კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა მძიმე საუბარი ჰქონდა გიგა ლორთქიფანიძეს მედეა ჯაფარიძის ქმრის გამო და როგორ გახდა ის პირადი მტრის საშუალებით სახალხო არტისტი

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„თქვენ ნუ გეჩქარებათ ეს თავმჯდომარეობა, სული ნუ გისწრებთ. ჩემი ცხოვრებით დავიმსახურე, რომ არ მომაყენოთ შეურაცხყოფა, ტკივილი,” - აი, ასეთ ჩანაწერს გადავეყარეთ „რადიო თავისუფლების” კულტურული მიმოხილვის არქივში: გიგა ლორთქიფანიძეს ხანგრძლივი დისკუსიისა და, შეიძლება ითქვას, შეხლა-შემოხლის შემდეგ, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ ირჩევენ. საგულისხმოა, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ლორთქიფანიძეს ახალგაზრდა თაობა დაუჭერს მხარს... ემოციური გამოსვლა კი დამახასიათებელია ქართველი რეჟისორისთვის.…დღეს დარწმუნებულია, მაგალითად, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო გადაარჩინა, ამიტომ არ ნანობს თავის დროზე „წიგნი ფიცისა” რომ გადაიღო. თუმცა, ჩემი ცხოვრებით ის კი დავიმსახურე, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენოთო, ეს რომ თქვა, გიგა ლორთქიფანიძე, ალბათ, „წიგნი ფიცისას” და ზოგიერთ, არცთუ ისე წარმატებულ მხატვრულ ფილმს გულისხმობდა... გიგა ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მარჯანიშვილის თეატრს. მანამდე კი, სრულიად ახალგაზრდამ, ამავე თეატრში დადგმული გოლდონის „სასტუმროს დიასახლისით”, თეატრალური სამყარო ქართული თეატრის ენის შეცვლაზე აალაპარაკა. მერე იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” - გამორჩეული, იმ დროისთვის წარმოუდგენელი, სცენების სიმრავლით, სურათების მუდმივი მონაცვლეობით, უწყვეტი რიტმით და, რა თქმა უნდა, გენიალური მსახიობებით, რომელთაც გიგა ლორთქიფანიძე ყოველთვის ენდობოდა და აძლევდა იმპროვიზაციის საშუალებას. ტკივილი და ვნებათაღელვა გიგა ლორთქიფანიძეს არც 60-იან წლებში აკლდა. 1967 წელს მარჯანიშვილის თეატრს გამოეყო მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებმაც, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთავში თეატრალური კულტურის დიდი კერა შექმნეს. აქ დადგმულმა პირველივე სპექტაკლებმა: „სირანო დე ბერჟერაკი” და „ასი წლის შემდეგ” - სახელგანთქმული გახადა რუსთავის თეატრი: ხალხი ყოველ საღამოს თბილისიდან რუსთავში მიდიოდა, რადგან ახალი, ექსპერიმენტული თეატრი იმხანად სწორედ იქ ეგულებოდა. „ქალაქის სახეს, უპირველესად, თეატრი წარმოადგენს. ქალაქი პანივეჟისი არავის ჰქონდა გაგებული ლიტვაში და ყველამ შეიტყო ამ ქალაქის არსებობა თეატრის დაარსების შემდეგ. ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რუსთავის შესახებაც ასე გაიგეს... როცა იქ თეატრი დავაარსე. თეატრი ქალაქის სახეა. როცა ქალაქში კაცი ჩამოდის, კითხულობს: თეატრი არის აქ? წამიყვანეთ თეატრშიო. რუსთავში კი არა, დღეს თბილისშიც უჭირს თეატრალურ ხელოვნებას“... მაგრამ გიგა ლორთქიფანიძე ისევ იბრძვის და მუშაობს. თაობები იცვლება, მაგრამ მისი ნამუშევრების პოპულარობას არაფერი ემუქრება. რამდენიმე წლის წინ კინოკავშირის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგები გამოცხადდა - მაყურებელმა გიგა ლორთქიფანიძის მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი „დათა თუთაშხია” ყველაზე წარმატებულ ფილმად აღიარა ქართული კინოს ისტორიაში. ხელოვანი, რომელმაც შემოქმედებით წარმატებებს საბჭოთა ეპოქაში მიაღწია და საბჭოთა პრემიებით იყო დაჯილდოებული, ახალ ვითარებას ადვილად არ ნებდება. ეს ახალი ვითარება, ახალი ცხოვრება მას წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ხალხი გიგა ლორთქიფანიძის ფილმს „დათა თუთაშხია” ისევ საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული კინოს
ისტორიაში (წყარო: „რადიო თავისუფლება”)“.
„…გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდა-აგიტაციისთვის დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა სასიკვდილო განაჩენს გადაურჩა და 10 წლით მაგადანში გადაასახლეს (მ. კოხრეიძე). 1955 წელს გრიგოლ კოსტავა გადასახლებიდან დაბრუნდა. 1956 წელს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ახალი შენობა გაიხსნა. მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიგა ლორთქიფანიძე მუშაობდა და ის საპრემიეროდ ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუას“ ამზადებდა. ერთ დღეს თეატრის ძველ შენობაში მასთან წვერგაუპარსავი კაცი მივიდა და გრიშა კოსტავად გაეცნო. გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: „გამარჯობაო, - მეუბნება. რა თქმა უნდა, მეც მივესალმე. „თქვენ ალბათ, არ მიცნობთ, მე გრიშა კოსტავა ვარ,“ – ამბობს უცნობი. გრიშა კოსტავა მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე გახლდათ, ყმაწვილობაში ბევრჯერ მყავდა ნანახი სპექტაკლებში. შესანიშნავი მსახიობი, ნიჭიერი, განათლებული, წარმოსადეგი, ულამაზესი კაცი, მაგრამ იმდენად შეცვლილიყო, ვეღარ ვიცანი. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, - ქართული თეატრის ლეგენდა ხარ-მეთქი, ვუთხარი. ჩემს კაბინეტში ავედით და დიდხანს ვისაუბრეთ.
ომის დროს თბილისში დისიდენტებს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ჩამოუყალიბებიათ და გრიშა კოსტავაც შეუყვანიათ წევრად. ეს ამბავი გამჟღავნდა, ყველანი დააპატიმრეს და გადაასახლეს. თერთმეტი წლის წინ დაპატიმრებულ და გადასახლებიდან დაბრუნებულ მსახიობს ძველი სილამაზის კვალიც კი აღარ ემჩნეოდა. მძიმე წლებს თავისი დაღი დაესვა მისთვის, ამიტომაც გამიჭირდა მისი ცნობა. მაშინ ასეთი კანონი იყო: გადასახლებიდან დაბრუნებულებს ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ. პასპორტში კი ეწერათ: აკრძალული აქვს სანახაობრივ ორგანიზაციებში მუშაობა. ესე იგი, თეატრში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, მით უმეტეს, მსახიობად. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, არაფრის მეშინოდა, ანგარიშს არაფერს ვუწევდი, თამამი გახლდით და გრიშა კოსტავას უყოყმანოდ შევთავაზე ახალ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი. არ მოელოდა, იმდენად გაუხარდა, რომ განცხადების წერის დროს ხელი აუკანკალდა. ერთი სიტყვით, თეატრში მივიღე და გაიოზ გადალენდიას როლზე დავამტკიცე. აი, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი წამება. ხან რაიკომში მიბარებდნენ, ხან
ქალაქკომში, ხან - „კაგებეში“. ინაურმაც გამომიძახა და მეუბნება: გრიშა კოსტავა თეატრიდან უნდა გაუშვაო. მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი, მაგრამ რახან დავნიშნე როლზე, უკან აღარ დავიხევ-მეთქი, - ვუპასუხე. ძალიან ბევრი მძიმე საუბარი მქონდა სხვადასხვა სტრუქტურაში, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და გრიშა კოსტავა თეატრში დარჩა. დადგა პრემიერის დღე, თბილისიდან ბიუროს მთელი შემადგენლობა ჩამოვიდა. დაიწყო სპექტაკლი. პირველი რეპლიკა გრიშა კოსტავასი იყო: „ერთი ეგ თოფი მომაწოდე!“ - ამბობს სცენაზე გაიოზ გადალენდია. წამით პაუზამ დაისადგურა, შემდეგ კი ტაშის გრიალი გაისმა, მხოლოდ ბიუროს წევრები ისხდნენ გაუნძრევლად. ტაშის ცემა გაძლიერდა და პროტესტის ფორმა მიიღო. სწორედ მაშინ დაუკრა ვასილ მჟავანაძემ ტაში და ბიუროც აჰყვა. აი, ასე მოხდა გრიშა კოსტავას რეაბილიტაცია. სპექტაკლის შემდეგ ვასილ მჟავანაძე პირადად მესაუბრა და მითხრა: „ძალიან მომეწონა კარგი სპექტაკლია, ყოჩაღ!“ მისმა შექებამ მეტი სითამამე შემძინა, შემოქმედებითი საქმიანობის სტიმული მომცა და საკუთარი თავის რწმენა გამიღრმავა“. 1965 წელს გრიგოლ კოსტავა საქართველოს სახალხო არტისტი გახდა. საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძესაც.
გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: „თეატრის ცხოვრება, მოგეხსენებათ, რთულია – გაუტანლობა, შური, ერთმანეთის დასმენა - ერთი სიტყვით, თეატრი, თავის კარგითა და ცუდით. მოხდა ისე, რომ მარჯანიშვილის თეატრში მსახიობები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 27 მსახიობთან ერთად რუსთავში წავედი და თეატრი დავაარსე. პრემიერაზე, რა თქმა უნდა, მჟავანაძეც მოვიდა. რუსთავის თეატრმა სახელი გაითქვა. მოსკოვშიც ვიყავით გასტროლებზე და პუბლიკამ ბრწყინვალედ მიგვიღო. თეატრის მოღვაწეები სახალხო არტისტის წოდებაზე წარადგინეს. ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა, რომელსაც პირადი მტრობა ჰქონდა ჩემთან, ეს სია მჟავანაძეს წარუდგინა. როდესაც მჟავანაძემ იკითხა, რატომ არ არის სიაში გიგა ლორთქიფანიძეო, ამ მსახიობს უპასუხია: პარტიას და თქვენ გლანძღავთ, არ იმსახურებს სახალხო არტისტის წოდებას, სანდო არ არისო. მჟავანაძეს უთქვამს: იმდენი კარგი მაქვს მაგისთვის გაკეთებული, ჩემზე ცუდს არ იტყოდაო და სახალხო არტისტის წოდება მომანიჭა.“
***
„არც კი ვიცი, კიდევ თუ დავდგამ სპექტაკლს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ, ფილმის გადაღებაზეც ვფიქრობ, ნაწარმოებებიც შერჩეული მაქვს, მაგრამ დღეს ჩემი ჯანმრთელობის გამო რამის გაკეთება შეუძლებელია. თუ ღმერთის ნებით, გამოვკეთდი, ერთხელ კიდევ ვცდი, კუდი მოვიქნიო (ი. ხარშილაძე). ისე კი, საკმაოდ რთული ბიოგრაფია მაქვს, მაგრამ ვახერხებდი, სიძნელეებს მხოლოდ კარგი სპექტაკლებით გავმკლავებოდი. არასდროს გამჩენია განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაშინაც კი, ჩემს მსახიობებთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლა რომ მომიხდა. წარმოგიდგენიათ? 27 მსახიობი გამომყვა: ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი, ლეო ანთაძე... რომელი ერთი დავასახელო? იმხანად ძალიან გაღარიბდა მარჯანიშვილის თეატრი და, ალბათ, ლოგიკურიც იყო, ბოლოს მაინც დაბრუნება რომ მთხოვეს, ცხადია, არტისტებიანად...

…უმძიმესი იყო, 12 წლის ბიჭმა ფეხი რომ დავკარგე. არადა, ძალიან კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს, მიყვარდა ველოსიპედის ტარება, ციგურებით სრიალი... და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დასრულდა. ფეხის ამპუტაციის შემდეგ თვე-ნახევარი საავადმყოფოში ვიწექი. რომ გამომწერეს და ყავარჯნებით დავიწყე სიარული, ყველასგან სიბრალული მდევდა. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა - არავის შევაბრალებინებ თავს-მეთქი, - გადავწყვიტე და გავხულიგნდი. ჩემი საქციელის გამო რამდენიმე სკოლის გამოცვლა მომიხდა. სულ ვჩხუბობდი და ბიჭებს ეშინოდათ კიდეც ჩემი. მეტისმეტად რომ ავურიე, თვითონვე გადავწყვიტე, თბილისს გავცლოდი, ბიძასთან, სოფელში წავსულიყავი და სკოლაც იქ დამემთავრებინა. ბიძა - აპოლონ ლორთქიფანიძე თავადიშვილი იყო. ასაკოვანი გახლდათ და მარტო ცხოვრობდა. სოფლის ატმოსფერომ ნელ-ნელა დამამშვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლიდან სკოლამდე ყოველ დილით 4 კილომეტრს გავდიოდი ფეხით. ჩემმა მდგომარეობამ ვერ გამტეხა,  ტრაბახად ნუ ჩამითვლით და, ძნელად გასატეხი კაცი ვარ...
 ...დარწმუნებული ვარ, ადამიანისთვის გადამწყვეტია: აქვს თუ არა რაიმე მიზანი. კინოს პირველად ძალიან პატარა „შევხვდი” - 5 წლისა გადამიღეს კოლმეურნეობის თავმჯდომარის შვილის როლში, ლეო ესაკიას პირველ ხმოვან ფილმში „შაქირი” - საქართველოში გერმანელების ცხოვრებაზე. ერთი ეპიზოდია, ხის სათამაშო ცხენზე ვზივარ და ვმღერი „აინ, ცვაინ, დრაინ...” ამ დროს მიახლოვდება კულაკის ცოლი, მაწვდის კანფეტს, მე კი უარი უნდა ვუთხრა - ასეთი იდეოლოგია იყო: კულაკის კანფეტი არ უნდა გეჭამა! 1932 წელი იყო, ცხოვრება ჭირდა. ჰოდა, გადაღებისას რამდენჯერაც გამომიწოდა „კულაკის ცოლმა” კანფეტი, იმდენჯერ გამოვართვი. გაბრაზდა ლეო ესაკია, შემიყვანა ბუფეტში, ნახევარი კილოგრამი კანფეტი შემაჭამა და, აი, მაშინ კი ვუთხარი კანფეტზე უარი „კულაკის ცოლს” (იცინის). კინოს სიყვარული, ჩანს, იქიდან ჩამეწვეთა. ნელ-ნელა თეატრმაც გამიტაცა და ვიდრე ფეხზე ეს ამბავი დამემართებოდა, მსახიობობაზე ვოცნებობდი. მერე კი, სკოლა რომ დავამთავრე, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე და მას შემდეგ ჟანრი არ დამიტოვებია, ყველაფერზე ვიმუშავე, თან ძალიან ბევრ თეატრში.“
скачать dle 11.3