№20 რატომ ნიშნავს საქართველოში სესხის აღება გაღარიბებას
მაისიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რის მიხედვითაც, სამომხმარებლო სესხები, რომლებსაც ლამის ძალით აჩეჩებდნენ ბანკები მოსახლეობას მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სურვილის საფუძველზე, ვეღარ გაიცემა, რადგან სესხის ასაღებად (მათ შორის, განვადების გასაფორმებლადაც) აუცილებელია შემოსავლის დადასტურება. სიახლე არაერთგვაროვნად აღიქვა საზოგადოებამ, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა საბანკო სესხების ბადეშია გახვეული. იმდენადაც კი, რომ არც თუ იშვიათად ამას ოჯახების ერთადერთი საცხოვრებელიც ეწირება. მეორე მხრივ, ჩვენთან განვადებით, ანუ საბანკო სესხით თავის მოვლის საშუალებების შეძენაცაა შესაძლებელი და თვით ფეხსაცმლისაც კი, აღარაფერს ვიტყვი ქვაბებსა და კოვზებზე, რაც, საერთო ჯამში, არც თუ მცირე თანხა გამოდის. რა შედეგს გამოიღებს ახალი შეზღუდვები და ვისი პასუხისმგებლობაა იმ დათვლის სწავლება, რომ შემოსავალზე მეტის ვალად აღების ბოლო გარანტირებული გაკოტრებაა? – სასესხო ცვლილებებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა გვესაუბრება.
– თუკი აქამდე უმეტესობა შფოთავდა, რომ სესხები ლოდად აწევს და ლამის აიძულებენ ბანკები მათ აღებას, ახლა უკვე შფოთის საგანი სესხის ნებისმიერ შემთხვევაში აუღებლობა გახდა. ეს ცვლილებები დროული იყო, დაგვიანებული და გამოიღებს თუ არა სასურველ შედეგს?
– ეროვნული ბანკის მცდელობა, შეამსუბუქოს მოსახლეობის სავალო წნეხი, შეიძლება, გავიგოთ ადამიანური პოზიციიდან, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს საკამათო ნაბიჯია. თავად ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უფლებას რთავს, რომ მათი საკრედიტო პორტფელის მეოთხედი შეადგენდეს არაუზრუნველყოფილ სესხებს, ანუ ისეთ სესხებს, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი უძრავი ან მოძრავი ქონებით. ფაქტობრივად, გამოდის, რომ კომერციულ ბანკს, როგორც ბიზნესსტრუქტურას, შეუძლია, თვალი დახუჭოს მსესხებლის ქონებრივ უზრუნველყოფაზე და ეს ბუნებრივად იწვევს თვალის დახუჭვას მისი ფულადი შემოსავლების სიდიდეზე და ეს ხდებოდა. აქამდე კომერციული ბანკები ასე მუშაობდნენ. ახლა ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შეუზღუდა საკრედიტო საქმიანობა, რითაც მათ შეუმცირდებათ საკრედიტო პორტფელის მოცულობა. თქვენ იცით, რომ კომერციული ბანკები ცდილობენ, რაც შეიძლება, სწრაფად მიიღონ მაქსიმალური სიდიდის მოგება. ღარიბ ქვეყანაში ბიზნესის ასეთი ტენდენცია ბუნებრივია. შესაბამისად, ისინი ამ გადაწყვეტილების კმაყოფილები არ იქნებიან.
– მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი ბანკი გასცემს ონლაინ სესხებს, ერთ დღეში მიიღეთ სამასი ლარი. ასეა?
– რამდენიმე საკმაოდ ძლიერი ბანკი, ფაქტობრივად, ონლაინ სესხებს გასცემს. კომერციული ბანკების შეთავაზებაა, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე გააფორმოთ სასესხო ხელშეკრულება. ეს არის ონლაინ სესხები და სწორედ ამ სახის სესხების აკრძალვა სურს ეროვნულ ბანკს, სესხების, რომლებიც არაფრითაა გამაგრებული. კომერციული ბანკები ამ აკრძალვით გარკვეულ შემოსავალს დაკარგავენ და შეეცდებიან მის ანაზღაურებას. ვის ხარჯზე? რა თქმა უნდა, მსესხებლების ხარჯზე.
– რამე სქემის მოფიქრება არ შეუძლიათ?
– ნებისმიერი სქემის გაკეთებაა შესაძლებელი, ოღონდ ონლაინ სესხებზე უარი უნდა თქვან, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ამ რეგულაციას, თუმცა პირდაპირი აკრძალვა არ არის. მაგრამ აქ შეიძლება, იმოქმედოს თვალის დახუჭვის პრინციპმა. ხშირად ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას და არ აკონტროლებს მის შესრულებას. ამიტომ შესაძლებელია, ეს ახლებური პოლიტიკა გაგრძელდეს 2-3-6 თვეს და შემდგომ კომერციული ბანკები ისევ დაუბრუნდნენ ჩვეულ რიტმს, თუ არადა დანაკარგის შევსების ერთადერთ გზად მათ აქვთ ისევ და ისევ თავიანთი კლიენტებისთვის მომსახურების გაძვირება: იქნება ეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება თუ საკომისიოების მატება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან, საბოლოოდ, ოდნავ გაიზრდება კომერციული ბანკების მომსახურების საფასური.
– მეგობარმა მიამბო, რომ „საქართველოს ბანკმა“ განვადებისთვის მოსთხოვა საშემოსავლო ცნობა, რაც არ ჰქონდა, იქვე ისხდნენ „ვი თი ბისა“ და „ფინკას“ წარმომადგენლები და შესთავაზეს საბუთის გარეშე განვადების გაფორმება, ოღონდ გაცილებით მაღალ პროცენტად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მიკროსაფინანსოები შეეცდებიან, წაართვან ბანკებს არაუზრუნველყოფილი სესხების სეგმენტი?
– მიკროსფინანსოებს აქვთ თავიანთი ნიშა, ისინი ისედაც გასცემენ ამგვარ სესხებს, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მიკროსაფინანსოები კონკურენციას გაუწევენ ბანკებს, არ იქნება სწორი. კომერციული ბანკები მაინც გამოძებნიან რაღაც გზებს, რომ არ დაკარგონ სესხების ეს სეგმენტი. თქვენ მიერ მოტანილი მაგალითიდანაც ჩანს, რომ მათ ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული ერონული ბანკის გადაწყვეტილება და შესაძლებელია, მას წარმატებით აუარონ გვერდი. აქვე მინდა შევნიშნო, რომ დიდი კომერციული ბანკის სამომხმარებლო სესხების გადამოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამორიცხულია, მათ დარღვევა აღმოუჩინოს ეროვნულმა ბანკმა. ისე შეიძლება საბუთებში არაუზრუნველყოფილი სესხების დამალვა, რომ ეროვნული ბანკი აზრზეც ვერ მოვა, რა ხდება და, ჩემი აზრით, ამიტომაც ამ აქციას ექნება მოკლევადიანი შედეგი.
– ჩვენთან მომხმარებლები ხშირად იღებენ გაუაზრებელ სესხებს. წარბების დახატვა, კონტურული მაკიაჟიც კი შესაძლებელია განვადებით, ისევე, როგორც არც თუ ძვირად ღირებული თეფშების, ქვაბების, სახის კრემების შეძენა. მაცივარი ვერ მოიცდის, მაგრამ თეფშმა ხომ შეიძლება, მოიცადოს? ამას რა დაარეგულირებს და ვისი პასუხისმგებლობაა, ამ მიმართულებით, გაცნობიერების ხარისხის ამაღლება?
– ცოტა სხვანაირად მივუდგეთ ამ საკითხს. საქმე ის არის, რომ ადამიანის მოთხოვნილება, იცხოვროს უფრო უკეთ, არის ბუნებრივი და გამორიცხულია, რომ მან არ აიღოს ჭარბი ვალი და ელოდოს მაცივრის ყიდვას ორი-სამ წელს, როცა შეუძლია, იყიდოს ახლა.
– მე ბოტასებსა და წარბებზე ვლაპარაკობ.
– პრინციპი იგივეა, თუ შენ არ გაქვს იმდენი ფული, რომ დაიკმაყოფილო შენი სურვილები, მოთხოვნილებები და გაქვს შესაძლებლობა, გადადო მომავლისთვის ხარჯი, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ის აირჩევს დღევანდელ კვერცხს. ადამიანის ამ ბუნებაზეა აგებული კომერციული ბანკების საკრედიტო საქმიანობა სამომხმარებლო სექტორში. თავისი ბუნებით ადამიანი სუსტია და ამ სურვილების დაკმაყოფილების პროცესში ის მართლაც იღებს ხშირად უზარმაზარ ვალს, რომელსაც ვერ იხდის და არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე საკრედიტო დაწესებულებიდან. რადგან ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლი, შეიძლება თუ არა, რომ ეს პროცესი დარეგულირდეს სახელმწიფოს მიერ? რა თქმა უნდა, შეიძლება. პირველი: ეროვნულმა ბანკმა კეთილი უნდა ინებოს და შექმნას სახელმწიფო საკრედიტო ბიურო და არა კერძო დაწესებულება, რომელიც ყველას ურიგებს ინფორმაციას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მონაცემი მსესხებლისა და მათ მიერ აღებული ვალების შესახებ. აუცილებლად უნდა შემოვიდეს რეგულაცია თუ კანონი, რომლის თანახმად, ერთ მსესხებელს არ შეიძლება, ჰქონდეს იმაზე მეტი სავალო ტვირთი, რომლის მომსახურებაც აღემატება მისი შემოსავლის 30-40 პროცენტს. ანუ, თუ ერთი ადამიანი აიღებს სესხს ერთ კომერციულ ბანკში და მას მის მომსახურებაში უწევს თავისი შემოსავლის 30 პროცენტის გადახდა, მეორე ბანკს აღარ ექნება უფლება, მისცეს იმდენი სესხი, რომლის მომსახურებაც თავისი შემოსავლის კიდევ 30 პროცენტი ან მეტი დაუჯდება. იმიტომ რომ ადამიანი ვერ იცხოვრებს თავისი შემოსავლის 40 პროცენტით, რადგან ვალების გასასტუმრებლად კიდევ ახალ ვალს აიღებს და გაებმება სავალო ხაფანგში. აი, სწორედ ამ სავალო ხაფანგის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული ბანკის მოვალეობაა, რომ საკანონმდებლო გზით აღკვეთოს ერთი პიროვნებისთვის ისეთი სესხების გაცემა, რომლის მომსახურებაც აღემატება პიროვნების შემოსავლის 30 ან 40 პროცენტს.
– ეროვნულმა ბანკმა აკრძალა არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა და უამრავი უკმაყოფილოა, რადგან აქვთ, თუნდაც, არადეკლარირებული შემოსავალი, და აღშფოთებას გამოთქვამენ, თუ რატომ უზღუდავენ სესხის აღებას. თუკი ეროვნული ბანკი დაამატებს ამ რეგულაციასაც, ფიქრობთ, არგუმენტად არ დასახელდება ის, თუ ვინ ეკითხება ეროვნულ ბანკს, იცხოვრებს თუ არა ვალის ამღები თავისი შემოსავლის 40 პროცენტით ან, სულაც, უშემოსავლოდ?
– როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მას აქვს არადეკლარირებული შემოსავალი, ის არღვევს კანონს. არადეკლარირებული შემოსავალი არ არის მხოლოდ ის, რომ ადამიანი ქუჩაში დგას და რაღაც წვრილმანს ჰყიდის. არადეკლარირებულია შემოსავალი პროსტიტუციიდან, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობიდან, ფაქტობრივად, ეს არის დანაშაული და, თუ ჩვენ გვინდა, ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო, თქვენსა და ჩემს საშემოსავლო გადასახადს აუცილებლად უნდა მიემატოს იმ პირების საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც არიან რუხ ზონაში და იღებენ არადეკლარირებულ შემოსავალს. ამიტომ ამ საკითხის განხილვა კრედიტების გაცემის კუთხით არ მიმაჩნია მართლზომიერად.
– არც მე მიმაჩნია, უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ არიან თვითდასაქმებულები და სახელმწიფო ამასთან არაფერ კავშირშია, არადა თვითდასაქმება გამორიცხულია სახელმწიფოს ირიბი თუ პირდაპირი მონაწილეობის გარეშე.
– როდესაც ადამიანი არ იხდის გადასახადს და სარგებლობს იმ სიკეთეებით, რომლებითაც სარგებლობენ ისინი, რომლებიც იხდიან გადასახადს, არასწორია, იცით, რომ სახელმწიფო ხარჯავს უამრავ თანხას გზების ასაშენებლად, სარემონტოდ, რაშიც ჩვენი გადასახადების ნაწილი იხარჯება. ტაქსის მძღოლები კი, რომლებიც ფულს აკეთებენ იმით, რომ სარგებლობენ ამ გზებით, თეთრსაც არ იხდიან ბიუჯეტში. ანუ აქ უკვე დგას სოციალური თანასწორობის საკითხი. არ შეიძლება, იყოს პრივილეგირებული კასტა, რომელიც არ იხდის გადასახადებს და დანარჩენი დაჩაგრულები, რომლებსაც სახელმწიფო ყვლეფს. თუმცა სხვა თემაა, რომ 20-პროცენტიანი საშემოსავლო არის უზარმაზარი და უსამართლო გადასახადი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: ვისი რა საქმეა, ჩემი შემოსავლიდან რამდენ ფულს ვიხდი სესხშიო. სინამდვილეში, ეს, უპირველესად, სახელმწიფოს საქმეა, იმიტომ რომ, თუ თქვენ არ გყოფნით თანხა თქვენი შემოსავლიდან, რადგან ახარჯავთ სასესხო ვალდებულებებს, თქვენ შეიძლება, კანონი დაარღვიოთ, რომ სახლში პროდუქტი მიიტანოთ.
– ანუ მოიპარო?
– დიახ, სიდუხჭირემ შეიძლება, გადაგაქციოთ დამნაშავედ და ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ იმის თქმა, რომ სახელმწიფოს არ ეხება, რას იხდი და რა გრჩება, არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ცივილიზებულ ქვეყნებში ამას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ.
– როგორიც უნდა იყოს ადამიანის ბუნება, მე არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ, რატომ უნდა გაეხვიო მრავალწლიან ვალში „აიფონისთვის“, რომლის ფუნქციები არ გჭირდება. აი, ამ დამოკიდებულებას რა შეცვლის?
– ეს უკვე სხვა სიბრტყეა და მარკეტინგს უკავშირდება. რა არის მარკეტინგი? მომხმარებლის ჯიბეში ჩაძრომის ხელოვნება. გაწვდიან ინფორმაციას, რომ ესა და ეს პროდუქტი არის მოდური, პრესტიჟული და ის აუცილებლად უნდა გქონდეს. ამას წამოეგება ადამიანი, წელებზე ფეხს იდგამს და ყიდულობს, მაგალითად, „სამსუნგ რვას“, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება „სამსუნგ 5-სგან“, მაგრამ 2-3-ჯერ ძვირი ღირს. მარკეტინგი ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა და მთელი უბედურება ისაა, რომ თქვენი შემოსავალი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბიზნესის მადა. აი, ეს დისპროპორცია ქმნის სწორედ სიღარიბის მძიმე ფონს. თქვენ უკანასკნელ ფულს ხარჯავთ ნივთში, რომელიც გჭირდებათ ან არა და შემდეგ ზიხართ და შიმშილობთ. და მეორე მომენტი: სავალო ტვირთის სიმძიმე განპირობებულია მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. სანამ სესხებზე არ დაიწევს საპროცენტო განაკვეთი ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია, საქართველო ყოველთვის უღარიბესი ქვეყნების რიგში იქნება. უცხოეთშიც ცდილობენ, რომ ადამიანი გაახვიონ ვალებში, მაგრამ ეს ვალები იმ სიდიდისაა, რომ ადამიანი ერევა მას თავისი შემოსავლებით და მისთვის ვალებში გახვეული ცხოვრება კომფორტულია. პირადად მე ამ პრობლემის მოხსნა საქართველოში უახლოეს 10-15-20 წელიწადში შეუძლებლად მიმაჩნია.