვიჭირს.
– მაცხოვრის ამაღლება დღესასწაულთა დღესასწაულია, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს გვაუწყებს. მაცხოვარი აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა – ეს არის მისტიკური ციფრი. 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა ებრაელი ერი უდაბნოში, 40 დღე იმარხულა მაცხოვარმა, 40 დღე იმარხულა მოსემ. ეს ჩვენი სულიერი გამოცდისა და განსწავლის ციფრია. აღდგომიდან 40 დღის შემდეგ გაიყვანა მაცხოვარმა მოციქულები ზეთისხილის მთაზე. მისი ამაღლება მაინცდამაინც ელეონის მთიდან ხდება, იმ მთიდან, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ ილოცა მთელი კაცობრიობისთვის და, ასევე, საკუთარი თავისთვისაც. მაცხოვარი ამაღლებამდე ლოცულობს, აკურთხებს მოციქულებს, დალოცავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ამაღლებას. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყველა მხოლოდ მაშინ მაღლდება, ანუ, სულიერი ცხოვრებით განიცდის ამაღლებას, ფერისცვალებას, როცა სულიერ მოღვაწეობას იწყებს ლოცვითა და კურთხევით. ამის გარეშე არაფერი ხდება. მაცხოვარმა აღდგომით გამოიხსნა ადამიანები, მაგრამ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, უფალთან ბოლომდე შერიგება, კაცობრიობის სულიერი განვითარება მხოლოდ ამაღლების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამიტომ‚ მაცხოვარმა თავისი ამაღლებით აღდგომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოიმოქმედა: რომ არა მაცხოვრის ამაღლება, მოციქულებისთვის დაპირებული კაცობრიობის ნუგეშისცემა, ადამიანების გამოხსნის საქმეც არ იქნებოდა დაგვირგვინებული, ბოლომდე მიყვანილი. უფალმა დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი ლოცვით, სწორი სულიერი ცხოვრებით, მაცხოვართან ერთად იწყებს ამაღლებას. როგორც მაცხოვარი ამაღლდა, ისევე ამაღლდება ადამიანიც. როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე, მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა ქრისტესმტყუვრის სახით. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“; გამოვლენ ტელევიზიით, პრესით, საჯარო თავშეყრის ადგილებში და მრავალს აცდუნებენ. ამიტომ გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას.