№20 თეთრკრამიტდაცურებულები
ხარისხიანი ნარკოტიკების მაძიებელნი
ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს სამეზობლოში მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ ვინ ვისთან გარიგდება და ვის რას წაართმევს, ამას თვით ვანგაც კი ვერ იწინასწარმეტყველებს, აი, საფლავიდანაც რომ წამოაყენონ.
ამასობაში კი, ჩვენს სამშობლოში „თეთრი ხმაური“ განგაშის ზარებს არისხებს, განა იმიტომ, რომ ჩვენც რამეში გამოგვიყენეთ, ვინმემ კიდევ რამე არ წაგვგლიჯოსო?!
არამედ იმ მიზნით, რომ (მათი განგაშის ზარის განცხადებით) ქვეყანაში უცხო ნივთიერებით დაბინძურებული ნარკოტიკია შემოსული (სუფთა ნარკოტიკი ხომ დედის რძის შემცველობისაა), ამიტომაც ნარკომომხმარებლებს აფრთხილებენ, ნებისმიერ ფასად შეიკავონ თავი ნარკოტიკული სუბსტანციის მიღებისგან, შესაძლოა, ლეტალურად დაამთავროთ ბაირამობაო.
მეორე მხრივ, სახელმწიფოს აკისრებენ პასუხისმგებლობას უხარისხო ნარკოტიკს შეწირული თითოეული დაღუპული ნარკომომხმარებლის გამო (პარადოქსია, მაგრამ ასეა – არჩილ ტატუნაშვილი ღირსებასა და სამშობლოს შეეწირა, დანარჩენები უხარსისხო ნარკოტიკთან შერკინებისას იღუპებიან).
„თეთრი ხმაურის“ ფსიქიკური მდგომარეობის ანალიზისგან თავს შევიკავებ (ეს ჩემს ფხიზელ გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება), თუმცა მათი მოწოდება კი, ფრიად საინტერესოა: ნარკომომხმარებელს რომ თავის შეკავება შეეძლოს, ვითომ ნარკომომხმარებელი იქნებოდა?!
და თუკი თავის შეკავება შეუძლიათ, საერთოდაც, ნარკოტიკის გადაგდებას რატომ არ ურჩევენ?! თუ პრობლემა მხოლოდ ნარკოტიკის ხარისხია?!