№19 შეუქმნის თუ არა კაცობრიობას საფრთხეს ჰარვარდელი არჩილ ჭეიშვილის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი
24 წლის არჩილ ჭეიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთადერთი კურსდამთავრებულია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს. მისი მიზანია სუპერ ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც ადამიანის ტვინის მსგავსად იმუშავებს. არჩილი აღიარებულია „ბლუმბერგის“, „ფოქს ნიუსისა“ და „იაჰუს“ მიერ. არჩილმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია „პალატინ ანალიტიკსი“ შექმნა, რომელიც ამერიკაში წარმატებით ფუნქციონირებს. „პალატინ ანალიტიკსი“ მსხვილ კომპანიებს ადამიანური რესურსების სწორად მართვაში ეხმარება. ჩაანაცვლებენ თუ არა ადამიანებს რობოტები, ხელოვნური ინტელექტი – საშიშროება თუ მსოფლიოში ყველაზე ღირებული ტექნოლოგია, ამ ყველაფერზე არჩილი თავად გვესაუბრა.
არჩილ ჭეიშვილი: ხელოვნური ინტელექტი არის დახვეწილი სტატისტიკური მოდელი, ის ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს სწავლის უნარი. ინფორმაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ადამიანის ინტელექტს გადაასწრებს, რამდენიმე წელიწადში კი – ყველა ადამიანისას ერთად. ეს ყველაფერი დავიწყეთ მას შემდეგ, რაც მე ვოლსთრითზე, ჰეჩბონდში ვმუშაობდი, ჩვენი თანადამფუძნებლები კი „გუგლში“ და „ფეისბუქში“ და ამ კომპანიებში მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ ერთი საერთო პრობლემა – არ ხდებოდა თანამშრომლების განვითარება. დავსვით კითხვა, რატომ? მიზეზი ის იყო, რომ კომპანიაში ხალხი არ იღებდა საკმარის ინფორმაციას, თუ რას აკეთებდა კარგად და რას არ აკეთებდა. მეორე ის, რომ მიზნების მენეჯმენტი კომპანიაში არ ხდებოდა – დავუშვათ, ერთი დეპარტამენტის მიზანი არ იყო თავსებადი მეორე დეპარტამენტის მიზანთან. ჩვენ დავიწყეთ პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, რომ ერთმანეთს მისცენ შეფასებები და მიზნები განვითარებისთვის. ამ პლატფორმის მეორე ნაწილი იყო ანალიტიკაში: ხელოვნური ინტელექტის სტატისტიკური მოდელების საშუალებით გაგვეკეთებინა ინფორმაციის ანალიზი – თუ რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვთ მათ და ყველაზე საინტერესო რაც არის, მომავალში როგორ განვითარდებიან – და მიგვეწოდებინა თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის.
– მეორე კომპანიაში რაზე მუშაობთ?
– ჩვენ ახლა ვმუშაობთ ორ კომპანიაზე. მუშაობისას გავაანალიზეთ, რომ მთავარი პრობლემა მარკეტზე არის, ის, რომ განვითარებულ მსოფლიოში არსებულ ყველა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ფლობს მხოლოდ რამდენიმე კომპანია – „გუგლი“, „ფეისბუქი“, „მაიკროსოფტი“. ეს კი საკმაოდ სახიფათოა ხალხისთვის, იმიტომ რომ ყველაზე ღირებული და ძალის მქონე ტექნოლიგია სულ სამი კომპანიის ხელშია. ეს ერთი პრობლემა გავაანალიზეთ. მეორე პრობლემა იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტები არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან – „გუგლის“ ხელოვნური ინტელექტი ცალკე მუშაობს, „მაიკროსოფტის“ – ცალკე და ასე შემდეგ. ეს პლატფორმა მე და ჩემმა კურსელებმა დავიწყეთ – ჩვენი საიტი ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნურ ინტელექტებს, მისი საშუალებით ამ ინტელექტებს შეუძლიათ, ერთმანეთში ინფორმაციები გაცვალონ, ერთმანეთისგან ისწავლონ, ერთმანეთისგან სერვისები იყიდონ-გაყიდონ და ასე შემდეგ. რეალურად არის ამაზონი, ოღონდ ხელოვნური ინტელექტების.
– ჩაანაცვლებს თუ არა, ხელოვნური ინტელექტი ადამიანს?
– ორი რაღაც არის: ერთი – დაკარგავს თუ არა კაცობრიობა სამსახურებს? სავარაუდოდ, რაღაც კატეგორიებში – კი. ხელოვნური ინტელექტი რაღაც სფეროებში ჩაანაცვლებს ადამიანს. მოვა დრო, როდესაც ჯარში ადამიანები აღარ იმსახურებენ საბრძოლო ნაწილში. სამშენებლო სფეროც შეიცვლება – აღარ იქნება ადამიანის მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდნის ან აგურის თავში დაცემის რისკი – მშენებლებს შეცვლიან რობოტები. საინტერესოა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ბევრი სამსახური გააქრო, ბევრ ინდუსტრიას კი თავად ქმნის. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია, რაც ცოტა ხანში რეალობა გახდება, არის მფრინავი მანქანები, რომლებიც დამოუკიდებლად დადიან. ინდუსტრიული რევოლუციის დროს მანქანების შემოტანამ გააქრო ეტლები, შესაბამისად კი, შექმნა ახალი, სამანქანო ინდუსტრიები
– გამოდის, რომ რობოტი, ჩვეულებრივ, ჩაანაცვლებს ადამიანს, ადამიანმა რა უნდა აკეთოს?
– ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ნაკლები იმუშაონ, და მეორე – იმ სიკეთიდან, რასაც ეს ტექნოლოგია მოიტანს, კაცობრიობამ მიიღოს სარგებელი. არ დაგჭირდება, დრო დავხარჯოთ საჭის ტრიალში – თვითონ გატარებს, განვითარდება სამედიცინო მიმართულება – 99 პროცენტი სიზუსტით დაისმება კიბოს დიაგნოზი, შესაძლებელი გახდება ყველა დაავადების განკურნება – ასეთ რაღაცებს მოიტანს ხელოვნური ინტელექტი. ყველაფერი ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ ადამიანებმა ნაკლები ვინერვიულოთ, ვაკეთოთ ის საქმე, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და შედარებით ცოტა ვიმუშაოთ.
ჩვენ კი, მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის განვითრებაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს ტექნოლოგია შორეულ მომავალში მოიაზრება, ალბათ, მინიმუმ 30 წელი იქნება საჭირო. მოითხოვს მილიონობით საათის განმავლობაში მუშაობას. თუმცა, იმასაც ნიშნავს, რომ ახლა უნდა ვიმუშაოთ 12 საათი, რომ მერე ვიმუშაოთ 6 საათი.
– ხელოვნური ინტელექტი საშიში ჩანს კაცობრიობისთვის...
– ბევრს ეშინია ხელოვნური ინტელექტის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, არის ჰოლივუდური ფილმები და თუნდაც, ელონ მასკი, რომელიც ამბობს, რომ ყველაზე საშიში ტექნოლოგია, რაზეც ახლა კაცობრიობა მუშაობს, არის ხელოვნური ინტელექტი. მოტივაციას უნდა დავუკვირდეთ – რატომ არის საშიში ჰოლივუდური ფილმები და რატომ ამბობს ელონ მასკი, რომ ხელოვნური ინტელექტი გაანადგურებს მსოფლიოს. მეორე დღეს ეს იწერება ყველა მთავარ ჟურნალ-გაზეთში. ანალოგიურად, „ჰოლივუდშიც“ იმას აკეთებენ, რაც იყიდება. ერთ-ერთი საშიშროება ის არის, რომ ინტელექტუალური არსებები გადააშენებენ ნაკლებად ინტელექტუალურ ადამიანს. ხელოვნური ინტელექტი იქნება ერთადერთი, რომელიც ადამიანზე ინტელექტუალური არსება იქნება.
– რა არის თქვენი მთავარი მიზანი და გეგმა?
– ორი მიზანი გვაქვს მომავალში, ერთი არის ფოკუსირებული მსოფლიოზე, მეორე – საქართველოზე. ერთ-ერთი ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო წავწიოთ წინ ამ მიმართულებით, მოვა დრო, რომ ის, ვინც გააკონტროლებს ხელოვნურ ინტელექტს, რეალურად გააკონტროლებს მსოფლიოს. ეს არ იქნება ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ძლიერი ატომური იარაღი აქვს, ეს იქნება ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად გაძლიერდება ხელოვნურ ინტელექტში, იმიტომ რომ, თუ კომპანიას ან ქვეყანას ჰყავს ყველაზე ინტელექტუალური, ყველაზე ჭკვიანი არსება, იმას, როგორ უნდა აჯობო. შესაბამისად, საქართველო თუ ამაში ჩამორჩა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ეკონომიკური ზრდა- განვითარება, მოვექცევით იმ ქვეყნების წნეხის ქვეშ, ვისაც ექნება ეს ტექნოლოგია. ჩვენი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში მივიღოთ მონაწილეობა, რომ არ ჩამოვრჩეთ ამ ყველაზე ღირებულ ტექნოლოგიას. ჩვენი მიზანი არის შევქმნათ ადაპტირებული ხელოვნური ინტელექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესლას მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი კარგად მუშაობს ოთხბორბლიან მანქანაში, ორბორბლიანში ის არ იმუშავებს, ადაპტაციას ვერ გადის ან, დავუშვათ, „გუგლის“ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჭადრაკს ძალიან კარგად თამაშობს, პოკერს – საერთოდ ვერა. ამ დროს კი, ადამიანს შეუძლია ორივე გააკეთოს. ჩვენ გვინდა, ისეთი ტექნოლოგია შევქმნათ, რომელიც ყველაფერს შეძლებს, ქვეტექნოლოგიებს თვითონვე შექმნის.